კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№48 ავთანდილი თავის მეუღლეს მის გაცნობამდე ხატავდა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ბავშვობიდანვე იცოდა, რომ რაღაც სხვა უნდოდა, რომ მიღწეულით არასდროს დაკმაყოფილდებოდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა მიმდევრები გამოუჩნდნენ და უკვე ოცდახუთი წელია, ქართული მოდის ისტორიას წერს.
  ავთანდილ ცქვიტინიძე: ვემზადებით წინასაახალწლო პრეზენტაციისთვის და გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის პარალელურად, მომავალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის ვიწყებთ მზადებას, რითაც წარვსდგებით მილანის, პარიზისა და ნიუ-იორკის შოუ-რუმებზე. უკვე დავასრულეთ ფაბრიკა, რაც ვფიქრობ, ძალიან მაგარია. პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი დიზაინერი საკუთარ ფაბრიკას აკეთებს. ქართული პროდუქტი უკვე საქართველოში შეიქმნება კარგი ხარისხით და კიდევ, დასაქმდებიან ქართველი ადამიანები, რაც მუდმივი უმუშევრობის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ქართული მოდის ისტორიას ვწერ ისეთი დროიდან, როცა მოდა კი არა, შუქი და საკვები არ იყო. ეტყობა, ჩემი ცხოვრებისეული მოცემულობაა, მუდმივად გზამკვლევი ვიყო.
– თუმცა, წარმატების მიღმა, მრავალწლიანი შრომაა.
– ბრენდს 25 წლის ისტორია აქვს. მე არასდროს ვკმაყოფილდები იმ მოცემულობით, რაც მაქვს. ჩემთვის კმაყოფილება ნიშნავს ათი და ასი ნაბიჯით უკან სვლას. ჩემი გადადგული ნაბიჯები ყოველთვის სარისკო იყო, მაგრამ ცხოვრების პრინციპი გახდა. ეს კოდი ბავშვობიდან იდო ჩემს ტვინში. როცა ბედნიერ ოჯახში ცხოვრობ, სადაც ყველას ძალიან უყვარხარ, არ შეიძლება, სხვა რეალობაში გადასვლა გინდოდეს. ყოველთვის მაინტერესებდა კარის გაღება, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, რა იყო მის უკან. ვფიქრობ, რომ ისტორიული ნაბიჯები მაქვს გადადგმული, რასაც მაშინ ვერ ვაცნობიერებდი. მიყვარს დასახულ მიზნამდე მისასვლელი გზა, თავის სირთულეებითა და ბედნიერებით. როცა მიზნის რეალიზებამდე მივდივარ, უკვე სხვა მიზანი მაქვს დასახული.
– ბავშვობაში ინტერვიუებს ვწერდი საკუთარ თავთან, თუ როგორი დაკავებული ვიყავიო. რამდენად განსაზღვრავს ასეთი მიდგომა ადამიანის მომავალს?
– ალბათ, რაღაცას გაუცნობიერებლად უშვებ ზემოთ. როგორც ვთქვი, ჩემი რეალობა არასდროს მაკმაყოფილებდა. რაღაც სხვა მინდოდა. ვერ ვაცნობიერებდი, რა, მაგრამ, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემგან სტანდარტული სამსახურის ჩვეულებრივი თანამშრომელი არ გამოვიდოდა, ამიტომ ვეძებდი გზებს, რომელიც კიდევ სხვა გზებს მიხსნიდა.  ფერწერიდან ტანსაცმლის დიზაინის ფესტივალზე აღმოვჩნდი. თუმცა ტანსაცმელი რთულად დასარქმევი იყო იმ ყველაფრისთვის (იცინის). დავიწყე ფაბრიკებთან ურთიერთობა. შემდეგი ეტაპი იყო მაღაზია, სადაც ძალიან დიდი რიგები იდგა ჯერ კიდევ იმ დროს, როცა „დვიჟოკზე“ ვამუშავებდით. მოგეხსენებათ, ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა ჩემი ბავშვობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შემდგარი იყო ჩემი ოჯახი, იმ პერიოდში ყველას გაუჭირდა. მინდოდა,  სხვა ტიპი ვყოფილიყავი – „თეთრი ყვავი“ (იცინის), ამიტომ პირველად ვალით მოტანილი საკერავი მანქანით ფარდისგან შევიკერე პერანგი. დავშალე მამაჩემის პერანგი და თარგი გამოვჭერი. არ უნდა მოიკითხო, როგორი შეკერილი იყო – ალბათ, უბედური, მაგრამ ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურებოდა (იცინის). შემდეგ ვიკერავდი ფეხსაცმელებს. არ მაკმაყოფილებდა ის, რაც იყო.
