კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ფრთხილად მძღოლთან

ალან გრეი

  ვიღაც ტიპმა ავტომობილის კარი სწრაფად გააღო, სალონში  ორი ტომარა შეაგდო, წინა სავარძელზე მოკალათდა და თქვა:
– წავედით!
მეორე უცნობი უკანა სავარძელზე შეძვრა, მძღოლს ყურთან რევოლვერი მიაჭირა და დაიყვირა:
– სწრაფად!
  მძღოლმა გაზის პედალს მთელი ძალით დააჭირა,  სიჩქარეს მოუმატა და კინაღამ ორი მანქანაც დაამტვრია. მერე სიჩქარის შეზღუდვის ნიშანს ჩაუქროლა, ორი გზაჯვარედინი წითელ შუქზე გადაკვეთა და  გიჟური სისწრაფით მკვეთრად მოუხვია. ქალაქიდან გასასვლელ  ერთადერთ და მთავარ გზაზე აღმოჩნდნენ. მძღოლი გაზის სატერფულიდან ფეხს არ იღებდა. მანქანა მორჩილად ჰყვებოდა მძღოლის ჭირვეულობას. სიჩქარემ საათში ას მილს მიაღწია და კიდევ იზრდებოდა.
როდესაც სპიდომეტრის ისარი ასათს ასცდა, იმან, რომელიც უკანა სავარძელზე იჯდა, მძღოლს მხარზე დაუტყაპუნა ხელი.
  – ეი, შენ  ცოტა ნელა იარე, მეგობარო.
მძღოლმა სარკეში შეხედა. გაქვავებული და გაფითრებული სახე დაინახა და ესიამოვნა. არც  მეორე მგზავრს ჰქონდა საქმე კარგად. სული ძლივს მოითქვა და ჰკითხა:
– ყოველთვის ასე დაგყავს?
– არა.
– მაგარი ვინმე ჩანხარ.  მრბოლელი ხარ?
მძღოლს ჩაეცინა:
– მე? ჰო, რაღაც მაგდაგვარია.
– გეტყობა. მაგრამ ახლა ცოტა ფრთხილად, რამეს არ შეასკდე.
მძღოლმა თავი დაუქნია  და ყურადღება აღარ მიუქცევია...  მერე ისევ სარკეში ჩაიხედა, კუდზე არავინ აჯდა. წინ მჯდომი მგზავრი ცოტა დამშვიდდა და მეგობარს მიუბრუნდა:
 – აბა, როგორია, ბერტ? – შენ კიდევ ყოყმანობდი. ყველაფერი ხუთიანზე გამოვიდა, მეგობარო.
ცოტა  გონზე  მოსულმა ბერტმა გაიცინა:
– მაგარია, მაგარი!
მათი საუბრიდან ნელ-ნელა გაირკვა, რომ წინ მჯდომს ჯორჯი ერქვა და ძველი ხუმრობების მოყვარული იყო, განსაკუთრებით, უკბილო ხუმრობების. დაძაბულობის ხარისხმა იკლო.
– შენ რა გქვია? – ჰკითხა უკან მჯდომმა  მძღოლს.
– ტერელი,  ჯონი ტერელი.
– რას საქმიანობ, ჯონ?
– ახლა არაფერს. დროებით უმუშევარი ვარ.
– მშვენიერია, მშვენიერი, – თქვა ჯორჯმა, – ცოლი გყავს?
– არა, ქალებით დიდად არ ვინტერესდები. ბევრი დავიდარაბა ახლავს თან. საერთოდაც, ურთიერთობები ნაკლებად გამომდის. სიმართლე გითხრათ, მეგობრებიც კი არ მყავს.
– ამის გამო ნუ ინერვიულებ, – წამოიძახა ჯონმა, –  მეგობრები რად  გინდა. თუ ასეთი მაგარი ხარ, შეიძლება, ჩვენ გამოგვადგე. რას იტყვი, ბერტ?
ბერტმა თავი დააქნია.
– რატომაც არა? კარგი მძღოლი არ გვაწყენდა.
ჯორჯი მძღოლს მიუბრუნდა:
– მოკლედ გეტყვი საქმე რაშია. მე და ბერტმა ახლახან ბანკი გავძარცვეთ. ფულს ამ გზით  ვშოულობთ. როგორ მოგწონს?
მძღოლი რამდენიმე წუთი ჩუმად იყო. მერე მხრები აიჩეჩა.  
– მართლა?
– ჰო. ეს საქმე ცუდად არ გამოგვდის. ხანდახან მაინც.  მგონი, შენ გაგიმართლა.
– რატომ? – დაინტერესდა მძღოლი.
– იმიტომ. ჩვენ მძღოლი გვჭირდება. იცი, რა მოხდა, როდესაც ამ ტომრებს ვიღებდით?
– რა?
– ჩვენი მანქანა არ დაიქოქა! წარმოიდგინე, ვსხედვართ, როგორც იდიოტები მოპარულ მანქანაში, წუთი-წუთზე „ძაღლები“ მოვლენ, ის კი ადგილიდან არ იძვრის.
– სიტუაცია მარტივი არ არის, – დაეთანხმა ღიმილით.
