კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რისი წყალობით გახდა პოპულარული თურქეთში ათი ლარით ჩასული შორენა იმნაძე და რამდენი ბიჭი ჰყავს მას ნაცემი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  შორენა იმნაძის ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს – თავის ქვეყანაში მიმტანად მუშაობდა და უცხოეთში დღეს ხელის გულზე ატარებენ. როგორც თავად ამბობს, თურქეთში რომ ჩავიდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დღეს სცენაზე იდგებოდა, მის სანახავად და მოსასმენად უამრავი ადამიანი მივიდოდა და შორენა-ხანუმის სახელით მოიხსენიებდნენ. გარდა იმისა, რომ ის თურქეთში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, უამრავ ქველმოქმედებას ეწევა და მის მიერ ორგანიზებული კონცერტების წყალობით არაერთი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს.
  შორენა იმნაძე: აქტიური, ცოცხალი, ქალაბიჭა ბავშვი ვიყავი. ბიჭებს ვცემდი და ჩემს მშობლებს ყოველდღე იბარებდნენ სკოლაში. ხუთი ბიჭი ისე მწარედ ვცემე, მათი მშობლები ჩემებს სახლში მოადგნენ საჩივლელად (იცინის). მიუხედავად ყველაფრისა, ყველას ვუყვარდი, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც. დედაც, მამაც და ჩემი დაც გადასარევად მღერიან, ზოგადად, ყველა გურულში დევს მუსიკალური ნიჭი და ეტყობა, მეც გენეტიკურად დამყვა, თან, ცოტა გამძაფრებულად (იცინის). სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე მინდოდა, ჩაბარება, მაგრამ ვერ მოვხვდი. არადა, სიმღერაზე მეტად, სამსახიობო ნიჭი მქონდა, თუმცა, არ გამომივიდა. მერე, მალევე გავთხოვდი, შვილები გავაჩინე და ოჯახი რომ მერჩინა, ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მომიწია მუშაობა. ძალიან ვიღლებოდი, მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა მიწევდა, ღამეც ვმუშაობდი. სამი წელი ვიმუშავე და ერთ დღესაც მივხვდი, ასე არაფერი გამოვიდოდა, არც პერსპექტივა მქონდა. ვიფიქრე: მოდი, წავალ უცხო მხარეში, იქნებ უკეთესი რამე ვნახო-მეთქი და თურქეთში წავედი სამუშაოდ. წარმოიდგინეთ, ათი ლარით – ასე უფულოდ და უყველაფროდ ჩავედი, მაგრამ გავრისკე. ღმერთს მადლობა, პოზიტიური ვარ და გურულობაც მშველის (იცინის). სტამბოლში ერთ ოჯახში დავიწყე მუშაობა. ორი თვე ვიმუშავე, მაგრამ მივხვდი, თავს ვერ ვართმევდი. იქიდან წამოვედი და დავიწყე სხვა სამსახურის ძებნა. მივადექი ერთ-ერთ სასტუმროს და ვუთხარი, მუშაობის დაწყება მინდა-მეთქი. მითხრეს, ადგილები არ გვაქვს, მაგრამ მომღერალი გვჭირდებაო. მეც მოვატყუე: მომღერალი ვარ-მეთქი და ჩემდა გასაკვირად, ასე დავდექი სცენაზე (იცინის).
– ალბათ, მხოლოდ სიმღერით კი არა, შენი გარეგნული სილამაზეც დაგეხმარა და მოიხიბლნენ...
– რასაკვირველია, გარეგნობაც დიდ როლს თამაშობს, მით უმეტეს, თურქეთში. რუსული ენა კარგად ვიცი და რუსულ სიმღერებს ვმღეროდი რუსულ რესტორანში. მერე ქართული და თურქული სიმღერებიც შევიტანე რეპერტუარში. დღეს თურქეთის ქუჩებშიც მცნობენ და შორენა-ხანუმს მეძახიან. მაღაზიაში რომ შევდივარ, უამრავ საჩუქარს მჩუქნიან. თურქეთში ხუთი წელია, ვარ და ყველა მცნობს, საქართველოში კი – ნაკლებად.
