კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 გააიაფებს თუ არა გაზის ტარიფს „ტანაფის“ პროექტის ამოქმედება და როგორ იცავს ევროკავშირი თავის მომხმარებელს საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ტრანსანატოლიური მილსადენი, რომლის მშენებლობაც 2015 წელს დაიწყო და რომელმაც აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით უნდა გაატაროს გაზი საბერძნეთისკენ, გაიხსნა. „ტანაფის“ მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზი 2“ საბადოდან, რასაც ამდენი წელია, ველით, თუმცა ის ფაქტი, რომ 2016 წელს ენერგეტიკულ კავშირს მივუერთდით, ნიშნავს, რომ ტრანზიტის საფასურს, როგორსაც მოველოდით, ვერ მივიღებთ. რა პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდები შეუძლია, მოუტანოს „ტანაფმა“ საქართველოს?  – ამ თემაზე მამუკა არეშიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– გაიხსნა ახალი გაზსადენი, რას მივიღებთ იქიდან, იქნება შემოსავალი ისეთი, როგორსაც ველოდით? უპირველესად კი, როგორია ამ პროექტის პოლიტიკური მნიშვნელობა?
– ჩვენ 20 წელია, ვისმენთ, რომ ენერგომატარებლების ჩვენს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი და ჩვენი განსაკუთრებული ფუნქცია, რაც სიმართლეა, ოღონდ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ შემდგომში რამდენად გამოიყენებს ესა თუ ის ქვეყანა ასეთი ტიპის შესაძლებლობას. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ განსაკუთრებით გამოვიყენეთ. მილსადენებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, სხვადასხვანაირი სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, მაგისტრალური გაზსადენის, რომელიც რუსეთიდან გაზით ამარაგებს სომხეთს, რეგულაციის შეცვლა არ შეიძლებოდა.
– შევახსენოთ მკითხველს. რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული გაზიდან შემოსავალს ვიღებდით ნატურით – მიწოდებულის 10 პროცენტს, ახლა კი – ფულით და ტარიფი განისაზღვრება კილომეტრებით, რაკი ჩვენი ტერიტორია მცირეა, ჩვენ დავკარგეთ შემოსავალი.
– რაც შეეხება აღმოსავლეთიდან მიმავალ მილსადენებს, იქაც სხვადასხვანაირი რეგულაციაა. ყველაზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე.
– ესეც შევახსენოთ მკითხველს, გვერგება გატარებული გაზის 5 პროცენტი უფასოდ, 5 პროცენტი კი – შეღავათიან ფასად, რომელიც წლების განმავლობაში უმნიშვნელოდ ძვირდება.
– დიახ. უნდა ითქვას, რომ ჩვენთან არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლება ძალიან სპეციფიკური დარგი: ენერგეტიკული დიპლომატია. არადა, ის დღეს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი წარმმართველია. ასეა თუ ისე, არაერთი მილსადენი გადის საქართველოს ტერიტორიაზე და ვიმეორებ, მათგან სხვადასხვა დივიდენდს ვიღებთ. რაც შეეხება ბოლო პროექტს – „ტანაფს“, მისი ამუშავება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ის, თუ როგორ მოვიხმართ ამ შესაძლებლობას, აჩენს კითხვის ნიშნებს. იმ დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი და ჰქვია ევროასოცირების დოკუმენტი, იყო განსაზღვრული, რომ ავიღებდით ვალდებულებას, რომ ჩვენგან გასული ენერგოსიმძლავრეები ევროპას მიეწოდებოდა განსაკუთრებულ ფასად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ ენერგომატარებლებს არ დავადოთ ისეთი ფასი, რაც ევროპელ მომხმარებელს გაუზრდის ენერგომატარებლის ტარიფს.
– ლაპარაკია იმაზე, რომ ტრანზიტის საფასური არ იყოს მაღალი.
– ფაქტობრივად, ჩვენ, ამ ხელშეკრულებით, ვზარალდებით და დიდს ვერაფერს ვიგებთ, თუმცა 2027 წლამდე ისევ მივიღებთ გატარებული გაზის 5 პროცენტს უფასოდ, კიდევ 5 პროცენტს კი – შეღავათიან ფასად. წესით, „ტანაფის“ პროექტმა უნდა გააიაფოს საქართველოში გაზის ტარიფი, მაგრამ ამას ცოტა ეჭვით ვუყურებ, იმიტომ რომ მიგვაჩვიეს ეჭვიანობას, რადგან მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის არაერთი შუამავალი ფირმაა, რაც მომხმარებელს უძვირებს გაზის საფასურს.
