კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№46 რამდენ ადამიანს შეუცვალა ამერიკაში გარეგნობა, იმიჯი და ცხოვრება მაია ჯანაშიამ და რა გავლენა იქონია მისმა წიგნმა ჭარბწონიან და დეპრესიულ ქალებზე

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  48 წლის მაია ჯანაშია-სმიტი ამერიკაში უკვე წლებია, ცხოვრობს, საკუთარი ბიზნესის წყალობით წარმატებულიც გახდა და მისი დაწერილი წიგნით – „ინტერნეტ-პატარძლიდან ბიზნესლედიმდე“, ამერიკელები ბედნიერ, მიზანდასახულ ცხოვრებას სწავლობენ. სხვათა შორის, ამ წიგნმა, გაყიდვების თვალსაზრისით, მეორე ადგილი დაიკავა და საკმაოდ მოთხოვნადია. მას მაია ორი წელი წერდა. როგორც თავად ამბობს, მეგრული გენეტიკა და „ხელი“ ამერიკაშიც შველის. მან გაიარა გზა, რომელსაც თითქმის ყველა ქართველი ემიგრანტი გადის უცხოეთში, მაგრამ მიზნამდე, გააზრებული ნაბიჯებით მივიდა.
  მაია ჯანაშია-სმიტი: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან მიზანდასახული, ჩამოყალიბებული ვიყავი და მოწინავე-პროგრესული იდეები მაწუხებდა (იცინის). ყოველთვის ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა, რომ ოცნებები ამეხდინა. მართალია, ამისთვის ბევრი შრომა და რისკზე წასვლა მიწევდა, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ იმით, რა გზაც გავიარე. მერვე კლასიდან ვკერავდი, ვაწყობდი ჩვენებებს, მოდელებს ვქმნიდი. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ იქ მოწყობა ძნელი იყო და დედამ მირჩია: ერთი სერიოზული პროფესია აირჩიე და მოდები, ხატვა და პროგრესულობა ჰობი იყოსო. მოკლედ, ჩავაბარე „გეპეიში“, კომპიუტერებსა და მართვის სისტემებზე. უცხო ენებზე და  კომპიუტერულ პროგრამირებაზეც დავდიოდი და ეს ყველაფერი ახლა ძალიან გამომადგა.
– თქვი, ყოველთვის მიზანდასახული, პროგრესული ვიყავიო. ამერიკაში წასვლა და იქ გათხოვებაც მიზნად  გქონდა დასახული?
– ადრეულ ასაკში გავთხოვდი, თუმცა, პირველი ოჯახი დამენგრა, არ გამიმართლა. წლები რომ გავიდა, მერე გავაანალიზე, რომ, ალბათ, მეც ვიყავი დამნაშავე. მოკლედ, ტურისტულ სააგენტოში ვმუშაობდი და ბევრ უცხო ქვეყანაში დავდიოდი. ამერიკაში პირველად რომ მოვხვდი და ერთი წელი ვიცხოვრე, მაშინ, გათხოვებაზე არც კი მიფიქრია. დედა სულ მირეკავდა: ჩამოდი, ოჯახი შექმენი, წლები გემატებაო. ჩამოვედი და ისე ვიჯექი, ყავაზეც კი არავინ მეპატიჟებოდა (იცინის). ჩვენი მენტალიტეტი არ გაძლევს იმის უფლებას, ბოიფრენდები გაიჩინო და შვილები უმამოდ იყოლიო. მეც ასე მზრდიდნენ. ამერიკაში კი დღეს რომ ვყვები, ჩემს ქვეყანაში 32 წლის ასაკში, უქმროდ შვილს ვერ გავაჩენდი და ვერც ბოიფრენდს ვიყოლიებდი-მეთქი, გაოცებულები მიყურებენ (იცინის). მოკლედ, ინტერნეტში იყო საიტი, სადაც დაოჯახების მიზნით დებდნენ განცხადებებს. ვიფიქრე, ცოტას გავერთობი-მეთქი, დავიფარე შავი პარიკი, გადავიღე ფოტო, დავირქვი ნინო, გავაშანშალე ანკეტა და დავდე საიტზე. მეორე დღესვე შემეხმიანენ და გავიცანი ჩემი ახლანდელი მეუღლე – ჯო სმიტი. კომპიუტერიდან გაცნობილ ადამიანს ექვსი თვე ველაპარაკებოდი და უკვე 16 წელია, ის ჩემი ქმარია. ამ ამბავს სასწაულად მივიჩნევ, რომელიც ახდა. მოკლედ, მე ჩემი გეგმები მქონდა, გათხოვება მინდოდა ამერიკაში, ვცადე და ღმერთის წყალობით, გამომივიდა. იმ დროს 32 წლის ვიყავი, უკვე განათხოვარი და ქართული სტანდარტებით, ჩემი შანსები ძალიან დაბალი იყო. ვევედრებოდი უფალს, გზა გამომიჩინე, მშვიდი და ბედნიერი ოჯახი რომ შევქმნა-მეთქი. როცა დიდი დიღმის ეკლესიაში ჩემს მოძღვარს, დავითს, კურთხევა ვთხოვე, მან იმ ხატზე მიმითითა, რომლის წინაშეც ვლოცულობდი და მითხრა: ამ მაცხოვრის ხატის ნიუ-იორკში წაბრძანებაა საჭირო და კურთხევას გაძლევ, რომ წააბრძანოო. ასე ჩამიყვანა მაცხოვრის ნებამ და მამა დავითის ლოცვა-კურთხევამ ამერიკაში – ბედიც გამეხსნა და ბედნიერიც ვარ. რომელ ეკლესიაშიც დავაბრძანე ხატი, იქ დავიწერე ჯვარი ჩემს ქმართან. ჩრდილო კაროლინაში ვცხოვრობ, ქალაქ კონკორდში. ასე სასწაულად მოხდა ჩემი გათხოვება ჯო სმიტზე,  პატარა საქართველოდან – დიდ ამერიკაში.
– როგორც ვიცი, შენი მეუღლე საკმაოდ შეძლებული ადამიანია, თუმცა საკუთარი ბიზნესის წამოწყება მაინც გადაწყვიტე, დაიწყე ამერიკელი ქალების ჩაცმაზე ზრუნვა და საკმაოდ წარმატებული ლედიც გახდი. ხომ ასეა?
–  ამ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ძალიან სწრაფი ტემპია, ყველა საკუთარი გრაფიკითა და გეგმით ცხოვრობს. თავიდან დავიბენი – გვერდით არც მეგობარი მყავდა, არც ნაცნობი და არც ნათესავი. თუმცა, ჩემმა მეუღლემ ეს ყველაფერი გადამატანინა, ბიზნესის აწყობაშიც დამეხმარა და მადლობა უფალს, რომ ბედნიერი, მშვიდი და მოსიყვარულე ოჯახი გვაქვს და არც შემოსავალი გვაკლია. ისეთი ტიპი ვარ, ფეხი-ფეხზე გადადებული, სხვისი ხელის შემყურე ვერ ვიჯდები. 15 წლის წინ ქალის ტანსაცმლის მაღაზია გავხსენი. დიზაინისა და კერვის ნიჭი ბებიებისა და დედისგან გამომყვა. ნიჭი თუ გაქვს და შრომა არ გეზარება, ღმერთი ხელს აუცილებლად მოგიმართავს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მოჰქონდათ ცნობილი დიზაინერების კაბები და მის ანალოგებს, უთარგოდ ვუკერავდი. პატარძლებისთვის „ვერსაჩეს“ საქორწინო კაბის ფოტო რომ მიმიტანეს, ზუსტად ისეთი შევკერე, ვერ გაარჩევდით, მართლა ორიგინალი იყო თუ არა. მერე სამკაულებიც შევქმენი, მაღაზია „მაია ფეშენში“ გამოვიტანე და ძალიან მოსწონდათ. ძალიან შრომატევადი საქმე იყო, თუმცა, მდიდრები მარტო ჩემს ხელს ენდობოდნენ. მახსოვს, ქალაქში მდიდარი ქალების წვეულება მოეწყო და უმრავლესობას ჩემი შეკერილი ეცვა. მერე, მეორე მაღაზიაც გავხსენი. ამერიკაში თუ კლიენტს სამოსი მოეწონა, მაღაზიაში მას ვერ ეუბნებიან, რომ არ უხდება. მე კი, ისეთი ქოთქოთა ვარ, თუ არ მომეწონებოდა, ვეუბნებოდი, ახლავე გაიხადე, სხვა რამე მოიზომე-მეთქი (იცინის). ამის გამო მდიდარი ამერიკელები ქართველ პროვოკაციულ მრჩეველს მეძახდნენ (იცინის).
