კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№49 რა ემართება ადამიანს, როცა სული არასწორი გზით მიდის და რატომ აღარ ეშინია სიკვდილის მიხეილ ცაგარელს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: მიხეილი.
გვარი: ცაგარელი.
პროფესია: ასტროლოგი.
– მოგონება ბავშვობიდან
– საბავშვო ბაღში მიყვარდა ერთი გოგონა, რომელსაც ორი ძმა უდიერად მოეპყრო და მახსოვს, როგორ ვცემე ისინი. მერე გამოიძახეს ჩემი მშობლები და იყო ერთი ამბავი. კიდევ მახსოვს, როცა მე-5 კლასში ვიყავი, მე-9 კლასელმა ზემოდან დამაფურთხა და დედა შემაგინა, მაშინ ცურვაზე  დავდიოდი და საკმაოდ ნავარჯიშები ვიყავი. ავუვარდი ამ ბიჭს და ძალიან ვცემე. ეს მაშინ სენსაცია იყო და მთელი სკოლა კარგა ხანს ამაზე ლაპარაკობდა.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ავადმყოფობამ – თბილისში მძვინვარებდა  გრიპი, მონენუკლეოზი, რომელიც მძიმე ფორმით შემეყარა. ვიყავი მუსიკოსი, სამი ფესტივალის ლაურეატი, დავდიოდი გასტროლებზე და არ მაკლდა არაფერი: ქეიფი, დროსტარება, ქალები... მაგრამ, როგორც ჩანს, სამყარომ გადაწყვიტა ჩემი შემობრუნება ჭეშმარიტებისკენ. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, რომ გამოვჯანმრთელებულიყავი. მაშინ ერთ-ერთი გასართობი საშუალება წიგნი იყო. ჩემმა მეგობარმა მომიტანა ედუარდ ენტონის „ასტროლოგია“. წავიკითხე და ძალიან გამიტაცა, აღმოჩნდა, რომ თურმე, ასტროლიგია 40 საუკუნეა, არსებობს და ამდენი წლის წინ, ჩემი ზოდიაქოთი აღწერეს ჩემი ხასიათის მინიმუმ 85 პროცენტი. როცა ფეხზე დავდექი, მოსკოვში წავედი, სადაც ალექსანდრე ზარაევმა შემიდგინა პირადი რუკა და დავრჩი გაოგნებული: თურმე, მივდიოდი არასწორი კარმული გზით. როცა სული არ მიდის სწორი გზით, მას რაღაც მინიშნებებს აძლევენ, როცა არ აქცევს ამ რაღაცებს ყურადღებას, მაშინ შესაძლოა, დასაჯონ. მე აღმოვჩნდი დასჯის მექანიზმის ქვეშ და მაჩვენეს, რომ ჩემი გზა არ არის მუსიკა და ის მეცნიერება, რომელსაც მივყვებოდი. სამყარომ და პირადმა ჰოროსკოპმა მითხრა, რომ ჩემი წარმატების გზა იყო სამყარო და ეზოთერული კანონზომიერებები შეზავებული მასმედიასთან.
– პროფესიული ჩვევა თუ გაქვთ?
– ჩემს პროფესიაში უფრო პრინციპებია. არის ასტროლოგიური ეთიკა, რომელიც გეუბნება, რომ არ უნდა დაუშავო ადამიანს.  დაშავებაში ვგულისხმობ იმას, რომ  შესაძლოა მას ისეთი რაღაც ვუთხრა, რაც გამოიყვანს წონასწორობიდან ან პიროვნება ისეთ შიშში ჩავაგდო, რომ კარგა ხანს ნევროზიდან ვერ გამოვიდეს.
– მეშინია...
