კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ არ ყვება მეუღლის გაცნობის ამბავს ნაზი ჯანეზაშვილი და რა არ იციან მათ შესახებ ოჯახის წევრებმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
  გრძელი გზა გამოიარა, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა მარტივი, მაგრამ ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია, რაც ბევრი რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის სამაგალითოა.
  ნაზი ჯანეზაშვილი: თბილისში დავიბადე  და რამდენიმე წელი აქ ვიზრდებოდი. ბებიის, მამაჩემის დედის სახელი მქვია, რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. ექვსი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა.  ოჯახში ამის გამო დაძაბულობა იყო. ძალიან ახალგაზრდა, 49 წლის დაიღუპა და ის ემოციები მძაფრად დამამახსოვრდა. რამდენიმე წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი და ამიტომ საცხოვრებლად თბილისიდან სოფელში გადავედით. ვფიქრობ, სოფელში გატარებული პერიოდი ბავშვისთვის საუკეთესოა. მშობლებს აბსოლუტურად ყველაფერში ვეხმარებოდი. სკოლაში იქ მივედი. საერთოდ, ბებიების გარემოცვაში ვიზრდებოდი და ძალიან კარგად მახსოვს ის დრო. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მათემატიკა. ჩემი ძველი კლასელები ახლაც რომ მხვდებიან, მეკითხებიან, კიდევ ისე მაგრად იციო... ძალიან სწრაფად და სწორად ვაკეთებდი დავალებებს. ვცდილობდი, ჩემი მეგობრებისთვისაც შემეყვარებინა ეს საგანი. ზაფხულის თუ საახალწლო არდადეგებზე, სახლში შევკრებდი ხოლმე ჩემი უბნის ბავშვებს და მათემატიკის გაკვეთილებს ვუტარებდი (იცინის). სხვათა შორის, მერე მენეჯერული კუთხით გამომადგა, როცა სხვადასხვა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი.
– ნათქვამი გაქვთ, რომ იმ პერიოდში თქვენს ოჯახს ძალიან უჭირდა.
– მაშინ მატერიალურად ბევრს არ ულხინდა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვიჭირდა. ერთი წელი პოლონეთში ვცხოვრობდი და იქ ვსწავლობდი სტიპენდიით. თანხა არაფერში გადამიხდია. საბედნიეროდ, არის ამის შესაძლებლობები, თუ კონკურსში გაიმარჯვებ. საერთაშორისო გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი იქ წასვლა რთულ პერიოდს დაემთხვა. ეს იყო 2008 წლის სექტემბერი – აგვისტოს ომის შემდეგ. ჩვენს თავს ისეთი მოვლენები ხდებოდა, გაორებული ვიყავი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, წავსულიყავი. როდესაც ჩავედით, რამდენიმე გოგოს პოლონელი პროფესორები დაგვხვდნენ – ცოლ-ქმარი. რადგან საქართველოდან და თან, ომიდან მივდიოდით, ძალიან დაგვეხმარნენ. აბსოლუტურად ყველაფერი გვიყიდეს, რაც კი გვჭირდებოდა და სახლში მოგვიტანეს. საოცარი მასპინძლობა გაგვიწიეს. უყვარდათ ჩვენი ქვეყანა და თვითონაც ძალიან თბილი ადამიანები იყვნენ.
– ნათქვამი გაქვთ  –დედა საკონდიტროში მუშაობდა, მამა დღემდე ტაქსაობსო. იმ დროს, როცა ძალიან გიჭირდათ, პროფესიის არჩევის პროცესში მომავალი როგორ წარმოგედგინათ?
