კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ნაბო

ნინო კანდელაკი არდაშელ თაქთირიძე

  ჩემს კაბინეტში ვცემ ბოლთას, ასათიანის ქუჩაზე, მეორე სართულის ჩაბნელებულ ოთახში. აწრიალებული ვარ, ადგილზე ვერ ვისვენებ. ფანჯრიდან გავიხედე, გარეთ ნოემბრის ამინდია, ცრის. ყველაფერი წყვდიადში ჩაძირულა. მოპირდაპირე ბინების ფანჯრებიდანაც არ გამოდის შუქი. მხოლოდ ქუჩის თავში მბჟუტავი ეული ლამპიონის ქვეშ ლაბადებში გახვეული სამი კაცი კამათობს ცხარედ. ისინი ხომ არ არიან? მაგრამ ისინი რომ არასდროს ხვდებიან ერთმანეთს, თითქოს მოლაპარაკებულები არიანო?! ნეტავ რა დროა? ჯერ 8 არ იქნება, თორემ ჩემი თანაშემწე ლამარა შემოფრატუნდებოდა თეთრი ხალათით. მაგათ 8 საათის მერე იციან მოსვლა. ხან მამა გიორგი მოდის ხოლმე – ციხებერდას მონასტრის არქიმანდრიტი, გაბურძგნილი წვერით და ფართხუნა ანაფორით. ხან ბატონი გოგი მობრძანდება – განუსაზღვრელი ვადით არჩეული მოსამართლე, შავი მანტიით და თავზე თეთრი პარიკით. უფრო ხშირად კი, გიუშა შემომირბენს –  უბნელი ქურდი. ნეტავ დღეს რომელი მოვა?
  ვნერვიულობ, იგვიანებს. დღეს ერთ-ერთი თუ არ მოვიდა, მერე არცერთი არ მოვა. ამასწინათ ქნეს მასე, მთელი ოთხი თვით დაიკარგნენ, მაგრამ მერე ისევ გამოჩნდნენ.
  მამა გიორგი, ბატონი გოგი და გიუშა, ჩემი პაციენტები არიან. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. მე მათ ვეხმარები მწვავე ფსიქიკური აშლილობის დაძლევაში. ისინი კი, ჩემი სამეცნიერო ნაშრომის დასრულებაში მეხმარებიან. იცით, რატომ შევარჩიე ეს სამი იმ უამრავ პაციენტთა შორის, რომელთაც ჩემს ხელში გაუვლიათ? იმიტომ რომ გიუშა „იგი“-ს განსახიერებაა, მასში უხვადაა ის პირველადი ენერგია, რომელსაც ვერც „მე“ აოკებს, და მით უმეტეს, ვერც „ზე-მე“. ბატონ გოგის „მე“-დ მივიჩნევ, რადგან სწორედ საზოგადოებრივი კანონებია ის, რამაც „იგი“-ს უარყოფითი ენერგია უნდა აართვას. ხოლო მამა გიორგი ზედგამოჭრილი „ზე-მე“-ა, მაღალი ზნეობით და მორალით.
  მე მკურნალობის ჩემი მეთოდი მაქვს. მართალია, ძირითად საკითხებში ჩემს დიდ მასწავლებელს – ზიგმუნდ ფროიდს ვემხრობი, მაგრამ ჩემი თეორია, ვფიქრობ, რომ უფრო სრულყოფილია. მე მას „კარადის დალაგებას“ ვუწოდებ. წარმოიდგინეთ, რომ შენი ტვინი ტანსაცმლის კარადაა, სადაც ტანსაცმელი და თეთრეულია შეყრილი. ყოველი კარის გამოღებისას ყველაფერი თავზე გეყრება. შენ ცდილობ, რომ გადმოყრილი თეთრეული და ტანსაცმელი უკან შეაბრუნო, შეჩურთავ და კარს მიკეტავ, მაგრამ კარადა მაინც არეული რჩება და მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. რატომ მოდიან ცუდი აზრები და კარადას გირევენ? სცადე, რამდენიმე წამით გააჩერო ხელი, ან ფეხი, თუნდაც თავი. შეგიძლია, რადგან ის შენ გეკუთვნის და მისი მართვა ადვილია, მაგრამ, აბა, აზრი გააჩერე თუნდაც ერთი წამით. არ შეგიძლია, რადგან ის შენ არ გეკუთვნის, ის საიდანღაც მოდის, „კარადას“ აგირევს, მასში დაბუდდება და შეიძლება, ფსიქიკური აშლილობა – შიზოფრენია გამოიწვიოს.
