კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 მგლები 6

ნინო კანდელაკი გოჩა მანველიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-46(985)
– მინერალურ წყალს ხომ არ ინებებთ, – ლუკა ფიქრს ქალის ხმამ მოსწყვიტა.
– წვენი... – ღიმილით განაგრძო სტიუარდესამ, რომელიც სინით ხელში სავარძლებს შორის, გასასვლელში იდგა.
ლუკამ უსიტყვოდ აიღო ჭიქა, მინერალური წყალი მოსვა და ისევ ფიქრს მიუბრუნდა.
ზიბკოსთან შეხვედრა საინტერესო იყო, მაგრამ ყველაფერი მანაც არ იცოდა. მისი ნაამბობი მხოლოდ ერთი დეტალი იყო ვრცელ და რთულ მოზაიკაში, რომელიც მთლიანად უკრაინაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდებოდა. რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობამ ხარკოვი დიდი დაპირისპირების ზონად აქცია. უფრო სწორედ ხარკოვი კი არა, არამედ ხარკოვის ტანკმშენებელი ქარხანა, უკრაინის ერთ-ერთი სტრატეგიული და უდიდესი მნიშვნელობის მქონე საწარმო. ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს ტანკმშენებელი ქარხანა თითქმის უფუნქციოდ იყო დარჩენილი და ეს უზარმაზარი კომპლექსი, საბრძოლო ტექნიკის მაგივრად, ტაფებისა და ქვაბების მწარმოებელ საამქროდ იყო ქცეული. სწორედ იმ პერიოდში ელიამ საწარმოს აქციების ნაწილი შეიძინა. „ვერშინის“ დირექტორთა საბჭო ამ გარიგების წინააღმდეგი იყო. საბჭოს წევრების აზრით, რამდენიმე მილიონის სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოში ჩადება, რომელიც სრული შეჩერების პირას იმყოფებოდა, გაუმართლებელი რისკი იყო. „ვერშინას“ ბევრად პერსპექტიულ საქმეშიც შეეძლო კაპიტალის დაბანდება. საბოლოოდ დავა ლუკამ გადაწყვიტა. ის ენდობოდა ელიას და იცოდა, რომ სხვებისგან განსხვავებით, ის წინ იყურებოდა და ტანკმშენებელ ქარხანაში სამომავლო პერსპექტივას ხედავდა. ელიას ჩანაფიქრმა მხოლოდ წლების შემდეგ მოიტანა შედეგი. თავად იდეის ავტორი ამ დღეს ვერ მოესწრო. ის უკვე სამი წლის დაღუპული იყო, როდესაც „ვერშინამ“ საწარმოში ჩადებული კაპიტალიდან პირველი მნიშვნელოვანი მოგება მიიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ტანკმშენებელი საწარმო მთელი სიმძლავრით ამუშავდა და ამჟამად „ვერშინასთვის“ მრვალმილიონიანი შემოსავლის წყაროდ ითვლებოდა. ბოლო ხანებში უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვამ, თავისთავად, იმოქმედა საწარმოზე. ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ ახლო მომავალში რუსეთსა და უკრაინას შორის ნამდვილი ომი დაიწყებოდა. ხარკოვი და მისი ტანკმშენებელი ქარხანა კი უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობდა, რაც მას თავისთავად აქცევდა შეტევის ობიექტად. ამჟამად კი ტანკმშენებელი ქარხნა მძაფრ დაპირისპირებაში იყო ჩართული. საქმე ეხებოდა ორ მნიშვნელოვან შეკვეთას. პირველი შეკვეთა ტაილანდური იყო. კონტრაქტის დადების შემთხვევაში, საწარმოს ტაილანდისთვის უნდა მიეწოდებინა უახლესი უკრაინული ტანკების პარტია. კონტრაქტის ღირებულება იყო ორას ორმოცი მილიონი ამერიკული დოლარი. იგივე ტანკების მიღება სურდა თავად