კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ნაბო

ნინო კანდელაკი არდაშელ თაქთირიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #48-49(988)

  ერთ დღეს, დეკემბრის დასაწყისი იყო. ბიჭებმა „ძელეცებს“ ჩამოვუარეთ, ფული ავკრიფეთ, ჩემი მანქანით წავედით და ბორჯომში ძმაკაცს – მახოს ჩავაკითხეთ, „კოზა“ ჰქონდა „კლიჩკა“, რუსთავში ერთად ვიჯექით, ახალი გამოსული იყო. „გორლაზე“ იყო, მთელი ბორჯომი ხელში ეჭირა. გაიხარა „კოზამ“, ჯიგარი ბიჭია, ტაშისკარში დაგვპატიჟა „ტრიაპში“. ავედით ჩემი მანქანით. ისე, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, არაფრის მეშინოდა, ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. „ბარდაჩოკში“ „ნაგანი“ მეგდო და „ბაგაჟნიკში“ „აბრეზკა“ „კარაბინი“. რესტორანი დაკეტილი დაგვხვდა. „კოზამ“ დირექტორთან კაცი გაგზავნა და რესტორანი გააღებინა, მაგრამ საჭმელი დაძველებოდათ. გაბრაზებულებმა ვიტრინის შუშა ჩავუმტვრიეთ და წამოვედით. სოფელ რველში რომ შევედით, ხიდის თავთან „კოზამ“ მანქანა გამაჩერებინა.
– აქ კარგი სასადილოა, თბილისიდანაც ჩამოდიან ხაშის საჭმელადო. ტრასიდან აღმართში ორღობეს ავუყევით. ორღობის პირას ღელე ჩამოდიოდა და ძველი წყლის წისქვილი იდგა. წისქვილს გავცდი და მანქანა სასადილოსთან მივაყენე. „ბარდაჩოკიდან“ „ნაგანი“ ამოვიღე და, ყოველი შემთხვევისთვის, უკან, ქამარში გავირჭე. ზამთრის სუსხი იდგა, ციოდა, ქარიც უბერავდა. სწრაფად შევედით სასადილოში, მესიამოვნა სითბო. სასადილო ცარიელი იყო. მხოლოდ ორნი მისხდომოდნენ კუთხეში მაგიდას. ჭაღარას დიდი და ხორკლიანი წითელი ცხვირი მთელ სახეს უფარავდა. მეორე ახალგაზრდა იყო, ასე, 20-21 წლის. დავაკვირდი და ჩემი უბნელი „ნაბო“ არ ვიცანი?! საჩვენებელი თითით მოვუხმე, – „მოდი-მეთქი!“. ზანტად წამოიწია და ჩემკენ წამოვიდა. ოთხი წელი არ მენახა, გადავეხვიე. არ ელოდა ჩემგან ასეთ შეხვედრას, გაუხარდა.
– ეგ წითელცხვირა ვინ არის? – ჭაღარა კაცზე ვანიშნე.
– აზერბაიჯანელია, დიდი ფულის პატრონია, ლიკანის სანატორიუმი უნდა მივყიდოო.
– მერე, სანატორიუმი შენია, რომ მიყიდო?
– არა, რა ჩემი, „ტუფტა“ საბუთებით უნდა შევტენო. თუ გინდა, ძმაო, დამეხმარე, წილში გაგიყვანო.
– წილი არ მინდა, თუ დაგჭირდი, ისე დაგეხმარები-მეთქი. „ნაბო“ ისევ თავის მსხვერპლს ჩამოუჯდა, ჩვენ შეკვეთა მივეცით და საჭმელს დაველოდეთ. „კოზამ“ რველელი ბიჭი გაგზავნა ღვინის მოსატანად. დაღლილი ვიყავი და ჩამთვლიმა. უცბად ყვირილმა გამაღვიძა. სასადილოს გამგე ნასვამი მოსულა და „ბუფეტჩიკ“ ბიჭს აგინებდა,
„შენი დედა, რამდენჯერ უნდა გითხრა, ამ აფერისტს არ მოემსახუროო! „ნაბო“ აბუზული იდგა. აზერბაიჯანელი ჩამჯდარა თავის „ვოლგაში“ და წასულა. შემეცოდა „ნაბო“, გამგესთან მივედი და ვკითხე,
– ამ კაცთან რა პრეტენზია გაქვს-მეთქი?
