კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№46 როგორ გაყიდეს მარტა ბარამიძე ბიოლოგიურმა მშობლებმა და ვისგან განიცდიდა ის ფიზიკურ ძალადობას

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  29 წლის მარტა ბარამიძე „მასტერშეფის“ ათეულშია. როგორც თავად ამბობს, ის ამ პროექტში, „პატარა მარტას“ ოცნებების ასასრულებლად მივიდა. მას არ ჰქონია ლაღი, ფერადი ბავშვობა. მისი ისტორია საკმაოდ მძიმეა. როგორ აღმოჩნდა მარტა ბარამიძე „მასტერშეფში“ და როგორია მისი ცხოვრება თავად გიამბობთ.
  მარტა ბარამიძე: სამზარეულოსთან კავშირი ბავშვობიდან მქონდა, თუმცა, ეს უფრო საოჯახო კულინარია იყო. საკუთარი თავისთვის მთელი ცხოვრება თავად მიწევდა საჭმლის მომზადება. ბავშვობაში კონსერვის ქილებით ვთამაშობდი ხოლმე, ბოსტნეულს ან რაიმე პროდუქტს თუ მოვიპოვებდი, ჩემთვის გამოგონილ კერძებს ვამზადებდი. სულ მინდოდა, ეს საქმე დიდ სამზრეულოში რეალურად მეკეთებინა და პატარა კონსერვის ქილებით არ შემოვფარგლულიყავი, ქილებით, რომლებიც მაშინ ჩემთვის ქვაბების იმიტირება იყო. პროფესიულ კულინარიასთან ერთადერთხელ მქონდა შეხება, როცა „რედისონის“ სამზარეულოში დავიწყე მუშაობა. გარდა ამისა, დაახლოებით ექვსი თვის წინ გავხსენი მექსიკური კაფე. მექსიკური სამზარეულო ინტერნეტის მეშვეობით შევისწავლე. „მასტერშეფში“ შემთხვევით აღმოვჩნდი. პირველ სეზონზე მინდოდა მისვლა, მაგრამ ვფიქრობდი, არ ვიყავი იმ დონეზე, რომ პროფესიონალებისთვის კონკურენცია გამეწია. ამჯერად საკუთარ თავს ვუთხარი: მოდი, გადალახე ეს შიში და დარწმუნდები, ნამდვილად არის თუ არა შენი ადგილი იქ-მეთქი. ერთ დღესაც ავდექი და მივედი ქასთინგზე, წინსაფარიც ავიღე და ათეულშიც მოვხვდი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო.
– სიუჟეტში თქვი, რომ პატარა მარტას ოცნებების ასასრულებად მიხვედი... მოგვიყევი შენს ბავშვობაზე.
– ჩემს ბავშვობაზე და იმ მძიმე პერიოდზე ხმამაღლა საუბარი ძალიან გამიჭირდა. ეს ამბავი მეგობრების წრეს არ იყო გაცდენილი და პირველად მოხდა, რომ საჯაროდ ვილაპარაკე. სიმართლე გითხრა, არ მინდოდა, მაგრამ საკუთარ თავს დავუსვი კითხვები და მერე გადავწყვიტე, რომ ამ პრობლემაზე აუცილებლად უნდა მესაუბრა საჯაროდ. საქართველოში ოჯახში ძალადობა ხდება, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახშივე იმალება. თუ, ვინმეს აქვს  ასეთი ისტორია ან ვინმე დღეს მსგავს სიტუაციაშია, აუცილებლად უნდა თქვას. მე არ მყავდა ადამიანები, ვისაც ვეტყოდი, გაიგებდნენ და გვერდით დამიდგებოდნენ. წლების განმავლობაში ამ ყველაფერს საკუთარ თავში ვინახავდი. ოჯახში, სადაც ვიზრდებოდი, ფიზიკურად ძალადობდნენ ჩემზე. მე არაფერი ვიცი ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ. რაღაც პერიოდი ვცადე ინფორმაციის მოძიება, თუმცა ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა და ვერ გავარკვიე. ვისაც ვეკითხებოდი, არავინ არაფერს მეუბნებოდა, მათ შორის ჩემი გამზრდელიც.
– რატომ იყავი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი? შენი აღმზრდელის მეორე ქმარი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო?
– არა, არ ყოფილა ალკოჰოლზე დამოკიდებული. ძალიან დიდ ფაქტთან იყო დაკავშირებული, რატომ აკეთებდა ამას. ამ საკითხზე მხოლოდ ფსიქოლოგთან და მეგობრებთან მაქვს ნასაუბრები. ჩვენ ერთ ოთახში ვცხოვრობდით, სადაც საძინებელი ფარდით იყო გამოყოფილი. იმის გამო, რომ ღამით ტირილით ან შეწუხებული ხმით, ვაპროტესტებდი იმას, რაც ჩემზე ცუდად მოქმედებდა და არ მომწონდა, დილით, როცა ჩემი გამზრდელი სახლიდან მიდიოდა, კედელთან მაყენებდა და მცემდა. ეს წლები გრძელდებოდა.
–  შენს გამზრდელს ინფორმაცია ჰქონდა ამის შესახებ?
