კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ აერია გამომთვრალ იპოლიტე ხვიჩიას სცენა და სახლი

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „ცამეტი ჩემი ციფრია. კარგად მაქვს დაცდილი: ოჯახში 13 სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი. ქუთაისში ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი, ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზანების ¹3 სახლში გადმოვედი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 1953 წლის 13 ივნისს მივიღე; სახალხო არტისტის წოდება კი – 13 ივლისს, 1960 წელს... მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ ძვირფასი პარტნიორების წინაშე...” მას უყვარდა და იგი უყვარდა მთელ საქართველოს. ყველაფერზე კი მისი დღიურები მოგიყვებათ.
  ...14 წლისამ თბილისში, სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იპოლიტე მუშაობდა ხაშურის რაიონის საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციაში ინსტრუქტორად, შემდეგ – ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულის აგურის ქარხანაში მგეგმავი ეკონომისტის თანამდებობაზე, მერე ხე-ტყეს ჭრიდა ხაიშში, ლახამუშაში, ჭუბერში და აცურებდა ენგურზე, მაგრამ აქაც დიდხანს არ გაჩერებულა, რადგან არცერთი ეს საქმე არ იყო დაუდგრომელი ყმაწვილის ჭეშმარიტი გატაცება (მუშაობდა სოხუმშიც – მეთულუხჩედ და პურის მცხობელადაც კი).
ამასობაში საშა (ძმას) ყვინჩიას (ყვინჩია იყო თავდაპირველად) ხონის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი ჩამოეყალიბებინა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი გამხდარიყო. იგი „ვარდელის“ ფსევდონიმით მოღვაწეობდა და ორ პიესაზე მუშაობდა: „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ და „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.
  1929 წლის 20 სექტემბერს ამ ორი წარმოდგენით გაიხსნა ხონის რაიონული თეატრის პირველი სეზონი... და აი, 1932 წლის 10 სექტემბერს შეშინებული და მღელვარე იპოლიტე ხვიჩია პირველად წარდგა მაყურებლის წინაშე.
  22 წლის ჭაბუკი ძნელ და საინტერესო აღმართს შეუყვა. იპოლიტე მთელი მონდომებით მუშაობდა, წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ ძმას არწმუნებდა – „მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო“. ის კი არადა, დედაც კი მიუგზავნა საშა-რეჟისორს, – „დამეხსნას თავისი კომედიური როლებითო“...
  1936 წელს იპოლიტე სამუშაოდ გადავიდა ტყიბულში, მეშახტეთა ცენტრალურ კლუბში, გამგედ და სამხატვრო ხელმძღვანელად, სადაც ორი წლის განმავლობაში ხან მსახიობად და ხან რეჟისორად ევლინებოდა მაყურებელს.
  იმ დროს ქუთაისის თეატრში დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად მისულმა დოდო ანთაძემ, რომელიც დასს ახალი მსახიობებით აკომპლექტებდა, იპოლიტეც მიიწვია...  მისი ჯვებე ქილორდავას, კოხტაიას, ქუჩარას, ნაცარქექიას, ტიტიკოს, ბურდღუ ტაბაღუას, ტრუფალდინოს და სხვების დანახვაზე ქუთაისელ მაყურებელს წლების განმავლობაში მუცელზე კანი არ შერჩა. ის კი მაინც იხვეწებოდა:
– რა დაგემართათ, ერთი ტრაგიკული როლი რა გაგიხდათ ჩემთვისო. როგორც არ უნდა ეფიქრა იპოლიტეს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე, იგი მაინც შეუდარებელი კომიკოსი იყო.