– შენი ცხოვრება ზღაპარს ჰგავს: ათი ლარით თურქეთში სამუშაოდ ჩასული დიდ სცენაზეც დადექი, საკუთარი ბიზნესიც წამოიწყე და ქველმოქმედებით ბევრი ადამიანი გამოსტაცე სიკვდილს.
– ისე გამოდის, რომ ზღაპარივით ამიხდა ოცნებები – სცენაზეც დავდექი, თურქ პარტნიორთან ერთად ვამუშავებ კაფე-რესტორანს, აია-სოფიასთნ ახლოს, სადაც ბევრი ადამიანი დადის და ქართველების დასახმარებლად ბევრი საქველმოქმედო საღამო მაქვს ჩატარებული. ბევრი გადარჩა, სამწუხაროდ, ბევრიც დაიღუპა, მაგრამ ქართველი ემიგრანტების დახმარებით, ვცდილობთ, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ და დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება.
– ფაქტობრივად, სიმღერის დროს სცენაზე მინი-სპექტაკლს დგამ და ვფიქრობ, სამსახიობო მონაცემები ამაში გეხმარება.  მართალია, რომ თურქი მილიონერები ხშირად დადიან იმ რესტორანში, სადაც შენ გამოდიხარ?
– ნამდვილად. სამსახიობო მონაცემი რომ არ მქონდეს, ჩვეულებრივად ვმღერი, როგორც ყველა და სცენაზე ჩემი გამოსვლა ისეთი ეფექტური არ იქნებოდა. დიახ, მართალია, მოდიან შეძლებული, მილიონერი თურქები და უსმენენ ჩემს თურქულ-რუსულ-ქართულ რეპერტუარს. ისეთი მანქანები დგას ხოლმე რესტორნის წინ, ფაქტია, ყველა საკმაოდ შეძლებულია. ასევე, ისეთ რესტორნებში მეპატიჟებიან გამოსასვლელად, სადაც თურქი ვარსკვლავები მღერიან. ხანდახან მეც მრცხვენია, მათ გვერდით დგომა, მაგრამ მიწვევენ და რომ არ მოვწონდე, იქ ხომ არ ვიდგებოდი? (იცინის) სხვათა შორის, თაყვანისმცემელი მსმენელები საჩუქრებსაც მიძღვნიან. არ დამავიწყდება, ერთი კაცი შემოვიდა და ქართულად რომ ვიმღერე, ბევრი ვარდი მომართვა. ერთი თვის მერე, ძვირფასი, თეთრ ოქროში ჩასმული ბრილიანტის კოლიე გამომიგზავნა ამერიკიდან. აქ ფულის მიცემა სირცხვილია, ძვირად ღირებული საჩუქრებით კი მანებივრებენ.
– ასეთი „გემრიელი“ გარეგნობის გოგოს, ასეთ პოპულარულს, შორენა-ხანუმად წოდებულს, საყვარელი მამაკაცი თუ გყავს გვერდით?