– როგორი იყო პირველი გამოხმაურება?
– თავიდანვე მყავდნენ მიმბაძველები. იმიტომ, რომ ძალიან მიღებული ბავშვი ვიყავი. ყოველთვის ყველასთან ვმეგობრობდი. სკოლაში ჩემ მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი. „მათხოვე“  – ძირითადად, ეს მესმოდა ხოლმე და ის პერანგი თუ შარვალი ჩემამდე აღარ მოდიოდა (იცინის). ან მოდიოდა, მაგრამ ძალიან გვიან, იმიტომ, რომ მართლა არავის არაფერი ჰქონდა. ეს მაძლევდა სტიმულს, რომ ჩემთვის მეორე გამეკეთებინა.
– როგორი იყო ავთანდილის ბავშვობა?
– ვიყავი ძალიან გამხდარი, ხუჭუჭა თმითა და დიდი თვალებით. ბიჭი, რომელიც წესიერ ოჯახში იზრდებოდა. სახლში სხვა რჩევებს ვიღებდი და გარეთ, უბნის ბიჭებთან სულ სხვა რაღაცებს ვხედავდი. ამიტომ ეშმაკური, ჩუმი „ზახოდები“ მქონდა, რასაც ძალიან მალე გადავეჩვიე. ამით თავის რეალიზება ძალიან არასასიამოვნო იყო. ბავშვობის მერე ჩემს ყველა სიტყვასა და ნაბიჯზე პასუხს მე ვაგებ. იყო ცდუნებები – რაღაცებს გასინჯვის დონეზე ეხები და ხვდები, გინდა თუ არა. მე მივხვდი, რომ არ მინდოდა.
ჩემდაუნებურად ენაკვიმატი ვიყავი. შეიძლება, დასაწყისში ეს რეალიზების საშუალება იყო, მაგრამ არ ვთამაშობდი. ნებისმიერ რამეზე შემეძლო მეხუმრა და ყველა იცინოდა. მერე ყველგან მეძახდნენ ჩემი იუმორის გამო და ყველას ძალიან ვუყვარდი. მივხვდი, რომ ამით თავი სერიოზულად დავიმკვიდრე. დღემდე ყველას ძალიან სიამოვნებს ჩემს კომპანიაში ყოფნა. ძალიან ხშირად მთხოვენ სხვადასხვა ისტორიის მოყოლას (იცინის).
– ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად აღმოჩნდით სკანდალების თუ გარჩევების ეპიცენტრში, მეუღლესთან, მოდელებთან დაკავშირებით. როგორია ამ დროს ავთანდილის რეაქცია?
– ვმუშაობ, გამოფენაზე ან ბავშვთან ვარ. ინტერნეტსივრცეში არ ვარ აქტიურად ჩართული. მე, უბრალოდ, ვაფიქსირებ ფაქტს და თუ მერე ამას  „ნავაროტკები“ მოჰყვება, ეს უკვე ჩემი პრობლემა არაა. ჩემს ფსიქიკაზე ეს არ მოქმედებს. სკანდალი, გარჩევა, ტროლები – ერთჯერადი ტიპის პროექტებია და ამას რომ აჰყვე, შეიძლება, ჩაგითრიოს. შენ შენი ისტორია და დედამიწა გაქვს. რატომ დავკარგო დრო იმ პერსონებისთვის, ვისაც სხვისთვის ზარალის მიყენება უხარია, სულიერი იქნება ეს თუ სხვა ფორმის?! ამას რომ ჩავუღრმავდე, ცხოვრების თუნდაც ერთი საათი უაზრობაში უნდა გავატარო. რატომ მოვიქცევი ასე, როცა შემიძლია, ქალაქგარეთ გავიდე, სხვა ქვეყანაში გავფრინდე, შევქმნა სამოსი, ჩემს შვილთან ვიურთიერთო, მეუღლესთან ვისაუბრო, მეგობრებს შევხვდე, წავიდე დილით ბოქსზე, საღამოთი ვიძუნძულო. მქონდეს კარგი ვიზუალი, ვიყო წარმატებული და ჰარმონიული საკუთარ თავთან. მე მაქვს ცხოვრების ჩემი გეგმა, რომელსაც არ ვღალატობ. თუ მოვხვდები ახალი ადამიანების გარემოცვაში ან ახალ სივრცეში, ჩემს თავს ვეკითხები, მომწონს აქ ყოფნა თუ არა? თუ არ მომწონს, ვტოვებ ტერიტორიას. მე ჩემს დროს ვუფრთხილდები. ბუდასავით გამომდის, მაგრამ ასე ვცხოვრობ (იცინის).