– ადრე მეშინოდა სიკვდილის, ახლა – აღარ. ძალიან ბევრი მედიტაციური პრაქტიკა გავიარე და ვნახე, რომ თურმე, სული უკვდავია, ასევე, შესაძლოა, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ელემენტები დაინახო და არის სხვა სამყარო, სადაც გადის სული. თუ ადამიანს აქვს უნარი, გახსნას მესამე თვალი და გავიდეს იმ სამყაროში, ეს ყველაფერი მისთვის არსებობს. ჩვენი ცნობიერება მესამე დონეზეა განვითარებული და თუ მეოთხე დონეზე გადახვალთ, მიხვდებით, რომ ამ სამყაროს მიღმა კიდევ არის სხვა სამყაროები, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს შვიდი სხეული, მაგრამ ვხედავთ მხოლოდ ერთს – მატერიალურს. მეც მქონდა ხედვები, გასვლები, ჩემი სხეული ზემოდანაც დამინახავს. სულს მოგზაურობა შეუძლია ყველგან, სადაც უნდა, აბსოლუტურად თავისუფალია სხეულისგან და არის საოცრად მსუბუქი. როგორც კი სხეულში შემოდის, უკვე გრძნობ: სიმძიმეს, დარდს, ბოღმას, წყენას, რაც იქ, იმ სამყაროში, არ არსებობს.
– მწამს...
– უფლის. თუმცა, ვერ გეტყვით, როგორია ის. ჩვენ გვიხატავენ, რომ უფალი არის კაცის ფორმის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის არის ენერგია, რომელსაც ზოგჯერ აქვს ტრანსფორმაციის საშუალება იმის მიხედვით, თუ თქვენ რა ან ვინ გინდათ წარმოიდგინოთ. თუ თქვენ წარმოიდგენთ, რომ ის მამაკაცია, შესაძლოა, ეს ენერგია მამაკაცის ფორმით დაინახოთ, თუ წარმოიდგენთ როგორც ქალს – ქალის ფორმით დაინახავთ. მიმაჩნია, რომ ეს არის ენერგია, რომელსაც უფრო შემოქმედს ვუწოდებ, რომელიც, თუ საჭიროა, ანგრევს კიდეც თავის შექმნილს.
– მაღიზიანებს...
– გაღიზიანებული და წონასწორობიდან გამოსული არავის ვუნახივარ, რადგან ვიცი, რომ ბედნიერება არის ზომიერებასა და შინაგან ბალანსში, ამიტომ ვცდილობ, ეს ბალანსი არ დავარღვიო. ზოგჯერ არის არასასიამოვნო შეგრძნებები, როცა ხედავ, ადამიანი გატყუებს, ეს არ გსიამოვნებს და საკუთარ თავზე მეტად ის გეცოდება, რადგან ის ამ ტყუილით ახალ კარმულ ვალებს იკიდებს და ვერ ხვდება, რა მოელის.
– რა არის ცოდვა?
– ცოდვა გარკვეული ზნეობრივი პრინციპია, რომელსაც ადამიანი არღვევს. ადამიანმა იცის, რომ არ უნდა მოიტყუოს, მაგრამ იტყუება. მსგავსი ელემენტები შედის ცოდვის პრინციპებში, ოღონდ ყველას თავისებური გაგება აქვს. წმინდა ენერგეტიკული კუთხით, მიმაჩნია, როცა თქვენ აგზავნით კოსმოსში უარყოფით ენერგიას, ეს არის ცოდვა, რადგან ის ისე გიბრუნდებათ უკან, რომ აბინძურებს თქვენს სულს  და გიქმნით პრობლემებს.
– შეგშურებიათ?
