კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№49 ვის არ უნდოდა გიო ხუციშვილის საფლავის ქვაზე მისი გვარის მიწერა და რატომ თქვა ზუკა ხუციშვილმა სახელმწიფო სამსახურზე უარი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა უარი თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ სამსახურზე და პოლიტიკას სცენაზე დგომა და სიმღერა არჩია. ამბობს, რომ სიყვარული ყველაზე დიდი პოლიტიკაა და ცდილობს, საკუთარი ნამღერით დაუდგეს თავის ხალხსა და ქვეყანას გვერდით რთულ პერიოდში. მართალია, მამა – გიო ხუციშვილი, ფიზიკურად მასთან აღარ არის და მისგან რჩევებს ვერ იღებს, მაგრამ მისი განვლილი ცხოვრების გაკვეთილები მუდამ აძლევს სტიმულს და ოპტიმიზმს. ახლახან გიო ხუციშვილის სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დაარქვეს. რა ემოცია ეუფლება ამ ქუჩაზე სიარულის დროს მის შვილს, რა დაუტოვა მამამ, რაც მას მთელი ცხოვრება ეყოფა და რა ურჩევნია მამის ვარსკვლავსა და მისი სახელობის ქუჩას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ზუკა ხუციშვილი: ჩემი მშობლებიდან, მეუღლიდან და მეგობრებიდან გამომდინარე, საკმაოდ იღბლიანი ვარ. ამის გათვალისწინებით, ჩემგან დიდი უმადურობა იქნება, რომ ვთქვა, ბედი არ მაქვს-მეთქი. მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ვცდილობ, იმ ოჯახის სახელი არ შევარცხვინო, სადაც დავიბადე.
– ზუკა, აზარტული თამაშები თუ გითამაშია, ამ მხრივ თუ ხარ იღბლიანი?
–  ბავშვობაში ვითამაშე და მოვიგე. გიოს სასტუმროში ჰქონდა კონცერტი და მეც იქ ვიყავი. ჩავყარე ხურდა აპარატში, ჩამოვქაჩე და მოვიგე თანხა. ჩავიყარე მაისურში, მივვარდი მაგიდასთან, სადაც მშობლები ისხდნენ და მოგებული ვაჩვენე. გიო გაბრაზდა და მითხრა: იცოდე, დაუწერელი კანონია, ერთხელ მოიგებ და მერე – ვეღარასოდეს, ამიტომ, აღარ უნდა ითამაშოო. გავედი და კიდევ ვითამაშე და ისევ მოვიგე. ისევ მივვარდი მშობლებთან და ვითხარი: აი, კიდევ მოვიგე და ეს არის დაუწერელი კანონი-მეთქი (იცინის). მერე მამა მთელი ცხოვრება იცინოდა: ამას რა უნდა ველაპარაკოო. მაშინ პატარა ვიყავი, თუმცა, რომ გავიზარდე, არც დიდ თანხებზე მითამაშია და ფაქტობრივად, თითზე ჩამოსათვლელია ჩემი აზარტული თამაშით გართობა. ასე რომ, იღბალი მაქვს, აზარტული ცხოვრებაში ვარ, მაგრამ მადლობა ღმერთს,  ნებისყოფა მაქვს და  არ ვთამაშობ. მშობლებიც სულ მაფრთხილებდნენ, არ შეყვე ამ მორევს და ცხოვრებაში დიდი შეცდომები არ დაუშვაო.
– ერთხელ მითხარი, მამის კვალისა და საქმის ზუსტად გაგრძელება არ მინდაო. რას გულისხმობდი?
– გიო ძალიან დიდი ადამიანი იყო და დედას გარდა, ერთდერთია, ვისი ქებაც ამპარტავნობაში არ ჩამომერთმევა. რთულიცაა ასეთი მამის შვილობა, რადგან ჩრდილის ქვეშ ხარ, მაგრამ ეს ჩემთვის არასდროს იყო პრობლემა – მეამაყება ამ ჩრდილში  დგომა. მეამაყება, რომ ასეთი წარმატებული მამის შვილი ვარ, მაგრამ მინდა, ჩემი კვალიც დავტოვო ცხოვრებაში. მამას კონკურენციას ვერ გავუწევ და არც ვცდილობ – არც საქმეში და არც მუსიკაში, მაგრამ ის მოსიარულე გაკვეთილი იყო ჩემთვის და ასეთად დარჩა გარდაცვალების მერეც. მას მე ვერც შევედრები, თუმცა, მინდა, იმქვეყნად ჩემით იამაყოს. რასაც ხელს ვკიდებ, ყველაფერი მისი გაკეთებულია. ყველა კუთხე-კუნჭული ქუჩაში მის თავს მახსენებს.  რთულია მის გარეშე, მაგრამ არასოდეს ყრიდა ფარ-ხმალს, პოზიტიური და იმედიანი იყო და ამ მაგალითით ვცხოვრობ. ახალაც, ცოცხალი რომ იყოს, შემაჯანჯღარებდა, დამაიმედებდა. მეტყოდა, არ დანებდეო. თუმცა, იმქვეყნიდანაც ახერხებს ჩემს შეჯანჯღარებას და გამოფხიზლებას. წარმოიდგინეთ, რა ძლიერი იყო რომ ბოლომდე იბრძოლა, ლოგინად არ ჩავარდა და საშინელ დაავადებას თავი არ დაუხარა. ასეთი მაგალითი მყავდა და უფლება არ მაქვს, დავნებდე და იმედიანი არ ვიყო. მთელი ცხოვრება იწვალა და იმუშავა, მაგრამ ტკბილი სიბერე არ დასცალდა და ეს უსამართლობაა.