  ქუთაისში „ყვარყვარე თუთაბერი“ ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა. ამ პიესის მთავარი გმირის შემსრულებელი კაპიტონ აბესაძე მუდამ თვითდაჯერებული
იყო იმაში, რომ სცენაზე ვერანაირი მოულოდნელობა და კურიოზი ვერ გამოიყვანდა მდგომარეობიდან. მაგრამ არსებობდა ისეთი კურიოზიც, რომელსაც „იპოლიტე“ ერქვა და კაპიტონის წარმოსახვაში ვერ თავსდებოდა. იმ დროს, როცა ყვარყვარე თავის კაბინეტში შესული ჩამოძონძილი, ჩამოკონკილი, ფეხსაცმელმობრეცილი, ქუდჩამოფხატული წვინტლიანების, ყაყუტას, ქუჩარას და ლირსას ჩაყრას ბრძანებს ციხეში, პიესის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ისინი ბადრაგს უნდა გაჰყვნენ, მაგრამ ქუჩარამ (იპოლიტემ) ასე გააგრძელა როლი:
დასტაცა ტელეფონის ყურმილს ხელი და უკუღმა ჩასძახა:
– რევკომო, ალო, რევკომო! რევკომო, მოგვხედე, გვიშველე, ბატონო, არავინაა, მოგვხედოს ამ უპატრონოებს?
ტელეფონის ყურმილის უკუღმა მომარჯვება და ეს „რევკომო!“ ისეთი მოულოდნელი იყო ყვარყვარეს როლის შემსრულებლისთვის,  რომ მას (კაპიტონ აბესაძეს) ენა ვეღარ მოუბრუნდა და სიცილი აუვარდა.
ამის შემხედვარე ქუჩარამ (იპოლიტემ) როლი ასე გააგრძელა:
  „აბა! რავა გეგონა შენ, რევოლუცია მარტო შენთვისაა, შენ  გგონია, შენს მეტი არავინ გვიპატრონებდა?“
  კულისებში დოდო ანთაძემაც ვერ შეიკავა თავი სიცილისგან, გონს რომ მოეგო, „ფარდაო“ დაიძახა. მაგრამ სპექტაკლის შემდეგ კრიტიკამ იპოლიტეს ეს იმპროვიზაცია არ მოუწონა. იპოლიტემ თავის მოღვაწეობაში ერთხელ კიდევ მიიღო საყვედური, ოღონდ ამჯერად თეატრის ხელმძღვანელობისგან, მაგრამ ეს საყვედური, იმპროვიზაციისთვის კი არა, კაცური პრინციპების გამო შეხვდა: მაშინ საქართველო თავის საყვარელ მსახიობს, გიორგი შავგულიძეს გლოვობდა. ამ დროს ქუთაისის თეატრში განაწილებული იყო პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინების“ როლები. ხარიტონის როლზე იპოლიტე ხვიჩია გახლდათ დანიშნული და რეპეტიციებიც უკვე დაწყებული იყო. თეატრი დედაქალაქში საგასტროლოდ ემზადებოდა და მისმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა და მთავარმა რეჟისორმა აკაკი ვასაძემ „კოლმეურნის ქორწინება“ საგასტროლო რეპერტუარში შეიტანა. იპოლიტე ხვიჩიამ იმდენად განიცადა გიორგი შავგულიძის გარდაცვალება, რომ სპექტაკლზე არ მივიდა – „ჟორას შემდეგ ამ როლს ვეღარ ვითამაშებო“ – თქვა. აკაკი ვასაძემ იპოლიტეს უარი არ მიიღო და ოფიციალური საყვედურიც კი გამოუცხადა. ქუთაისის თეატრში გაღრმავდა და გაფართოვდა იპოლიტე ხვიჩიას ნიჭი და ტალანტი, აქ მიიღო რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და სახალხო არტისტის წოდებები. მაგრამ, ბუნებრივია, თბილისი ქუთაისს მთლიანად ვერ დაუთმობდა იპოლიტეს. 1961 წელს, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიწვევით, იპოლიტე სამუშაოდ რუსთაველის თეატრში და „ქართულ ფილმში“ გადავიდა და ოჯახითურთ დედაქალაქში დაფუძნდა. მაგრამ ქუთათურებისათვის არასდროს უღალატია, ის ბოლომდე დარჩა ქუთათური!..
1966 წლის 13 აპრილს კი „უკანასკნელი მასკარადი“ უკანასკნელი სპექტაკლი აღმოჩნდა იპოლიტესათვის, იგი მთლიანად მიეჯაჭვა კინოსა და ტელევიზიას. მაგრამ უმთავრეს მიზნად მაინც თეატრში დაბრუნება მიაჩნდა...
