კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რატომ მიიღო მელიტონ ქანთარიამ რაიხსტაგზე დროშის აღმართვის დროს საყვედური

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში ერთი ჩვეულებრივი, სხვებისგან თითქოს არაფრით გამორჩეული სახლი დგას მთებს შორის. რომ არა ერთი ისტორია, შესაძლოა, არც ამ სახლით დაინტერესებულიყო ვინმე და არც აქ მცხოვრები ოჯახით. თუმცა, ყოველი წლის 9 მაისის მოახლოება, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან ერთად, იმ ადამიანებსაც გვახსენებს, რომელთა გარეშეც ეს დღე ასეთი დაუვიწყარი არ იქნებოდა. ამ სახლში გაიზარდა მელიტონ ქანთარია, წალენჯიხელი ბიჭი, ის, ვინც მსოფლიომ 74 წლის წინ რაიხსტაგზე აღმართული დროშით გაიცნო. კეთილი, სხვების დასახმარებლად მუდამ მზადმყოფი – ასე ახასიათებს ბორის ქანთარია საკუთარ ბიძას. ამბობს, რომ სიტყვაძვირი არ იყო, მაგრამ ომსა და საკუთარ გმირობაზე საუბარს ერიდებოდა. მიხეილ ეგოროვის ქალიშვილმა, ანდერძის თანახმად, სმოლენსკიდან მამის საფლავის მიწა ჯვარში ყუმბართმტყორცნის გადანაჭრით ჩამოიტანა და თანამებრძოლ მელიტონ ქანთარიას საფლავს მოაყარა. სამაგიეროდ, ქართველი გმირის საფლავიდან მიწა მამას წაუღო. ასე აღსრულდა „ურთიერთგაცვლის რიტუალიც“. დღეს ქართველი გმირის დღიურებს ვწერ, ყველა სხვა დანარჩენისგან გამორჩეულს და რაღაცნაირად თავისებურს, რაც აქამდე დამიწერია. დროშა, რომელმაც შექმნა ერთი ქართველი გმირის ისტორია და იდეოლოგია, რომელმაც სწორედ, დროშის სახით საბჭოთა კავშირის ფრთების ქვეშ მოქცეული პატარა საქართველო ააფრიალა.    
  1939 წელს მელიტონ ქანთარია ჯარში გაუწვევიათ. ომმაც იქ მოუსწრო. ამის შემდეგ სულ ომში იყოო, – გვიყვება ძმისშვილი (წყარო: iverpress.ge). ერთხელ დაჭრილა და სამშობლოში რამდენიმე დღით ჩამოსულა. მერე იყო ბერლინი... „ჩვენ იქ ორნი ვიყავით – მე და ეგოროვი და ერთმანეთს ვეხმარებოდითო. ხის კიბე მოუძებნიათ, იმიტომ, რომ დაბომბვის შედეგად კიბეები ჩამოშლილი ყოფილა. გუმბათზე ვერ ადიოდნენ. ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ისე აუტანიათ დროშა რაიხსტაგზე. ორივე სპორტული და მოქნილი იყო”, – იხსენებს ბორის ქანთარია ბიძის მონაყოლს, იმ მცირედს, რაც ომზე სიტყვაძვირი კაცისგან მოისმინა. ასე გაიცნო მსოფლიომ ქართველი მელიტონ ქანთარია და რუსი მიხეილ ეგოროვი. როგორ აღმოჩნდა წალენჯიხელი ჯარისკაცი დროშის ტართან? უბრალო შემთხვევითობა იყო თუ ამას რამე სხვა სახელი შეიძლება, დავარქვათ? ძმისშვილი ფიქრობს, რომ სტალინისა და ბერიას საამებლად შესაძლოა, ის საგანგებოდ შეარჩიეს იმ მრავალ ადამიანს შორის, ვინც მშვიდობისთვის იბრძოდა. მზვერავი იყო. „ჩამწერეს. მზად იყავიო, – მითხრეს”. ომიდან დაბრუნების შემდეგ მელიტონ ქანთარია აფხაზეთში ცხოვრობდა. ჰქონდა სახლი ოჩამჩირესა და სოხუმში. მათი დატოვება ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების დროს მოუხდა, როცა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ვერ შეძლო და მხოლოდ მოსკოვში გაფრენა მოახერხა. იქ მას ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის იმ პოლკის შემადგენლობა, ვინც რაიხსტაგზე დროშის აღმართვაში მონაწილეობდა. მელიტონ ქანთარიას სამი შვილიდან დღეს ერთია ცოცხალი – ციალა ქანთარია. რძლები აფხაზები ჰყავს, გვარად ადლეიბა – ბორის ადლეიბას, აფხაზეთის მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მდივნის ქალიშვილი და გვარამია. შვილიშვილები მოსკოვსა და საბერძნეთში ცხოვრობენ. წალენჯიხაში ცხოვრობს მელიტონის და. პირველი შეხვედრა და შთაბეჭდილება გაიხსენა „ლაივპრესთან“ ბორის ქანთარიას მეუღლემ. ასმათ ჩხაპელიას თქმით, მელიტონ ქანთარია საკუთარი ქორწილის დღეს ნახა, 10 ნოემბერს. მანამდე მხოლოდ ტელეეკრანებიდან იცნობდა. ახლობლების მიმართ ყურადღებით გამორჩეული და მზრუნველი – ასეთი დაამახსოვრდა მას. „დედას აკითხავდა ძალიან ხშირად და მასში ეს მომწონდა განსაკუთრებით. დედის მიმართ პატარა ბავშვივით იყო. ასმანეთიანები რომ იყო, საბჭოთა ფული, ის ჰქონდა სულ მისთვის. მოეფერებოდა, მოესიყვარულებოდა და წავიდოდა. რძლები დღემდე აღმერთებენ. შვილებზე მეტადაც კი“, – გვითხრა მან. მელიტონ ქანთარია 1993 წელს მოსკოვში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მშობლიურ ჯვარში დაკრძალეს.