უკრაინის თავდაცვის სამინისტროსაც. მაგრამ ბიუჯეტის სიმწირის გამო ის თხუთმეტი პროცენტით ნაკლებს სთავაზობდა საწარმოს, დანარჩენ ნაწილს კი სახელმწიფო ობლიგაციებით დაფარვას აპირებდა. რომელ შეკვეთას მიიღებდა საწარმო, აქციონერთა საბჭოს უნდა გადაეწყვიტა. საკითხის განხილვისას საბჭო ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი, პატრიოტული მოსაზრებებითა და ხელისუფლების ზეწოლით, თავდაცვის სამინისტროს წინადადებას უჭერდა მხარს, მეორე ნაწილი – ტაილანდის შეკვეთას. საბჭოს წევრების ეს ნაწილი ამტკიცებდა, რომ ასე საწარმო უფრო მეტ მოგებას მიიღებდა. მაგრამ ყველასთვის გასაგები იყო, რომ ისინი რუსული სახელმწიფოს დაკვეთას ასრულებდნენ. სწორედ რუსეთის ხელისუფლება იყო დაინტერესებული იმით, რომ უახლესი უკრაინული ტანკები ახლო მომავალში თავდაცვის სამინისტროს არ გადასცემოდა. საბოლოოდ საბჭოს წევრების ხმა შუაზე გაიყო. ერთადერთი, ვისაც ამ საკითხზე აზრი არ გამოუთქვამს იყო „ვერშინას“ წარმომადგენელი და ახლა მთლიანად კომპანიის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, რომელ კონტრაქტს მოაწერდა ხელს აქციონერთა საბჭო და ვინ მიიღებდა ტანკებს, უკრაინის არმია თუ ტაილანდი. ამ საკითხის გადასაწყვეტად „ვერშინაში“ დირექტორთა საბჭოს თათბირი შედგა და სრულიად მოულოდნელად, საბჭომ გადაწყვიტა, ტაილანდის კონტრაქტისთვის დაეჭირა მხარი. ამის შესახებ ვასილიჩმა თავად აცნობა ლუკას და კრებაზე დაუყოვნებლივ მისვლა სთხოვა.
საბჭოს წევრები გაოცებით შეეგებნენ კრებაზე ლუკას გამოჩენას. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ის პირადად არასოდეს ერეოდა კომპანიის საქმიანობაში.
ლუკა მაგიდას მიუჯდა, კრების წევრებს აუჩქარებელი მზერა მოავლო და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტანკმშენებელი ხვალ ელის „ვერშინის“ გადაწყვეტილებას.
– მართალია... ხვალ ელის, – დაუდასტურა კრების თავმჯდომარემ, – მაგრამ საწარმოსთვის უკვე ცნობილია, რომ ჩვენ მხარს ტაილანდის კონტრაქტს დავუჭერთ.
– ესე იგი, თქვენთვის ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, – ცივად ისროლა ლუკამ.
– ეს საუკეთესო ვარიანტია, – შეცბა კრების თავმჯდომარე, – ტაილანდის კონტრაქტი „ვერშინას“ მყარ სავალუტო შემოსავალს მისცემს. რაში უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო ობლიგაციები ან კიდევ უკრაინის ვალუტა, რომელიც ყოველ წუთას უფასურდება?!
– მაშინ ასე დავსვამ კითხვას, – გახედა ლუკამ, – რაში გამოიყენებთ „მყარ ვალუტას“, როდესაც ხარკოვის ქუჩები რუსული ტანკებით აივსება?!
კრების თავმჯდომარემ მზერა აარიდა.
– მე არასოდეს ჩავრეულვარ თქვენს საქმიანობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე შოკოლადის ქარხნის ან სავაჭრო ცენტრის მშენებლობას არ ეხება და ფულადი მოგება მნიშვნელოვანი აღარ არის, – განაგრძო ლუკამ, – მე აქ თქვენი აზრის მოსასმენად არ მოვსულვარ. „ვერშინა“ საჭირო გადაწყვეტილებას თქვენ გარეშეც მიიღებს. თქვენ, უბრალოდ, ხელმოწერით ოფიციალურად დაადასტურებთ ამას! ვინმეს რამე აქვს საწინაარმდეგო?!
