კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№50 აპირებს თუ არა ია ტომაში თიკა ჯამბურიასთვის სასამართლოში ჩივილს და რა რეაქცია ჰქონდა იას ქმარს თიკას ბრალდებებზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ცოტა ხნის წინ თიკა ჯამბურიამ „ფარულ კონვერტში“ საკუთარი ცხოვრების მძიმე მომენტზე ილაპარაკა და მოყვა იმ ურთიერთობის შესახებ, რომელიც მას ზუკა ყალიჩავასთან ჰქონდა. ზუკასთან რომანი, მომღერლის თქმით, ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ დასრულდა, მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ ზუკასთან ურთიერთობა მის მეგობარსა და კოლეგას, ია ტომაშს ჰქონდა. როგორც თიკა ამბობს, ეს ამბავი მძიმედ გადაიტანა და ია ტომაშის სახლის წინ დაწერა: „აქ ცხოვრობს ბოზი“.
  ამ ყველაფერზე ია ტომაშს აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია. ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს პირველად ახლა პასუხობს.
  ია ტომაში: პირველი შავი პიარი ჩემზე, ჩემს გვარს უკავშირდებოდა, მაშინ, როცა პროექტში ვმონაწილეობდი: ია ტოლმაში, ია ბოსტანში და ასე შემდეგ, მეორე შავი პიარი კი ეს იყო. ორივე შემთხვევაში კითხულობდნენ, საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო და ამიტომაც ჩავთვალე პიარად. არც ისეთი ცნობილი მეგონა საკუთარი თავი, როგორც თიკამ ახსენა. მაგრამ არ წყდება ამ თემის მასშტაბურად განხილვა. დღემდე მირეკავენ და მეკითხებიან, რა პასუხს გასცემ თიკასო. საკუთარი ენით, შუამავლის გარეშე, მარტივია ადამიანთან საუბარი, მაგრამ სულელთან თუ რამის მტკიცებას დაიწყებ, მერე შენც სულელი გამოდიხარ. ამიტომ, ამ ინტერვიუთი პირველად და უკანასკნელად დავაკმაყოფილებ ჩემი გულშემატკივრების ინტერესს.
– რა მოხდა რეალურად?
– თამამად შემიძლია ვთქვა, ვინ არიან და ვინ იყვნენ ჩემი მეგობრები. ხმამაღლა და აბსოლუტურად დარწმუნებულმა შემიძლია, ვთქვა, რომ მე და თიკა ჯამბურია არასდროს ვყოფილვართ ახლო მეგობრები. თუ მას ჰგონია, ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ახლო მეგობრობას ნიშნავს, რჩევის სახით გადაეცით, რომ ადამიანებზე არასწორი წარმოდგენა აქვს – ზედმეტად კარგი ან გაბუქებულად ცუდი და ეს არის იმ პირადული თუ კარიერული პრობლემების სათავე, რომელზეც ის მთელი გადაცემის განმავლობაში ლაპარაკობდა.
– რა ურთიერთობა გქონდათ მასთან?
– თითქმის ყველა დღევანდელი ვარსკვლავი, შოუ-ბიზნესის ჩვენი თაობის წარმომადგენლები ერთად ვიყავით პირველ „ახალ ხმაში“. ხშირად მსტუმრობდნენ ხოლმე და არა მარტო თიკა, ყველა ამოდიოდა ჩემთან სახლში. მეგობრული სიტუაცია იყო. ძალიან ბევრი ვიკრიბებოდით – მეგობრები, მეგობრის მეგობრები და ასე შემდეგ. მაგრამ მე და თიკას ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთის პირადი ცხოვრების შესახებ რამე გვცოდნოდა და განგვეხილა, არ გვქონია. მით უმეტეს, ვინ უყვარდა, ვის დაშორდა და როდის.
– ზუკას ამბავს რაც შეეხება?
– არც თიკა და ზუკა ყოფილან შეყვარებულები და არც მე და ზუკას გვქონია არანაირი ურთიერთობა. თიკას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ჩვეულებრივი ცილისწამებაა. ზუკა თიკასგან გავიცანი, ეს მართალია. ერთადერთხელ ვნახე ერთად, რაღაცაზე „ღადაობდნენ“. მაგრამ  მერე მე და ზუკას არანაირი ურთიერთობა არ გვქონია.
– შენი აზრით, რა უნდოდა თიკას? თუ მხოლოდ პიარზე იყო გათვლილი ეს ამბავი, მაშინ შენს სახელსა და გვარს რატომ ასახელებდა?
– წარმოდგენა არ მაქვს. თიკას ბოდიშს მეც და ჩემი გულშემატკივრებიც დიდი სიამოვნებით მივიღებთ. სჯობს, ჩემი სახელით მოგებული თანხა, იმ შუამავალ, ვითომ მეგობრის შურისძიებას მოახმაროს, რომელმაც გააბოროტა და როგორც თვითონ ამბობს, ვანდალობამდე მიიყვანა.
– სხვა მიზეზის გამო გქონიათ უთანხმოება?
