კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (34)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№47 ვინ მოაჭრა შაქის მბრძანებელს თავი და მიართვა ირანის შაჰს

ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი

  1551 წელს განუდგა შაჰ-თამაზს შაქის მპყრობელი დევრიშ მაჰმადი, ძე ასან ბეგისა. გადაწყვიტა თამაზ შაჰმა შურისძიება დევრიშ მაჰმადზე. ადრე დევრიშ მაჰმადის მამა ემორჩილებოდა შაჰ-თამაზს, ხოლო მისმა ძემ კი განდგომა მოინდომა.
  შაქი მდიდარი სამთავრო იყო. იქაური აბრეშუმი განთქმული ყოფილა მთელს მაშინდელ მსოფლიოში.
 ყარაბაღში ჯარი შეკრიბა თამაზ შაჰმა, გაუგზავნა წერილი კახთა მეფე ლევანს და შეწევნა ითხოვა მისგან. ავ-გიორგის ძე ლევანი დაემორჩილა შაჰს და ჯარით გაემართა მის დასახმარებლად. ლევან მეფე აწუხებდა ხოლმე შაქს და არბევდა, თურმე. როგორც გვამცნობს „ახალი ქართლის ცხოვრება“, მასთან ბრძოლაში მომკვდარა თურმე ასან ბეგი. ამის შემდეგ შაქში გაბატონდა ასან ბეგის ძე. ის შურისძიებით ყოფილა აღვსილი ლევან მეფის მიმართ. შაჰ-თამაზის ლაშქრის მეწინავე ნაწილი შევიდა შირვანში. დევრიშ მაჰმადი ელოდა ამას და მზადაც იყო. მოულოდნელად თავს დაესხა მტერს, დაამარცხა და ბევრიც დახოცა.
  მაშინ პირადად შაჰი გაუძღვა თავის ჯარს შაქელთა წინააღმდეგ. შაქელები შეშინდნენ. წერილი მისწერა შაჰ-თამაზმა დევრიშ მაჰმადს: „მოდი ჩემ თანა და მიპატივებია დანაშაული შენი“. მაგრამ, შაქის მბრძანებელმა არ უსმინა. გაამაგრა ციხესიმაგრეები და არ დაემორჩილა.
  შაჰ-თამაზმა კახეთის მეფე ლევანი და თავისი ორი სარდალი გააგზავნა დევრიშ მაჰმადის დასასჯელად. შევიდნენ შაქში და მოაოხრეს ყველაფერი, „შენი და უშენი“.  მიადგნენ ციხეს, სადაც გამაგრებული იყო თვითონ დევრიშ მაჰმადი. ცოტა ხანს გაძლო ციხემ, მაგრამ, დიდხანს ვეღარ გაუძლებდა. მიხვდა ამას დევრიშ მაჰმადი და გადაწყვიტა, ღამით გაპარულიყო. ლევან მეფეს ყველგან დაყენებული ჰყოლია მცველები და ფხიზლად დარაჯობდნენ იქაურობას. შეატყობინეს მეფე ლევანს ციხიდან გამოსულთა შესახებ და კახთა მეფეც გამოეკიდა მათ და დაეწია. შეიბნენ კახელები და შაქელები. დაამარცხეს ჩვენმა წინაპრებმა შაქელები და მოკლეს დევრიშ მაჰმადი.
დევრიშ მაჰმადის თავი მეფე ლევანმა შაჰ-თამაზს მიართვა. ძალიან გაუხარდა შაჰს,  ძვირფასი საჩუქრები უბოძა კახთა მეფეს და დიდი პატივით გამოუშვა სამშობლოში.
  ყარაბაღში მდგომი შაჰ-თამაზი ისევ ლუარსაბ მეფის დასჯაზე ფიქრობდა. კარგად მოემზადა, შემოიჭრა ქართლში, აიღო ტფილისის ციხე, მოაოხრა ჩვენი დედაქალაქი და კვლავ თავისი გარნიზონი ჩააყენა ციხეში.
  ლუარსაბ მეფე ვერ ჩაიგდო ხელში, რომელიც პარტიზანული მეთოდებით დიდ ზიანს აყენებდა მის ლაშქარს. ლუარსაბ პირველს მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა – სხვა ქართველი მეფე-მთავრები მორჩილებდნენ შაჰ-თამაზს, მაგრამ, „მეფემან ლუარსაბ ჟამსა თვისსა არცა ჰმონა ყაენსა და არცა ხონთქარსა ამისთვის, რომე თუცა დამორჩილებოდა, სხუანი ყოველნი მონობდენ და, თუმცა ესეცა დამორჩილებოდა ქუეყანა გათათრდებოდა და სახარკოდ შეიქნებოდა“. კარგად იცოდა ეს ჩვენმა ხელმწიფემ და ამიტომ არ ზოგავდა თავს, თავგანწირვით ებრძოდა როგორც სულთანს, ისე შაჰს და დიდ ზიანსაც აყენებდა, ხონთქრისა და ყაენის ჯარებს.
