კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 აჩი მაკალათია: მეუღლეს ხანდახან არ მოვწონვარ და ჩემი შეცვლა უნდა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  აჩი მაკალათია  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი პერსონაჟია, რომელმაც ქალის მოსახიბლად თავი მხატვრად „გაასაღა“ და კატოსთან ურთიერთობის აწყობას მისი პორტრეტის „შექმნით“ ცდილობს.
  აჩი მაკალათია: 17 წლამდე სპორტით ვიყავი დაკავებული. წყალში მხტომელი და ბატუტისტი ვიყავი. მაგრამ ძალიან მაღალი გავიზარდე, რაც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო და თავი დავანებე. რის შემდეგაც,  შევედი ფეხბურთზე, მაგრამ ტრავმა მივიღე და რეაბილიტაციის მერე აღარ მომინდა გაგრძელება. ჩავთვალე, რომ ამისთვის საკმაოდ დიდი ვიყავი და გადავწყვიტე, თეატრალურზე ჩამებარებინა, რადგან მსახიობის პროფესია მომწონდა. თუმცა, როცა ჩავაბარე, მივხვდი, რომ მე ისე არ აღმაფრთოვანა ამ სფერომ, როგორც ჩემი ჯგუფელები. მაგრამ მერე ერთმა შემთხვევამ აბსოლუტურად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება. ვაცდენდი, დაუმორჩილებელი სტუდენტი ვიყავი. წლის ბოლოს რეჟისორმა დამიბარა და მითხრა, საბუთები შეაგროვეო. ასეც მოვიქეცი, საერთოდ აღარ მივდიოდი უნივერსიტეტში. საუბარი იყო იმაზე, რომ სხვა ჯგუფში უნდა გადავსულიყავი. მაგრამ შემდეგ დამიბარა და მითხრა, მე მიცდენდი და უფლება არ მაქვს სხვა რეჟისორთან გადაგიყვანო, რატომ ჩავაგდო უხერხულ მდგომარეობაშიო. არა, მივხვდი, რაც დავაკელი ჩემს თავს, ისევ პირველ კურსზე დავჯდები და სხვა რეჟისორთან თავიდან დავიწყებ სწავლას-მეთქი, ვუთხარი (იცინის). ჩემი რეჟისორის ასისტენტი მსახიობი სლავა ნათენაძე იყო და მან მითხრა, რაც ახლა თქვი, ეგეთი სიტყვები აქამდე არ მომისმენია და მართლა ამბობ ამ ყველაფერსო? ძალიან შემრცხვა „არას“ თქმა და მართალია-მეთქი, ვუთხარი (იცინის). მაშინ, მომავალი წლიდან ვნახოთო. მომდევნო სემესტრიდან მე და სლავა ნახევარი წელი ძალიან ბევრს ვმუშაობდით, მან გამომაწრთო და ეს პროფესიაც შემაყვარა. ახლა ჩემი პროფესიის გარეშე არ შემიძლია. თავიდან რეკლამებში მონაწილეობით დავიწყე. მესამე კურსზე ვიყავი, როცა მხატვრულ ფილმში მთავარ როლზე ამიყვანეს, კარგი გამოცდილება მივიღე. მერე იყო სპექტაკლები და სხვადასხვა პროექტი. მაშინ თეატრზე უარი ვთქვი – საკმაოდ მძიმე შრომაა. დღეს ვმუშაობ რუსთავის თეატრში, სადაც ძალიან კარგი კოლეგები მყავს და ერთადერთი ეს მაჩერებს. ვითამაშე „ტიფლისში“, სოსო ბლიაძის ფილმში – „ოთარის სიკვდილი“...
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ როგორ აღმოჩნდი?
– დამირეკეს. ორ როლზე იყო საუბარი და ვასიკოზე ამიყვანეს. ვასიკოს ვგავარ იმით, რომ ბოროტები არცერთი არ ვართ და არავისთვის ზიანის მიყენება არ გვინდა. თუმცა, მისგან განსხვავებით, მე კარგად გამომდის ხატვა. არ მიყვარს, როცა ადამიანებს ვატყუებ. თუმცა, მიუღებელი არაა ის, რომ კატოს მოსახიბლად მოიტყუა. ეს პროცესი ნადირობასავითაა – გარეული მტაცებელი თავს ესხმის მსხვერპლს და ალბათ, ქალსა და კაცს შორისაც იგივე ამბავია. ვინ როგორი მეთოდით მოინადირებს ქალის გულს, ალბათ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
– აჩის პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლე პროფესიით იურისტია სისხლის სამართალში. თუმცა გადაწყვიტა, რომ შვილებთან ერთად ყოფნა ერჩია. ოჯახური ბიზნესი გვაქვს – სიმამრს აქვს შუშისა და სარკის საამქრო და ჩემი მეუღლე იმის დირექტორად მუშაობს. ერთმანეთი რომ გავიცანით 17 წლისები ვიყავით. მალე ათი წლის იუბილე გვექნება.
