კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ დაიბარა გიორგი ბაბუაძე იაპონიის იმპერატორმა სასახლეში და რისთვის დააჯილდოვეს ის ამომავალი მზის ორდენით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  57 წლის მუსიკოსი გიორგი ბაბუაძე, კანსაის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტმაისტერი და დირიჟორია. ახლახან ის იაპონიის საიმპერატორო ორდენით დააჯილდოვეს. „ამომავალი მზის ვერცხლის სხივების ორდენი“ იაპონიის მთავრობისგან დიდი დაფასებაა და მით უმეტეს, როცა მას ჩვენს თანამოქალაქეს ანიჭებენ. გიორგი ბაბუაძეს საიმპერატორო ორდენი გადაეცა სამუსიკო ხელოვნების მეშვეობით იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
  გიორგი ბაბუაძე: თბილისში დავიბადე, ვერაზე ვიზრდებოდი და ვხუმრობ ხოლმე: მე წარმოშობით ვერელი ვარ-მეთქი (იცინის). მამა ჟურნალისტი იყო, დედა – მუსიკის მასწავლებელი. მთელი ცხოვრება, თბილისის მესამე სამუსიკო სკოლაში მუშაობდა და მეც, შესაბამისად, ეს სკოლა დავამთავრე. სამომავლოდაც, მუსიკას გავყევი, სხვა არჩევანი არც მქონია.
– თქვენს თაობაში, უბანში „ჩაცუცქული“ ბიჭები იყო მოდაში. როცა ნოტებით  ხელში გაუვლიდით, მათგან დამცინავი მზერა თუ გიგრძნიათ?
– უბანში, ვერაზე ქუჩაშიც და სკოლის ეზოშიც, „ჩაცუცქული“ ბიჭები სულ მხვდებოდნენ. მათგან აგრესია არა, მაგრამ გაღიმებული მზერა მიგრძნია. არც მათ შეძახილებს ვაქცევდი ყურადღებას. „ბეთჰოვენას“ ან „მოცარტას“ არ მეძახდნენ, უბრალოდ, რახან სათვალეს ვხმარობდი, კლასელებმა ზედმეტსახელად „შურიკა“ შემარქვეს (იცინის).
– თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ფაქტობრივად, მალევე დატოვეთ საქართველო და უცხოეთში წახვედით.
– კონსერვატორიაში ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. ბოლო კურსზე ჩემით დავიწყე დირიჟორობა და მუსიკალური საზოგადოების  კამერულ ორკესტრს ვდირიჟორობდი. 1993 წელს იტალიაში წავედი და სამი წელი სხვადასხვა ორკესტრთან მევიოლინედ ვთანამშრომლობდი. 1996 წელს კი იაპონიაში ჩამოვედი და მას შემდეგ აქ ვარ. ასე რომ, ამომავალი მზის ქვეყანაში უკვე წლებია, ვცხოვრობ და ვმუშაობ.
– ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, იაპონურ კულტურაზე მორგება არ გაგიჭირდათ? როგორ გადალახეთ ენის ბარიერი?
– იაპონიაში სამი ქართველი მეგობარი ჩავედით. პირველი დღიდან ერთმანეთს ვედექით გვერდით. აქ სხვა კულტურა, სხვა ურთიერთობები, სხვა ხალხი დაგვხვდა და რასაკვირველია, სირთულეები იყო. ყველაზე მეტად ოჯახი მენატრებოდა, რადგან ხშირად ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას. ერთი წლის მერე ცოლ-შვილიც ჩამოვიყვანე და უცხო მხარეში ცხოვრება ცოტა გამიიოლდა. თუმცა, თბილისში მალევე დაბრუნდნენ და მე ისევ მარტო დავრჩი. მართალია, იაპონიის მოქალაქე არ ვარ, მაგრამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, როგორც რეზიდენტს, სამუდამო ვიზა მაქვს, ჩემს ქვეყანაში წელიწადში 3-4 ჯერ ვახერხებ ჩამოსვლას და კონცერტებსაც ხშირად ვმართავ. იაპონიაში, კანსაის ფილარმონიის ორკესტრში კონცენტრმაისტერი, ანუ პირველი ვიოლინო გახლავართ. ხელოვნების უნივერსიტეტში ვიოლინოს კლასს ვასწავლი და კანსაის ქალაქის მთავარი ორკესტრის დირიჟორიც გახლავართ. რაც შეეხება ენას, იაპონურის შესწავლა ძალიან რთულია, თუმცა, შევეცადე და ვისწავლე (იცინის). თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ბავშვებთან ერთად ვსწავლობდი დამწერლობას და ახლა, ენის ბარიერი არ მაქვს. იაპონურ ენას სმენით ვერ ისწავლი. მათი იეროგლიფების მნიშვნელობა უნდა შეისწავლო, რომ საუბარი და წერა შეძლო. იტალიური ენის შესწავლაში კი ნამდვილად სმენა დამეხმარა.
