კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№46 როგორ გახადა ზაურ ანთიამ ირლანდიური კრივი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სპორტის ბევრმა გულშემატკივარმა, ალბათ, არ იცის, რომ საკრივო ტრადიციებითა და წარმატებებით ცნობილ ირლანდიას 2003 წლის შემდეგ ქართველი მწვრთნელი, ზაურ ანთია ხელმძღვანელობს. „ის არის ირლანდიური კრივის სერ ალექს ფერგიუსონი. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მან ბევრი რამ შეცვალა ირლანდიური კრივის სასიკეთოდ“, – წერს ტიტულოვანი ირლანდიელი მოკრივე, კარლ ფრამპტონი. ის მსოფლიოს ჩემპიონი და უმაღლესი რანგის მოკრივეა. „ის არის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი. ჩემთვის მეორე მამასავითაა, რომელმაც სპორტშიც და ცხოვრებაშიც ბევრი რამ მასწავლა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ირლანდიაში კრივის განვითარებასა და ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებში“, – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი კეტი ტეილორი.
  ზაურ ანთია: 1985 წელს ჯერ კიდევ მოქმედი სპორტსმენი ვიყავი. ექვსჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. ჩემი მწვრთნელი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ტარიელ ვერულაშვილი იყო. მან თავის აღზრდილი მოკრივეებიდან ბევრი დაასაქმა. ფოთში ბავშვთა და მოზარდთა კრივის სპორტული სკოლა გახსნა და იქ დავიწყე მუშაობა მწვრთნელად. 1988 წელს, სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, ქალაქ როსტოვში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ჩატარდა. იმ წელს ძალიან კარგი სპორტსმენები გვყავდა: ზურაბ სარსანია, ლაშა გეგენავა, კობა გოგოლაძე და კიდევ ბევრი, მაგრამ ეს სამი განსაკუთრებით ძლიერი იყო. ლაშა გეგენავა ჩემპიონატამდე რვა თვით ადრე სანქტ-პეტერბურგში გადავიდა და ჩვენ რომ საქართველოდან წავყევით ჩვენს სპორტსმენებს საბჭოთა პირველობაზე, ის იქიდან ჩამოვიდა. გოგოლაძისა და გეგენავას დამსახურებით ორი ოქროს მედალი ავიღეთ, სარსანიამ მესამე ადგილი დაიკავა. მაგრამ საბჭოთა პერიოდში ასეთი კანონი იყო, თუ ხუთი-ექვსი წელი ავარჯიშებდი სპორტსმენს, რვა თვე არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მისი შედეგი სხვა ქალაქს თუ ქვეყნას ჩათვლოდა. ამიტომ მისი გამარჯვება ჩვენ მოგვეწერა და ამ გამარჯვებისთვის მე დამაჯილდოვეს, როგორც საბჭოთა კავშირის პირველობის გამარჯვებულის მწვრთნელი. სამივე მოკრივე საბჭოთა კავშირის ნაკრებში აიყვანეს და მეც მომცეს უფლება, მათთან ერთად ვყოფილიყავი. აქედან დავუახლოვდი საბჭოთა კავშირის მთავარ მწვრთნელს და ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი. ამ ბიჭებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს. სამ-სამჯერ გახდნენ ჩემპიონები. ისინი იყვნენ საქართველოს წამყვანი მოკრივეები. სამწვრთნელო კარიერა ახალი დაწყებული მქონდა და ეს ძალიან დიდი წარმატება იყო. სამ წელიწადში არ მოდის ამხელა წარმატება. საბჭოთა კავშირის პრიზიორის გაზრდას მთელი ცხოვრება უნდებოდნენ, მაგრამ როგორღაც ასე მოხდა. ეს იყო კრივის „ოქროს ხანა“ საქართველოში.
  მერე იყო არჩევნები და ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა ზურაბ გუნია, მე დავინიშნე ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ორი წლის შემდეგ, ხელახლა ამირჩიეს, მაგრამ მეორედ რომ დავინიშნე ამ პოზიციაზე, მაშინ მომივიდა ირლანდიის კრივის ფედერაციიდან მოწვევა, ჩემი სივის შესაბამისად. ეს დიდ გამოწვევად მივიღე. ჩემი აზრით, ეს ბედი იყო. არ მეგონა, თუ ჩემს მოსწავლეებს დავტოვებდი და წავიდოდი. წლების განმავლობაში ვწუხდი იმ სპორტსმენებზე, ვინც საქართველოში დავტოვე. თუმცა, მე საქართველოში ცოტა არ გამიკეთებია, საკმარისი შედეგი მქონდა. ასე რომ, ვერავინ იტყვის, საქართველოს გული და სული დააკლოო. ჩემი გაზრდილი სპორტსმენებით ბევრჯერ უამაყია საქართველოს. ირლანდიაში რომ ჩავედი, სამეტაპიანი ინტერვიუ გავიარე. ჩვიდმეტი მონაწილე იყო სხვადასხვა ქვეყნიდან. მე ყოველთვის თავდაჯერებული ვიყავი და ვიცოდი, რაში დევს წარმატება. გავიმარჯვე იმ ინტერვიუში.