– შენ ვინ გკითხავს, შე ლაწირაკოო?! მოკლედ, ის გამგე იცემა. წასვლისას მოგვაძახა,
– მანდ იყავით, არსად წახვიდეთო! მაგის მეზობლად ორმოცი ყოფილა, მისულა და მჩაგრავენო, ორმოციდან წამოყვანილი ნასვამი ხალხი დაგვაყენა თავზე, ოცი სული იქნებოდნენ, სასადილოს დარბაზში შემოცვივდნენ. ქამრიდან „ნაგანი“ დავაძრე და „ნაბოს“ გადავუგდე. მე გარეთ გავვარდი, ამოვიღე „ბაგაჟნიკიდან“ „კარაბინი“ და გავისროლე. იმ დალოცვილს ზარბაზნის ხმა ჰქონდა. „ნაბომ“ სასადილოში გაისროლა. მოკლედ, ავტეხეთ სროლა. ჰაერში ვისროდით შესაშინებლად. შეშინებული ხალხი სასადილოდან გამოცვივდა და ზევით გაიქცნენ. ამ დროს ტრასიდან „სირენის“ ხმა გაისმა, მილიციის მანქანებს ტრასა ჰქონდათ გადაკეტილი. „ნაბომ“ „ნაგანი“ წისქვილის ეზოში მოისროლა და სადღაც გაძვრა, თვალი ვერ შევასწარი. მე „კარაბინით“ ხელში ტრასისკენ დავეშვი, მილიციის კორდონი გავარღვიე და ხიდზე ვაპირებდი გადასვლას, უკან ორი მილიციელი მომდევდა. ხიდის თავში ვიღაც კაცი იდგა, ის გადამიდგა და ჩემი გაჩერება სცადა, მაგრამ ისეთი ჩავცხე „კარაბინის“ კონდახი ფერდში, რომ ხელი გამიშვა. ხიდის შუამდე რომ გავედი, მოვტრიალდი. ვხედავ, მილიციელები მეწევიან. ვინც გამაჩერა, ის კაცი ტკივილისგან მოკეცილია.
– მე აღარაფერი მეშველება, მაგრამ შენც გაგიყოლებ-მეთქი! ის კაცი ამოვიღე მიზანში და „კუროკს“ გამოვკარი, მაგრამ „ასეჩკა“ მისცა. ვინც მომდევდნენ, ის მილიციელები შეტრიალდნენ და გაიქცნენ. ამით ვისარგებლე, გადავედი ხიდზე და თოფი ვიღაც ვარდგინეთელ ბიჭს მივაწოდე
– სადმე გადამალე-მეთქი! თვითონ ჩავედი მტკვრის პირზე და წყალ-წყალ დავუყევი ახალდაბის მიმართულებით.
