კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რა საგანგაშო ცნობებს აწვდიდა მოსკოვიდან ილია შიოლაშვილი-ღუდუშაური საქართველოს პატრიარქს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „ჩვენი ცხოვრება მსგავსია კიბისა. ადამიანი ამ კიბეზე ან მაღლა ადის ან დაბლა ეშვება, რადგან იგი ერთ დონეზე ვერ დარჩება. ბედნიერია ის, ვინც უფლისაკენ ისწრაფვის. ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია, შეიცნოს თავის თავი, მაგრამ მარტო დანახვა ნაკლისა არ არის საკმარისი, საჭიროა შინაგანი ფერიცვალება, საჭიროა სულიერ კიბეზე ასვლა.“ – ეს სიტყვები  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ეკუთვნის. მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მასთან დაპირისპირებიდან გამომდინარე ატეხილი აჟიოტაჟის გამო, რომელიც შესაძლოა, საქართველოს საეკლესიო ისტორიაში ყველაზე ბინძურ, შავ ლაქადაც დარჩეს, დღეს მინდა, შემოგთავაზოთ უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დღიურები.
  გიორგი შიოლაშვილმა 1927 წელს ოჯახი დროებით საცხოვრებლად სოფელ სნოდან ქალაქ ვლადიკავკაზში (ძაუგში) გადაიყვანა, სადაც შეიძინა სახლი... გიორგი შიოლაშვილის ოჯახი ვლადიკავკაზში ცნობილი იყო, როგორც ღვთისმოშიში და ღრმადმორწმუნე. 1933 წლის 4 იანვარს ოჯახს ახალი წევრი შეემატა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც მამამ მეფე ერეკლე მეორის პატივსაცემად, ირაკლი დაარქვა. იმ დროს ვლადიკავკაზში ჯერ კიდევ იყო წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი, კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის ყოფილი მდივანი, გაჭირვებით, მაგრამ მაინც ახერხებდა ეკლესიის დაცვას როგორც ადგილობრივი საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლების შემოტევებისგან... პატარა ირაკლი მონათლეს წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში. მისი ნათლია – მონაზონი ზოილე დვალიშვილი – დიდი ხნის განმავლობაში მცხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო. ნათლიას ნათლული ხშირად ჩამოჰყავდა მცხეთაში. ერთხელ, სვეტიცხოვლობაზე, ღვთის განგებით, ერთმანეთს შეხვდა საქართველოს ორი პატრიარქი – ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია... „მინდა, ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმიდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“, – იხსენებს ილია მეორე. 1938 წლის 24 თებერვალიდან გაუქმდა ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და დაიწყო მორწმუნე ქართველობის დევნა-შევიწროება. „ჩემი ბავშვობა, – აღნიშნავს მისი უწმიდესობა, – დაემთხვა საქართველოს ეკლესიისთვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა-ლოცვაზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე.“ გიორგი შიოლაშვილის ოჯახთან მეგობრობდნენ მაჰმადიანი ქისტებიც. როგორც უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე აღნიშნავს, ხშირად ისინი მათი სახლის სტუმრებისთვის გამოყოფილ ოთახშიც ლოცულობდნენ თავიანთი წესის მიხედვით, შემდეგ კი სტუმრები და მასპინძლები სადილზე ერთად იკრიბებოდნენ... 1952 წელს, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს გარდაცვალების გამო, ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა ქართველთა სათვისტომოს დელეგაცია, რომელსაც გიორგი შიოლაშვილი ხელმძღვანელობდა. პატარა ირაკლი ზაფხულს, ძირითადად, სნოში, საგვარეულო სახლში, ატარებდა, უფროსებისგან ისმენდა ხალხურ თქმულებებს, დადიოდა სნოსა და თრუსოს ხეობებში, ათვალიერებდა მრავალრიცხოვან ციხე-კოშკებს, ეკლესია-მონასტრებს… იგი 1941 წლის სექტემბერში ქალაქ ორჯონიკიძის ¹22 საშუალო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე გახდა. ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, პატარა ირაკლი დიდ დროს უთმობდა წირვა-ლოცვებს, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა, კარგად ესწავლა სასკოლო საგნები. განსაკუთრებით იტაცებდა ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენა. 1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. გერმანელთა ჯარებმა პირველ თვეებში მოახერხეს საბჭოთა კავშირის სიღრმეში შემოჭრა... ვლადიკავკაზი ფრონტისპირა ქალაქად იქცა. გიორგი შიოლაშვილმა ოჯახი შექმნილ საფრთხეს განარიდა და მშობლიურ სნოში ჩამოიყვანა. ომის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა სწავლა ისევ ვლადიკავკაზის 22-ე სკოლაში განაგრძო, რომელიც 1952 წელს დაამთავრა. ირაკლიმ გადაწყვიტა, მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გაეგრძელებინა სწავლა, სადაც ღვთისმეტყველების შესწავლისთვის საუკეთესო პირობები იყო – გამორჩეული პედაგოგები, მდიდარი ბიბლიოთეკა, სემინარიის ზომიერად მკაცრი შინაგანაწესი...  