კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№46 რატომ თქვა პარიზში ლექციების წაკითხვაზე უარი ნიკა ნიკვაშვილმა და რაში დაეხმარა მას კომფორტის ზონიდან გასვლა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ახალგაზრდა კომპოზიტორ-შემსრულებელი ნიკა ნიკვაშვილი, უკვე წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს. ის პირველი ქართველია, ვინც ახლახან საფრანგეთის კომპოზიტორთა ასოციაციის წევრი გახდა და როგორც მუსიკათმცოდნეები ამბობენ, ეს ქართული მუსიკალური სამყაროსთვის ძალიან საამაყო ამბავია. ცოტა ხნის წინ ნიკა საქართველოში იმყოფებოდა, კონცერტებზეც მოასწრო გამოსვლა და მონატრებულ მეგობრებთან და ოჯახის წვრებთან სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა.
– ამბობენ, ძალიან ემოციური ადამიანი ხარ. ყველაზე რთულად რას განიცდი და თუ გეხმარება შრომა, ნოსტალგიის დაძლევაში?
– დიახ, ემოციური ადამიანი ვარ და შეუძლებელია მუსიკოსი ემოციის გარეშე. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში რამის მიღწევა, ეს დიდ შრომასა და ნებისყოფასთან არის დაკავშირებული. როცა ჩემს საქმეში ვარ, არაფერზე ვფიქრობ, ვცდილობ, მთელი ჩემი განცდა და ემოცია მუსიკაში ჩავდო და ეს მეხმარება ნოსტალგიის დაძლევაში. პარიზში ძალიან დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ, წელს ვამთავრებ კონსერვატორიას და დიპლომს დავიცავ. სწავლის პარალელურად, მაქვს კონცერტები პარიზში და მის გარეთ. ხშირად ვიმყოფები გასტროლებზე. საკმაოდ რთულია სწავლისა და საკონცერტო ცხოვრების შეთავსება, მაგრამ, მიუხედავად ასეთი მძიმე გრაფიკისა, ძალიან ხშირად ჩამოვდივარ თბილისში და ალბათ, ეს წლები, რაც საქართველოში არ ვარ, ამან გამაძლებინა. აქ ჩამოსულს ყოველ ჯერზე მიწევს უკან დასაბრუნებელი ბილეთის თარიღის გადაწევა, მზიან ამინდებს ვერ ველევი (იცინის). ყველაზე კომფორტულად თავს მაინც საქართველოში ვგრძნობ, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში. თბილისში ჯერ კიდევ შემორჩა ის ურთიერთობები, რაც საზღვარგარეთ არ არის და ამის დანაკლისს ყოველთვის განვიცდი. ეს ჩემი ვიზიტი ანსამბლ „ფორტეს“ საიუბილეო კონცერტსა და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას უკავშირდებოდა. საოცრად დიდი სიამოვნება მივიღე მათთან მუშაობის დროს. რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე გახლდათ და მუსიკალური ხელმძღვანელი – ქეთი გაბისიანი, ეს არის გუნდი, სადაც მუშაობის დროს სრული კომფორტი მაქვს. წესით, თბილისში 10 დღე უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ რა თქმა უნდა, გადავწიე გამგზავრების თარიღი. საკმაოდ ბევრი საქმე მქონდა დაგროვილი, გარდა იმ კონცერტისა, რომელიც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ბოლო დროს ჩატარებული კონცერტების მონტაჟით ვიყავი დაკავებული, სტუდიურ ჩანაწერებზეც ვმუშაობ და გადაიწია წასვლის თარიღმაც. როდესაც თბილისში ვიმყოფები, ჩემი სახლი არის ჩემი მეგობრებისა და ახლობლების თავშეყრის ადგილი. მათი მონახულება და სიყვარულის გაზიარება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის ის ემოცია, რომელსაც ვინახავ და რომელიც შემდეგ ჩამოსვლამდე მიმყვება.
– ნიკა, როგორია შენთვის ფრანგული წარმატების გემო, აქ რომ დარჩენილიყავი და თავის დროზე არ წასულიყავი, ასეთი წარმატებული თუ იქნებოდი?