  არეული კარადა რომ დაალაგო, ამისათვის შიგთავსი – ტანსაცმელი და თეთრეული უნდა გადმოყარო, გარეცხო, დააუთოვო და ლამაზად განალაგო თაროებზე. მე ამაში ვეხმარები ჩემს პაციენტებს.
  აქამდე მათთან მხოლოდ მოთელვით სამუშაოს ვატარებდი. ვსაუბრობდით ზოგად თემებზე: ლიტერატურაზე, კინოზე, სპორტზე. დღეიდან უნდა გამოვცადო, რამდენად დავიმსახურე მათი ნდობა. უნდა ვალაპარაკო წარსულზე, ყველაფერი უნდა მომიყვნენ თავიანთი ცხოვრებიდან. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, დაახლოებით ისეთი, რასაც ეკლესია ანიჭებს აღსარებას. ახლავე აგიხსნით, რა მაქვს მხედველობაში: ბავშვი დაბადებისას „იგი“-ს მდგომარეობაშია. „იგი“ არის მთლიანად არაცნობიერი, ბნელი. მისთვის ლოგიკური აზროვნება უცხოა და არსებობს მხოლოდ აწმყო. აქვს სურვილები, რომელთა დაკმაყოფილებასაც მიელტვის. მისი მოქმედების პრინციპი არის სიამოვნების პრინციპი, რომელსაც თუ რეალობაში ვერ მიაღწევს, ახორციელებს ჰალუცინაციებს და რეფლექსურ განტვირთვას. რისი დაკმაყოფილებაც ვერ ხერხდება, გარკვეული სახით ილექება და ვითარდება კომპლექსები. „იგი“-ს მოქმედების პრინციპი რეალურობის პრინციპია. მისი მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, რეალობაში უნდა გავიდეს. ჰალუცინაციებით არ ხერხდება მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. რეალობაში გასვლიდან იწყება „იგი“-ს ჩამოყალიბება.
  „მე“ არის „იგი“-ს განვითარების გარკვეული საფეხური. მან გარკვეულწილად უნდა დააკმაყოფილოს „იგი“-ს მოთხოვნილებები, თან ისე, რომ რეალობა უნდა გაითვალისწინოს. რეალობა უქმნის ბარიერებს. მექანიზმი, რითაც „მე“ თავისი მოქმედების პრინციპს ახორციელებს, არის ფსიქიკური პროცესები. მათი საშუალებით ხდება სინამდვილესთან ურთიერთობის დამყარება.
  ფროიდისათვის პირველადი ფსიქიკური არის „იგი“, მეორადი – „მე“. „მე“-მ უნდა მოატყუოს „იგი“, რომ დასტყუოს ენერგია. „იგი“-ს არ შეუძლია ერთმანეთისაგან გაარჩიოს აღქმის ხატი ჰალუცინაციის ხატისაგან. „იგი“-ს აღქმის ხატი მოქმედებაში მოჰყავს, რომელის აღქმაც ბოლომდე ობიექტური არ არის. „მე“-ს პარალელურად, ყალიბდება „ზე-მე“. „ზე-მე“ არის ის, რასაც ჩვენ მორალს ვუწოდებთ და ის მორალური პრინციპებით მოქმედებს. მისი მექანიზმი „მე“-ზე სინდისისა და სიამაყის გრძნობებით მანიპულირებს. მორალის ჩამოყალიბება მშობლებთან იდენტიფიკაციის გზით ხდება. „მე“ ორი ბატონის მსახურია: „იგი“-სა და „ზე-მე“-სი. მას მესამე ბატონიც ჰყავს – რეალობა.
