კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ცოლებისგან მიტოვებულის აღსარება

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #43-46(985)

ჩემს ოთახში ქმრებისგან გაწბილებული ქალების ისტერიკანარევი სიცილის ხმა შემოიჭრა. მერე უცებ ისევ ლიკას გაღიზიანებული ხმა გავიგონე:
– კი მაგრამ, მარტო მე გადავეყარე ნულს და თქვენი ქმრები ანგელოზები არიან?
ქეთა: – ვინ გითხრა, ანგელოზები არიანო? აი, ჩემი ქმარი, მაგალითად, ბაზარშიც თვითონ დადის, ბავშვიც გაჰყავს სასეირნოდ და ხანდახან სახლშიც მეხმარება, მაგრამ, რომ მოკლა, ჩემთვის ერთ კაპიკს არ დახარჯავს – ძალიან ძუნწია.
ნინი: – სექსი?
– სექსი – გრაფიკით, ხმამაღლა ამოიოხრა ქეთამ და მერე ჩურჩულით დაამატა: – მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, ყოველგვარი ვნების გარეშე.
ყველანი გაჩუმდნენ. პაუზამ კარგა ხანს გასტანა. მერე ისევ ქეთამ განაგრძო:
– მაგრამ მე უკვე მივეჩვიე.
ნინი: – ხომ არ გღალატობს? იქნებ ვინმესთან დაძვრება?
ქეთა: – არ ვიცი და არც მაინტერესებს. ასეთი ინტიმის შემდეგ გინდ მიღალატოს და გინდ არა. ვისთანაც უნდა, იმასთან იძრომიალოს. თუ კაცს არ უყვარხარ, ვერც აიძულებ, შეგიყვაროს, თუ ძალიან დიდი ფულის პატრონი არ ხარ – მაშინ, ბოლო-ბოლო, მის სიყვარულს იყიდი. მე კი არც იძულებითი სიყვარული მჭირდება და არც ნაყიდი. ასეთ სიყვარულს ისევ ისეთი ცხოვრება მირჩევნია, როგორიც მაქვს – უცეცხლო, მაგრამ სტაბილური. მე ვიცი, რომ ჩემი ქმარი არანაირი ქალის გამო შვილს არ მიატოვებს და ჩემთვის ეს არის მთავარი. სამაგიეროს კი, რა თქმა უნდა, გულში, იმით ვუხდი, რომ არც მე ვგიჟდები მასზე და, როცა მასთან ვარ, ვიღაც განყენებულ მამაკაცზე ვფიქრობ, არარსებულ რაინდზე.
ნუნუკა: – აი, ჩემთვის კი მთავარი ის არის, ქალად ვიგრძნო თავი და სხვა მამაკაცის ვნებიან გამოხედვაზე არ ვიოცნებო.
თათა: – მერე?
ნუნუკა: – რა მერე? ჩემმა ქმარმა იცის ეს და, რაც შეუძლია, ცდილობს, სხვისკენ არ გამახედოს.
ნინი: – მერე, გამოსდის?
ნუნუკა (სიცილით): – ისე რა!
ქეთა: – მაინც, როგორ ცდილობს?
ნუნუკა: – შეიძლება ითქვას, პათოლოგი ეჭვიანია. ჭიქას რომ მივაშტერდე, იმ ჭიქაზე იეჭვიანებს და ფანჯრიდან მოისვრის.
ნინი: მოკლედ, მაგარი ქმრები გვყავს: ერთს ფული ენანება, მეორეს – ალერსი, მესამეს – ყურადღება, მეოთხეს – გრძნობის გამოხატვა, მეხუთე პათოლოგი ეჭვიანია... რაღა დარჩა? რატომ ვითმენთ? და, საერთოდ, ამ ქალაქში ერთი ნორმალური ქმარი მაინც თუ დადის?! ვის ვაჭმევინებთ თავს? რატომ ვიწამლავთ ახალგაზრდობას და ვინგრევთ ნერვებს? ასეთ ქმრებს ან უნდა გაშორდე, ან ჭკუა  უნდა ასწავლო. ბოლოს და ბოლოს, რამით შეაშინო! ჩვენ რომ ასეთ დღეში ვართ, ეს ყველაფერი ხომ ჩვენს შვილებზე გადადის?!