– მიმაჩნია, რომ შემოქმედი ადამიანისთვის აუცილებელი პირობაა კომფორტის ზონიდან გასვლა, რომელიც შენს შინაგან ზრდას გამოიწვევს. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ბევრ რამეს ვერ ვისწავლიდი. უზომოდ მადლიერი ვარ აქაური კონსერვატორიისა და აქ მიღებული განათლების, მაგრამ საფრანგეთმა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ მომცა. მე ეს ძალიან მჭირდებოდა – ბევრი რამ სულ სხვაგვარად დავინახე და დღეს გაცილებით ბევრი სასიკეთო რამ შემიძლია გავაკეთო ჩემი ქვეყნისათვის, ვიდრე 10 წლის წინ. ძალიან კარგია ევროპა და იქ კარგად ცხოვრება, მაგრამ მე აქაურობას ვერ მოვშორდები და აქტიურად ვფიქრობ ჩემი საქმიანობის საქართველოში გაგრძელებას. მაგალითად, წელს მივიღე შემოთავაზება პარიზში კონსერვატორიაში როგორც ლექტორმა რომ დავიწყო მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე უარი ვთქვი.
– ეს ის შემოთავაზებაა, რომელზეც ნებისმიერი მუსიკოსი, მით უმეტეს, პარიზში პატარა საქართველოდან ჩასული, იოცნებებდა. რატომ თქვი უარი?
– გეთანხმებით, კარგი შემოთავაზებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორედ იმ ადამიანებმა უნდა მოახმარონ მიღებული გამოცდილება თავის ქვეყანას, რომლებიც უცხოეთში იძენენ ცოდნას და პროფესიონალებად ყალიბდებიან. ასე მივიღებთ უფრო კარგ შედეგს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.
– პირველი ქართველი ხარ, ვინც საფრანგეთის კომპოზიტორთა ასოციაციის წევრი გახდა. რა განცდაა ეს და როგორ ფიქრობ, რა კრიტერიუმით შეგარჩიეს შენ, ახალგაზრდა ქართველი ბიჭი?
– სასიამოვნო განცდაა, როცა საფრანგეთის კომპოზიტორთა ასოციაციის წევრი ხდები და ის შრომა გიფასდება, რასაც წლების განმავლობაში ეწევი. მაგრამ, ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, კითხვაზე – რატომ მე... არის უამრავი კრიტერიუმი, რითაც ეს საკითხი წყდება.
– ყოველთვის მოწესრიგებული და ელეგანტურად ჩაცმული ხარ. რამდენად გიყვარს საკუთარ იმიჯზე ზრუნვა, თუ იტარებ გამაჯანსაღებელ პროცედურებს და ჩაცმაში ბევრი ფული გეხარჯება?
– მადლობა – ასეთი შეფასებისთვის. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ადამიანი სახლიდან რომ გადიხარ, მოწესრიგებული უნდა იყო. შეიძლება, არ გქონდეს ძვირად ღირებული ჩასაცმელი, რომელიც სრულებით არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ გემოვნებით და სუფთად იყო ჩაცმული. ჩემს გარდერობში არის როგორც მაღალბიუჯეტიანი, ასევე დაბალბიუჯეტიანი ტანისამოსი. არის რამდენიმე დიზაინერი, ვინც განსაკუთრებით მიყვარს და ფულის დახარჯვა არ მენანება. ზოგადად, შოპინგზე არ ვარ ორიენტირებული, არც ჩემს იმიჯზე ვფიქრობ განსაკუთრებულად. უპირატესობას ბუნებრიობას ვანიჭებ. ადრე ვარჯიშზეც დავდიოდი და ცურვაზეც. სამწუხაროდ, ბოლო წელია, ჩემი რეჟიმისა და დატვირთული გრაფიკის გამო, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ, მაგრამ აუცილებლად განვაახლებ, რადგან ამ დროს, ყველაზე კარგად და ჯანსაღად ვგრძნობ თავს.
– რამდენად კმაყოფილი ხარ შენი მიღწევებით და მიუხედავად წარმატებებისა, თუ დგას რთული პერიოდები შენს ცხოვრებაში?
– კმაყოფილების გრძნობა არასოდეს მქონია, პირიქით, ყოველთვის რაღაც ახალს ვეძებ. რასაც დღეს ვაკეთებ, ხვალ არასოდეს მომწონს და მუდამ უკეთესის სურვილი მაქვს. როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ჩემთანაც არსებობს რთულად გადასალახი პერიოდები, მაგრამ ძალიან ძლიერი ხასიათი მაქვს და ვცდილობ, ყოველთვის მოვახერხო საკუთარი თავის მართვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შეგიძლია, შენ თვითონ გამოიყვანო შენი თავი რთული მდგომარეობიდან. ნებისმიერ განსაცდელს ყოველთვის მარტო ვუმკლავდები, არ მიყვარს საკუთარ პრობლემებზე საუბარი და პრობლემაც იმიტომ არსებობს, რომ უნდა მოაგვარო!

скачать dle 11.3