– ახლახან ამომავალი მზის ქვეყნის ორდენის კავალერი გახდით და ეს ჯილდო თავად იაპონიის იმპერატორმა უნდა გადმოგცეთ. ასეთი აღიარება ძალიან ცოტას თუ ხვდა წილად. თქვენ რა რეაქცია გქონდათ და თუ ელოდით, რომ ასე დაგაფასებდნენ?
– თბილისში იაპონიის საელჩომ გამიწია რეკომენდაცია და ამ ჯილდოზე წარმადგინა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩემი საქმიანობა განსაკუთრებით ჩანდა ბოლო წლებში საქართველოში – ყოველ წელს, ხანდახან წელიწადში ორჯერ ჩამოდიოდნენ და ჩამოდიან იაპონელი მუსიკოსები. ვმართავთ კონცერტებს. ვცდილობ, ამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ხიდი გავდო, ხელოვნების კუთხით. სწორედ, ამის გამო, საელჩომ წარმადგინა. ამ საკითხის განხილვა კი ტოკიოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოხდა. მომივიდა შეტყობინება, ტოკიოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომ დეკემბრის თვეში იმპერატორის სასახლეში უნდა ჩავიდე – ოფიციალური დაჯდლოება უშუალოდ იქ მოხდება. ანუ, ამ ჯილდოს თავად იმპერატორი გადმომცემს. ასე რომ, ახლა იაპონიის იმპერატორთან შესახვედრად ვემზადები (იცინის). საკმაოდ საპატიო ჯილდოა და მადლობელი ვარ, რომ იაპონიაში ასე დააფასეს ჩემი შრომა. ეს დიდი პატივი და დაფასებაა. იმავდროულად, სტიმული ჩემთვის – იაპონიის მთავრობისგან და იაპონელი ხალხისგან. იაპონიაში რომ ჩამოვედი, ნაკლებად იცნობდნენ საქართველოს. ვინც იცოდა, რუსეთის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებდა. ახლა ნელ-ნელა გაიგეს ჩვენი ქვეყნის შესახებ და ვხუმრობ ხოლმე: აქ ერთგვარი გიდი ვარ-მეთქი (იცინის).
- იაპონელებს განსხვავებული სამზარეულო აქვთ, მაგალითად, ისეთი დელიკატესები, რაც ცოცხლად იჭმევა. ქართულ ტრადიციულ საჭმელზე გაზრდილი, როგორ გადაეწყვეთ მათ საკვებზე?
– იაპონიაში ვეშაპის, ირმისა და ცხენის უმი ხორცი გამისინჯავს. ეს აქ დელიკატესია, განსაკუთრებულ სტუმრებს უმასპინძლდებიან და ისე შემომთავაზა ჩემმა მასპინძელმა, რომ არ მეჭამა, უხერხული იქნებოდა. ზღვის პატარა ჭიას კი დღესასწაულებზე მიირთმევენ და მეც მივირთვი. ხომ ამბობენ, სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო? შეიძლება, ქუდი არ ჩამოიფხატო, მაგრამ წონასწორობა დაიცვა, არ აწყენინო და მოირგო. ჰოდა, მეც მოვირგე და მახურავს (იცინის).

скачать dle 11.3