– შურის მომენტი უფრო ახალგაზრდულ წლებში მქონდა. ისიც ასეთი: ის ადამიანი უფრო ლამაზია, ვიდრე მე; მას ჰყავს უკეთესი მანქანა, ვიდრე მე. როცა გავერკვიე ეზოთერიკაში და დავიწყე ვარჯიშები, სულ სხვა მსოფლმხედველობა ჩამომიყალიბდა. ახლაც ჰყავს ბევრს ჩემზე უკეთესი მანქანა და უკეთესი სახლიც აქვს, მაგრამ აბსოლუტურად არ მაინტერესებს.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– თავის დროზე რამდენიმე ადამიანმა მიღალატა და მეკითხებოდნენ, რატომ არ ვუხდიდი სამაგიეროს. ყოველთვის ვპასუხობდი: არ არის საჭირო, სამაგიერო მე გადავუხადო, რადგან მყავს ბევრი და ძლიერი დამცავი ძალა. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ცუდს მიკეთებს, ისე ისჯება, ხელს არ ვანძრევ –  სამყარო საშინლად უხდის მას სამაგიეროს. ყოფილა შემთხვევა განგებისთვის მითხოვია კიდეც, დაენდო და ასე ძალიან არ დაესაჯა.
– რა არის ბედისწერა?
– ბედისწერაა ის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა და რამაც დამაყენა სწორ გზაზე. ბედისწერის გარეშე არ არსებობს ადამიანი, ყველას უწერია თავისი ბედი. მთავარია, მიხვდეთ, რა არის ბედისწერის ელემენტი, რას ითხოვს თქვენგან კოსმოსი და რა გზაზე დადგეთ. ბედისწერა ჰგავს ადამიანს, რომელიც ბნელ ოთახშია, იცის, სადღაც ჩამრთველია, ოღონდ ვიდრე მას მოძებნის ცხრაჯერ წაიქცევა. ადამიანების უმრავლესობა ბნელ ოთახში ეძებენ ჩამრთველს – ხან ერთ სპეციალობას მიედებიან, ხან – მეორეს, ასევეა პარტნიორების შემთხვევაში და „ცხვირს რომ მოიმტვრევენ“, ბოლოში შეიძლება, გაუნათდეთ ან პირიქით. ასტროლოგიურ რუკაში ყველაფერი კარგად ჩანს – იქ ადამიანს უწერია, რა პერსპექტივა და რისი პოტენციალი აქვს. ზოგი  ისეთ ვარსკვლავზეა დაბადებული, უამრავი პრობლემა შეხვდება, სულ ორმაგი შრომა და ნებისყოფის გამოვლენა დასჭირდება. ბედს მხოლოდ ინდივიდუალური სული არ განსაზღვრავს, მასზე მოქმედებს  შვიდი თაობა მისი წინაპრების – მათ რა ჩადეს. მინახავს უნიჭიერესი, მშრომელი ადამიანები, რომლებსაც არაფერი გამოსდით, ასევე, ადამიანები, რომლებსაც ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული და ყველაფერი ისე მოსდით. აი, ეს არის სწორედ იღბალი. იღბალი დაკავშირებულია ბედთან. ქართველებს ამის გამოსახატავად კარგი სიტყვა გვაქვს: ბედ-იღბალი.
– სიზმრების გჯერათ?
– სიზმარს აქვს თავისი ძალა, ოღონდ სწორი ინტერპრეტაციაა საჭირო. სიზმარი, როგორც სარკე, სამყაროებს შორის მოსაზღვრე ენერგიაა. სიზმარი გარკვეული წინათგრძნობის ელემენტია, რომელიც ხშირად გვამცნობს ან გვაფრთხილებს, რა უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. სიზმრები ბევრ ადამიანს უხდება და ეს არაა შემთხვევითობა. პირადად მე, იშვიათად მესიზმრება, მაგრამ მისრულდება ხოლმე. სანამ ბავშვი შემეძინებოდა დამესიზმრა, რომ სასწაულებრივი ნათება იყო და ზემოდან თოვლის გუნდასავით გადმოაგდეს. ხელზე რომ დამეცა, ძალიან ლამაზი ლეკვი აღმოჩნდა. მალე ბავშვის ამბავი გავიგე.
– როდის ტირით?