ქეთა: – შენ რევოლუციონერობას თავი დაანებე! იმიტომ ვითმენთ, რომ, ეტყობა, ჩვენ თვითონ გვირჩევნია ასე. მაგრამ მე ახლა ერთი რამე მაინტერესებს: ყველამ ყველაფერი რომ დავფქვით, ჩვენი მასპინძელი რატომ არაფერს ამბობს ქმარზე, დავიჯერო, ასეთი იდეალური მეორე ნახევარი ჰყავს?
თათა: – იდეალური ქმარი არ არსებობს, ყველა ერთნაირი არარაობაა, მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა.
ნინი: – ეგ ზოგადი სიტყვებია, კონკრეტულად რაში ემდური ქმარს?
თათა: – რაში?! – ცოტა ხანს დაფიქრდა. მე დავიძაბე, თუმცა, მაინც მეგონა, რომ იტყოდა, თითქმის არაფერშიო, მაგრამ მწარედ შევცდი, – სექსი, პრინციპში, არა უშავს გვაქვს (ჰმ! ამას უყურე ერთი! – გავბრაზდი მე, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე), თუმცა, არც ისე ხშირად (ამაზე მთლად გადავირიე – კვირაში ერთხელ ან ორჯერ საკმარისი არ უნდა იყოს?!). ბრილიანტები არ მოაქვს, არც სხვა საჩუქრებით მანებივრებს და არც ფულს მაძლევს, რომ თვითონ ვიყიდო, რაც მჭირდება. ამას ურჩევნია, ის ფული ძმაკაცებთან დახარჯოს – ეს უფრო სასახელოდ მიაჩნია. კიდევ, არ უყვარს ჩემთან ერთად სადმე წასვლა, ის კი არა, როცა ორივე სახლში ვართ, სალაპარაკო თემაც კი არ გვაქვს... თუმცა, როგორც ვიცი, საქართველოში ეს ბოლო პრობლემა ყოველ მეორე ცოლ-ქმარს აქვს. სამაგიეროდ, არ მეჩხუბება, არ მაგინებს, ხელით შეხებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... ნინი, ამას შენს გასაგონად ვამბობ. ჰო, კიდევ, არ არის ეჭვიანი და არ იცის ზედმეტი შეკითხვებით თავის მობეზრება.
ქეთა: – გიყვართ ერთმანეთი? (ქეთამ აშკარად ეჭვი შეიტანა ჩემი და თათას გრძნობებში).
თათა: – მე და ვამეხი თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანები ვართ და ამის გამო ერთად კომფორტულად ვგრძნობთ თავს. არ ვიცი, იქნებ სწორედ ეს არის სიყვარული.
ნუნუკა: – ურთიერთლტოლვა და ვნება?
თათა (ხმამაღლა გაეცინა): – რა თექვსმეტი წლის გოგოებივით ლაპარაკობთ! ლტოლვაც და ვნებაც, პირველი ინტიმური ურთიერთობიდან ორიოდე თვეში ჩვევასა და ვალდებულებაში გადაიზრდება ხოლმე – სულ ეს არის.
... დაახლოებით ასეთი გახლდათ თათასი და მისი დაქალების საუბრის შინაარსი. მთავარი კი იყო ამ ყველაფრის ფინალი: როდესაც ბოლომდე „გამოუშვეს ორთქლი“ და ბოღმის, ტკივილისა თუ წყენისგან დაიცალნენ, დაქალები ხმაურით წამოიშალნენ, ხმამაღალი კოცნა-პროშნით გამოემშვიდობნენ მასპინძელს და კარისკენ ვიშვიშით გაემართნენ:
– ვაიმე, დამაგვიანდა, ნიკას თვითონ მოუწევდა ვახშმის გაცხელება!
– დედა, რა დრო გასულა, ბორიკო ბავშვს ვერ დააძინებდა!
– გოგოებო, დროზე გამოადგით ფეხი, თორემ, ჩემი ქმარი ვერ იტანს უჩემოდ დაძინებას!..
მოდი და დაიჯერე ამათი ნაბჟუტურევი! თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ, როცა მათ ვუსმენდი, ბევრი რამ მეცნო და მენიშნა, მაგრამ საკუთარ თავთან გამოტეხაც კი გამიჭირდა.