– ბევრი კოლორიტი ადამიანი ცხოვრობდა თბილისში, ვისაც სიცოცხლეში ვარსკვლავი არ გაუხსნეს, გარდაცვალების მერე ქუჩას მისი სახელი არ უწოდეს და დროთა განმავლობაში, უბრალოდ, მიივიწყეს. როცა მამის სახელობის ქუჩაზე დადიხარ, რა განცდა გაქვს?
– დიდი ხანია, იყო საუბარი მამის სახელი მიენიჭებინათ ერთ-ერთი ქუჩისთვის. მადლობელი ვარ თბილისის საკრებულოს, მერიისა და იმ ადამიანების, ვინც ეს საკითხი გადაწყვიტა. ვფიქრობ, გიო ნამდვილად იმსახურებდა თავის სახელობის ქუჩას. მითხრეს: როცა გიოს ქუჩას ვამბობთ, უკვე ყველამ იცის, რომ ხუციშვილის ქუჩაზეა ლაპარაკიო. გიოზე ყველამ იცოდა, გიო იყო და სხვათა შორის, დედას, საფლავის ქვაზე არ უნდოდა გიოსთვის გვარის მიწერა, მაგრამ პატარა ასოებით მაინც მივაწერეთ. არის ვეტერანის, ხელოვანის ქუჩები, მაგრამ რთულია თქვა, რატომ მიანიჭეს გიოს სახელი ქუჩას. მას ერთი დამსახურება არ ჰქონდა, ის არც მომღერალი იყო, არც ვეტერანი, არც მეომარი, ის იყო კოლორიტი, დიდი ცხოვრება გამოიარა, ერთ პატარა ყუთში ვერ ჩატევ. მადლობა ყველას, ვინც დააფასა მამა. ისე უყვარდა თავისი ქალაქი, ვფიქრობ, თბილისის ერთი პატარა ქუჩა ნამდვილად იმსახურებდა გიო ხუციშვილის სახელს და სიკვდილის მერეც დააფასეს. რომ ჩავივლი მამის სახელობის ქუჩაზე, სევდა და სიამაყე ერთმანეთში მერევა. მის ვარსკვლავსა და ქუჩის სახელს მერჩივნა, მამა ცოცხალი მყოლოდა, მაგრამ ის სიცოცხლეშიც დააფასეს ვარსკვლავით, სიკვდილის მერე ქუჩის სახელით და ეს დიდი სიამაყეა.
– ზუკა, 6 წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტში იმუშავე. რატომ ჩამოშორდი შენს პროფესიას, ანუ დიპლომატიურ საქმეს?
– ექვსი წელი სახელმწიფო სამსახურში მუშაობით დიდი სკოლა გავიარე, მადლობელი ვარ, რაც მომცეს პროფესიონალმა ხალხმა. მეც დავიხარჯე და დღე და ღამე ჩემი ქვეყნისთვის ვმუშაობდი. მომავალშიც სახელმწიფოებრივად თუ არა კულტურის განხრით დავუდგები გვერდით ჩემს ქვეყანას. მივხვდი, რომ ჩემს გზას სხვაგან მივყავარ და სცენაზე დგომითა და სიმღერით უფრო დიდ სიამოვნებას ვანიჭებ ხალხს. პოლიტიკურად აქტიური არც არასოდეს ვიყავი და არც ვიქნები, ეს გახლდათ, ასევე, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საგარეო საქმეთა სამინისტროდან წამოვედი. ჩემთვის პოლიტიკა რთული თემაა, თუმცა მე სიყვარულით დავუდგები გვერდით ჩემს ქვეყანას და ვფიქრობ, სიყვარული ყველაზე დიდი პოლიტიკაა ადამიანში. დღეს ჩემს ქვეყანას რთული პერიოდი უდგას და მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო – ნამდვილი ნამღერითა და ქალაქურობით ხალხს სიამოვნება მოვუტანო. გიოს შემდგომ სიმღერა გამიჭირდა – მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ მუსიკა მიადვილებს ცხოვრებას, კარგად ვგრძნობ თავს. ეს არ მისწავლია, გენეტიკურად დამყვა მშობლებისგან და ღმერთისგან ნიჭად. მიხარია, რომ ეს საქმე გამომდის და ვისაც უყვარდა მამას შემოქმედება, ვეცდები, იმედები არ გავუცრუო. ფაქტობრივად, იმ სიყვარულის ვალის გადახდა მიწევს ხალხისთვის, რაც მამასგან მემკვიდრეობით მერგო. ნეტა, ოდესმე შევძლო ამ ვალის გადახდა მათთვის, ვინც იმ სიყვარულს გიოს გარდაცვალების მერე კიდევ ატარებს და მამას არ ივიწყებს.
скачать dle 11.3