მილიციას ის რველელი ბიჭი დაუკავებია ბოცით ხელში, „კოზამ“ რომ გაგზავნა ღვინის მოსატანად. ჩაუტენიათ მანქანაში და ბორჯომის მილიციის განყოფილებაში აუყვანიათ. „კოზა“ მისულა მილიციაში იმ ბიჭის გამოსაშვებად, მილიციის უფროსთან შესულა. იმას უთქვამს,
– თუ სასადილოს გამგე ნოდარა არ ჩივის, გამოვუშვებო. წამოსულა „კოზა“ ნოდარას მოსაძებნად, მასთან სახლშიც მისულა, მაგრამ ვერ უპოვია. ცოტა ხანში წივილ-კივილი გაუგია. ძმას უპოვია ნოდარა ღელეში ჩავარდნილი, იღლიიდან გულში ჰქონია გასული „ნაგანის“ ტყვია. მე ნოდარას სიკვდილის ამბავი არ ვიცი, ყინულს ვამტვრევ და ისე მივრბივარ წყალში ახალდაბისკენ. უცებ მატარებლის ხმა მომესმა. ავირბინე ლიანდაგებთან, მოსახვევში დაველოდე, სადაც მატარებელი სვლას ანელებს, შევახტი და ჩავედი ხაშურის სადგურში. იქ ცოტა ხანს სადგურის უკან დავიმალე. მალე ბათუმი-თბილისის მატარებელი ჩამოდგა. ავედი, ჯიბეში ცოტა ფული მედო, 10 მანეთი „პრავადნიკს” ვაჩუქე და თავის კუპეში შემიშვა. ტანსაცმელი გავიხადე, ვაგონის „ფეჩზე“ გავაშრე და ამასობაში თბილისში ჩამოვედი. გავაცნობიერე, რომ „დამწვარი“ ვიყავი. ბიჭებს რომ არაფერი ეთქვათ, მანქანით გაიგებდნენ ჩემს ვინაობას, ამიტომ სახლში ვერ მივიდოდი, ძმაკაცთან მივედი. იქიდან დავურეკე „კოზას:.
– სასადილოს გამგე მკვდარია, – „ნაგანის“ ტყვია აქვს გულში გასული. წისქვილთან იპოვეს ღელეში ჩამხობილიო!
– „ნაბო“, შენი დედა ვატირე, ეს რა მიყავი-მეთქი! იმ საღამოს, ტელევიზიით, ჩემზე „ვსესაიუზნი როზისკი“ გამოაცხადეს, შეიარაღებულია და ძალზე საშიშია, თუ ნახავთ, ადგილზე ლიკვიდაცია გაუკეთეთო, აფრთხილებდნენ მილიციას. კაცი მე არ მომიკლავს, რა უნდა მიყონ-მეთქი, ავდექი და მეორე დღეს ჩემი ფეხით მივედი მილიციაში.
ჩემი სასამართლო პროცესი ბორჯომში ტარდებოდა, რამდენჯერმე გადაიდო. ჩამსვამდნენ „ვარონკაში“ და დამარბენინებდნენ თბილისი-ბორჯომის გზაზე. თავიდან სახაზინო ადვოკატი დამინიშნეს, მაგრამ შემდეგ მამაჩემმა იშოვა კარგი ადვოკატი და ის მიცავდა სასამართლოზე. მოსამართლე ბორჯომელი კაცი იყო, ვინმე კაპანაძე. მაგის ცოლს, დოდოს, კარგად ვიცნობდი, ჩემზე გაცილებით უფროსი იყო. ზაფხულობით, ბორჯომში რომ ვისვენებდით, მამაჩემი სოფელ ვარდგინეთში მაგათგან ქირაობდა ბინას. მამაჩემი მისულა დოდოსთან და დახმარება უთხოვია. დოდომ კარგი ადვოკატი მიასწავლა, თან შეჰპირდა,
- ნუ გეშინია, მკვლელობის იარაღი საქმეში არ დევს, დიდი-დიდი 4 წელი მისცენ მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვისო.