ამ თავქარიანმა ქალებმა გული მოიოხეს, უარყოფითი ემოციებისგან დაიცალნენ, მე კი, ახლაც, ამდენი ხნის შემდეგ, ამის გახსენებაზე ნერვები ამეშალა და საშინლად გავღიზიანდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალების ის უტვინო ქაქანი სულაც არ ყოფილა ჰაერში გაშვებული ცარიელი სიტყვები – იმ ავად სახსენებელი საღამოდან ორი თვის შემდეგ თათა გამეყარა. რატომღაც, არ გამიმხელია, რომ მათი ნალაპარაკევი მოვისმინე. სულ ვაპირებდი ჩემი აზრის გამოთქმას ამის შესახებ, მაგრამ ვერ მოვასწარი. ერთ დღეს, სამსახურიდან რომ დაბრუნდა, პირდაპირ მომახალა, გშორდებიო. სიმართლე გითხრათ, არ მწყენია, მგონი, გამიხარდა კიდეც, რადგან უკვე ეჭვის თვალით ვუყურებდი მის ყოველ სიტყვას და ნაბიჯს; თუმცა, მაინც შეურაცხყოფილი დავრჩი, რომ დამასწრო და თვითონ გამეყარა.
ზემოთ ვთქვი, პირველი დაქორწინებით იმედგაცრუებული კაცი ან ფრთხილობს მეორედ უღლის დადგმას, ან საერთოდ აღარ ირთავს ცოლს და დარჩენილ ცხოვრებას „გულაობაში“ ატარებს-მეთქი, მაგრამ ეს მოსაზრება თვითონვე გავაბათილე ჩემი საქციელით: პირველ ცოლს სამი წლის შემდეგ გავშორდი (ვაღიარებ – თვითონ გამეყარა, რაც ზემოთ არ მითქვამს), ერთი წელი ვიწანწალე სვეტლანებთან და ნატაშებთან და მერე ისევ შევირთე ცოლი, რომელმაც ორ წელიწად-ნახევარში მიმატოვა ისე, რომ მიზეზი არ უთქვამს, მხოლოდ ის მითხრა, მივდივარო. მესამეზე ხომ უკვე ვილაპარაკე. მათი გაცნობის ისტორიებსაც დავწერდი, მაგრამ არაფერი იყო საინტერესო. თუმცა, არა, საინტერესო ნიუანსები ყველა სიტუაციაში შეიძლება მოიძებნოს, ამიტომ, მაინც გადავწყვიტე, თითოეული ისტორია გავიხსენო, თუნდაც იმიტომ, რომ რომელიმეს არ დავწყვიტო გული (თუკი, რა თქმა უნდა, წაიკითხეს ჩემი ეს ნაცოდვილარი, რომელსაც მე „ქალებისგან მიტოვებული მამაკაცის აღსარება“ ვუწოდე).
მეორე ცოლს თეა ერქვა. შემიძლია ვთქვა, რომ გავიცანი დედაჩემის ძალდატანებით. თეა დედაჩემის თანაკლასელის შვილი იყო, რომელიც ბავშვობის შემდეგ არ ჰყავდა ნანახი. ერთხელ კი დედამისთან ერთად შეხვდა ქუჩაში და ისე მოეწონა, მაშინვე გადაწყვიტა, ჩემი რძალი უნდა გახდესო. ამიტომ ყველაფერი იღონა, რომ თავისი ყოფილი მეგობრის თანხმობა მიეღო და ჩვენ ერთმანეთისთვის გავეცანით. გაცნობა თეატრში მოხდა. იქ მივხვდი, რომ თეა აზრზე არ იყო, რა იჩალიჩეს ჩვენმა დედებმა. პირველი იმედგაცრუების შემდეგ ცოლის შერთვას აღარ ვაპირებდი, ყოველ შემთხვევაში, კარგა ხნის განმავლობაში, მაგრამ თეა მომეწონა და მეორე საღამოსვე დავურეკე, შევხვდეთ-მეთქი. მაშინვე დამთანხმდა. რომ მოვიდა, შევატყვე, რომ დიდად არ მოვეწონე, მაგრამ მაინც გამოისეირნა ჩემთან ერთად. ათას რამეზე ვისაუბრეთ და კმაყოფილი დავრჩი – განათლებული გოგო აღმოჩნდა და თან, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საოცრად მშვიდი. უცებ ძალიან კომფორტულად ვიგრძენი მასთან თავი და დამშვიდობებისას კიდევ დავუთქვი პაემანი. ისევ დამთანხმდა.
