კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 როგორ ჩავარდა შალვა ახალციხელის შეთქმულება ჯალალედინის წინააღმდეგ

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  სპარსელი ისტორიკოსის, ჯუვეინის (1226-1283 წლები) თქმით, ტყვეობაში შალვა ახალციხელისთვის ჯალალედინს ისლამის მიღება შეუთავაზებია. როგორც სპარსელი ამბობს, შალვას უპასუხია: „მიწის მუშაკებს ასეთი წესი აქვთ, რომ ბოსტნებში ავი თვალის წინააღმდეგ სახედრის თავს ჰკიდებენ. შალვაც ვირის თავი იქნება ისლამის ბაღის მწვანეშიო“.
   ჯუვეინის მიერ გადმოცემულ, თითქოსდა, შალვა ახალციხელის პასუხებით, თუ ეს სწორია, ჩანს, მოსწრებული ენის პატრონი ყოფილა ჩვენი სახელოვანი გმირი და ტყვეობაშიც კი, ბორკილებდადებულს, იუმორის გრძნობაც ჰქონდა შენარჩუნებული. ანუ, „სულთანო, ნამდვილი არ ვიქნები და თან დაგიფრთხობ მაჰმადიანებსო“, დაახლოებით ასე მესმის მე შალვას პასუხი, რადგან ვირის თავისქალა საშიშია დასანახად. ისევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, თუ ცნობა მართალია.
  ჩვენს მატიანეში წერია, რომ დიდხანს აძალებდნენ შალვას ისლამის მიღებას და ამისთვის აწამებდნენ კიდეც. ეს ცნობა ჩვენს მემატიანეს სხვა ქართველი ტყვეების გადმოცემით ექნებოდა ან სხვა წყაროდან.
ფაქტი ერთია, შალვა ახალციხელის დაშინება შეუძლებელი იყო. მეტიც, სპარსული წყაროთიც კი ჩანს, ტყვეობიდანაც სამშობლოს გადარჩენაზე ზრუნავდა, მიუხედავად სასიკვდილო რისკისა.
შალვას ირონიული პასუხის გადმოცემის მერე, ჯუვეინი ცუდად მოიხსენიებს ჩვენს გმირს, რადგან ხვდება, რომ ახალციხელმა მის სარწმუნოებას და სულთანს დასცინა.
შემდეგ მაჰმადიანი მემატიანე განაგრძობს:
  „ერთი სიტყვით, როცა გამარჯვებულმა და ძლევამოსილმა სულთანმა დედაქალაქ თავრიზს მიაღწია, მისი შიშით იმ ოლქებში გულები ძრწოლამ, ხოლო მტრები ელდამ მოიცვა. მისი ლაშქარი წინანდელთან შედარებით გაიზარდა. შალვასა და ივანეს პატივით მოეპყრა და, იმ განზრახვით რომ, საქართველოს დაპყრობაში დამეხმარებიანო, დამატებითი წყალობის სახით მარანდი, სალმასი, ურმია და უშნუ უბოძა.“
ეს ქალაქები ურმიის ტბის გარშემოა. თხუთმეტიოდე წლით ადრე ქალაქი მარანდი ქართველებმა აიღეს და დახარკეს. ამ ქალაქების შალვა ახალციხელისთვის ბოძებით, ვირეშმაკა სულთანი ჯალალედინი ცდილობდა, დაეყოლიებინა გმირი ქართველი, ეღალატა სამშობლოსათვის, მის სამსახურში ჩამდგარიყო და საქართველოს დაპყრობაში დახმარებოდა. ივანე კი, შალვას ძმა, გარნისის ომში დაიღუპა. ამიტომ, ჯალალედინს ტყვედ ვერ ჩაუვარდებოდა. საინტერესოა, აქ სხვა ვინმე ივანე ხომ არ იგულისხმება, ქართველ დიდებულთაგანი.
  შემდეგ სპარსელი ჯუვეინი განაგრძობს: „ჯალალ ად-დინმა ქვეითებისა ღა მხედართაგან შემდგარი დიდი ლაშქარი გაამზადა და შალვა და ივანე მასთან ერთად გაგზავნა. ისინი მისი განწყობილების შესაფერ სიტყვებს ეუბნებოდნენ, ყოველგვარ ვალდებულებასა და მოვალეობას კისრულობდნენ და ცრუ დაპირებებით აქეზებდნენ სულთანს; უნდოდათ მუხანათობის თოკით სიკვდილის ჭაში ჩაეჩეხათ იგი და მელისებური მოქმედებით ის ავაზას ბუნების ლომი თავიანთი მზაკვრობის ბორკილით შეებოჭათ“.
  აქ ჯუვეინი შალვა ახალციხელზე (ივანე გარდაცვლილია), ამბობს, სიტყვით შალვა ჯალალედინს ერთგულებას უმტკიცებდა, ხოლო, საქმით მისი ღალატი ჰქონდა ჩაფიქრებულიო. რა გასაკვირია, გმირ ქართველს საქართველოს დახმარების ფარული გეგმა შეემუშავებინა ტყვეობაში.