– ნათქვამი გაქვთ, მეუღლე და  მე საერთოდ არ ვიყავით ის ტიპაჟები, რომ ერთმანეთი მოგვწონებოდაო.
– არა, ჩემთან ზუსტად ის ტიპაჟი შემოვიდა შეკვეთაზე, რომელსაც მე ვხატავდი ბავშვობიდან. ხუჭუჭა, ლამაზი გოგო. როგორ შვილსაც ვხატავდი, ზუსტად ისეთი გაჩნდა. სიყვარული ისეთი თემაა, მნიშვნელობა არ აქვს, ეძებ თუ არა, ის მოდის და გიპყრობს. არასდროს ვამბობ ახალშეუღლებულებზე როგორი წყვილია. მეორე ნახევრებად წლების შემდეგ ყალიბდები, როცა ერთი გამოხედვით გესმით ერთმანეთის. ამისთვის დრო და ბევრი ცხოვრებისეული გამოცდის ჩაბარებაა საჭირო.
– მთავარი გამოცდა რა არის?
– ერთად გაზრდა. როცა წყვილიდან რომელიმე ჩამორჩება, იქ პრობლემა იქმნება. ჩვენ ერთნაირად ვვითარდებით და ამაში ერთმანეთს ხელს არ ვუშლით. ბევრი ახერხებს ამას, ბევრი – ვერა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ორივე ძალიან ძლიერები ვართ.
– როგორი გოგოა შვილი, რომელსაც ყოველთვის ხატავდით და უკვე წლებია, თქვენი რეალობაა?
– უკვე 14 წლის არის. ძალიან კარგი მეგობარია, ბევრს ვსაუბრობთ. შეიძლება ფილოსოფიურ და ამ დროს ძალიან მარტივ თემებზეც. როგორც მე და ხათუნას, მასაც აქვს პრეტენზია დამსახურებულ ლიდერობაზე. ძიებაშია, ფანტასტიკურად ხატავს. კარგად ცეკვავს სამეჯლისო ცეკვებს. დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება და დამონტაჟება. შემდეგ გიტარის დაკვრაზე გადავიდა. ახლა ფილოსოფიითა და ფსიქოლოგიითაა დაკავებული. ამბობს, რომ იურისტობა უნდა. კარგი გოგოა. თან, ღია და ეშმაკუნა, გამხდარი და ხუჭუჭა. ავთოსა და ხათუნას ბავშვობაა. სხვათა შორის, ჩემი და ხათუნას ბავშვობის ვიზუალიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
– როცა საქმე მის პირად ცხოვრებას ეხება, მამისთვის რთული არაა? ამ საკითხში ეგოისტი არ ხართ?
– დასაწყისი უფრო რთული იყო, ექვსი-შვიდი წლის რომ იყო, მაშინ უფრო ემოციურად აღვიქვამდი ამ ისტორიებს. ეგოიტი არ ვარ. მე მაინტერესებს ეს ისტორიები. ეს არ არის ერთი და ორი. რა თქმა უნდა, არის შემოტევა ბიჭებისგან, რომელსაც ანასტასია ძალიან ჯანსაღად აღიქვამს და განვიხილავთ ხოლმე.
– ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია სოციალური ქსელიდან შემომავალი საფრთხეები.
– იყო ასეთი შემოტევა ანასტასიაზე. დაუკითხავად გაავრცელეს ბავშვის ფოტოები და დადეს კეთილშობილური სათაურით: „რა ლამაზია ანასტასია – ავთანდილის შვილი“.  ტროლებისგან ბევრი უარყოფითი ემოცია წამოვიდა, მაგრამ ტუსამ ამაზე ძალიან ბევრი იცინა. თუმცა ვფიქრობ, არ ღირს გარისკვა, განსაკუთრებით ამ ასაკის ბავშვების ფსიქიკაზე თამაში არ შეიძლება. ტუსა, უბრალოდ, სხვა ტიპაჟია და ჩვენ ბავშვობიდან ვუნერგავთ, რომ გარეთ ძალიან ბევრ არასწორ რამეს შეეჯახება და როცა ეს ხდება, ის ფსიქოლოგიურად მზად არის.

скачать dle 11.3