– პირად ცხოვრებაში არაფერი სიახლე – როგორიც ჩამოვედი საქართველოდან, ისევ ისე ვარ და ველოდები, თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს (იცინის). და ეს რაში აუცილებლად საქართველოდან უნდა მოვიდეს. მინდა, ჩემ გვერდით ქართველი მამაკაცი იდგეს. ზოგადად, სიყვარულში წარუმატებელი აღმოვჩნდი, პირველი ოჯახი დამენგრა და ამის მერე მამაკაცების მიმართ უნდობლობა გამიჩნდა. საყვარელ მამაკაცს ტყუილს, ღალატსა და უსაქმურობას ვერ ვაპატიებ. არ მღლის ის, რომ მარტო ვარ. აქ გაჭირვებას გამოვექეცი და უსაქმურ ადამიანს გვერდით ვერ ავიტან. სხვათა შორის, ტყუილის მსხვერპლი ხშირად გავმხდარვარ, მაგრამ ღალატის – არასოდეს. ვხუმრობ ხოლმე: კაცი რომ მე მიღალატებს, უნდა გამოჰკრა ჩახმახს ხელი, არც აციო და არც აცხელო და იქვე უნდა დაახალო ტყვია შუბლში-მეთქი (იცინის). მყავს ორი ულამაზესი ქალიშვილი და ისინი არიან ჩემი ცხოვრების მთავარი სტიმულები. არ მოსწონთ, ვულგარულად რომ მაცვია და მეუბნებიან: კარგი რა, დე, ცოტა სხვანაირად ჩაიცვიო. მე კი ვუხსნი, რომ სცენას სჭირდება ასე და თან, მიხდება (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, ისე უცბად დამატყდა პოპულარობა თავს, რომ მირეკავდნენ, ტელეფონი არ ჩერდებოდა და მეუბნებოდნენ: ქალბატონო შორენა, აქ მობრძანდით, იქ მობრძანდითო... თავიდან, ცოტა შემეშინდა – ვფიქრობდი, რა ხდება ჩემს თავს-მეთქი (იცინის). ჩემზე კარგი მომღერლებიც არიან, მაგრამ იცით, რის გამო ვუყვარვარ ხალხს? ძალიან უბრალო, კონტაქტური და თბილი ვარ ყველას მიმართ. ამაშიც გურულობა მეხმარება. ახლა ვფიქრობ, რომ არ წავსულიყავი თურქეთში, დღეს ისევ მიმტანი ვიქნებოდი, არშემდგარი ადამიანი. მე ძვირად ღირებულ მომღერლად ვითვლები თურქეთში და გული მწყდება, რომ ჩემზე კარგი მომღერლები საქართველოში, რესტორნებში 50 ლარად მღერიან.
– ბოლო პერიოდში, დუეტები ჩაწერე ცნობილ ქართველ მომღერლებთან და ემიგრანტების მიწვევით უცხოეთის ბევრ ქვეყანაშიც მოგიწია ამ დუეტების გატანა. ნელ-ნელა გაგიცნო ქართველმა მაყურებელმა და ჩვენმა ემიგრანტებმა სხვადასხვა ქვეყანაში...
– დუეტი ჩავწერე ლეგენდარულ გია სურამელაშვილთან. ჩვენ თითქმის ერთ ჟანრს – ქალაქურს ვმღერით. ებრაელმა ქალბატონმა დაგვიწერა სიმღერა „შენ ერთს“, ძალიან კარგი გამოვიდა და მალევე გაპიარდა. უცხოეთიდანაც ბევრი მიწვევა მოგვივიდა. სტამბულში გიამ რეკორდი მოხსნა – სამი კონცერტი ანშლაგით ჩატარდა.
– საკმაოდ თამამი, გამორჩეული ჩაცმის სტილი გაქვს. გყავს დიზაინერი, ვინც შენს ჩაცმის სტილზე ზრუნავს? იმასაც ამბობენ, მკერდი აქვს გაკეთებულიო.
– ჩაცმის მხრივ, ბავშვობიდან თამამი ვიყავი. ბუნებრივად დიდი ზომის მკერდი მაქვს, ბევრს ჰგონია, რომ გაკეთებული მაქვს, მაგრამ არ არის სიმართლე.  ზოგს არ მოსწონს ჩემი მკერდი და მიწერს კომენტარს, ქართველ ქალს ასე არ უნდა ეცვასო... მე ვინც მიცნობს, იცის, რომ ასეთი ვარ – მიყვარს სცენაზე თამამად ჩაცმა. ფანების სახით კი კარგი დაცვა მყავს და თუ რამე ცუდ კომენტარს დამიდებენ, ეგრევე „უტევენ“ (იცინის). ამისთვის მადლობა მათ. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, არ მყავდა დიზაინერი, მაგრამ ახლახან გამოჩნდა თურქეთში მოღვაწე, საკმაოდ წარმატებული ქართველი დიზაინერი, შალი ხიმშიაშვილი და ახლა ჩემს ჩაცმულობაზე ის ზრუნავს.

скачать dle 11.3