– არასდროს მქონია გრძელვადიანი გეგმები. უბრალოდ, ბავშვობიდან განსაკუთრებით აქტიური ვიყავი, როცა საქმე სამართლიანობას ეხებოდა. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ბუნებრივად მივიღე. არასდროს დავნებდები იმ რეალობას, რაც დღეს სასამართლოში ხდება და იმედია, მიზანს მივაღწევ. რომ ვთქვა, მაშინ დიდი იმედი მქონდა, რომ უკეთესობისკენ რამე შეიცვლებოდა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი შრომა აუცილებლად გამოიღებდა შედეგს. გაჭირვების გამო საქართველოში, პრესტიჟულ უნივერსიტეტში არ მისწავლია. მაგრამ სწავლა რომ დავამთავრე, მალევე დავიწყე სტაჟირება ანაზღაურების გარეშე. პრაქტიკული გამოცდილება რომ მიმეღო, ძალიან ბევრ სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. არასდროს უნდა დანებდე. პოლონეთშიც რომ მინდოდა წასვლა. პირველად არ გამომივიდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. სხვათა შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც არ ამირჩიეს პირველ ცდაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავდა, რომ ოთხი წლის შემდეგ ისევ არ ვცდიდი. წავედი ამერიკაში, სადაც ძალიან კარგ ორგანიზაციაში, სასამართლო სისტემის ძალიან მაგარ პროფესიონალებთან ვთანამშრომლობდი. საოცარი გამოცდილება მივიღე და ოთხი წლის შემდეგ გაცილებით უკეთესი „ბეგრაუნდით“ მივმართე საქართველოს პარლამენტს. უარი განვითარების მიზეზად უნდა აქციო. პოლონეთს რომ დავუბრუნდეთ, თუ არ ვცდები, ორჯერ მივმართე და არ შემარჩიეს. მაგრამ ძალიან მოტივირებული ვიყავი და ყველაფერი გავაკეთე, რომ მიზნისთვის მიმეღწია. საბოლოოდ, ჩავაბარე, სრული დაფინანსება მოვიპოვე და წავედი. ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა: ვსწავლობდი, სტაჟირებას პრესტიჟულ ორგანიზაციაში გავდიოდი. ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. სხვათა შორის, იმ პერიოდში გადმომცეს ფოტოები, რომელიც ძალიან ცნობილმა უფლებადამცველმა ელენა ტონკაჩევამ გამოაგზავნა, იქნებ რამე ღონისძიება გააკეთოთ საქართველოსთან დაკავშირებითო. გავხსენი და აღმოვაჩინე, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გადაღებული ფოტოები იყო. გადავწყვიტე, გამოფენა გამეკეთებინა. პოლონელი გამოცდილი უფლებადამცველები და მე ერთად დავდიოდით საორგანიზაციო საქმეებზე,  დამეხმარნენ და ძალიან კარგი გამოვიდა. ამ ყველაფერს ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია, ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
– ამერიკაში როგორ წახვედით?
– პოლონეთში ცხოვრებისას ვნახე, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტმა გამოაცხადა კონკურსი. ვფიქრობდი, შემეტანა თუ არა საბუთები, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ კიდევ მინდოდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება. საბოლოოდ, შევიტანე, მაგრამ საქართველოში რომ დავბრუნდი, პასუხი არ ვიცოდი. იმ დროს მეორე ბებია გარდამეცვალა. მისი დაკრძალვიდან რომ დავბრუნდით, იმეილი შევამოწმე და მწერდნენ, რომ ამ პროგრამისთვის შემარჩიეს ძალიან დიდი კონკურსიდან. მსოფლიოს მასშტაბით სულ ცხრა ადამიანი მოვხვდით. ის ადამიანები დღესაც ძალიან წარმატებული და ცნობილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ათი წელი გავიდა, მათთან დღემდე მაქვს ურთიერთობა, ძალიან მჭიდრო კონტაქტები ჩამოგვიყალიბდა. ისინი ჩემთვის დიდი მონაპოვრები არიან. ბევრს ნიშნავს, როცა იცი, რომ ასეთი მეგობრები გყავს. პირველ ეტაპზე ოთხი თვე ვიყავი ამერიკაში. მეორედ უკვე, დაახლოებით, წელიწად-ნახევრით წავედი.
– უკვე დაქორწინების შემდეგ?