  სამართლის დოქტორი, კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ბექა ქანთარია გვიამბობს: მელიტონ ქანთარია ჩემი ბაბუის ძმა იყო. მელიტონი შვიდშვილიანი ოჯახიდან იყო, ძალიან უჭირდათ, ამიტომ წალენჯიხიდან აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიაში გადასახლდა და ოჯახიც იქ შექმნა. სამი შვილი ჰყავდა. ამჟამად მისი ორივე ვაჟი გარდაცვლილია, ქალიშვილი, ოჯახთან ერთად, 20 წელია, საბერძნეთში ცხოვრობს. მელიტონ ბაბუას ომის გახსენება არ უყვარდა. თუმცა ერთხელ შვილიშვილები არ მოვეშვით და ასეთი ამბავი გვიამბო: როდესაც დროშა რაიხსტაგზე აჰქონდათ, ეგოროვი ფეხში დაჭრილა. ბაბუას არ მიუტოვებია და ერთად მიცოცებულან იმ ადგილამდე, სადაც დროშა უნდა აღემართათ. დროშა სამაგრში არ მაგრდებოდაო, ამიტომ ბაბუას ქამარი მოუხსნია და იმით მიუკრავს. მთელი საბჭოეთი ამ დროშის აღმართვას ზეიმობდა, ბაბუა კი სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელის საყვედურს ისმენდა – იქ რა უფლებით დატოვე ქამარიო! მისი მონათხრობით გაოცებულებს ბაბუამ აგვიხსნა – სამხედრო წესების მიხედვით, არ შეიძლებოდაო... რაიხსტაგის ბრძოლის მონაწილე კონდრატე უბილავა მიყვებოდა, რომ მელიტონ ქანთარიას კარგა ხანს ამზადებდნენ ამ ოპერაციისთვის. წალენჯიხაში წერილიც გამოუგზავნიათ მისი წარმომავლობის დასაზუსტებლად – ვინ იყვნენ მისი მშობლები, წინაპრები... ამოწმებდნენ, რათა საეჭვო წარსულის პიროვნებების შთამომავლისთვის არ ენდოთ ეს ისტორიული მისია. მელიტონ ქანთარია გლეხის ოჯახიდან იყო და ჩანს, მათაც სწორედ ეს უნდოდათ. მაშინ მისი სახელი საბჭოთა კავშირს აზანზარებდა. ბაბუასთან მიდიოდა ყველა, ვისაც რამე უჭირდა (kvirispalitra.ge). მერე ისიც ხან კოსიგინთან შედიოდა, ხან – ბრეჟნევთან, რომელიც მისი მეგობარი იყო... ჩემი დიდი ბებია (მელიტონის დედა) ჩვენთან ცხოვრობდა. მახსოვს, ჩვენს ოჯახში, საბჭოთა კავშირის სკოლებიდან თუ ინსტიტუტებიდან მოჰყავდათ ახალგაზრდები, ქანთარიას დედასთან ფოტო რომ გადაეღოთ. ერთხელ იმდენჯერ გახადეს და ჩააცვეს, შეწუხებულს ხუმრობით უთქვამს, მე არ ამიტანია ის დროშა და ვინც აიტანა, ფოტოც იმასთან გადაიღეთო... აფხაზეთში დარჩა. დღეს მისი სახლ-კარი გადამწვარია... აფხაზეთის ომის ამბავს ძალიან განიცდიდა. ამბობდა, ჩვენ ფაშისტებს ვებრძოდით, აქ კი ძმა ძმას ებრძვისო. ამ ომს მისი შვილიშვილიც შეეწირა. ის თებერვალში დავკრძალეთ და დეკემბერში მელიტონ ქანთარიაც გარდაცვალა, 72 წლის ასაკში.
скачать dle 11.3