– როდესაც გავიზარდე, მერე ვუთხარი. როცა უკვე იმდენი ძალა მქონდა, ვინმეს, რომ ჩემზე ხელი აეწია, თავის დაცვას შევძლებდი. მანამდე პატარა ვიყავი და ვერანაირი რეაქციით ვერ ვპასუხობდი. ჩემმა გამზრდელმა მას უბრალოდ შეეკითხა, ეს მართლა ასე იყო თუ არა.  მან კიდევ, არაო, უპასუხა და
საუბარიც დამთავრდა. მე ვამტკიცებდი ჩემს სიმართლეს და ამ ყველაფერს ძალიან მძაფრად გამოვხატავდი. ჩემი გამზრდელის სახლში ყოფნა არასოდეს მახარებდა და მაბედნიერებდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ვუთხარი. ბოლო წლები იმ სახლში აღარც ვცხოვრობდი, მისი მშობლების სახლში გადავედი, ორ მოხუცთან. იქ არავინ ძალადობდა ჩემზე და თავს კარგად ვგრძნობდი. არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, თბილები და საყვარლები.
– გარდა ძალადობისა, რთული სოციალური მდგომარეობა გქონდათ.
– კი, იყო რთული პერიოდები, თუმცა მთელი ბავშვობა მშიოდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. მახსოვს ეს პერიოდები და არ მავიწყდება. ყოველთვის ვცდილობდი თვითგადარჩენას იმ ძალადობისგან, იმ გარემოსგან, სადაც ვიყავი. მინდოდა, უკეთესი ცხოვრება მქონოდა, ამიტომ სულ ვმუშაობდი – 14 წლისა ბაზარში დავიწყე მუშაობა. რაღაც პერიოდი სილამაზის კონკურსებში ვიღებდი ხოლმე მონაწილეობას, მაშინ გამარჯვებულს ტექნიკას გადასცემდნენ და მოგების შემთხვევაში, ამ ტექნიკას ვყიდდი, ფული რომ დამრჩენოდა. მერე სხვადასხვა პრომოაქციაში ჩავერთე, ფლაერებს ვარიგებდი. 16 წლის ვიყავი, როცა კარგი შემოსავლაინი სამსახური დავიწყე – „ბილაინში“ პრომოაქციების ორგანიზატორი ვიყავი. მერე აჭარის უმაღლეს საბჭოში ვმუშაობდი მედიასთან ურთიერთობის სამსახურში. სკოლის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩავაბარე. ჩემი ცხოვრება ეტაპობრივად იცვლებოდა, რადიკალურად და უცებ არ შეცვლილა. ვიდრე ბათუმიდან თბილისში გადმოვიდოდი, სწავლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ მეგობრისგან გავიგე ქასთინგის შესახებ ერთ-ერთ ტელევიზიაში. გამოცდილების მიუხედავად, ამირჩიეს. ბათუმში ჩავედი, ჩავალაგე ბარგი და ორ დღეში ჩამოვედი, უკვე შვიდი წელია, თბილისში ვცხოვრობ. „ჯიდიესში“ ვმუშაობდი შემეცნებითი გადაცემის ჟურნალისტად.   
– როდის  და როგორ გაიგე, რომ ნაშვილები იყავი?
– ის ფაქტი, რომ ბიოლოგიურმა  მშობლებმა არ გამზარდეს, ჩემთვის მძიმე არაა. ეს საკითხი აბსოლუტურად ნორმალურია იმ კუთხით, რომ ვისაც ნაშვილები ჰყავთ ბავშვები, არაჩვეულებრივი მშობლები არიან და იმაზე მეტს აძლევენ, ვიდრე ბიოლოგიურ მშობლებს შეუძლიათ. სხვა საკითხია, როცა სიმართლის გაგება გინდა. ბავშვობიდან ვიზუალურად  გამორჩეული ვიყავი, არავის ვგავდი. ყველა რუსულად მელაპარაკებოდა, უცხოებს არ ეგონათ ქართველი თუ ვიყავი. მერე, ერთხელაც, ჩემი გამზრდელის დედას ვკითხე და მითხრა: ნაშვილები ხარ, რომ დაიბადე, შენმა მშობლებმა გაგყიდეს და ჩვენ გიყიდეთო. ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე და არანაირი რეაქცია არ მქონია.  
– მარტა, სოციალურ ქსელში წერენ, რომ შენ ეს ისტორია მოიგონე და არ გიჯერებენ.
– კი, ჩემი სამეზობლოდან რამდენიმე ადამიანია, ვინც მსგავს კომენტარებს წერს, თუმცა, ასევე, სამეზობლოდან არიან, ისეთებიც, ვინც ძალიან თბილად მწერენ პირად შეტყობინებებში. იმათ კი ცილი დამწამეს ტყუილში, რაც ძალიან მწყინს. მათ ვერაფერს მოვთხოვ, რადგან ვერ იაზრებენ ამ ყველაფერს. ისინი ერთად გაზრდას ეძახიან იმას, რომ  ეზოში ერთად ვთამაშობდით და გარკვეულ  დროს ერთმანეთის სახლში ვატარებდით. თუმცა, ჩვენ დღე და ღამე ერთად არ გვძინებია, არ გაგვითენებია ერთად და 24 საათის განმავლობაში ერთად არ ვყოფილვართ. ცუდია, როცა ცილს სწამებენ ადამიანს და დანამდვილებით არ იცი, რა გაიარა და გადაიტანა მან. მარტივია ზერელე საუბარი. მოძალადეები ფიზიკურად საშინელი ვიზუალით არ გამოირჩევიან, ისინი ხალხში კი არა, ჩუმად ძალადობენ. ჩემი გამზრდელის მეორე ქმარი, რომელიც ჩემზე ძალადობდა, ხალხში არ დამიწყებდა ცემას, ის ამას ჩუმად აკეთებდა. მათ უნდა გაიაზრონ, რომ მოძალადე ადამიანი ამას საჯაროდ არ აკეთებს. სწორედ ამიტომ რჩება მსგავსი ამბები ოჯახის შიგნით და გარეთ როცა გამოდის, ყოველთვის შოკია სხვისთვის, თუნდაც მეზობლისთვის.

скачать dle 11.3