– სწორედაც, – ჩაიცინა ჯორჯმა, – ამიტომაც გვჭირდები. ჩვენ მანქანებში საერთოდ ვერ ვერკვევით. კარგ მძღოლს კი სად იპოვი?  ჩვენს ძველ მძღოლზე კი რაღაც უნდა მოგიყვე: დები გრიმანი, ოდესღაც ჩვენი მძღოლი იყო, მაგრამ რამდნიმე ცუდი ჩვევა განუვითარდა. რაც მერე პრობლემებს გვიქმნიდა. პირველ რიგში, მას ყოველთვის ერეოდა მისამართები. ერთხელ მონტანაში ვქურდობდით, დები ბანკთან ორმოცდახუთი წუთი გველოდებოდა. იქ მხოლოდ ორი ბანკი იყო, მაგრამ მოახერხა და მაინც აერია. წარმოგიდგენია?
– ეს ყველაფერი არ არის, – დაამატა ბერტმა, – დების სულ პარკინგის გამო აჯარიმებდნენ. სადაც უნდა გაჩერებულიყო, ჯარიმის ტალონი ფანჯარაზე მიწებებული ჰქონდა. წარმოიდგინე: ნიუ-მეხიკოში მე და ჯორჯი ტომრებით ხელში ბანკიდან გამოვრბივართ  და რას ვხედავთ – დები მანქანასთან დგას და პოლიციელს ჯარიმის გამო ეჩხუბება. თვალები შუბლზე აგვივიდა.
ისინი კიდევ დიდხანს ყვებოდნენ მძღოლების შესახებ, რომლებსაც მათთან ემუშავათ. ამტკიცებდნენ, ყველა ერთმანეთზე უარესი იყოო. ბოლოს, როგორც იქნა, ჯორჯმა ხმა გაკმინდა და მძღოლს მარჯვნივ მიუთითა:
– ამ გზაზე გადაუხვიე.
ეს გზა კი არა, ვიწრო გასასვლელი იყო. გადაუხვია. სიჩქარეს დაუკლო   და ქვებზე ნელა გაგორდა.
– მაგარი მძღოლია, ვერფერს იტყვი, – არ დააგვიანა კომპლიმენტმა  უკანა სავარძლიდან, – გადაწყვეტილია, აგიყვანთ! – გამოაცხადა ჯორჯმა და მოწონების ნიშნად მხარზე ხელი დაჰკრა.
ბანდიტების მოწონებული მძღოლი როგორც იქნა მიხვდა, საითაც მიდიოდნენ. აქ, ამ ადგილას ტურისტებისთვის სახლები იდგა. მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ახალი კემპინგი გახსნეს, ამ სახლებით აღარავინ სარგებლობდა.
ჯორჯმა მარცხნივ, ბოლო სახლზე მიუთითა:
– აქ გააჩერე.
მანქანა გაჩერდა. ბერტი გადავიდა. ჯორჯმა მას ერთი ტომარა მიაწოდა და თავისი კარი გააღო. ცოტა ყოყმანის შემდეგ ხელი მანქანის გასაღებისკენ გაიშვირა და გამოაძრო.
– არ გეწყინოს, ჯონ. ეს ერთგულებისთვისაა საჭირო. აქ დაგველოდე.
ჯონმა უსიტყვოდ დაუქნია თავი. ისინი ერთ-ერთ სახლთან მივიდნენ და კარს წვალება დაუწყეს. გაღება  აშკარად გაუჭირდათ.
მძღოლმა  ხელი მანქანის პატარა უჯრაში შეყო და სპეციალური სამალავიდან რაღაც გასაღები გამოიღო.
ჯორჯი და ბერტი სახლის კართან იდგნენ, გზაზე. სახლი პირდაპირ მიწაზე იდგა. ჯონმა მანქანა დაქოქა, გაზის სატერფულს ფეხი  დააჭირა და პირდაპირ მიუშვა...
***
 – სად დაეთრეოდი? – დაინტერესდა  ცოლი, როცა ჯონი სახლში დაბრუნდა, სახეზე ბედნიერი ღიმილით.
ქალი აშკარად ძალიან იყო გაბრაზებული და საამისო მიზეზიც ჰქონდა. ქმარი ისე გაქრა, რომ  დანიშნულ ადგილზე  არ დაელოდა. მათ საერთო საქმეში კი ეს მიუღებელი ცოდვა იყო. თანაც ნომერი პირველი ცოდვა.
– ჰაროლდ, წამოიძახა ქალმა (ეს მძღოლის ნამდვილი სახელი იყო). დღეს რა დაგემართა! შენ ხომ წარმოდგენა არ გაქვს, იქ რა მოხდა.
კაცმა გაიღიმა.
 – მგონი, რომ  ვიცი? თუმცა სჯობს თავად მომიყვე.
– მაშინ მომისმინე. როგორც შეთანხმებულები ვიყავით, სტელა ბანკში შევიდა, სალაროს ფანჯარასთან მივიდა და ჩანთაში,  რევოლვერის ამოსაღებად ხელიც უკვე ჩაყოფილი ჰქონდა, რომ მოულოდნელად ვიღაც ორი იდიოტი გამოჩნდა. იმ დამპლებმა დაგვასწრეს,  ჰაროლდ!
კაცი ისევ იღიმებოდა.  ქალი უარესად გამწარდა.
– რა ჯანდაბა გაცინებს, – გაცხარდა ის, – შენი არ ვიცი, მაგრამ მე ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, რომ საერთოდ, ღირს ამ საქმიანობის   გაგრძელება? მაგ ტომრებში რა გაქვს?
ჰაროლდი იძულებული გახდა ყველაფერი მოეყოლა. ქალს ნელ-ნელა უფართოვდებოდა თვალები და ბოლოს სიხარულისგან  აჭყლოპინდა.
მთელი ნაძარცვი ფული სახლში ჰქონდათ. ბანკის ძარცვაში მას ვერავინ დაადანაშაულებდა და ბანდიტებიც ვერ შეაწუხებდენ.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3