  კინოში იპოლიტეს მრავალი გმირი ჰყავს განსახიერებული. ამდენი სახის შექმნისთვის იპოლიტეს ღვაწლი, ვფიქრობთ, მაინც არ დაფასდა ისე, როგორც იმსახურებდა, თუმცა კი, ქართულ სამსახიობო არეალში იგი ერთადერთი მსახიობია, რომლის სახელობის პრიზიც დაარსდა – პრიზი საუკეთესო კომიკოსისა, რომელიც გივი ბერიკაშვილს, კახი კავსაძესა და რეზო გაბრიაძეს აქვთ მიღებული. იპოლიტე არ იყო განებივრებული სახელმწიფო ჯილდოებით და საფესტივალო პრიზებით, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ქართულ კინოფილმებს შორის კომედიამ იმ უმაღლეს საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწია, რაც სხვა ჟანრის ფილმებს ხვდა... რეზო ჩხეიძის გვერდით მჯდომ ყველა დროის უდიდეს ფრანგ მსახიობს თარჯიმნის მეშვეობით უთქვამს:  „რატომ არ ვიცნობ ამ კაცს, ეს რა გენიოსი გყოლიათ?“
ერთხელ იპოლიტეს ფესტივალებთან დაკავშირებით ჰკითხეს:
– ფესტივალებზე რატომ არ დადიხარ, მოსკოვში წასვლა მაინც რა გაგიხდაო?
– იმიტომ, რომ, – დაუმარცვლავს თავისებური მახვილებით მსახიობს, – ეშინიათ, ჩემნაირი რუსული მოსკოვში არ ისწავლონო...
დალუქული პალტო
  იპოლიტე და რეზო ხობუა ერთ-ერთ სპექტაკლში პარტნიორები იყვნენ. მოხდა ისე, რომ სპექტაკლის წინ იპოლიტე რეზოსთან მივიდა და სთხოვა: დღეს
იქნებ ეს სცენა „გავიტანოთ“, ძალიან მეჩქარებაო. რეზოს მეტი რა უნდოდა, სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, მორიგეს დიდი ბოქლომი გამოართვა, მივიდა საგრიმიოროში, იპოლიტეს პალტოს ღილკილოებში გაუყარა და ასე დაუმაგრა საკიდარზე. თავისი სცენის შემდეგ იპოლიტე ამოვარდა საგრიმიოროში, სასწრაფოდ გაიხადა, ჩაიცვა თავისი ტანსაცმელი და ემზადება გასაქცევად, მაგრამ აღარ მოჰყვა პალტო ხელში – დაკეტილია ბოქლომით. ლამის გაგიჟდა. მიხვდა, ვინც მოუწყო ეს ოინი:
– სადა ხარ, რეფერო (ასე ეძახდა რეზოს სიყვარულით), მოგკლავ იცოდე!
მაგრამ რეზო როგორ გამოჩნდებოდა. დააგვიანდა იპოლიტეს იმ დღეს!.. გაიარა რამდენიმე სპექტაკლმა... იპოლიტე „ჩუმადაა“, არადა, ყველა ელოდება, რომ დღეს თუ არა ხვალ რაღაც უნდა მოხდეს, „საქმე“ ასე იოლად არ ჩაივლის. „რეფეროც“ ფრთხილობს, მაგრამ ერთ დღესაც ბიჭები მანქანით მოადგნენ – სპექტაკლის შემდეგ საქეიფოდ წავიდეთო. რეზოს ეჩქარება. იპოლიტე იცინის... ახლა რეზო ამოვარდა ოთახში, ტანსაცმლის გამოცვლა დაიწყო, „შიპლეტებში“ ფეხები ჩაყო და უნდა გაიქცეს, მაგრამ იატაკზე ცხვირპირით დაენარცხა, წარბიც გაუსკდა... ამბის გასარკვევად მისულებს „შიპლეტები“, სულ მცირე, ოცდაათი ლურსმნით დახვდათ იატაკზე დაჭედილი.
იპოლიტე, რა თქმა უნდა, არსად ჩანდა...