  ჩემი მეთოდი სწორედ „იგი“-მდე ჩასვლა, მისი ენერგიის განსაზღვრა და დამორჩილებაა. მაგრამ როგორ ჩავიდეთ „იგი“-მდე, როგორ აღმოვფხვრათ ის კომპლექსები, რომლებიც ადრეულ ასაკში „იგი“-სა და „ზე-მე“-ს ურთიერთდაპირისპირების შედეგად ჩამოყალიბდა? სწორედ ამისთვისაა ცოდვების ამოლაგება, ქრისტიანობაში აღსარებას რომ უწოდებენ, ხოლო ფსიქოლოგიაში „კარადის დალაგებას“. ფროიდი ამისთვის კოკაინს იყენებდა. მისი ზემოქმედების ქვეშ ალაპარაკებდა შიზოფრენიით დაავადებულებს, მაგრამ შემდეგ, აზრების დაუთოებასა და უკან, კარადაში შელაგებას ლექციებით და შეგონებით ცდილობდა. თუმცა, ეს მეთოდი არ ამართლებდა და უმეტესწილად ავადმყოფები სუიციდით ასრულებდნენ სიცოცხლეს.
  ჩემი მეთოდის საშუალებით ადამიანი კეთილშობილდება, მიმნდობი ხდება. ასეთი ადამიანი სრულყოფილია, ამაღლებულია, შემოქმედია. როგორ ვაღწევ ამას? პირველ რიგში, უნდა გავათავისუფლო პაციენტი დანაშაულის გრძნობისგან. უნდა ვალაპარაკო სიმართლე ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, ოღონდ, არა ნარკოტიკული თრობის ფონზე, რაც „იგი“-ს პირველად, ავხორც სურვილებს კიდევ უფრო ამძაფრებს და ენერგიას მატებს, არამედ ხელოვნურად გამოწვეული ჰალუცინაციური ბოდვით, რისთვისაც ვიყენებ ჩემ გამოგონებულ ფსიქოტროპულ საშუალებას – Amanta Muscaria-ს (ჯღავანა სოკო) ნაყენს.
„ჯღავანა სოკოს“ ნაყენს ავადმყოფის ტვინი გადაჰყავს „იგი“-ს ფაზაში, რადგან მოხსნილია ყველა შეზღუდვა, შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც მოდის „მე“-დან და „ზე-მე“-დან. ავადმყოფს ეხსნება ფანტაზია, ხდის თავსახურს მოგონებების ყუთს და ამოთქვამს ყველაზე ღრმას და ბნელს, რაც კი ოდესმე ჩაგუბებულა მის გონებაში.
***
– მობრძანდი გიუშ, ჩემო მეგობარო, დაბრძანდი. ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში.
– სახლი სადა მაქვს, ექიმო? ჩემი სახლი ციხეა!
– აბა, დავიწყოთ სეანსი, მოყევი შენ შესახებ.
– რა უნდა მოვყვე?! მოვიპარავ – დამიჭერენ, გამოვალ, ისევ მოვიპარავ – ისევ დამიჭერენ!
– მაშინ, ის მოყევი, პირველად რომ დაგიჭირეს.
– მოიცა, გავიხსენო! ჰოდა, ბატონო პრაფესორო, პირველი „სროკი“ რომ ავიკიდე, ბავშვი ვიყავი, მერვეკლასელი. მაშინ უკვე ვჯიბგირობდი, ქურდულს ვაწვებოდი. საბჭოს ქუჩაზე ბაღი რომ იყო, ხომ გახსოვს? საღამოს მე და „ოთარა“ გადავედით, ბაღში ჩამოვსხედით, ოთარაშვილი იყო და „ოთარას“ ვეძახდი. ისე, კურდღელი იყო, თავიდან სკოლაში იჩაგრებოდა, მაგრამ მერე მამამისს გაუგია და მე მთხოვა დახმარება. შევპირდი,
– ჩემი ძმა იქნება-მეთქი. ერთი-ორს რომ წამოვარტყი, მერე აღარ დაუჩაგრავთ. სულ კუდში დამდევდა, არ მშორდებოდა. ჰოდა, სად გავჩერდი? ჰო, ბაღში ვართ სკამზე ჩამომსხდრები და ჩვენი სკოლელი არ მოდის?! სახელი არ მახსოვს, ბიჭები „ნაბოს“ ეძახდნენ, ზარიძე იყო გვარად და „ნაბოზარიძე“ „ლამაზად“ ჟღერდა. გვერდით პატარა ბიჭი მოსდევს, „სემიჩკის“ ჭამით მოდიან. ის პატარა ბიჭი ვიცანი – ვერხანის ქუჩაზე ცხოვრობდა, ჩინჩალაძე იყო გვარად, მგონი ზურა ერქვა. მამამისი სამშენებლო ტრესტის მმართველი იყო, კარგად ცხოვრობდნენ. ვხედავ, იმ ზურას „თაზა“ ველვეტის „ვრანგლერი“ აცვია, შინდისფერი, ერთი-ორი ზომით დიდი, ზუსტად საჩემო. შარვლის ტოტები აკეცილი აქვს. მაშინ დიდ ზომას ყიდულობდნენ, მალე რომ არ დაპატარავებოდათ და დიდხანს ეტარებინათ. „ოთარას“ ვუთხარი
– „ნაბოს“ დაუძახე, „სემიჩკა“ მაჭამოს-მეთქი! მივიდა „ოთარა“ და „ნაბოს“ ეუბნება
– გიუშა გეძახისო!