– ესე იგი, ჩვენ თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტს უნდა დავუჭიროთ მხარი?!
– ჰო... და ეს ჩემი ჩარევის გარეშეც უნდა გაგეკეთებინათ!
– ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ არავინ შეგვზღუდავდა ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ ამ პირობით გავხდით კომპანიის აქციონერები, – გაუბედავად წამოიწყო კრების თავმჯდომარემ.
– კმარა!.. – ბრაზით მიუგდო ლუკამ, – ვერ ვიტან ბალეტსა და უკანალის უადგილო თამაშს. ყოველი თქვენგანი „ვერშინაში“ მზამზარეულზე მოვიდა. თქვენ არ შესწრებიხართ იმ ომსა და სისხლისღვრას, რომელიც კომპანიის შექმნისას გადავიტანეთ. თქვენ, უბრალოდ, უკვე მოქმედ, აწყობილ კომპანიაში იყიდეთ აქციების ნაწილი და წლების განმავლობაში უკანალის გაუნძრევლად ამაში იღებთ არცთუ ისე მცირე შემოსავალს. ხვალ თქვენი გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო, მონასტერი რომ აირიოს, თქვენ მშვიდად წახვალთ აქედან და სხვა კომპანიის აქციონერობას შეეცდებით. ჩვენ კი არსად წასვლას არ ვაპირებთ. პირველი დღეებიდან აქ ვიყავით და მომავალშიც აქ უნდა დავრჩეთ. ამიტომაც მე ვიტყვი ბოლო სიტყვას. „ვერშინა“ თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტს დაუჭერს მხარს. ეს საკითხი გადაწყვეტილია. ვისაც ამ საქმეში მონაწილეობა არ უნდა, ძალას არ დავატან. დღესვე შეგიძლიათ განიხილოთ აქციონერობისა და კომპანიიდან თქვენი წილის გატანის საკითხი. ყველაფერი გასაგებია?!
კრების წევრებმა მდუმარედ დაუქნიეს თავები.
– კრების გადაწყვეტილების ოფიციალურად დადასტურების საკითხს ვასილიჩი მოაგვარებს. თქვენთვის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ასე რომ, დროს ნუღარ დაკარგავთ. საქმეს მიხედეთ!.. – სწრაფად დაამთავრა ლუკამ და კრება დატოვა.
მომდევნო დღეს „ვერშინას“ წარმომადგენელმა ტანკმშენებელი საწარმოს აქციონერთა კრებაზე თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტს დაუჭირა მხარი. ეს ყველასთვის მოულოდნელად მოხდა. კრებისთვის არაოფიციალურად ცნობილი იყო, რომ „ვერშინა“ ტაილანდის კონტრაქტს დაუჭერდა მხარს. ამან მნიშვნელოვანი არეულობა გამოიწვია. მაგრამ ტაილანდის პროექტის მხარდამჭერებმა ვეღარაფერი მოახერხეს და საკითხი თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადაწყდა.
ამ ამბებიდან ერთი კვირის თავზე კიევში ზურა კოპაძე მოკლეს, რომელსაც პირდაპირი შეხება ჰქონდა ამ კონტრაქტთან. შემდეგ კი კრაკოვში მოხდა თავდასხმა.
„ცნობილი იყო თუ არა ყოველივე ამის შესახებ ზიბკოსთვის?! – რა თქმა უნდა, – ლუკამ თავად გასცა პასუხი საკუთარ კითხვას. შესაძლოა, მას პირადად არაფერი აკავშირებდა ხარკოვის ტანკმშენებელ საწარმოსთან. მაგრამ გამორიცხული იყო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ არაფერი სცოდნოდა. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ეს ისტორია პირდაპირ უკავშირდებოდა „ვერშინას“.