სასამართლოზე პროკურორმა ოთხი მუხლი მომიყენა – მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, გამოძალვა და დახვრეტა მოითხოვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ „კარაბინს“ ვერ იპოვიდნენ. იმ ვარდგინეთელ ბიჭს პეტრე ერქვა, საიმედოდ უნდა ჰქონოდა გადამალული. გამოძალვის მუხლს რატომ, რა მიზეზით მიყენებდნენ, ვერ ვხვდებოდი და დიდი იმედი მქონდა, რომ გავმართლდებოდი, რადგან „ცეხავიკები“ არ იჩივლებდნენ, „დაკრიშვაში“ თავისი ნებით იხდიდნენ ფულს. აი, „ნაგანის“ გამოჩენისა კი ძალიან მეშინოდა, რადგან დავინახე, რომ „ნაბომ“ წისქვილის ეზოში მოისროლა. ისე, არც დაკითხვაზე და არც სასამართლოზე „ნაბო“ არავის უხსენებია, მე „მაწვებოდნენ“ მკვლელობაზე. ეტყობა, მამამისმა ჩააწყო – არ გაუჭირდებოდა, ძველი ჩეკისტი იყო, ინაურის მოადგილე. „ნაბოზე“ მეც არაფერი მითქვამს, აბა, ხომ არ „ჩავუშვებდი“?
მკვლელობის მუხლი მომიხსნეს, რადგან მკვლელობის იარაღი ვერ იპოვეს. მერე გავიგე, წისქვილის ეზოში „ნაბოს“ გადაგდებული „ნაგანი“ მეწისქვილის ბიჭს უპოვნია და წისქვილის უკან დაუმარხავს. შვებით ამოვისუნთქე, ველოდებოდი, გირაოთი გამათავისუფლებდნენ, ადვოკატიც სიამოვნებით ხელებს იფშვნეტდა, მაგრამ უცბად საქმეში ჩემი „კარაბინი“ არ გამოჩნდა?! იმ ვარდგინეთელ პეტრეს ბიძამისთან წამოსცდენია, ბიძამისმა მამამისს უთხრა, მამა და ბიძა პეტრეს შედგნენ
– შე ვირიშვილო, იმ გიუშამ რომ დაგადოს ხელი, „კარაბინი“ პეტრეს გადავეცი, მერე რას შვრები, მკვლელობაში თანამონაწილეობა რომ „შეგეტენებაო“?! მოკლედ, იმ პეტრეს თავისი ფეხით აატანინეს „კარაბინი“ მილიციაში და ჩვენებაც დააწერინეს,
– ხიდზე გადმოირბინა და იარაღი მე მომაჩეჩაო.
მოკლედ, მილიციელის მკვლელობის მცდელობის მუხლს მიყენებენ. იმ ორმა მილიციელმა ხიდზე რომ მომდევდნენ, განაცხადეს,
– თოფი მოგვიშვირა, ჩახმახს გამოჰკრა, მაგრამ არ გავარდაო.
ჩემმა ადვოკატმა ჰკითხა იმ მილიციელებს:
– მილიციელის ფორმაში იყავით? გაქცეულმა თუ იცოდა, რომ მილიციელები მისდევდითო?
– აბა, რა ვიცით, იცოდა თუ არა, ჩვენ „გრაჟდანკები“ გვეცვაო! სანამ „კარაბინს“ მილიციაში აიტანდა, პეტრეს მოუფიქრებია – თოფიდან გაუსროლელი ტყვია ამოუღია და იარაღის ლულა გაუწმენდია. ადვოკატმა განაცხადა,
– თოფში ტყვია თუ არ იდო, რა მკვლელობის მცდელობაზე გაქვთ ლაპარაკიო?! მოკლედ, მილიციელის მკვლელობის მცდელობის მუხლი გადაკვალიფიცირდა შემდეგნაირად – „ცეცხლსასროლი იარაღით დაშინების მცდელობა“, რაც მაქსიმუმ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
აი, ყაჩაღობა კი, რომ მეგონა, ვერ დამიმტკიცებდნენ, ბოლომდე „შემტენეს“. მოწმედ სტიოპა მოიყვანეს, მეზობლის ქვისლი. იმან დამადო ხელი,
– სამსახურში მომადგა, იარაღის ტარი თავში მირტყა და ხუთი ათასი მანეთი გამომძალაო! არადა, საქმე ასე იყო: რამდენიმე თვით ადრე სტიოპა იყო უბანში მოსული, მეზობლის, მერუჟანას ქვისლი. ფულიანი იყო, „პურკომბინატში“ მუშაობდა მომმარაგებლად. მანამდე ვიცნობდი – მაგის დირექტორთან ფულზე რომ ავდიოდი ხოლმე, იქ მხვდებოდა კაბინეტში. სახლში რომ მივედი, ვხედავ, ის და ჩემი მეზობლები – მურმანა და „შაშუბეშა“ ეზოში „სეკას“ თამაშობენ. მეც შევუერთდი. „შაშუბეშამ“ კარტი ჩააწყო, სტიოპას სამი „კაროლი“ მოუვიდა, მე – სამი „ტუზი“. ბოლომდე გამომყვა ის წუწკი მამაძაღლი, 5 000 მანეთი წააგო. დიდი ფული იყო, ახალ „ჟიგულს“ ყიდულობდი.