– და ისიც შევახსენოთ მკითხველს, რომ ამჟამად რა გაზსაც ვიღებთ უფასოს, შეღავათიანს, აზერბაიჯანიდან სოციალურსა და კომერციულს, ის თავს იყრის „სოკარში“ და იქიდან ნაწილდება. მანამდე სომხეთის ტრანზიტის საფასურად აღებული გაზიც იქ მიდიოდა.
– როდესაც ხელშეკრულებები ფორმდება ხოლმე, იქ გათვალისწინებულია გამანაწილებელთან შეთანხმებებიც და სოციალურსა და კომერციულ გაზს სხვადასხვა ფასი აქვს. კომერციული ტარიფიც საკმაოდ მაღალია და ამიტომაც ჩვენთან საწარმოები ვერ მუშაობენ. მაგალითად, „აზოტი“, რომელიც იყო ქიმიური სასუქის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ნაკლებკონკურენტიანი გახდა მსოფლიო ბაზარზე ზუსტად იმიტომ, რომ გაზის ტარიფია ძალიან მაღალი.
– როგორც მე რეზო არველაძემ მითხრა, 2012 წელს, „აზოტი“ მოსახლეობის ტარიფით იღებდა გაზს, თუმცა საწარმოს რუსი მეპატრონე ჰყავდა და შეეძლო, გაზი პირდაპირ რუსეთისგან შეესყიდა შეღავათიან ფასად.
– საქმეც ესაა. ენერგოპოლიტიკაა გადასახედი. ხელშეკრულებები დადებულია და მათი გადახედვა რთულია, მაგრამ, როდესაც ახალი ხელშეკრულება ფორმდება, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ძველი ხელშეკრულებების შეცდომები, ანუ გამოცდილება. მეუბნებიან, რომ ახალ ხელშეკრულებაში, რომელიც „ტანაფს“ ეხება, გათვალისწინებულია კიდევ ერთი მიმართულება, რაც გულისხმობს სასათბურე გაზს. ანუ სათბურებისთვის გაზის ფასი იქნება განსხვავებული. ეს არ არის ცუდი, მაგრამ გააჩნია ფასს, რათა საქართველოში წარმოებული პროდუქცია არ იყოს ძვირი. სათბურების ამუშავებისთვის გაზის ის ტარიფი, რომელიც არის, ძალიან ძვირია. აქედან გამომდინარე, იქმნებოდა პრობლემები. სოფლის მეურნეობაში არ ვიყენებთ მაღალ ტექნოლოგიებს, თორემ ევროპის მოწინავე ქვეყნებში არსებობს ისეთი ტექნოლოგიები, როდესაც იმ რაოდენობის გაზი, რასაც ჩვენ მოვახმართ, საჭირო არ არის. მაგალითად, ჰოლანდია არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსოფლიოში ნომერ მეორე მიმწოდებელი. მათ აქვთ ძალიან მაღალი დონის სასათბურე მეურნეობები. ამდენად, ვფიქრობ, გაზის დაბალ ფასს დამატებული მოწინავე ტექნოლოგიები საშუალებას მოგვცემდა, ეს სფერო განგვევითარებინა.
– პაატა კოღუაშვილმა მითხრა, რომ, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში სასათბურე მეურნეობებისთვის შესაძლებელია მიწისქვეშა თერმული წყლების გამოყენება და საერთოდ არანაირი გაზი არ იქნება საჭირო.
– ალბათ, ესეც შეიძლება, გაკეთდეს. მე პოლიტიკურად ვაფასებ ამ პროექტს და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა, მართლაც, დიდია. ჩვენ ხშირად თურქეთს აღვიქვამთ მტერ-სახელმწიფოდ და იქაური მაღალი დონის ჩინოვნიკების ზოგიერთი განცხადება საქართველოს მიმართ, მართლაც, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგრამ, მეორე მხრივ, თურქეთის ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ მილსადენებზე. ახლახან გაიხსნა „ტანაფი“, 8 იანვარს იხსნება „სამხრეთის ნაკადი“, რომელიც გულისხმობს რუსეთიდან ორი გაზსადენის – თურქეთისა და სამხრეთ ევროპისკენ – ამოქმედებას. ესე იგი, თურქეთს დამატებით ეყოლება გაზის მიმწოდებელი. ამასთანავე, თურქეთი არის ენერგეტიკული ჰაბი აზიისა და ევროპის გასაყარზე და მისთვის კონფლიქტი არ არის ხელსაყრელი არავისთან, ვისგანაც შესდის ნავთობი ან გაზი. ეს მაგალითი იმისთვის მოვიტანე, რომ ასეთი პროექტები აზღვევს ჩვენს უსაფრთხოებას და თავისთავად მნიშვნელოვანია.