– როგორც თქვა, ვიღაც შუამავალმა მეგობარმა მითხრა ყველაფერიო და მე არ ვიცი, „ის მეგობარი“ რა მიზნებით იყო, ან თიკას რა მიზანი ჰქონდა. არც პირველი შემთხვევაა და არც – ბოლო. ინტრიგებითაა სავსე შოუ-ბიზნესი. არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდა, მაგრამ ის ტრავმა, რომელიც ამ ყველაფრით თავის დროზე ჩემმა ოჯახმა გადაიტანა, ამან გაათმაგა. ბოდიში მოიხადა კი არა, უარესი გააკეთა.
– „აქ ცხოვრობს ბოზი“ – ეს წარწერა მართლა გააკეთა შენს სახლთან?
– თიკამ ისე, რომ არავისთვის არაფერი უკითხავს, არაფერი გაურკვევია, გადაწყვიტა, რომ ეგეთი საქციელი ჩაედინა. ეს ნამდვილად გააკეთა და დილით დამხვდა წარწერა, რომლის გამოც ჩემმა ოჯახმა ძალიან დიდი ტრავმა მიიღო, ახლა მათთან ერთად – უკვე ჩემმა გულშემატკივრებმაც და კარიერამაც.
– მაშინ ეს წარწერა რომ ნახე, გაიგე, რომ ეს თიკამ გააკეთა და რაში იყო საქმე?
– მაგ დროს „ჩამოსული“, პატარა ბავშვი ვიყავი. ქუთაისიდან ჩამოვედი და შოუ-ბიზნესის შიდა ინტრიგებს შუბლით შევეჯახე. აქაურებს ადვილად გამოსდით და სჩვევიათ, ჩვენნაირების გვერდით ჩაწევა. მაგრამ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რასაც აქამდე მივაღწიე – ყველაფერს ჩემი შრომით, ყველანაირი დახმარების გარეშე. იმის სურვილი, რომ თიკასთვის იგივენაირი პასუხი გამეცა, არ მქონია. იმ ტრავმის შემდეგ, ჯობდა, ცოტა დრო გასულიყო. მერე როცა „X ფაქტორში“ ვმონაწილეობდი, თიკას ხმა გავიგე გულშემატკივრების ოთახდან: მე მხარს ვუჭერ, ჩემს ძველ მეგობარ ია ტომაშსო. ეს მე ბოდიშად მივიღე და კულისებში რომ გამოვედი, თიკა გადავკოცნე, ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ და თემა დახურულად ჩავთვალე. მეგონა, გაარკვია, რომ ის ყველაფერი არასწორი იყო. მე არავისთვის არაფრის მტკიცებას არ ვაპირებდი.
– მანამდე არ გიცდია, გეთქვა მისთვის, რომ ცდებოდა?
– დიდი ხანი დამჭირდა იმის გასაგებად, რატომ გააკეთა ეს. მაგ ამბის მერე ტრავმა მქონდა და ჯობდა, დრო გასულიყო, ვიდრე რამე მომემოქმედებინა. რთულ მდგომარეობაში ვიყავი: როგორ ამოვშალო ჩემი ოჯახის წევრების თვალებიდან ის წარწერა?! თიკასთვის დამეძალებინა, მოდი და თქვი, რომ არასწორია-მეთქი?.. ჩემთვის მთავარი იყო, ოჯახის წევრებთან ერთად ვყოფილიყავი და მათ ეს ყველაფერი გადაეტანათ. მე ვხედავდი, რაც ხდებოდა შოუ-ბიზნესში, მაგრამ მათ ხომ არ იცოდნენ ამის შესახებ?! ოჯახმაც გაიგო თიკას კომენტარი „X ფაქტორში“ და მათაც, ჩემსავით, ბოდიშად ჩათვალეს. „ნახე, ჩემი და ზუკას ჩატი ცარიელია“ – ამით არაფერი დამტკიცდებოდა. ღმერთო ჩემო, შვიდი წლის წინანდელი ამბავია.
– ვინაა ის მესამე?
– მთელი გადაცემა საუბრობს, რომ ვიღაცებმა მოატყუეს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თიკაზე ძალიან მოქმედებს ნებისმიერი ადამიანის აზრი და დასკვნებს გარკვევის გარეშე აკეთებს, ასე იყო ამჯერადაც. არ ვიცი, ვინაა ის მესამე, ვინც მიცნობს, იცის, რისი გამკეთებელი ვარ და რისი – არა. ამ გადაცემამდე ერთი კვირით ადრე, ანონსი რომ გადიოდა, „ფეიქ-ექაუნთმა“ მომწერა, „ფარულ კონვერტს““ უყურე, თიკა ზისო. იჯდეს-მეთქი და კარგი, მეტს არაფერს დავამატებ, წარმატებებიო. ჩემი ოჯახის წევრებისა და თიკას ახლობლების გარდა, სხვა ადამიანებმა ეს ამბავი არ იცოდნენ. დედაჩემი და მამაჩემი რომ ამას არ მომწერდნენ, ადვილი მისახვედრია და რა იყო ამის მიზანი, ვერ მივხვდი – „ვაიმე, თიკა, ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენო“ თუ რა უნდა გამეკეთებინა? ძალიან სასაცილოა. მეკითხებოდნენ, რატომ არ უჩივლე მაშინ ან ეხლაო? მორალურ ზიანად ქმედებას საქართველოში მაშინ განიხილავენ თუ სუიციდამდე მიხვედი, ამ მდგომარეობამდე თავს ძალით ნამდვილად ვერ მივიყვანდი.