– ერთ კვირაში მოვიტანო! – შემპირდა. გავიდა თვე და არ გამოჩენილა. სამსახურში მივაკითხე, დამემალა, ვერ ვიპოვე. სადღაც, კიდევ თვე გავიდა. ჩემი მანქანა დავამტვრიე და პროფილაქტიკაში მყავდა დატოვებული. მეზობელს, „კლუბნიკას“ ვთხოვე ნავთლუღში, „პურკომბინატში“ მიყვანა. სტიოპა ეზოში იდგა ბირჟაზე, ბიჭებთან საუბრობდა. დავუძახე, მოვიდა,
– ვა, გიუშ, რა გაგჭირვებიაო? მოფარებულში გავიყვანე, პირი გავაღებინე, „ნაგანის“ ლულა პირში ჩავუდე და,
– კბილები მოუჭირე-მეთქი! – ვუბრძანე. კბილები რომ მოუჭირა, გამოვკარი და ზედა ორი კბილი „მუშკას“ გამოვატანინე. დაიწყო ჩიფჩიფი
– არ მომკლა, ფული მერუჟანას გამოვატანე, რა, არ მოგიტანა? ახლავე წავიდეთ, აქ დამელოდე, ზემოთ ავალ, დირექტორს გავეთავისუფლები და ჩამოვალო. „დამაგოიმა“, დავუჯერე. რა თქმა უნდა, არ ჩამოვიდა. დირექტორთან დავაპირე ასვლა. კიბეზე რომ ავდიოდი, გოგო შემხვდა, ქვემოთ ჩამოდიოდა.
„შენ არ მიცნობ, მე შენი დის კლასელი ვარ, დროზე წადი აქედან, მილიცია გამოიძახაო. მაინც ავედი და დირექტორთან შევედი,
– სტიოპას ვეძებ, თუ დამიმალავთ, დედა გეტირებათ-მეთქი!
– სტიოპამ ჩემი კაბინეტიდან მილიცია გამოიძახა და თვითონ სახანძრო კიბით ჩავიდაო. რა უნდა მექნა, წამოვედი. ახლა მაგ ახვარმა ჩვენება მისცა,
– იარაღის ძალით 5 000 მანეთი გამომძალაო! მე ჩემსას ვაწვებოდი:
– „პურკომბინატში“ საერთოდ არ ვყოფილვარ-მეთქი. ბრალდების მხარემ მოწმედ „კლუბნიკა“ გამოიძახა.
– „პურკომბინატში“ ჩემი მანქანით მივიყვანე, სტიოპა მოფარებულში გაიყვანა, რაზე ილაპარაკეს, არ ვიცი. „ნაგანის“ რა მოგახსენოთ, ლითონის პრიალა ნივთი კი ეჭირა ხელშიო. მოკლედ, გამოძალვა დამიმტკიცეს. პროკურორმა 13 წელი მოითხოვა, მოსამართლემ 11 წელი მომისაჯა. სასამართლოს დარბაზშივე შევპირდი სტიოპას,
– გამოვალ და დედას გიტირებ-მეთქი!

გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3