– კი, 2016 წელს. მაშინ ერთი შვილი მყავდა, ახლა მეორეც მყავს. მარტო წავედი. ჩემი შვილი სამი წლის ხდებოდა. ძალიან განვიცადე მასთან განშორება. მაგრამ მისი და მეუღლის წამოსვლა ხუთი თვის განმავლობაში არ შეიძლებოდა. იქ ძალიან დატვირთული ვიყავი, ძირითად დროს ბიბლიოთეკაში ვატარებდი და ეს ძალიან მეხმარებოდა. რთული პერიოდი იყო იმიტომაც, რომ მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და მთელი ოთხი თვე მკურნალობის ძალიან სერიოზულ კურსს გავდიოდი. დაახლოებით, ხუთი თვის შემდეგ ჩამოვიდნენ ბავშვი და მეუღლე. მე ვმუშაობდი, თან, ვსწავლობდი. მეუღლეც სწავლობდა და ძალიან მეხმარებოდა. ხშირად მას ჰყავდა ბავშვი, მე საღამოს ვბრუნდებოდი. ის მაშინ მიდიოდა სასწავლებლად, ბავშვს მე ვიტოვებდი, სადილებს ვამზადებდი და ასე შემდეგ. რთული იყო, მაგრამ, როცა ოჯახის წევრებისგან ხელშეწყობა გაქვს, ყველაფერი გამოდის.
– როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
– არ ვყვები (იცინის). 2010 წლიდან ერთად ვართ. 2012 წელს დავქორწინდით, მანამდე ორი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, აბსოლუტურად ყოველდღე ვხვდებოდით და მთელი ამ დროის განმავლობაში, არასდროს გავბუტულვართ (იცინის). გაცნობის ამბავს არ ვყვებით, ეს არც ოჯახმა იცის. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ რომ არ ვყვებით, ასეთ ელფერს იძენს (იცინის). მეუღლის სახით საუკეთესო მეგობარი და თანამოაზრე მყავს. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ.
– ისეთი საქმე გაქვთ, სულ ბრძოლა გიწევთ და თქვენზე, კარგთან ერთად, ცუდსაც რომ ხშირად ამბობენ, როგორ უმკლავდებით?
– ხალხში რომ გავდივარ, ადამიანები ისეთ სითბოს გამოხატავენ, ვხვდები, რომ ჩემს ბრძოლას აზრი აქვს. ცოტა ხნის წინ კახეთში ვიყავი, მაღაზიაში მიცნეს და ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდათ – „საფერავი“ უნდა გაჩუქოთ თქვენთვის და ანა დოლიძისთვისო (იცინის). ასეთი ადამიანები ხშირად მხვდებიან. უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, მაგრამ ძალიან ვაფასებ მათ დამოკიდებულებას. საბჭოში ძალიან დაძაბული ვარ. მე ერთი ვარ, საპირისპირო მხარეს კი ათკაციანი ჯგუფი, რომელსაც კამათამდე აქვთ მოლაპარაკებული, როგორ შემოგიტიონ, გაგლანძღონ და შეურაცხყოფა მოგაყენონ. თან, ამას რეგულარული ხასიათი აქვს. ეს არ არის ადვილი ასატანი, თან, როცა სხდომაზე მარტო ვარ, მაგრამ ამ დროს ზუსტად ის ადამიანები მახსენდება და ძალას ვგრძნობ. რეალურად, ისინი იმიტომ მიპირისპირდებიან, რომ ვაქტიურობ. ჩუმად რომ ვიყო, არანაირი პრეტენზია არ ექნებოდათ. მაგრამ, რა ვქნა – როცა უსამართლობას ვხედავ, გაჩუმება არ შემიძლია. მოსამართლეები, ბევრი გაგებით, საშიში ადამიანები არიან. ხანდახან ვამბობ ხოლმე, რამე რომ მოხდეს და ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრის საქმე სასამართლოში აღმოჩნდეს ან მე მივმართო სასამართლოს, უნდა ვილოცო, რომ კარგი მოსამართლე შემხვდეს-მეთქი (იცინის). ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვარ, მართლა არ არის უსაფრთხო (იცინის). რამეზე რომ სასამართლოში მომიწიოს მისვლა, წარმოგიდგენიათ, ესენი რას იზამენ?! ალბათ, არაფერზე დაიხევენ უკან და არ დამინდობენ. რა თქმა უნდა, ძირითად კლანზე ვამბობ და არა ყველაზე.

скачать dle 11.3