მოუხედავად იმისა, რომ შენი შეკერილი და შექმნილი მოდელები საკმაოდ პოპულარული იყო, ბიზნესიც წარმატებულად ააწყვე, გადაწყვიტე, ახალი პროფესია მოგერგო და დღეს, ჯანსაღი კვებისა და სწორი ვარჯიშის დახმარებით, ბევრი ადამიანი დეპრესიიდან გამოიყვანე...
– მივხვდი, როდესაც ქალებს ლამაზად ვაცმევდი და ვეხმარებოდი, ეს მაინც არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მათთვის ბედნიერება და სიხარული
მომეტანა. რომ ვხედავდი, პატარა ასაკის გოგონები მოდიოდნენ კაბის შესაკერად, საკმაოდ პუტკუნები, სახეზე აკნეთი და ცუდ ხასიათზე, ჩამოჟამებული სახეებით,  დავინტერესდი, რაში  იყო საქმე. ჩემს ოჯახში სწორ კვებას, სპორტს და ენერგიის სწორად ხარჯვას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დავფიქრდი და მივხვდი, რა იქნებოდა გამოსავალი – ამერიკაში ინსტიტუტი დავამთავრე, ავიღე ჯანმრთელი კვებისა და წარმატებული ცხოვრების კონსულის დიპლომი, მერე იოგას სერტიფიკატი ავიღე და ახლა იოგას თავად ვასწავლი. სწორი კვება და იოგა – ეს ერთ-ერთი გზა და საშუალებაა, რომ ამ გადარეული ტემპისა და უცნაური სტანდარტების ქვეყანაში ხალხს სულიერებაზე ელაპარაკო და წარმატებული მომავალი დაუსახო. დავიწყე ამ კუთხით მუშაობა და დღეს ჩემთან ბევრი ქალბატონი დადის, ფორმაში ჩადგა, ზედმეტი კილოგრამები დაიკლო, ცხოვრების ხალისი დაიბრუნა, დეპრესია უკან მოიტოვა. ზოგადად, აქ სტუმრად მისვლა-მოსვლა არ იციან, არც მეზობელი გადავა მეზობელთან ყავის დასალევად და საჭორაოდ. ჰოდა, ეს ქართული ტრადიცია მე შემოვიღე და ჩემთანაც მოდიან მეზობლები სტუმრად და მეც დავდივარ. ერთ დღეს ამერიკელი დიასახლისები შემოვიკრიბე და კომბოსტოს მწნილის დამზადება ვასწავლე. ისე მოეწონათ, მერე ბევრმა მთხოვა და მეც ჭკუა ვისწავლე – დავადე ფასი ჩემს ხელობას. მაკითხავენ სამკილოიანი ქილებით ხელში და თითო ადამიანისგან 65 დოლარს ვიღებ სწავლაში (იცინის). ახლა, ყველის ამოყვანას მთხოვენ, ესეც უნდა ვასწავლო, მაგრამ, ჯერ რა ფასს დავადებ, არ ვიცი (იცინის). სადილს ყოველდღე ვამზადებ. ჩემს მეუღლეს ხაჭაპური ძალიან უყვარს, მაგრამ ჯანსაღი კვების მიმდევარია და ხაჭაპურს კი არა, პურსაც არ მიირთმევს. რომ ვიტყვი, ახალი იდეა მაქვს-მეთქი, ვაიმე, კაცოო, ყვირის (იცინის). აქ სულიერ დაკმაყოფილებას მატერიალურში ეძებენ, რაც ბედნიერების მომტანი არ არის. ამიტომ, ბედნიერებას ზოგჯერ კვებაში ხედავენ, რასაც ჭარბი წონა მოსდევს. როდესაც ჩემთან კლიენტი მოდის, მას ექვსთვიან პროგრამას ვთავაზობ. პირველი სამი თვე, ძირითადად, საკვებსა და სასმელს ეხება. ამერიკელები ძალიან ბევრს მოიხმარენ „კოკა-კოლას“, „პეპსის“ და სხვა მსგავს სასმელებს, რაც ორგანიზმისთვის დამანგრეველია. აგრეთვე, იკვებებიან „ფასტ-ფუდით” და შვილებისა და მეუღლის გამოსაკვებად „მაკდონალდსში“ ჰამბურგერებს ყიდულობენ. წარმოშობით ეგვიპტელ ჩემს ნაცნობ მზარეულ ქალბატონს მოველაპარაკე და წამოვიწყეთ ბიზნესი, რომლის ფარგლებშიც კლიენეტებს დამზადებულ სადილს ვთავაზობთ. როდესაც ქალები საკვების საკითხს მოიწესრიგებენ, მაშინვე წონაში კლებას იწყებენ. ამის მერე კი, ემოციურ და ცხოვრებისეულ საკითხებზე გადავდივართ.