პირველი კურსის ნიშნების ფურცელი, რომელიც შევსებულია 1953 წლის 11 მაისს, გვამცნობს, რომ ირაკლი შიოლაშვილს ყველა საგანში აქვს „ფრიადი“, მეორე კურსზე მხოლოდ ბერძნულში აქვს „4“ მესამე კურსზე იგი კვლავ ფრიადოსანია. ირაკლი შიოლაშვილმა პირველ კურსზე სწავლის დროს საკონკურსოდ წარადგინა თხზულება, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებული დაჯილდოვდა 50 მანეთით მიტროპოლიტ ფილარეტის ფონდიდან, ხოლო ტროცკი-სერგეევის ლავრამ მას 30 მანეთი გადასცა. საპატრიარქო არქივში დაცულია მისი ჩათვლის წიგნაკი (ნიშნების ფურცლები), რომელსაც ხელს აწერენ აკადემიის ინსპექტორი ვ.სარიჩევი და მდივანი ნ.მურავიოვი. აკადემიის კურსდამთავრებულ მღვდელმონაზონ ილიას ყველა საგანში ფრიადი აქვს. აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. 1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსმა ზინობმა ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცა და სახელად ილია უწოდა. როდესაც მეუფე ზინობმა ბერადაღკვეცილი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს მელქისედეკ მესამეს წარუდგინა, გახარებულმა პატრიარქმა ამ სიტყვებით მიმართა მას: ათი შენისთანა რომ მყავდეს, საქართველოს ეკლესიას აღარაფერი გაუჭირდებაო. 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ ხელი დაასხა მას იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ მესამის წერილობითი ნებართვით, რუსეთის პატრიარქმა ალექსი პირველმა ზაგორსკის წმიდა სერგის სავანის სატრაპეზოში იეროდიაკონი ილია მღვდელმონაზვნად აკურთხა. თავად პატრიარქი ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას: „ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს“. სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ირაკლი შიოლაშვილს კიდევ უფრო გაუმძაფრდა დედაეკლესიისა და სამშობლოს სიყვარული. ამის დასტურია მისი წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ მესამისადმი. წერილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჭიროდ მიმაჩნია მისი სრულად წარმოდგენა: „თქვენო უწმიდესობავ, გვაკურთხეთ... აქ, ჩვენს წრეში, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თითქოს დასასრულს უახლოვდება, რადგან: 1) მთელი რიგი ეპარქიები უმოქმედოდ, მღვდელმთავრის გარეშეა და არც არსებობს სათანადო კადრი; 2) ღვთისმსახურების დროს ეკლესიებში მორწმუნეთა დასწრება ერთობ მცირეა; 3) საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიას არ აქვს სემინარია, გამომცემლობა, საეკლესიო მუზეუმი, წიგნსაცავი, ბიბლიოთეკა. ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არ იქნება დაშვებული ახლად ხელდასხმული ქართველი მღვდელმთავარი (საუბარია ეპისკოპოს ლეონიდე ჟვანიაზე). და რომ მღვდელმთავართა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არაქართველთა შორისაც კი ავრცელებენ უბადრუკ აზრს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეპარქიების გამსხვილების აუცილებლობის შესახებ. ზემოთ მოყვანილი ძირითადი პრობლემების ირგვლივ თქვენს მიერ მიღებული ზომები, საქართველოს სსრ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის ჩათვლით, ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ზოგიერთი მწარე სინამდვილის გამო ვაძლევთ თავს ნებას, რომ თქვენი ყურადღება მივაპყროთ შემდეგ გარემოებას: საბჭოთა მთავრობის სათანადო დადგენილების საფუძველზე, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში არსებობს სასულიერო სემინარია–აკადემიები, ხდება ღვთისმსახურებისათვის საჭირო ლიტერატურის გამოცემა, ხატების გამრავლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლება. საქართველოს ეკლესიას თუ უპირატესობა არა აქვს, გამონაკლისს მაინც არ წარმოადგენს, მხოლოდ საჭიროა ამ იურიდიული უფლების ადგილობრივი მთავრობის მეშვეობით გამოყენება, საქართველოს სსრ ხელისუფალთ, არსებული წესის დაცვით, მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში, წარედგინოს წერილობითი სახის განაცხადი საქართველოს ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესიის სასიცოცხლო საკითხების შესახებ და ენერგიულად იქნას მოთხოვნილი, პირველ რიგში, სემინარიის (არა კურსების) გახსნის, საჭირო ლიტერატურის გამოცემის, საეკლესიო მუზეუმის, წიგნსაცავის დაარსების, გელათის, წილკნის, ნიკორწმინდის, ყაზბეგის, ანანურის, გორის ეკლესიებში ღვთისმსახურების უფლების აღდგენა-განახლების შესახებ... საქართველოს ეკლესიისა და მისი მეთაურის მტერსა და ორგულს ჩვენს პირად მტრად ვთვლით, მაგრამ განუხორციელებელი განდიდების სურვილის გამო განაწყენებულნი, პატრიარქის შორსმჭვრეტელი გონების თვალით და კეთილი