– შენ გიუშას „შნირი“ ხარო? – უპასუხა „ნაბომ“ და გზა განაგრძო. „ოთარამ“ ჩემთან მოირბინა,
– არ მოდის და რა ვქნაო? დავუძახე,
– „ნაბო“, მოიცა-მეთქი!
– რა გინდაო? – გაჩერდა. მივედი,
– გამარჯობა, „ნაბო“! – გადავკოცნე,
– „სემიჩკა“ თუ გაქვს, მაჭამე-მეთქი!
ჯიბიდან ამოიღო და მუჭში ჩამიყარა. ვხედავ, დაძაბულია. დავუწყე „დუშკა“ საუბარი სკოლაზე, უბანზე, „ოთარა“ გავაშაყირე, ცოტა მოეშვა. სკამზე ჩამოვსხედით. „ოთარა“ და ზურა ფეხზე დგანან. ზურას შარვალს გადავწვდი,
– რა მაგარი შარვალია, რა ფირმაა?
– „ვრანგლერი“!
– შეყვარებულთან უნდა ავიდე და არ მათხოვებ?
– კიო, – იმ სულელმა,
– ოღონდ, დღესვე დამიბრუნე, უშარვლოდ რომ მივიდე, სახლში მცემენო! „ნაბომ“ გადმომილაპარაკა,
– მეხუთეკლასელი ბავშვია, ეგ არ გააკეთოო!
– მეხუთე კლასში რომ ვიყავი, უკვე ორი „სროკი“ მქონდა მოხდილი-მეთქი! ვერაფერი თქვა. ის პატარა ბიჭი „პადიეზდში“ შევიყვანე, ცხვარივით გამომყვა. გაიხადა შარვალი და ჩემი ჩაიცვა. რომ მივდიოდი მომაძახა,
– დღესვე ხომ დამიბრუნებო?
– კი, აბა, რას ვიზამ, მანდ დამელოდე, არსად წახვიდე-მეთქი! მერე ბიჭებმა მითხრეს: „ნაბო“ ეუბნებოდა,
– წამოდი, აღარ მოვაო! ის საცოდავი არ მიჰყვებოდა,
– მოვა, ხომ შემპირდაო?!
იცოდნენ, რომ ოჯახში თქმა „ჩაშვებას“ ნიშნავდა. „ნაბოს“ და იმ ბიჭს მაგარი მოუფიქრებიათ – ჩემი შარვალი სადღაც გადაუგდიათ, ზურას ფეხები განავალში ჩაუყვია და სახლში უშარვლოდ მისულა,
– „უბორნიაში“ ჩავვარდი, შარვალი აღარ გამოდგებოდა, გავიხადე და იქ დავტოვეო.
მისულან მშობლები იმ „უბორნიაში“, ურიეს ჯოხი, მაგრამ რას იპოვიდნენ?!