– დიდი ხანი არ არის, რაც წიგნი დაწერეთ, გამოეცით და ფაქტია, თქვენი გარკვეული წვლილი შეიტანეთ ათასობით ქალის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. მართალია, რომ გაყიდვების თვალსაზრისით, ეს წიგნი მეორე ადგილზეა და მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა?
– დიახ, ჩემი წიგნი – „ინტერნეტ-პატარძლიდან ბიზნესლედიმდე“, რომელსაც ორი წელი ვწერდი, გარკვეულწილად, ქალების იღბლიანი ცხოვრების სახელმძღვანელოდ იქცა. გამოსვლისთანავე, გაყიდვის მიხედვით, მეორე ადგილი დაიკავა. ეს წიგნი, ნაწილობრივ, ავტობიოგრაფიულია და თან, დიდი მოტივაციის გამომწვევი.  „ამაზონზეც“ იყიდება და საკმაოდ პოზიტიური კომენტარები იწერება. ბევრჯერ მომისმენია, როგორ წუწუნებენ ქალები – უნდათ კარგი ბედი, უკეთესი სამუშაო ან უკეთესი გარეგნობა. არადა, არც კი იციან, რომ თუ ნამდვილად გულით სურთ რაიმე, ყველაფერი გამოუვათ. მე ბედნიერების მოსაპოვებლად რისკი გავწიე, ოკეანე გადავლახე, უცხო გარემოში ვცადე ის, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. დღეს პირად ცხოვრებაშიც ბედნიერი ვარ და ბიზნესშიც – წარმატებული. ქართველი ქალების უმრავლესობას ჰგონია, რადგან ამერიკელს გაჰყვები, ყველაფერი ქმარმა უნდა მოგართვას და თან, შენ გართობასა და ჩაცმა-დახურვაზეც უნდა იზრუნოს. მე კი მიმაჩნია, რომ პარტნიორებს ერთმანეთისთვის ასეთი კომფორტის  შექმნა თანაბრად ევალებათ. სულ ვამბობ, ადამიანმა სწორი აზროვნება უნდა ისწავლო, თორემ აგურით შეიძლება, სახლიც ააშენო და ადამიანიც მოკლა. ამერიკაში, ინდივიდუალიზმი ჭარბობს, ყველა თავის ნაჭუჭშია და ცდილობენ, თავისი სამყარო და სივრცე ჰქონდეთ. მე ამ ინდივიდუალისტურ ქვეყანაში საკუთარი ადგილის პოვნაში ჩემი ქოთქოთა ხასიათი, სწორი თვითდაჯერებულობა, გენეტიკა და სარწმუნოება დამეხმარა. თავად უნდა იყო მოწესრიგებული, ოჯახური იდილიით კმაყოფილი, რომ სხვას რაიმე ურჩიო. არ მიყვარს, როცა 50 წლის ასაკში იბერებენ თავს და ცხოვრებას დეპრესიული თვალით უყურებენ. როგორც წარმართავ შენს ცხოვრებას და მიუდგები შენს იმიჯს, ისეთი ცხოვრებაც გექნება. რომ ამბობენ, არ მაქვს იღბალიო... იღბალი რა არის? ფიჩხი, რომელსაც განგება ცეცხლს უკიდებს. თუ შენ ეს ფიჩხიც არ დააგროვე და ფეხი-ფეხზე გადადებული ზიხარ, როგორ აინთება შენი იღბლის ცეცხლი?

скачать dle 11.3