კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 მგლები 6

ნინო კანდელაკი გოჩა მანველიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-45(984)

  თვითმფრინავის ძრავები მონოტონურად ზუზუნებდა. ფიქრებში ჩაძირული ლუკა ილუმინატორიდან თვითმფრინავის ქვემოთ გაჭიმულ ქათქათა ღრუბლებს გასცქეროდა და გონებაში ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენების გაანალიზებას ცდილობდა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. კრაკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მოვლენები ისეთი სისწრაფით ენაცვლებოდა ერთმანეთს, რომ მასზე თვალის მიდევნებაც კი რთული იყო. ყველაფერი ერთმანეთში აირია... კრაკოვის, უკრაინის საქმეები. შემდეგ ამას საქართველოც დაემატა. გაუთავებელი შეხვედრები, ხანგრძლივი და დაძაბული საუბრები, საავადმყოფოში გატარებული ღამეები. თვილის მოტყუებას გამთენიაზე ორიოდ საათით თუ ახერხებდა. შემდეგ კი თენდებოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ახლაც არნახულ დაღლილობას გრძნობდა, მაგრამ თავს ჩაძინებისა და დასვენების უფლებას ვერ აძლევდა. ერთ საათში თვითმფრინავი კიევში დაეშვებოდა. იქ უკვე ელოდნენ. ისევ შეხვედრა, ისევ დაძაბული საუბარი და შემდეგ მომდევნო გადაფრენა – ამჯერად უკვე პოლონეთში, სადაც ჯერაც ისევ იმყოფებოდა ეკა.
ზიბკო – ლუკას თვალწინ გაცრეცილი, ავადმყოფური სახე, თხელი ცხვირი და ღრმად ჩამჯდარი წვრილი, შავი თვალები დაუდგა. ეს სახე ნებისმიერ ადამიანს ნახვისთანავე უარყოფითად განაწყობდა. პირველი შეხვედრისას მასაც იგივე განწყობა დაეუფლა, მაგრამ მალევე მიხვდა, თუ რაოდენ მცდარი იყო პირველი შეფასება. ზიბკომ სწრაფად დაარწმუნა, რომ ის მართლაც საქმის კაცი იყო.
  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული გაფრთხილების შემდეგ ზიბკოს გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა. პირიქით, ლუკასთვის გასაგები იყო, რომ საელჩოს წარმომადგენელი ჩინოვნიკი მხოლოდ კურიერის როლს ასრულებდა და ვასილიჩის მეშვეობით გადასცა ის გადაწყვეტილება, რომელიც სადღაც ზემოდან ჰქონდა მიღებული. ამას თავისთავად უნდა მოჰყოლოდა სხვა შეხვედრაც. ლუკას აზრით, ეს ისევ ვასილიჩის მეშვეობით მოხდებოდა. იმას ნამდვილად არ ელოდა, რომ ზიბკო თავად იკისრებდა კურიერის ფუნქციას და პირადად შეხვდებოდა.
 ზიბკოს შეხვედრის ადგილი არ დაუთქვამს. უბრალოდ, ტელეფონით დაუკავშირდა და გააფრთხილა: საღამოს მოგაკითხავ. საათი, საათ-ნახევარი მჭირდება შენთან სასაუბროდ და ნურაფერს დაგეგმავო. შემდეგ კი საღამოს დადგომისთანავე თავად მიაკითხა საავადმყოფოში.
ზიბკო მარტო იყო. მას არ უყვარდა მოწმეები. თანაც, კარგად იცოდა, რომ ლუკასგან არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა.
– სად მივდივართ? – დაინტერესდა ლუკა, როდესაც ზიბკომ მანქანა დაძრა და გეზი კრაკოვის გარეუბნისკენ აიღო.
– აქ ვერ ვისაუბრებთ. საავადმყოფო გაძლიერებული მეთვალყურობის ქვეშაა. შენობაშიც არ მიყვარს საუბარი. ქალაქგარეთ გავიდეთ. ყველასგან მოშორებით. გავიაროთ, მუხლი გავშალოთ და თან წავისაუბროთ, – უპასუხა მან.
დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ მანქანა გზატკეცილიდან გადავიდა და მდინარე ვისლას პირას შეჩერდა. ზიბკომ ძრავა ჩააქრო და უსიტყვოდ გადავიდა. ლუკა უკან მიჰყვა. ამ ადგილას ადრე არასოდეს ყოფილა. კრაკოვში ყოფნისას იშვიათად გადიოდა სახლიდან, ამიტომაც კარგად არ იცნობდა ქალაქს, მით უმეტეს, მის გარეუბანს. მაგრამ ეს ადგილი მაინც ნაცნობად ეჩვენა. ამ ადგილას მდინარე მკვეთრად უხვევდა. მაღალი ფლატე მთლიანად ფარავდა სანაპიროს. მარჯვნივ ხშირი ნაძვნარი მოჩანდა. მარცხენა მხარეს კი რამდენიმე ნაგებობა იდგა. მალე ცეცხლით დანახშირებული ბუჩქები გამოჩნდა. მიწას აშკარად ემჩნეოდა ნახანძრალი ლაქა. ლუკას უმალ გაახსენდა ვასილიჩის სიტყვები: „დამწვარი მიკროავტობუსი ვისლას ნაპირას აღმოაჩინეს. იქ მეფრინველეობის ფერმაა. ფერმის დარაჯმა ცეცხლი შენიშნა და სახანძრო სამსახური გამოიძახა...“
– ადრე არ შემინიშნავს შენთვის მაზოხისტური მიდრეკილებები, – ლუკა ძალიან გააღიზიანა ზიბკოს არჩევანმა. მან სრულიად გამიზნულად მიიყვანა იქ, სადაც  მის სახლზე თავდამსხმელები დახოცეს. ამას გარკვეული მიზანი ჰქონდა და ლუკა ხვდებოდა, რაც ზიბკოს სურდა, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მომხდარი თავდასხმა და ეგრძნობინებინა, რომ იგივეს განმეორებისგან დაზღვეული არ იყო.
– ესე იგი, კარგად ხარ ინფორმირებული, – ზიბკომ აუჩქარებლად მოუკიდა სიგარეტს.
– შენსავით მაინც არა.
– მართალი ხარ. ამ შემთხვევაში ნაღდად შენზე მეტი ვიცი, – განაგრძო ზიბკომ.
– ვაჭრობას აპირებ?!
– არა, – მშვიდად უპასუხა ზიბკომ, – ვიცი, რომ ამას აზრი არა აქვს. შენთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ შენს გადაწყვეტილებაზე გავლენას მაინც ვერ მოვახდენ.
– მაშინ რისთვის მოვედით აქ?
– ორი მიზეზის გამო... – ზიბკომ ღრმა ნაფაზი დაარტყა და სიგარეტის ნამწვავი მდინარეში მოისროლა, – პირველი... უბრალოდ, ამ ადგილის მონახულება თავად მსურდა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიაზრო, რა ჯურის იდიოტებთან მიწევს მუშაობა და როგორ მივუდგე მათ... კრეტინები, წმინდა წყლის იდიოტები!.. ოთხმოცდაათანი წლების „ბრიგადებზე“ გადაღებული ფილმებით გაუწყალდათ ტვინი და ფანტაზია მეტზე არ ჰყოფნით!.. ესროლეს შენი ოჯახის წევრებს... დახოცეს ქილერები და ამით პოლონურ სპეცსამსახურს პირდაპირ მიანიშნეს: შემკვეთი უკრაინაში ეძებეთო!.. ახლა კი მე მიწევს ამ ნეხვის გროვასთან მუშაობა!..
– მეორე მიზეზი, – შეაწყვეტინა ლუკამ.
– მინდა, რომ სწორედ შეაფასო ვითარება. თავადაც ხომ ხვდები, რა იდიოტებთანაც გაქვს საქმე. და ამასთან ერთად, მინდა, იცოდე, რომ მე მათი შეჩერება არ შემიძლია. ამ ბრიყვებმა თავისი გამოხტომით შენთან ერთად მეც გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენეს. გვერდზე ვერ გავდგები, მაგრამ მათი შეჩერებაც არ შემიძლია!..