ასე ვხვდებოდით ერთმანეთს თითქმის წელიწადი და ახლა უნდა ვთქვა ერთი დაუჯერებელი რამ: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შორის არ მომხდარა არაფერი ინტიმური, თვით ყველაზე მსუბუქი ინტიმი – ტუჩებში კოცნაც კი. ჩვენი ურთიერთშეხება ამოიწურებოდა შეხვედრისას ლოყაზე კოცნით ან ხელკავით (მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ გადავხვიე მხარზე ხელი სეირნობისას). სხვათა შორის, ჩემგან წასვლის წინ, როცა საკმაოდ უსიამოვნო დიალოგი თუ საქმის გარჩევა გაიმართა, თეამ წამომაძახა კიდეც ეს ფაქტი.
მაშინ არც ამდენი კაფე, ბარი და რესტორანი იყო, ამიტომ ჩვენი პაემნების მარშრუტები მონაცვლეობით ასეთი იყო: ერთი შეხვედრისას ჩემს რომელიმე მეგობართან მივდიოდით სტუმრად (თან, ასე უფრო უშუალოდ გამოდიოდა თეასთვის ჩემი საძმაკაცოს გაცნობა), მეორე შეხვედრისას – მთაწმინდის პლატოზე რესტორანში (იქ სხვა რესტორნებთან შედარებით უკეთესი სიტუაცია იყო), შემდეგ ჯერზე – კინოში, შემდეგზე – ფეხით ვსეირნობდით მაშინდელი ლენინის მოედნიდან ვაკის პარკის ბოლომდე და უკან, – აი, სულ ეს იყო იმდროინდელი მასშტაბები, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ფანტაზია მეტს ვერ ქაჩავდა და არც თეას გამოუჩენია სადმე სხვაგან წასვლის ინიციატივა.
იყო ხოლმე მომენტი, როცა კარგა მანძილს გავივლიდით ფეხით და ერთმანეთს არაფერს ვეუბნებოდით. მაშინ მეგონა, ისე გვსიამოვნებს ასე გვერდიგვერდ სიარული, ლაპარაკი არც კი არის საჭირო-მეთქი, მაგრამ შემდეგ, როცა ჩვენს ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა, სხვა მომენტებთან ერთად თეამ ეს ჩემი სეირნობებიც გამიხსენა და ერთად მომახალა, რასაც თურმე ამდენი ხნის განმავლობაში ფიქრობდა ჩემზე და, საერთოდ, ჩვენს ურთიერთობაზე. ეს იყო ბრალდება, რომელმაც მე ძალიან აღმაშფოთა და განმარისხა, რადგან თავი (როგორც წინა შემთხვევაში) მაგარი ქმარი და მაგარი მამა მეგონა. ამიტომ, არც მე დავრჩი ვალში და კონტრარგუმენტებით ვუპასუხე. თუმცა გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ თითქმის ყველაფერში თეა იყო მართალი, მაინც არ დავიხიე უკან და შევეცადე, ჩემი პოზიციები დამეცვა (ძალიან გვიან გავაცნობიერე, რომ ამას ძირითადად ერთი მიზნით ვაკეთებდი – საკუთარ თვალში არ დავკნინებულიყავი, რადგან ჩემს გულსა და სულში ყოველთვის ბობოქრობდა ქალებისგან განებივრებული რაინდისა და დედისერთა ნებიერას ეგო).
თეამაც, რომელიც სიმშვიდის, მიმტევებლობისა და სიმყუდროვის შექმნის პროფესიონალად მიმაჩნდა, უცებ ისეთი კლანჭები გამოაჩინა, გაოცებისგან პირი დამრჩა ღია.
ერთ დღეს, როგორც მისმა წინამორბედმა (ანუ ჩემმა პირველმა ცოლმა), თეამაც პირდაპირ მომახალა, უნდა გაგშორდეო. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა მისი სიტყვები.
– რატომ? – ვკითხე ირონიულად, – საყვარელი გაიჩინე?
წარმოვთქვი თუ არა ეს იდიოტური ბრალდება, მაშინვე ვინანე, მაგრამ უკვე გვიან იყო (თეასგან საყვარლის გაჩენა ისევე არარეალური იყო, როგორც ჩემგან აბსოლუტური ერთგულება), როგორც მსხვერპლის გასაგლეჯად გამზადებულმა ავაზამ, თეამ რისხვით დააკვესა თვალები და ჩაისისინა:
– რა, არა ხარ ღირსი? რა თქმა უნდა, მყავს მეგობარი!
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3