– მაგრამ ჩვენ არავინ გვიშლის ხელს, რომ მაქსიმალური ეკონომიკური ხეირიც ვნახოთ ამ პროექტებიდან. აი, ეს არ მესმის, ხომ შეიძლებოდა ტარიფის ამბავი გადაგვეტანა იმ დროისთვის, როდესაც ევროკავშირში გავწევრიანდებოდით, მანამდე კი გადაეხადა ევროკავშირს ისე, როგორც იხდიდა აქამდე, არ მგონია, დიდად დაზარალებულიყო ევროპელი მომხმარებელი ამის გამო.
– როდესაც მოეწერა ხელი ხელშეკრულებას ევროასოცირების შესახებ, ეს მუხლიც იგულისხმებოდა, მე არ ვიცი, თუ დაელაპარაკა ამ თემაზე ჩვენი მხარე ევროპელებს და თუ მოითხოვეს ამ მუხლის შეცვლა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მოცემულობა ასეთია. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რის მიხედვითაც, ასე უნდა ვიმოქმედოთ. თუმცა 2027 წლამდე ამას არავინ გვავალდებულებს. თუ 2027 წელსაც ისევ ამ ნავთობ და გაზსადენებზე ვიქნებით დამოკიდებულები, მაშინ ჩვენი საშველი არ ყოფილა და მეტის ღირსი არ ვართ. ძალიან მაღლა ახტომაც არ ღირს და პოზაში დადგომა, რადგან ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ აზერბაიჯანი იმ რაოდენობის გაზს მოგვაწვდის, რაზეც ლაპარაკია. ვერც იმას იტყვი კატეგორიულად, რომ არ აქვს და ვერც იმას, რომ აქვს. „შაჰ-დენიზ 2“ საბადოში რა რაოდენობის გაზია, ზუსტად არ ვიცით. ამ თემის გამო რომ განსაკუთრებით აგრესიულები ვყოფილიყავით ევროპის მიმართ, ამას შეიძლებოდა, ხელი შეეშალა ამ პროექტისთვის. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ეს გაზსადენი იმუშავებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეუერთდება მეორე პროექტი, „თეთრი ნაკადი“.
– თურქმენული გაზი.
– დიახ და აი, ეს თუ შეუერთდა, მილში გაზის იმდენად დიდი მოცულობა გაივლის, რომ ეკონომიკურად ჩვენთვის მომგებიანი იქნება, მაგალითად, ჯერჯერობით ვარაუდია, რომ 6 მილიარდი კუბომეტრი გაივლის და ორ-სამ წელიწადში ეს მოცულობა 16 მილიარდამდე ავა, „თეთრი ნაკადის“ ამუშავების შემთხვევაში კი შეიძლება, 30-50 მილიარდ კუბომეტრზე იყოს ლაპარაკი. ამდენად, შესაძლოა, ქართულმა მხარემ გათვალა რაოდენობაზე და არ დაიწყო ახლავე ხელების შლა, ფასი შემიცვალეთო. 2-3 წელიწადში „ტანაფის“ სავარაუდო დატვირთვაა 16 მილიარდი და ასეთია (17 მილიარდია) „ჩრდილოეთის ნაკადის“ დატვირთვაც, რაზეც ტვინი შეჭამა მთელმა მსოფლიომ.
– რუსეთიდან ევროპისკენ რომ მიდის?
– დიახ, ბალტიის ზღვის გავლით. მთავარია, ჩვენ ამას როგორ გამოვიყენებთ, ისევე არაგონივრულად, როგორც რუსეთ-სომხეთის შემთხვევაში თუ სხვანაირად?! სხვათა შორის, როდესაც მთელი ოპოზიცია თავგამოდებული იბრძვის ვითომ საქართველოს ინტერესებისთვის და დუმს ამ ხელშეკრულებაზე, ეს ამტკიცებს, რომ მათი განცხადებები ტყუილია, ვინაიდან, მართალია, ეს ხელშეკრულება გარკვეული ვალდებულებების გამო შეიქმნა, მაინც არ არის საქართველოსთვის ბოლომდე კარგი და უკეთესიც შეიძლებოდა, ყოფილიყო. ნებისმიერი ოპოზიცია ამ თემას აუცილებლად გამოიყენებდა, მაგრამ არ იყენებს დღევანდელი ოპოზიცია იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესები მათთვის მეორეულია, მთავარია მათი საკუთარი ინტერესები.

скачать dle 11.3