– გამოდის, რომ იცი, ვინც დგას ამის უკან, – შენიშნა ლუკამ.
– ვიცი, – ამოიოხრა ზიბკომ.
– ვინ?
– შინაგან საქმეთა სამინისტრო, – ცივად მოსხიპა ზიბკომ.
– მე უფრო მარტივად მეგონა საქმე.
– არც ისე, როგორც გეგონა... – ზიბკომ ისევ მოუკიდა სიგარეტს, – კარგად მიცნობ და იცი, რომ შენთან ხელცარიელი არ მოვიდოდი. შენ მიმართ ტრადიცია არასოდეს ირღვევა. როგორც წესი, ყოველთვის ორ ფრონტზე გიწევს ბრძოლა...
ლუკა მიხვდა, რასაც ზიბკო გულისხმობდა. ორი ფრონტი... ეს მუდამ ასე იყო. ხელისუფლება და მისი დაკვეთით მოქმედი კრიმინალი.
– იმას, რასაც ახლა გეტყვი, გარკვეული დროის შემდეგ თავადაც გაარკვევდი. შენთვის ეს ახალი ამბავი არ იქნება. უბრალოდ, მოვლენებს დავაჩქარებ და ვიდრე ვასილიჩი თავის არხებით გაარკვევს ყველაფერს, მე გაგარკვევ მომხდარში... მაშ ასე, ჩემთვის ცნობილია ოდესაში შემდგარი ბოლო „სხადნიაკის“ შესახებ, სადაც შენ „ბესი“ დაგიპირისპირდა. უფრო მეტიც თქვენი საუბრის ჩანაწერიც კი მაქვს მოსმენილი.
– კარგად მუშაობთ, – დამცინავად ისროლა ლუკამ.
– მე არა... შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივარგა, – შენიშნა ზიბკომ, – მე არ ვიცი, რა ურთიერთობა აკავშირებს „ბესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. აგენტია თუ ამ შემთხვევაში მხოლოდ გარკვეული ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. „ბესი“ ძალიან უმნიშვნელო ფიგურაა იმისთვის, რომ მისი საქმიანობით ვინტერესდებოდე. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ის ჩანაწერი მისი დამსახურებით მოხვდა შინაგან საქმეთა მინისტრთან და გარდა ამისა, ისიც ვიცი, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური კვლევა არ მიმდინარეობს.
– ანუ...
– ანუ, ეს ყოველივე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით მოხდა. ამ საკითხზე მეც მქონდა მასთან საუბარი. შენ მიმართ კიევი არასოდეს იყო კეთილგანწყობილი. უბრალოდ, დროდადრო გარკვეულ საკითხებზე თვალს ხუჭავდნენ. არავის სურდა ჩამოყალიბებული სისტემის არევა. არსებობს „ვერშინა“ და რა ამით? ქვეყნის მასშტაბით ეს მხოლოდ ერთი კომპანიაა. მართალია, მსხვილი, გავლენიანი, მდიდარი... მაგრამ მაინც ერთი კომპანია. და მის სიახლოვეს არსებობს ვინმე გეგეშიძე. მართალია, გავლენიანი კანონიერი ქურდი, გაბედული და შეუპოვარი ადამიანი, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით რაიმეს შეცვლა არ შეუძლია.  ახლა კი სრულიად სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია შენი უკრაინაში ყოფნა. ნაღდად არ ვიცი, რაა ამის მიზეზი. შეიძლება, თავი კრიმინალთან მებრძოლ შეუპოვარ რაინდად წარმოუდგენია  და უნდა რომ, ისტორიაში შენი უკრაინიდან განდევნით შევიდეს. შეიძლება, დეტექტივების ყურებამ აუჭრა ტვინი ან, უბრალოდ, ბავშვობაში რომელიმე ჩიხში უბნელმა „გოპნიკებმა“ ქურთუკი გახადეს... არ ვიცი... მაგრამ ერთი რამ შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა: ის ასეთი