შემდეგ, ჯუვეინის სიტვით, ჯალალედინმა თავისი სასიყვარულო საქმე მოაგვარა და „ხოისკენ დაიძრა. იქიდან საქართველოსკენ წავიდა და დვინში, რომელიც საქართველოს საზღვარია, ერთმანეთს შეუერთდნენ. სულთანმა, უპირველეს ყოვლისა, მალექ თაშთდარი დესპანად გაგზავნა ყიზ-მალიქთან. ეს ყიზ-მალიქი ქალი იყო და მთელი საქართველოს ფადიშაჰი გახლდათ“.
  ჯუვეინის მიერ ნახსენებ ყიზ-მელიქში რუსუდან მეფე იგულისხმება, რომელიც იმ დროს იჯდა საქართველოს ტახტზე. ლაშა-გიორგის ანდერძის თანახმად, სანამ აღიზრდებოდა ლაშას ძე დავითი. რუსუდანის მეფობისას სამხედრო უწყება დასუსტდა. სწორედ, ამიტომ იკრძალებოდა ქალის ასვლა ტახტზე. თამარ მეფემ გაამართლა, ის გონიერი მმართველი და მართლმორწმუნე მეფე გახლდათ, თან ქმრად დიდი სტრატეგი, დავით სოსლანი ჰყავდა, რომლის მეთაურობითაც ქართველებმა შამქორი და ბასიანი მოიგეს. რუსუდანის თურქი ქმარი კი, უნიათო პერსონა იყო და მოღალატე ადამიანი აღმოჩნდა.
ქალის გამეფებას აკრიტიკებს ჯუვეინიც და მაგალითად მოჰყავს ხალიფა აბუ ბაქრი, რომელმაც მაჰმადიანთა წინასწარმეტყველი მუჰამედი შეცვალა ტახტზე: „მართლმორწმუნეთა მბრძანებელ აბუ ბაქრის შესახებ, – ღმერთი იყოს მისი მწყალობელი, – არსებობს თქმულება, რომ, როდესაც ამბავი მიუვიდა. ირანის შაჰი ქალიაო, უთქვამს: „მდაბალია ის, რომ თავისი საქმეები ქალისათვის ჩაუბარებია“.
  ჩვენს ჟამთააღმწერელს აქვს ნათქვამი, რომ ჯალალედინმა მოლაპარაკება ითხოვა და ავაგ ამირსპასალარს შეხვდა. ეს ცნობები მსგავსია, თუმცა, ჯუვეინის შემდეგი აბზაცი გამორიცხავს თაშთდარის მოლაპარაკებას რუსუდან მეფესთან. მაგრამ, რაღაც მოლაპარაკების მსგავსი, ალბათ, იქნებოდა, ჯალალედინის ინიციატივით, თუნდაც, დამორჩილების მოთხოვნის მსგავსი. ჩვენი ისტორიკოსის თქმით, ჯალალედინს მოუთხოვია რუსუდანის ქმრობა და მონღოლების წინააღმდეგ ერთიანი ძალით ომი. ჯალალედიის გამეფება საქართველოში შეუსრულებელი მოთხოვნა გახლდათ, თუ მართალია ჩვენი ისტორიკოსის ცნობა, მაგრამ, დროის გაწელვა და ჯალალედინის მოტყუების მცდელობა, მით უმეტეს, გარნისში განცდილი მარცხის მერე, საქართველის სამეფო კარისგან არ ჩანს.   
  ჯუვეინი წერს: „ერთ დღეს მალექ თაშთდარი მდინარე მტკვრის ნაპირას იდგა. შალვასგან მომავალი ერთი მთვრალი მღვდელი, რომელსაც ქეშიშს უწოდებენ, მალექ თაშთდარს მიეჭრა და უთხრა: „მალე მალიქი (ყიზ-მალიქი, ესე იგი, რუსუდანი. – მთარგმნელი) ლაშქარს დაძრავს, რათა მარქაბის ველზე შემოვერტყათ სულთანს ლაშქრიანად და სამაგიერო შურისგება მივუზღოთ მას“.
  ამ გადაჭარბებულ ცნობაში უნდა ჩანდეს ინფორმაცია, რომ შალვა ახალციხელის შიკრიკი, რომელიც ჩვენმა გმირმა სამშობლოში გამოაგზავნა მოძმეების გასაფრთხილებლად: ჯალალედინი მოემართება ამა და ამ გზით და ჩაუსაფრთდითო, – ხელში ჩაუვარდათ მაჰმადიანებს. ალბათ, მსტოვრები ეყოლებოდა მიჩენილი შალვა ახალციხელს და მათ ხელში ჩაიგდეს ინფორმაცია. აბა, მთვრალი მღვდლის შესახებ ცნობა, რომელიც ტრაბახობდაო, სერიოზული არ უნდა იყოს. ჯუვეინი, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ქართველებს ლოთებად თვლიდა, და ზოგადად, სმას – დაღუპვის მიზეზად. მისი სარწმუნოება ხომ კრძალავს ღვინის სმას.
  ჯუვეინი განაგრობს: „მალექ თაშთდარმა ის მღვდელი მაშინვე მოჰკლა და სწრაფმფრენი ჩიტივით გაეჩქარა სულთანთან. დილა ადრიან, როცა მუეძინების ხმამ მართლმორწმუნენი გააღვიძა, სულთანთან მიაღწია და საქმის ნამდვილი მდგომარეობა და ჭეშმარიტების გზას აცდენილი ხალხის მზაკვრობის ამბავი აუწყა“.
ჯალალედინი მიხვდა, შალვა ახალციხელი ხაფანგს მიგებსო.

скачать dle 11.3