– თუმცა, იქ მოლოდინისგან განსხვავებული რეალობა დაგხვედრიათ.
– ქვეყანა, რომელიც კრივის ტრადიციებით იყო სავსე, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. კრივი ძალიან დაბალ დონეზე იყო. ინტერვიუზე მათ ჩემი ხედვები და გეგმები გავაცანი, მესამე ეტაპზე კი ვარჯიში უნდა ჩამეტარებინა. წინ ირლანდიის ნაკრები დამიყენეს. რომ შევხედე, ვერ დავიჯერე, რომ ნაკრები შეიძლებოდა ისეთ მდგომარეობაში ყოფილიყო. ახლოსაც კი ვერ მივიდოდნენ ჩემს მოსწავლეებთან.
– თან მაშინ ენაც არ იცოდით, არა?
– „ბოდი ლენგვიჯს“ ვიყენებდი მათთან საურთიერთოდ. როცა ადამიანი თავდაჯერებული ხარ და სულითა და გულით აკეთებ რამეს, შენი ქარიზმა სხვა ადამიანებზეც გადადის. „ბესთ ქოუჩ“ ეს იყო პირველივე შეფასება, რომელიც მათგან მივიღე. მაგრამ რადგან ენა არ ვიცოდი, მთავარ მწვრთნელად სხვა დანიშნეს. მე რამდენიმე წელიწადი სტატუსად მქონდა „ყველა ნაკრების მწვრთნელი ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებაში“. ენის პრობლემა რომ გადავლახე, გავხდი ირლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელ-კურატორი, როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში.
– თქვენ „კრივის ფერგიუსონს“ გიწოდებენ. ადამიანს, რომელმაც ირლანდიური კრივი რეგრესიდან გამოიყვანა და ერთ-ერთი მოწინავე გახადა. მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეებს შორის არიან ირლანდიელები. რა დრო დაგჭირდათ სრულიად უცხო გარმეოში, ენის არცოდნის ფონზე ამ შედეგის მისაღწევად?
– ეს შედეგი თავდაჯერებულობამ და დიდმა ენერგიამ გამოიწვია. შეუპოვარი უნდა იყო. მე მარტო არ ვიყავი, გუნდი მყავდა. ირლანდიას არ ჰქონდა საკმარისი თანხა, რომ სისტემა აგვეწყო. თავიდან ნაკრები კვირაში ერთი დღე უნდა მევარჯიშებინა. საქართველოში კვირაში ექვსი დღე ვავარჯიშებდი მოკრივეებს და ამ პირობებში რთული იყო შედეგის მიღწევა და განვუცხადე: ასე თუ გავაგრძელებთ მუშაობას, ამათ კი არ დავკარგავთ, მეშინია, მე თვითონ არ დავიკარგო-მეთქი და ჯერ ორ, შემდეგ სამ დღეზე გადავედით. თქვენ წარმოიდგინეთ, პირველ პერიოდში, ის სამი დღე, როდესაც ვარჯიშით ვიყავით დაკავებული, საძილე ტომარაში მეძინა. მუშაობა 2003 წელს დავიწყეთ. მთელი ერთი წელი ასეთ პირობებში ვიყავით. 2008-ში იყო ჩინეთის ოლიმპიადა და ირლანდიამ, რომელსაც სამ ოლიმპიადაში შედეგი აღარ ჰქონია, სამი მედალი აიღო.
– შვილებიდან რომელიმე თუ გაჰყვა თქვენს გზას?
– უფროსი შვილი, დათო რომ ჩამოვიყვანე, 15 წლის იყო. ცხრა თვე ვავარჯიშე და ირლანდიის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებში. წარმოიდგინეთ, რა დონეზე იყო აქ კრივი, რომ ცხრა თვის ნავარჯიშები გახდა ჩემპიონი და პრესაში წერდნენ – „დავით ანთიას ტრიუმფალური სვლაო“. დათო დღეს კემბრიჯში სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებზე. ეს მისი მეორე მაგისტრატურაა. დამთავრებული აქვს კურსები ჰარვარდსა და ოქსფორდში. დღეს ლონდონში ცხოვრობს და „დილოიტი“ კომპანიაში მუშაობს. მეორე შვილმა – გიორგიმ დუბლინის უნივერსიტეტი დაამთავრა და ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო კომპანიის გენერალური ფორმენია. ქალიშვილი კი სადაზღვევო კოპანიაში მუშაობს.

скачать dle 11.3