საქმისთვის საკმაოდ ბრიყვია და ჩვენდა საუბედუროდ, ძალიან მიზანდასახულიც. ეს ორი თვსება კი ძალიან სავალალო კომბინაციას ქმნის. საუბრისას მან პირდაპირ მითხრა, რომ არ მოისვენებს, სანამ უკრაინიდან არ გაგაძევებს. შენი საპატიმროში გამოკეტვაც კი არ უნდა. იცის, რომ შენი კავშირებით ეს იოლი არ იქნება. არ უნდა, რომ ვინმემ შეაჩეროს. ეს მისთვის დამარცხების ტოლფასი იქნება. ამიტომაც წავიდა ასეთი გზით. შენი ოჯახის წევრებზე თავდასხმა გარკვეული გაფრთხილებაა – წადი ან იგივე განმეორდება, მხოლოდ უფრო მძიმე შედეგით!.. დანარჩენი უმნიშვნელო დეტალებია. „ბესის“ კავშირებით სამი აზიელი ლტოლვილის დაქირავება და შეიარაღება იოლი საქმეა. ეს იდიოტები ას დოლარადაც წავიდოდნენ ასეთ საქმეზე. მე არ ვიცი, როგორ და რა მიმართულებით განვითარდება პოლონური გამოძიება. მაგრამ შემიძლია, წინასწარ ვთქვა, რომ „ბესზე“ ვერავინ გავა. ამ ისტორიით, თავისთავად, უკრაინაც არ დაინტერესდება. თუნდაც ვინმე დაინტერესდეს ხელისუფლებიდან, ყველაფერმა მაინც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა გაიაროს. ერთადერთი ადამიანი ვინც რეალურად შეძლებს მომხდარში გარკვევას, შენ ხარ. და სწორედ, ამის იმედი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს. მისი აზრით, მოვლენები მხოლოდ ორი სცენარით უნდა განვითარდეს. შენ სწორედ შეაფასებ ვითარებას და ზედმეტი ხმაურის გარეშე გაეცლები უკრაინას. შენ გარეშე „ვერშინა“ დაუცველი დარჩება. „ბესი“ მთელი თავისი შესაძლებლობებით დაუყოვნებლივ გადაერთვება „ჩუმაზე“. ვოვა კარგი ბიჭია. მე მართლა მომწონს ის, მაგრამ „ბესთან“ ბრძოლაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით იმოქმედებს, ის დამარცხებისთვისაა განწირული!.. მეორე ვარიანტი – შენ გაჯიუტდები. გადამალავ ოჯახის წევრებს და შენი არხებით დაიწყებ მომხდარის გარკვევას. ადრე თუ გვიან გახვალ „ბესზე“. ამას მოჰყვება თქვენ შორის  ომი. მერწმუნე, შენი მხრიდან პირველი ტყვიის გავარდნა შენ მიმართ შეწყვეტილ ყველა საქმეს გამოაცოცხლებს. მე ვეღარაფერს გავაწყობ. გახსოვს ჩვენი შეთანხმება?! შენ ჩერდები და ყველა საქმე კვდება. შენ მოქმედებ და ყველა საქმე ცოცხლდება!.. ყველაფერი ძალიან მარტივად არის, ლუკა. შენ რომ ამოქმედდე კიევი თავად გასცემს შენი თავიდან მოშორების განკარგულებას!..
– ესე იგი, ყველაფერი მაინც „ვერშინას“ უკავშირდება? – ჩაილაპარაკა ლუკამ.
– „ვერშინა“ ამ საქმეს ბონუსად მოჰყვება. ისე კი, თუ დაიჯერებ, შინაგან საქმეთა მინისტრი მიზნად არ ისახავს „ვერშინას“ განადგურებას. გასაგებია, რომ კომპანიას დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას არ მისცემენ. გარკვეულ საკითხებში შეზღუდავენ. რაღაც წილს „ბესიც“ მოითხოვს. წასვლის შემთხვევაში, შენ აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნებასაც შეძლებ. მაგრამ იმ ხალხს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ხელმძღვანელობდნენ „ვერშინას“, საქმეს ჩამოაშორებენ.