– რეალურ ცხოვრებაში როგორ მოხიბლე მომავალი მეუღლე?
– ყველაფერი მარტივად მოხდა. ჯერ თამთას მოვეწონე. მეც მომეწონა, მაგრამ სწრაფად რეაგირება არ მიყვარს. თავიდან მან იაქტიურა, მერე მეც ვიაქტიურე. ექვსი წელი ვიყავით შეყვარებულები და მერე დავქორწინდით. ძალიან მაგრად გვიყვარდა და გვიყვარს ერთმანეთი. თავიდან დიდ განცდებში ვიყავით. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. ქორწინების შემდეგ უფრო დავდინჯდით. დღეს საკუთარი სიამოვნება „მესთან“ კი არა, „ჩვენთან“ ასოცირდება. ორი შვილი გვყავს, უფროსი – მართა, ოთხი წლისაა და მელქისედეკი (მექი) ორის ხდება.
– განცდების მიზეზი რა არის?
– თამთას ხანდახან არ მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ და ჩემი შეცვლა უნდა (იცინის). მაგალითად, არ მოსწონს, რომ ვსვამ. შეიძლება, სამი-ოთხი ჭიქა დავლიო, მაგრამ არ მოსწონს. თანაცხოვრებაში ეს მომენტიცაა, შეგნებულად თუ შეუგნებლად აღიზიანებ ადამიანს, ვისთან ერთადაც ცხოვრობ. ეს ბუნებრივი პროცესი მგონია.
– მსახიობ ქმარზე არ ეჭვიანობს?
– არა, პირიქით, უნდოდა, რომ სამსახიობოზე ჩამებარებინა. ახლა ხშირად ეკითხებიან, თუ ეჭვიანობო და არაო, პასუხობს. კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ეს ჩემი პროფესიაა. ჩემი ცოლი ბევრჯერ დამდგომია გვერდით, მათ შორის, პროფესიულ ამბავში.
– როგორც ამბობენ, მატერიალურად არც ისე მომგებიანი პროფესია გაქვს, გიწევს სხვა პროფესიების შეთავსება?
– ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ თამთას მამას ეს ბიზნესი ჰქონდა, ძალიან ბევრი რამ არ დამაწვა ზურგზე და არ მქონია მომენტი, იძულებული გავმხდარიყავი, რომ ჩემი პროფესია „გვერდზე გადამედო“. უსაქმოდ არასდროს გავჩერებულვარ, მაგრამ დიდხანსაც ვერსად ვჩერდები. თუ რამე პროექტი არ მაქვს, მაშინვე სადმე ვიწყებ მუშაობას და იქიდან ხან ორ თვეში გამოვრბივარ, ხან ნაკლებ დროში (იცინის). დისტრიბუტორადაც მიმუშავია და სხვა საქმითაც დავკავებულვარ. სულ რაღაცას ვაკეთებდი, ათას ადგილას მიმუშავია და დღესაც ვმუშაობ ამ ცეხში მეუღლესთან ერთად.
 – ბავშვობა როგორი იყო?
– თავგადასავლებით სავსე. კალებით ვთამაშობდით, ჩვენ დროს აბა, სად იყო სათამაშოები?! ალუმინებს ვაბარებდით და ათასი რამ... მაგრამ ძალიან „ციგანი“ ბავშვებიც არ ვყოფილვართ (იცინის). მერე თეატრალურში სხვა ეტაპი დადგა – დალევაც, გართობაც. იქ იმდენი დალევის გარეშე, არ ვიცი ვინმე თუ გადარჩენილა (იცინის). ზედმეტი დოზით ალკოჰოლს ვიღებდით, იმ ასაკში ყველაზე მეტად გინდა ხელშეწყობა, რომ თავი არ დაიზიანო.
– როგორი მამა ხარ?
– ძალიან მიყვარს შვილები და ხშირად ვფიქრობ, როცა საჭირო ხდება, აკრძალვაც მაქსიმალურად მისაღები და გასაგები იყოს. არ ვუყვირი, სულ ვეფერები და ვცდილობ, მათთან ერთად გავერთო. მინდა, ძალიან თავისუფლები და ლაღები გაიზარდონ, კომპლექსების გარეშე.

скачать dle 11.3