ნებით, შეიძლება, ჩაყენებულ იქნან საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეო საქმიანობაში... სააღდგომო არდადეგებისათვის შესაძლოა, ვეახლოთ თქვენს უწმიდესობას და თქვენი მითითებითა და ლოცვა-კურთხევით, არსებული წესის დაცვით, სადღესასწაულო ქადაგებებით მივმართოთ მორწმუნე საზოგადოებას. ღრმა პატივისცემით გეამბორებით და გამოვითხოვ თქვენს წმიდა ლოცვა–კურთხევას. ი. შიოლაშვილი, ზაგორსკი 1957 წლის 12 თებერვალი” [25, 2718]. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმძიმესი მდგომარეობა მოსვენებას უკარგავდა ახალგაზრდა სტუდენტს და ასეთი თამამი, მაგრამ სამართლიანი განცხადებით მიმართავდა იგი უწმიდესსა და უნეტარესს მელქისედეკ მესამეს. ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს მღვდელმონაზონმა ილიამ საკვალიფიკაციო თემად აირჩია „ათონის ივერთა მონასტრის ისტორია“. რუსულენოვანი მასალების მოძიებისა და დამუშავების შემდეგ იგი შეხვდა ზაგორსკის აკადემიის რექტორს დეკანოზ კ. რუჟიცკის და სთხოვა, მიეცა ნებართვა, რომ რამდენიმე თვით წამოსულიყო საქართველოში ქართულენოვანი ლიტერატურის სრულად შესწავლის მიზნით. 1959 წლის 4 ივნისითაა დათარიღებული რექტორ კ. რუჟიცკის მომართვა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ცენტრალური არქივის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სახელზე, რათა თავიანთი დაწესებულებების ბიბლიოთეკებში, წიგნსაცავებსა და ხელნაწერთა განყოფილებაში სამუშაოდ დაეშვათ სასულიერო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი მღვდელმონაზონი ილია (ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი). მღვდელმონაზონმა ილიამ რამდენიმე თვე იმუშავა თბილისის ბიბლიოთეკებში, მიიღო რჩევები ქართველი მეცნიერებისგან. 1960 წლის ივნისში ზაგორსკის აკადემიაში შედგა მისი საკვალიფიკაციო ნაშრომის საჯარო დაცვა. ოფიციალურმა ოპონენტებმა – პროფესორებმა ნ.მურავიოვმა და ა.გეორგიევსკიმ – მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ ნაშრომს. მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიის რექტორმა საგანგებო წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს უწმიდეს ალექსი პირველს, რათა საუკეთესო ნაშრომისათვის დაეჯილდოებინა ღვთისმეტყველების კანდიდატი, მღვდელმონაზონი ილია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცულია ზაგორსკის აკადემიის მიერ მღვდელმონაზონ ილია შიოლაშვილის სახელზე გაცემული წარჩინების დიპლომი.  „სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ დაადგინა, მე ვყოფილიყავი დატოვებული აკადემიაში პროფესორთა სტიპენდიანტად, მაგრამ ჩემი ერის სიყვარულმა მიმატოვებინა ეს ყველაფერი და მომიყვანა საქართველოში“. იგი ეახლა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს და ასეთი განცხადებით მიმართა: „თქვენო უწმიდესობავ! გაცნობებთ, რომ 1960 წელს დავამთავრე მოსკოვის სასულიერო აკადემია. გთხოვთ, მომცეთ სამსახური, გამგზავნოთ იქ, სადაც თქვენ სცნობთ საჭიროდ“. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ მღვდელმონაზონი ილია ბათუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა.  
  მან მოახერხა სასწავლებლის წინაშე არსებული უამრავი პრობლემის გადალახვა. მცხეთის სასულიერო სემინარიის ავტორიტეტზე მეტყველებდა ის ფაქტი, რომ აქაურ კურსდამთავრებულებს უგამოცდოდ იღებდნენ ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში... შემდეგ იყო შემოქმედის ეპისკოპოსი, 1967 წელს კი ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 17 წლის შემდეგ 1977 წლის 23 დეკემბერს, ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება. ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა.


скачать dle 11.3