 ვერიჩკა ვინაა
  60-იან წლებში ბატონმა დოდო ანთაძემ რუსთაველის თეატრში იპოლიტესთვის სპეციალურად დადგა ლევან სანიკიძის კომედია „ქუთათურები“. სპექტაკლში იყო ასეთი ათწუთიანი ეპიზოდი, როცა მაგიდას იპოლიტე ხვიჩია, ემანუილ აფხაიძე, კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე და ხუთი მომღერალი უსხედან, ხსენებული ეპიზოდი კი სინათლის ჩაქრობით მთავრდებოდა. მსახიობისათვის, რომელიც ოფიციანტს თამაშობდა, კახეთიდან ღვინო ჩამოეტანათ და მასაც უფიქრია, ამაზე უკეთეს ხალხს ვის დავალევინებო და ღვინით სავსე ჭურჭელი კულისებში დაუდგამს, სპექტაკლისთვის განკუთვნილ ბოთლებშიც ეს ნამდვილი ღვინო ჩაუსხამს. პიესის მიხედვით, ოფიციანტი ერთხელ უნდა შესულიყო სცენაზე და ცარიელი ბოთლები გაეტანა, ამჯერად კი ათჯერ მაინც მოუწია სავსე ბოთლების შეტან-გატანა. სცენა ათწუთიანიც კი არ იყო, მაგრამ ნახევარ საათს გაგრძელდა სადღეგრძელოებსა და ცეკვა-თამაშში.
ბოლოს ჯემალ ღაღანიძემ იპოლიტეს ჩუმად გადაულაპარაკა:
– გვეყო, ბატონო იპოლიტე, დავამთავროთ!
– შენ ხომ არ გაგიჟდი, რა უნდა დავამთავროთ?! ახლა ვიწყებ ქეიფს! – ჰკრა ხელი, გადააყენა თამადობიდან და დაიწყო სადღეგრძელოები. თამარ მეფიდან მოყოლებული ყველა დიდი მამულიშვილის სადღეგრძელო შესვა და არც მაყურებელი დაივიწყა:
„თქვენს მობრძანებას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს; ვინც გარეთ დარჩა და სპექტაკლზე ვერ შემოვიდა, იმათი ხსოვნისაც იყოსო” და ასე შემდეგ... შიგადაშიგ ვერიჩკასაც ახსენებდა.
ჯემალ ღაღანიძემ მობოდიშებით ყურში ჰკითხა იპოლიტეს:
– ვერიჩკა ვინ არის?
იპოლიტემ კითხვითვე უპასუხა:
– აბა, ვისას ვართ?!
– ვერიჩკასას წუხელ ვიყავით, ახლა სცენაზე ვართ და დროზე დავამთავროთო, – არ ეშვებოდა ჯემალი, რომელსაც თავისი „გაბარიტების“ გამო ღვინო ნაკლებად მოეკიდა.
– რა უნდა დავამთავრო?! – წამოხტა იპოლიტე მაგიდიდან, დანა აიღო, ჩაიდო პირში და დაიწყო ცეკვა.
ახლა კარლო საკანდელიძეს მიუბრუნდა ჯემალი ხვეწნით:
– ჩაარტყი, კარლო, ბოთლი ძიძავას და შუქსაც ჩააქრობენ (პიესის თანახმად, სანამ საკანდელიძე ძიძავას მუყაოს ბოთლს არ ჩაარტყამდა, სცენაზე სინათლეს არ აქრობდნენ. ბოთლის ჩარტყმა ნიშანი იყო გამნათებლისთვის).
– რა ჩავარტყა? ბუტაფორული ბოთლი ოფიციანტმა წაიღო, ნაღდს ხომ არ ჩავარტყამ?! – მოუბრუნდა კარლო.
– ჩაარტყი!
– კი ბატონო, ჩავარტყამ! – წაავლო ნამდვილ ბოთლს ხელი კარლომ და გაეკიდა შეშინებულ ძიძავას, რომელმაც სცენაზე დაიწყო სირბილი და ყვირილი:  მომკლავს, ხალხო, მომკლავს!
გამნათებელმა, როგორც იქნა, ჩააქრო სინათლე. სიცილით დაოსებული მაყურებელი კი იატაკზე გორავდა.
ეს იყო, ალბათ, რუსთაველის თეატრის არსებობის ისტორიაში პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მსახიობებმა სცენაზე ქეიფი ნამდვილი ღვინით გამართეს.


скачать dle 11.3