იცოდა, მაგრამ საუბრისას ერთხელაც არ უხსენებია თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტი. ლუკა ამაში უცნაურს არაფერს ხედავდა. ეს ჩვეული ამბავი იყო ზიბკოსთვის. მას თავისებური მიდგომა ჰქონდა ნებისმიერი საკითხისადმი. ის ყველა საქმის მინიმალური დანახარჯებით მოგვარებას ცდილობდა. ამ შემთხვევაში, მას მხოლოდ ერთი ამოცანა ჰქონდა. ლუკა უკრაინიდან წასვლაზე დაეთანხმებინა. ტანკმშენებელ საწარმოზე საუბარი კი თავისთავად გაართულებდა მის ამოცანას. მაგრამ ამ დაპირისპირებაში ზიბკო მაინც მისი მოკავშირე იყო. ვისაც არ უნდა მიმხრობოდა და რა პოზიციაც უნდა დაეკავებინა, ის არასოდეს არაფერს გააკეთებდა თავისი ქვეყნის საზიანოდ. და თუ ამ ბრძოლაში შინაგან საქმეთა მინისტრი მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა, საეჭვო იყო, რომ დიდი ხანი დარჩენილიყო სავარძელში...
„რაზე ვფიქრობ?! რითაა ჩემი გონება დაკავებული?! – საკუთარ თავზე გაბრაზდა ლუკა. წყალსაც წაუღია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტანკმშენებელი ქარხანა თავისი კონტრაქტებითა და აქციონერთა საბჭოებით. ეს ქვეყანა ჩემამდეც არსებობდა და ჩემ მერეც ძალიან დიდი ხანი იარსებებს. ახლა სხვაა ჩემი საფიქრალი და საზრუნავი – ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ჩემზე, ჩემს სწორ გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებული...
გონებამ თავისთავად გაახსენა კრაკოვის საავადმყოფო. საღამო, რომელმაც ყველაფერი შეცვალა მის ცხოვრებაში...
***
ექიმმა რამდენიმე სიტყვა უთხრა ნატოს და გოგონა ელვის სისწრაფით გაქანდა აივნისკენ, სადაც ლუკა ეგულებოდა. მისმა გაფართოებულმა თვალებმა თავისთავად მიახვედრა, რომ გოგონას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი. ამასობაში ნატომ მასთან მიირბინა, მკლავში ჩააფრინდა და აკანკალებული ხმით წამოიწყო.
– მამა... მამა.. ეკას საკეისრო კვეთა გაუკეთეს და...
ლუკამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. ნატოს უკან ექიმიც მოჰყვა და სწრაფად ალაპარაკდა.
– ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თავისი ასაკის მიუხედავად შესანიშნავი, ჯანმრთელი ჩვილი დაიბადა... გესმით ჩემი?.. თქვენ ვაჟი შეგეძინათ!..
ლუკას ელვის სისწრაფით დაურბინა მხურვალე ტალღამ. გონება ფონოგრამასავით იმეორებდა ექიმის სიტყვებს...
– თქვენ ვაჟი შეგეძინათ...
მსგავსი შეგრძნება ნატოს დაბადების დროსაც ჰქონდა განცდილი. ელოდა ამ დღეს. მისთვის სავარაუდო თარიღიც კი იყო ცნობილი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი უნდა მომხდარიყო, ასეთი მოვლენები ხომ მუდამ ხდება ადამიანების ცხოვრებაში. ახლა კი სრულიად დაბნეული იდგა. თითქოს საერთოდ არ ყოფილა ის მოლოდინი და ახლა, ამ წუთას პირველად შეიტყო, რომ ვაჟის მამა გახდა.
– დედა?! – ლუკამ გაჭირვებით დაძლია მღელვარება.
– დედაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. პროფესორმა რაზუმოვსკიმ ოპერაციის ახლავე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ახლა მას ტვინზე ოპერაციისთვის ამზადებენ, – უპასუხა ექიმმა.
– ორი ოპერაცია ზედიზედ?! რაზუმოვსკის არაფერი უთქვამს ამის შესახებ!..
– ეს ჩვენს გეგმებშიც არ შედიოდა, მაგრამ პროფესორი მაინც არ გამორიცხავდა ამის შესაძლებლობას და წინასწარ გვთხოვა ყველაფრის მომზადება. საბედნიეროდ, საკეისრო კვეთამ გართულებების გარეშე ჩაიარა და პროფესორმა აღარ ისურვა მეორე ოპერაციის გადადება, – უპასუხა ექიმმა.
