კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 მამა გიორგი: თუ გინდა, ეკლესია დაანგრიო, არ უნდა ებრძოლო და დაინგრევა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  დღეს ქრისტიანებს არაერთ სირთულესთან უწევთ გამკლავება, ბევრი დაბრკოლება არსებობს. თუმცა მას, ვისაც ნამდვილი, ჭეშმარიტი რწმენა აქვს, ქრისტესკენ, ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ვერაფერი დააბრკოლებს. დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– გასულ საუკუნეში კოსმოსში გაფრინდა იური გაგარინი. რომ დაბრუნდა, დამაჯერებლად განაცხადა: მე კოსმოსში ღმერთი არ მინახავსო. რა თქმა უნდა, ვერ ნახავდა. ან ვინმე შახტაში რომ ჩავიდეს, იქ სადმე ჯოჯოხეთს ნახავს? რა თქმა უნდა, ვერ ნახავს. ან შეიძლება რომელიმე მოძღვარში ნახოს ღმერთი, ან სადმე სხვაგან? რა თქმა უნდა, არა. იესო ქრისტე გარკვევით ამბობს: სადაც ორი ან სამი შეიკრიბება, მე ვარ მათ შორისო. არა სადმე, ასტრალურ ზეცაში, არამედ ჩვენში, თქვენში, ამიტომაც ყოველი წირვის შემდეგ ვაცხადებთ: ჩვენთან არს ღმერთი! რადგან ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ეკლესიაში იმიტომ ვიკრიბებით, რომ ღმერთი ვადიდოთ და ერთმანეთი გვიყვარდეს.
– იმას, რაც დღეს საპატრიარქოში ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი განიცის, ნერვიულობს, არ იცის, როგორ მოიქცეს.
– ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენმა ეკლესიამ, პატრიარქმა გარკვეული დარტყმები განიცადეს. ისტორიას გადახედეთ, რომელმა პატრიარქმა დაასრულა მოღვაწეობა ბუნებრივი სიკვდილით ან მშვიდობიანად? თითქმის ყველა სამწუხარო მდგომარეობაში გარდაიცვალა. პატარა ამბავი არ არის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობა, თან საინფორმაციო ხანაში, როდესაც ბევრი ცილისწამება და სიმახინჯე გადაიცემა. ბევრი რამ ჩვენი, სასულიერო პირების ბრალიც არის. ადამიანებს მანქანებიდან ველაპარაკებით, არც კი გვინდა, გადმოვიდეთ და სიყვარულით ვესაუბროთ. უნდა შევძლოთ, რომ სამტროდ მოსული ადამიანი, მოყვრად გადავაქციოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვყოფნის სულიერება, სიყვარული, ცოდნა, რომ მტერი, რომელიც მოდის, მოვიგერიოთ. შემდეგ მათივე ხერხებით ვცდილობთ მოგერიებას. ეს ნიშნავს იმას, რომ სიძულვილის კოცონი აინთო როგორც ერში, ასევე ბერში. გადაირია ერი, გადაირია ბერი. დამშვიდდება ერი, დამშვიდდება ბერი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პატრიარქი, წმიდა სინოდი, მღვდლები, მრევლი, ვის შორისაც არის ღმერთი, სიყვარულით მოვერევით სიძულვილს. მრევლი მატულებს, ხალხმა გამოიღვიძა და დაბრუნდნენ ეკლესიაში. თუ გინდა, რომ ეკლესია დაანგრიო, არ უნდა ებრძოლო და დაინგრევა. თუ გინდა, რომ ეკლესია გააძლიერო, უნდა ებრძოლო. ეკლესიის ისტორიაში მშვიდობიანი პერიოდი არ ყოფილა. როგორც კი ადამიანი დაიბადება, ქრისტიანი გახდება, მის ცხოვრებაში მაშინვე იწყება ბრძოლა ბოროტებასთან, ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან... ეს ომი შესაძლოა, მოძღვარსა და სულიერ შვილს შორისაც იყოს, მღვდლებს, ესპიკოპოსებს შორის. მხოლოდ ანალიზის გაკეთება კი არ უნდა შეგვეძლოს – ვხედავთ, ადამიანი იღუპება, არაფერს ვაკეთებთ და ბოლოს ვამბობთ: თავი მოიკლა. სანამ ადამიანი თავს მოიკლავს, გამრუშდება, განარკომანდება, ყაჩაღი გახდება, მანამადე უნდა ვუთხრათ, რომ არასწორად იქცევა. რომ დამთავრდება ყველაფერი, მერე ამის თქმა უკვე გვიანაა.