– ტირილი არ ვიცი, ჩხუბებში რომ ვმონაწილეობდი, მაშინაც კი არ მიტირია. ტირილის მომენტი არ მქონია, უბრალოდ, არის რაღაც შინაგანი მდგომარეობა, როცა შეიძლება, ცრემლები მოგადგეს.
– რას ემტერებით?
– ვიღაცის ან რაღაცის მტერი ვარ-მეთქი, რომ გითხრათ – არა. უბრალოდ, შეიძლება, რაღაც ამორალური დარღვევის წინააღმდეგი ვიყო. როცა ადამიანი სწორად არ იქცევა, არ მომწონს, მაგრამ ამის გამო არ ვემტერები –  მისი კარმა აქვს და ეს თავისი პრობლემაა. შემიძლია, მას ავუხსნა, მაგრამ თუ ის ისევ განაგრძობს იმავე ქმედებას, თავს ვანებებ, არ ვაძალებ. არის მომენტები, როცა კონკრეტული ადამიანი მინდა გავაფრთხილო, მაგრამ სამყარო არ მიშვებს და ვერ ვახერხებ. მაგალითად, თავის დროზე მინდოდა გამეფრთხილებინა ზურაბ ჟვანია, რომ მას საფრთხე ელოდებოდა, რამდენჯერმე კანცელარიაშიც მივედი, მაგრამ არ მიმიშვეს, ანუ ზემოდან იყო ბრძანება – არა!
– სიყვარული – ეს არის...
– სიყვარული ძალიან სახიფათო რამეა. ყველა გვეუბნება, რომ სიყვარული აშენებს, უდაოდ, მაგრამ ასევე, მან შეიძლება, მოგსპოს და გაგანადგუროს. აქაც ბალანსის პრინციპია. თუ ბალანსს დაიცავთ, მაშინ პრობლემა არ იქნება, მაგრამ ბალანსის დაცვა საკმაოდ რთულია, რადგან ითხოვს კონტროლს. უნდა გახსოვდეთ სამი მნიშვნელოვანი რამ: პირველი ფიზიკური ერთიანობა – უნდა გქონდეთ საერთო ფიზიკური ტემპერამენტი; მეორე – სულიერი ერთიანობა, როცა უყურებ ადამიანს და გრძნობ, რომ შენია. მესამე – მენტალურ-გონებრივი ერთიანობა, როცა მასთან არ გბეზრდება საუბარი, ამოუწურავი საერთო თემები გაქვთ. აი, ეს სამი რამ თუ გაგაჩნიათ, მაშინ თქვენ გაქვთ ჭეშმარიტი სიყვარული.
– როგორია თქვენთვის იდეალური ქალი?
– მე ჩემი გარკვეული ხედვა მაქვს. ყველა მამაკაცს ჰყავს შიდა ქალი, რომელსაც ეძებს ყოველთვის. ამ ძიებაში კი ბევრ შეცდომას უშვებს. ჩემთვის იდეალურია ქალი, რომელიც არის ინტელექტუალური, ესმის ეზოთერიკა და არა მარტო დოსტოევსკი და ტოლსტოი, არის სექსუალურად ძლიერი პოტენციალის მატარებელი; რამდენადაც ერთგული, პატიოსანი, წესიერი და მეოჯახეა ქალი, მით უფრო ძლიერია ოჯახი. ოჯახის ბურჯი არის ქალი!
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– 90-იან წლებში,  როცა ინდოეთში, ქალაქ პუნაში მოვხვდი, დიდმა სულიერმა ოსტატმა, ოშომ პირველი შეხვედრისას მითხრა: ადამიანი პროგრამირებადია და ეს არის მისი მთავარი პრობლემა.  ანუ, რასაც ფიქრობს, ზუსტად ის მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის დადებითი განწყობა გქონდეს, რომ შენკენ წამოსული ნებისმიერი ნეგატივი გაანეიტრალო. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი რჩევა, რომელიც გავითვალისწინე და დღემდე ვიყენებ.

скачать dle 11.3