  ათაბაგი ქაიხოსრო და მისი ვაზირი, ოთარ შალიკაშვილი, ხან სულთან სულეიმანის ძალას იყენებდნენ ქართველი მეფეების, იმერელთა ხელმწიფის – ბაგრატ მესამისა და მისი სიძის – ქართლის მეფე ლუარსაბ პირველის წინააღმდეგ, ხან შაჰ-თამაზის მხარეს გადადიოდნენ, რათა სულეიმანის მიერ სამცხის სრული მითვისება აეცილებინათ თავიდან.
  ყაენს, ანუ ირანის შაჰს, ასეთი რამე მოუფიქრებია - სამცხის ათაბაგ ქაიხოსროსთვის დამოყვრება მოუთხოვია. ეს ქაიხოსროს მის ბანაკში ყოფნას განაპირობებდა, როგორც სულთნის, ისე ქართლის მეფის წინააღმდეგ. მაგრამ, ქაიხოსრო ათაბაგს ოჯახში გასათხოვარი ქალი არ ჰყავდა. ათაბაგის ნათესავი იყო ოთარ შალიკაშვილი, ათაბაგის  გამზრდელი და ერთგული ვაზირი. ოთარის თანხმობით, მისი ქალიშვილი გაუგზავნეს შაჰს საცოლედ, როგორც ნათესავი ათაბაგისა და ყაენმაც ოთარის ასული შეირთო ერთ-ერთ ცოლად. ძალიან შეჰყვარებია შაჰს შალიკაშვილის ქალი.
ასე დამოყვრდნენ ჯაყელები და შალიკაშვილები სეფიანებთან. ეს რომ შეიტყო ლუარსაბ მეფემ, ილაშქრა სამცხეში.
  ქაიხოსრო ათაბაგმა წერილი აფრინა შაჰ-თამაზთან: „მოვიდა მეფე ლუარსაბ და ააოხრა ქუეყანა ჩემი, და ისკანდარ ფაშა აზრუმისაც მომავალი არის“.
შაქის დაპყრობის მერე შაჰ-თამაზს დიდი ჯარი ჯერ არ ჰყავდა დაშლილი. გამოემართა სამცხისკენ. წინ შეეგება ათაბაგი ქაიხოსრო ჯაყელი. შაჰმა თავისი ძე, მირზა-ისმაილი გააგზავნა კარში. ტახტის მემკვიდრე, მირზა (უფლისწული) ისმაილი იმ პერიოდში შირვანის გამგებლად იყო დანიშნული მამამისის მიერ, თავისი ბიძის მაგიერ, რომელიც განუდგა თამაზ შაჰს და სულთან სულეიმანთან გაიქცა სტამბულში.
  მირზა-ისმაილი მივიდა კარში, დაიპყრო სიმაგრეები და აიღო კარი და ააოხრა. იქაურობიდან განდევნა ოსმალები. თამაზ შაჰის ძემ დაამარცხა არზრუმის ფაშა ისქანდერი.
  ზემო ქართლიდან, სამცხიდან, გამოემართა შაჰი და შეიჭრა თრიალეთში, მოაოხრა და წამოვიდა საბარათაშვილოზე. საბარათიანო, ქვემო ქართლიც ააოხრა და მიადგა ბირთვისის ციხეს. გამოიტყუეს ციხეში მდგომები ცრუ შეპირებებით და მერე ზოგიერთი ტყვედ წაიყვანეს.
ლუარსაბ მეფეს ასეთი ჩვეულება ჰქონია: თუ ჯარი ჰყავდა, პირდაპირ შეებრძოლებოდა, რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო მოწინააღმდეგე. ხოლო თუ ჯარი არ ჰყავდა, დააცდიდა, ჩაუსაფრდებოდა, რომ ერთი ნაწილი გასულიყო სათარეშოდ და მაშინ დაესხმებოდა თავს და ამოწყვეტდა მცირე ნაწილებით თათრების უფრო მრავალრიცხოვან ნაწილებს.
  მოადგა ქართლს შაჰ-თამაზი და მივიდა გორთან. შეუტია და აიღო გორის ციხე და გარშემო სხვა ციხეები. შემდეგ მიადგა ატენის ციხეს. მაშინ ლუარსაბ მეფის დედა, და და ქართლის დიდებულთა არაერთი წარმომადგენლის ოჯახის წევრები ატენში იყვნენ თავშეფარებულები. მოღალატემ გასცა ციხეში გამაგრებულთა საიდუმლო – რომელი ადგილიდან შედიოდა ციხეში წყალი. სპარსელებმა შეუწყვიტეს წყალი ციხეში მყოფებს და აიძულეს, დანებებოდნენ. აიღო შაჰ-თამაზმა ატენის ციხე და დაატყვევა დედა-დედოფალი, მეფის და, დიდებულთა ოჯახები და სხვები.
ეს გაიგო ლუარსაბ მეფემ, მაგრამ, არ ჰყავდა საკმაო ჯარი. გამოეკიდა მცირერიცხოვანი მხედრობით შაჰს, წამოეწია, მრავალი ყიზილბაში დახოცა, მაგრამ დედა ვერ გაათავისუფლა.
  ოცდაათი ათასი ტყვე წაუყვანია შაჰ-თამაზს ჩვენი ქვეყნიდან.

скачать dle 11.3