– ეს შენი ვარაუდია თუ პირდაპირ განაჩენი? – ჰკითხა ლუკამ.
– ეს არც ვარაუდია და არც განაჩენი. ჩათვალე, რომ დროის მანქანა მაქვს და მომავლის ხილვა შემიძლია.
– არსებობს მესამე ვარიანტიც.
– რომელი? – სწრაფად ჰკითხა ზიბკომ.
– შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმება!
– შეთანხმება?! – გაოცებული მზერა ესროლა ზიბკომ, – როგორ უნდა შეუთანხმდე ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს – შენი ეშაფოტზე აყვანის სურვილი?!
– შენ თქვი, რომ მისი თვითმიზანი ჩემი უკრაინიდან განდევნაა.
– ჰო...
– შეიძლება, დავთანხმდე ამას, მაგრამ ჩემი პირობებით.
– ძნელი წარმოსადგენია, რომ მინისტრმა რაიმე პირობა მიიღოს, – შუბლი მოისრისა ზიბკომ, – თანაც, ვინ უნდა ელაპარაკოს ამაზე?!
– შენ, – მოკლედ მოუჭრა ლუკამ.
– არა... არა... – თავი გაიქნია ზიბკომ, – მე არასოდეს ვარღვევ წესებს!.. შეხვედრისას მან ნათლად მაგრძნობინა, რომ შენთან ბრძოლაში სურს მოკავშირედ მიხილოს!.. მე უარი ვუთხარი. ასე ვთქვათ, ნეიტრალიტეტი ავირჩიე. ახლა კი შენი სახელით მასთან საუბარი  დაპირისპირების ტოლფასია. ნაღდად არ მაქვს ამის სურვილი!..
– გეშინია?! – ცივად გაეღიმა ლუკას.
– არა... უბრალოდ, სიტყვის გატეხვა არ მინდა. უკვე ვთქვი, რომ არ ჩავერეოდი ამ საქმეში და არც ჩავერევი!.. გარკვეულ წრეებში მე მხოლოდ იმისთვის მცემენ პატივს, რომ სიტყვის გატეხვა არ მახასიათებს!..
– ეს მანამდე იყო, ვიდრე აქ, ამ ადგილას იმ ავღანელებს არ ჩაცხრილავდნენ, – ლუკამ ხელით მიანიშნა დანახშირებულ ბუჩქებზე.
– ეს მართლაც ცვლის ვითარებას, მაგრამ მაინც უარს გეტყვი. სხვა ადამიანის მოძებნა მოგიწევს. ისე შორს ძებნაც არ დაგჭირდება, ამას ვასილიჩი მოახერხებს!
– ვასილიჩს თავისი საქმეებიც ჰყოფნის. თანაც მისი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სამიზნედ ქცევა არ მინდა. ეს უწყება ისეც ემტერება!
– მაინც, არა!
– ჩემთვის მოცემული პირობა რატომ არ გახსოვს?! – თუ ეს სიტყვის გატეხვად არ მიგაჩნია?!
– რას გულისხმობ?! – სწრაფი გაკვირვებით შეხედა  ზიბკომ.
– თუ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, მაშინვე მოქმედებაზე ნუ გადახვალ. ერთად ვცადოთ საქმის მოგვარება. დარწმნუბული იყავი, რომ ამ ქვეყანაში ერთი-ორი სიტყვა მეც მეთქმის!.. – სიტყვა–სიტყვით გაიმეორა ლუკამ, მათი ბოლო შეხვედრისას ზიბკოსგან მოსმენილი ფრაზა, – ახლა სწორედ ის შემთხვევაა!..
ზიბკო მცირე ხანს დუმდა. მერე მზერა გაუსწორა და თქვა:
– კარგი, ვცდი. მითხარი მაინც, რა პირობით ფიქრობ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებას...             
გაგრძელება შემდეგ ნომერში

tbiliselebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაბეჭდვა რედაქციასთან შეთანხმების გარეშე, ისჯება კანონით.

скачать dle 11.3