დავდივარ თბილისში „ჩაზმანული“, მასეთი ჯინსები არავის აქვს, ყველა მე შემომნატრის. 14 ნომერ ტროლეიბუსში ავედი საჯიბგიროდ. ხალხი ცოტა იყო, ერთი კაცი წამოდგა ჩასასვლელად. იმ კაცს ამოვუდექი, ჯიბეში წავუღე ხელი, მაგრამ ვიღაც ქალმა დაიკივლა და მეცა. ჩაბღუჯული ვყავარ, ხელს არ მიშვებს, – მილიცია, მილიციაო! – გაჰყვირის. ჯერ მეგონა, ჯიბეზე „დამწვეს“, მაგრამ მერე გავიგე, ტროლეიბუსში ზურას დეიდას უცნია დისშვილის შარვალი და ამიტომ დაუწყია წიოკი. მოკლედ, მილიციის განყოფილებაში მიმიყვანეს, „სუხოი ატკაზზე“ გავედი,
– ჩემი შარვალია, მამაჩემმა მიყიდა-მეთქი! ზურა „დააკაჩავეს“, ბავშვი იყო, შეეშინდა და ყველაფერი თქვა, მაგრამ პირზე რომ დამაყენეს, თვალით ვანიშნე,
– დედას გიტირებ-მეთქი! და „ატკაზზე“ გავიდა. თუმცა, „ოთარა“ რომ მოიყვანეს მილიციაში, კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან, ყველაფერი დაწვრილებით დაწერა. არ დამიჭირეს, მაგრამ შარვალი ჩამომართვეს და მამაჩემს ხელწერილი დააწერინეს. სახლში რომ მივედით, დამიწყო ჭკუის დარიგება, დედაც შემაგინა და ვერ მოვუთმინე, გავარტყი. ახლა, ალბათ, არ გავარტყამდი, ვეტყოდი:  მამა ხარ, შენი ვალია! მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი და დედის გინება ვერ ვაპატიე. არ ელოდა, დაიბნა. გამოვტრიალდი და სახლიდან გამოვიქეცი. ცოტა ხანს ძმაკაცთან ვიცხოვრე, თოიძის ქუჩაზე, თან „ოთარას“ ვუთვალთვალებდი.
„ოთარა“ შეშინებული იყო, გარეთ არ გამოდიოდა, მემალებოდა. რამდენ ხანს დაიმალებოდა?! ერთ საღამოს დავინახე, საბჭოს მოედანზე პურის მაღაზიიდან გამოვიდა. გოცირიძის ქუჩის კუთხეში ჩავუსაფრდი, რომ მომიახლოვდა, დავაძრე ჩემი „ყამა“ და ნაწლავები გადმოვაყრევინე. გადაარჩინეს, მაგრამ იმ დღის მერე კუჭში აღარ გასულა, რადგან სწორი ნაწლავი გარეთ გამოუტანეს და ქამარზე დაკიდებულ „გრელკაში“ ჩააყოფინეს. მე დამიჭირეს.
რადგან არასრულწლოვანი ვიყავი, სასამართლომ სამი წელი მომისაჯა ბავშვთა შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით. ავჭალის კოლონიაში მიკრეს თავი.
„მალალეტკებში“ ამბავია, ვერაფერს გაიგებ, ამასთან „ვზროსლების“ ციხე სამოთხეა. აქ ყველა „შავს“ აწვება და მიდის ერთმანეთის მოფუჭება.
საკანში რომ შევედი, ვხედავ, კარგი ადგილები ყველა დაკავებულია, მარტო შესასვლელთან არის ერთი ადგილი თავისუფალი. ყველა მე მიყურებს, აინტერესებთ რას ვიზამ. საკნის ბოლოში ერთი ადგილი მომეწონა, ბიჭია ზედ წამოსკუპებული. ეგრევე მივხვდი, არიფი იყო და „ნაგლობით“ გაჰქონდა თავი. მივედი და იმ ბიჭს ვეუბნები,
– შენ, ძმაო, „კაი ბიჭებს“ პატივს სცემ?
– კი, მერე რა გინდა?!
– რა მინდა და ჩამოდი, ადგილი დამითმე!
– უკანალზე მაკოცეო!
– ჩაიხადე, წაიკუზე და მერე ვნახოთ-მეთქი! – თან შარვლის უბის ღილების შეხსნა დავიწყე. მიხვდა, რასაც ვუპირებდი და „ზადნი“ მისცა,
– მერე იყოსო!
– რატომ არ იხდი? რომ თქვი, შეასრულე-მეთქი! – მივაწექი. მეტი გზა არ ჰქონდა, შარვალი არ ჩაუხდია, მაგრამ წაიკუზა და უკანალი მომიშვირა. მეც ეგ მინდოდა, ისეთი პანჩური ამოვარტყი, რომ თავი საწოლის კიდეს ჩამოსცხო და დარეტიანებული ძირს გაიშხლართა. წყნარად ავედი იმ საწოლზე და ჩამოვჯექი. იმ ბიჭს „აბაროტის“ თავი აღარ ჰქონდა. ჩუმად წამოკრიფა თავისი ავლადიდება და შესასვლელთან გადაბარგდა.
  გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3