– არც ამის მერე გქონიათ კომუნიკაცია?
– არანაირი კომუნიკაციის სურვილი არ მაქვს.
– დღეს გათხოვილია და ძალიან ბედნიერიაო, თვითონაც თქვა. მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე?
– გათხოვილია და ბედნიერია, მაგრადააო. ერთსაც ოჯახი ჰყავს და მეორესაცო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ახლა მე თქვენ უნდა გამოგიქვეყნოთ ცილისწამებაო. ვაუ, თიკა ყოჩაღ! მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობა ტყუილზე არ აგვიგია. მან იცოდა ეს ისტორია, ვგულისხმობ იმას, რაც თიკამ გააკეთა. ისიც იცოდა, რომ ეს ცილიწამება იყო და ჩვენ ერთმანეთის ნდობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან გაბრაზდა და რა თქმა უნდა, მასაც ძალიან შეეხო ეს ყველაფერი.
– თიკასთან ბევრს ბავშვობის სენტიმენტები აკავშირებს და რადგან ასე გულახდილად მოყვა ყველაფერი, ბევრის მხარდაჭერაც დაიმსახურა. როგორი იყო გამოხმაურება?
– ეგ სენტიმენტები მეც მაკავშირებდა თიკასთან. ჩემი ბავშვობაა თიკა ჯამბურია. პატარა ბავშვმა ამდენს მიაღწია და ამ დასაწყისით ძალიან კარგი კარიერის აწყობა შეეძლო. საზოგადოების კომენტარებს რომ გადავხედე, სიმართლე გითხრათ, ჩემ მიმართ ბევრი ლანძღვა არ შემხვედრია. უფრო მეტად თიკას დაცვა იყო: როგორი ცოდოა, რა საცოდავი ცხოვრება აქვს და როგორ გულჩვილად ყვება ამ ყველაფერსო. ეს გადაცემაც, სავარაუდოდ, ამას მიეძღვნა – რამდენად დამწუხრებული ცხოვრება აქვს თიკას და როგორ ატყუებენ. როცა დასკვნას აკეთებ, ორივე მხარის პოზიცია უნდა მოისმინო. ამიტომ მეცინებოდა, როცა მხოლოდ მისი მონათხრობით აკეთებდნენ დასკვნებს. თუმცა, ბევრი არ იყო ასეთი და უმეტესობამ გაიგო, რომ ინფორმაცია ცოტა არასწორი იყო და ლოგიკური გამოხმაურებებიც ჰქონდა. რაც ამ ამბავში ყველაზე მეტად გამიჭირდა, ჩემი ოჯახის წევრების ტრავმირებული სახეების ყურება იყო. მარტო მე რომ მენახა, არ განვიცდიდი.  თუმცა, ამას მხოლოდ ჩემი გულშემატკივრების გამო ვყვები, რომლებიც კითხვებს სვამენ. მინდა, ჩემგანაც გაიგონ სიმართლე და დასკვნა მერე გააკეთონ.
– გულშემატკივრებს ეხება შენი უახლოესი გეგმებიც, რომელიც სოლო კონცერტს უკავშირდება.
–ქუთაისზე დავწერე სიმღერა. ეს ჩემთვის პირველი საავტორო სიმღერაა, რომელიც ფართომასშტაბით გაჟღერდა და ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით ქუთაისში. ამის შემდეგ ძალიან ბევრი მეკითხებოდა, როდის ჩაატარებ კონცერტსო. გადავწყვიტეთ, კონცერტიც ჩაგვეტარებინა და კლიპიც გადაგვეღო ამ სიმღერაზე. სხვათა შორის, ემიგრანტების საყვარელი სიმღერაც გახდა. პირველად რომ გავაჟღერე ჩემი სიმღერა ქუთაისში, „ლაივში“, ზეპირად იცოდნენ და  ეს ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. კონცერტი გაიმართება 20 დეკემბერს ქუთაისში, ღია ცის ქვეშ ჩემს ბენდთან, „საუნდ ლაბთან“ ერთად. იმ სიმღერებს გავაჟღერებ, რომლებიც ქუთაისელებს განსაკუთრებით უყვართ. ახლა დიდი სამზადისი გვაქვს, მინდა, პირველი კონცერტი განსაკუთრებით გემოვნებიანი და დასამახსოვრებელი იყოს, რომ ხალხს წინასაახალწლო განწყობა გავუხალისო.

скачать dle 11.3