– და რა არის, მამაო, გამოსავალი – დღეს ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა.
– წმიდა მამები გვარიგებენ – შეიყვარეთ ლიტურგიაო. თუ გინდა, რომ დაწყნარდეს ეკლესია და ერი, შეიყვარე ლიტურგია. ებრაელები იცავენ შაბათს, რომ მერე ისინი შაბათმა დაიცვას. ეკლესიაში, რომ არ ხარ, შენ გიყვარს ლიტურგია? რა თქმა უნდა, არ გიყვარს. იმისთვის რომ მოდიხარ, ბავშვები აზიარო ან  ხანდახან რომ მოდიხარ და ისიც არ იცი, რატომ მოდიხარ, ეს არ არის ლიტურგიის სიყვარული. ან ისე მიდიხართ, რომ წირვა არ არის დამთავრებული. როცა პატრიარქია ლიტურგიაზე, ხომ არავინ მიდის მანამდე, სანამ პატრიარქი არ წავა, სანამ მისგან კურთხევას არ აიღებენ?! განა პატრიარქზე მეტი არ არის იესო ქრისტე? სანამ ქადაგება არ იქნება, ჯვარზე თაყვანისცემა, მანამდე იესო ქრისტე დგას ჩვენ შორის და თავზე გვისვამს ხელს: აპატიე, შეურიგდი, შეინანეო. თანამედროვე ადამიანს ძალიან ეჩქარება, სულ სადღაც გარბის. ამიტომაც ყველაფერი მოკლდება, მარტივდება. ჩვენ არსად გვეჩქარება, წინ მთელი მარადისობა გველოდება და სად გავრბივართ? როდესაც წირვა იწყება, მღვდელი აღამაღლებს საკურთხეველში წმიდა სახარებას, გამოსახავს ჯვარს და ამბობს: კურთხეულ არს მეუფება მამისა, ძისა და წმიდისა სულისა. ეს ნიშნავს იმას, რომ სასუფეველი ცათა მყარდება ლიტურგიაზე. თუ ღმერთს დიდებას არ მიუძღვნი, არ იქნება დედამიწაზე მშვიდობა, ბუნებრივია, არ დამყარდება სათნოება და ფაქტიც სახეზეა. ამდენი წირვა ტარდება, ამდენი მღვდელია, ეპისკოპოსია, მაგრამ მშვიდობა არ მყარდება. პატრიარქი კი არ უნდა დავიცვათ, არამედ ჩვენი გაუბედურებული სული. ყვავილები და სელფების გადაღება, შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთვა: მე პატრიარქს დავუჭირე მხარიო, არავის სჭირდება. პატრიარქს მაშინ დაუჭერ მხარს, როცა კარგად ეზიარები, ილოცებ, მოინანიებ და სიყვარული გექნება. ქრისტე ამბობს: მე ისეთ სიმშვიდეს გაძლევთ, რომელიც დედამიწაზე არ არისო. თუ ამაზე ფიქრობ, მაშინ მთელი შენი ცნობიერება საკურთხევლისკენ იქნება მიმართული. მშვიდობა უნდა იყოს სამყაროში, ერთობა და ადამიანს ყველას ცხონება უნდა უნდოდეს. ადამიანი სარწმუნოებით, სასოებით, ღვთის შიშით უნდა შედიოდეს ეკლესიაში. გარდა იმისა, რომ პატრიარქს უნდა ვიხსენიებდეთ, უნდა ვიხსენიებდეთ ჩვენს მთავრობასაც. პავლე მოციქული ამბობს: არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღვთისაგან და ისინი ღვთის მიერ არიან დადგენილებიო. რა საზოგადოებაც არის, ის მმართველი ჰყავს ქვეყანას. თუ გვინდა, კარგი ხელისუფლება, ჩვენც კარგები უნდა ვიყოთ. ჩვენი ლოცვით უნდა გაიწმინდოს ჰაერი – ასეთი დიდი ძალა აქვს წირვას. თუ შენ გულით, სულით, რწმენით იდგები და ილოცებ, წირვა-ლოცვას სამკურნალო თვისებები აქვს. ალბათ, იცით, ქრისტესთან ურთიერთობისას ყველა არ იკურნებოდა, მხოლოდ ისინი, ვინც სარწმუნოებით ლოცულობდნენ.

скачать dle 11.3