– ეს საშიში არ არის?
– პირიქით, სასურველიც კია. ახლა პაციენტის ორგანიზმი მთლიანად მობილიზებულია. ოპერაციის გადადების შემთხვევაში კი ის მოეშვება და მომდევნო ოპერაციისთვის მომზადება უფრო რთულ ვითარებაში მოგვიწევს. ნუ ღელავთ. ყველა მონაცემი ამის სრულ შესაძლებლობას იძლევა... ჯერჯერობით სულ ეს არის. რაიმე თუ შეიცვალა, დაუყოვნებლივ გაცნობებთ, – დაასრულა ექიმმა და წასასვლელად მოემზადა.
– როდის შევძლებ ჩვილის ნახვას? – შეაჩერა ლუკამ.
– ახლა თავი უნდა შეიკავოთ. ჩვილი რეანიმაციაში, სპეციალურ კამერაში იმყოფება. სათავსოში სტერილურობის საგანგებო რეჟიმია. ასე რომ, ჯერჯერობით უარს გეტყვით, – თქვა ექიმმა და საოპერაციოს მიუბრუნდა.
ოპერაციამ დილამდე გასტანა. მთელი ამ დროის განმავლობაში ლუკა მოუსვენრად სცემდა ბოლთას მიმღებ განყოფილებაში და დროდადრო სიგარეტის მოსაწევად გადიოდა აივანზე.
გამთენიისას ექიმმა ლუკა საორდინატოროში მიიწვია, სადაც უკვე ელოდა პროფესორი რაზუმოვსკი.
პროფესორი მაგიდაზე დახრილი ათვალიერებდა და ერთმანეთს ადარებდა ძველი და ახალი გამოკვლევების შედეგებს. ლუკას დანახვაზე საქმიანობა შეწყვიტა და მას მიუბრუნდა.
– სასწაულების გჯერათ?
– ბავშვობაში მჯეროდა, – უპასუხა მან.
– მეც ასე ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ვცდებოდი. სასწაულები ნამდვილად ხდება და დღეს სწორედ ასეთი სასწაულის მომსწრენი გავხდით, – ღიმილით თქვა პროფესორმა, – გილოცავთ! ოპერაცია შესანიშნავი შედეგით დასრულდა. სრულ განკურნებაზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ ყველა შედეგი იმას გვიჩვენებს, რომ რაიმე გართულებას ადგილი არ ექნება... კიდევ ერთხელ გილოცავთ!..
– ესე იგი, მაინც არსებობდა...
– უარყოფითი შედეგის ალბათობა ყოველთვის არსებობს. განსაკუთრებით მიკროქირურგიაში. შესაძლო იყო, უბრალოდ, კარგი შედეგის მიღება. რაც ასეთ ვითარებაში მოსალოდნელი და სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნებოდა. მაგრამ ახლა სრულიად სხვა შედეგთან გვაქვს სქმე. ისეთთან, რომელსაც თავადაც არ ველოდი. ასე რომ, შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ ყველაზე მძიმე უკან დარჩა. ახლა თქვენს ახალშობილ ვაჟს მოვამაგრებთ, მეუღლეს ფეხზე დავაყენებთ და ორივეს ჩაგაბარებთ... მხოლოდ ერთი პირობით... – პროფესორმა მზერა გაუსწორა და დინჯად დაამატა, – რაღაც უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. სხვა დროს შეიძლება, ასე აღარ გაგვიმართლოს. დღეს მართლაც ვირწმუნე სასწაულის, მაგრამ ისიც კარგად მახსოვს, რომ მატერიალიზმს მაინც ვერსად წაუვალთ!.. იფიქრეთ ამაზე!..
გაგრძელება შემდეგ ნომერში

tbiliselebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაბეჭდვა რედაქციასთან შეთანხმების გარეშე, ისჯება კანონით.
скачать dle 11.3