კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ქართულმა სათამაშო ბიზნესმა ერთ წელიწადში ბრუნვა 6 მილიარდიდან 14 მილიარდამდე გაზარდა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  თუ სტატისტიკას გადავხედავთ, საქართველოში სათამაშო ბიზნესი არნახულად ყვავის, ბოლო მონაცემებით, 2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 6,05 მილიარდი ლარიდან 13,8 მილიარდამდე გაიზარდა და ის ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ყველაზე მომგებიანი სფეროა. მეორე მხრივ, ეს მოულოდნელიც არ იყო, ვინაიდან აზარტული თამაშები ზოგადად დედამიწის სენი და ვნებაა. არაერთი ქვეყანა საკმაოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს ამ სფეროდან და, რაც მთავარია, ის პირდაპირაა დაკავშირებული ტურისტულ სექტორთან. საინტერესოა, რომ სათამაშო ბიზნესი იძლევა როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსავლებს. მაგალითად, ლას-ვეგასში, დედამიწის სათამაშო ბიზნესის გულში, ყოველწლიურად 42 მილიონი ტურისტი ჩადის, რომ გული გადააყოლოს აზარტულ თამაშებს და, სხვადასხვა მონაცემებით, ყოველწლიურად, ისინი აზარტულ თამაშებში, დაახლოებით, 23 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავენ, ზოგადად კი – 40 მილიარდამდე თანხას. ლას-ვეგასის კაზინოში დასაქმებულთა ხელფასები 47 000 აშშ დოლარიდან იწყება, თამაშების ქალაქს კი 160 000 ადამიანი ემსახურება. თუმცა, მეორე მხრივ, ლას-ვეგასის კაზინოები და სასტუმროები ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიარდ აშშ დოლარამდე გადასახადებს იხდიან. ასევე, იბეგრება კაზინოს სტუმრების მოგებაც.
  მაკაოც სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთი ცენტრია, ერთადერთი ქალაქი ჩინეთში, სადაც დასაშვებია აზარტული თამაშები და ის ჩინეთის მთავარი ტურისტული ცენტრია, უპირველესად, თავად ჩინელებისთვის. ტურიზმის შემოსავლები ქალაქის მთლიანი შიგა პროდუქტის 40 პროცენტს შეადგენს და ამ სეგმენტში დასაქმებულია ქალაქის შრომისუნარიანი მოსახლეობის 70 პროცენტი, კაზინოებს კი ბიუჯეტში 12 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი შეაქვთ  (მაკაოს მოსახლეობა 650 000-მდეა). აქ სათამაშო ბიზნესის შემოსავალი 40 მილიარდამდე აღწევს.
  მონაკო, ერთ-ერთი უმცირესი სახელმწიფო ევროპაში, განთქმულია თავისი შესანიშნავი კაზინოებით, თუმცა თავად მონაკოელებისთვის აზარტული თამაშები აკრძალულია (მონაკოს მოსახლეობა 40 000-მდეა). მაგრამ მისი ხშირი სტუმრები არიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები, მონაკოს ოთხი კაზინოს შემოსავალი ყოველწლიურად 210 მილიონი ევროა და ამ სექტორში  1 300 მონაკოელია დასაქმებული.
  ერთ-ერთი წამყვანი ადგილი სათამაშო მექებს შორის ფილიპინებს უჭრავს, სადაც აზარტული თამაშები ლეგალიზებულია (სამიზნე, ძირითადად, ჩინური ბაზარია). რამდენიმე წელიწადში სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა რეკორდულ თანხას მიაღწია – 25 მილიარდ აშშ დოლარს წელიწადში. ამ სექტორში დასაქმებულია 100 000-ზე მეტი ფილიპინელი, რომლებიც ყოველწლიურად 40 მილიონი დოლარის გადასახადებს იხდიან ბიუჯეტში თავიანთი ხელფასებიდან.
  საქართველოშიც ისეთი ტემპით ვითარდება სათამაშო ბიზნესი, რომ 2018 წლის ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო კომპანიებზე მოდიოდა. კერძოდ, „კრისტალბეთი“ (შპს „მარსი“), „ლიდერბეთი“ (შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“), „ბეთლაივი“ (შპს „ბეთლაივი“), „ევროპა ბეთი“ (შპს „ჩემპიონები 111”) და „აჭარაბეთი“, კაზინო „ავიატორი“ (შპს „ავიატორი“).
  სრული მონაცემები არ არსებობს, მაგრამ, მაგალითად, „კრისტალბეთის“ წმინდა შემოსავალი გასულ წელს 163 მილიონ 366 ათასი ლარი იყო; ონლაინ კაზინოს ონლაინ თამაშებიდან – 89 მილიონი, ონლაინ ტოტალიზატორიდან – 6 მილიონამდე, ხოლო ონლაინ პეერ-ტო-პეერ თამაშებიდან – 10 მილიონამდე ლარი.
  „აჭარაბეთის“ წმინდა შემოსავალმა კი 2017 კაზინოს ინტერნეტთამაშებიდან – 106 მილიონ 500 ათას ლარამდე შეადგინა, პეერ-ტო-პეერ თამაშებიდან – 17 მილიონ 644 ათასი ლარი, სამორინედან – 5 მილიონ ლარამდე,  ზოგადი წმინდა შემოსავალი ონლაინთამაშებიდან კი – 2 მილიონ 862 ათასი ლარი იყო.
  როგორც გითხარით, ერთ წელიწადში საქართველოს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ორჯერ გაიზარდა და 2018 წელს 14 მილიარდამდე ლარი შეადგინა, თუმცა, მაგალითად, 2017 წელს, როდესაც ამ ბიზნესის ბრუნვა 5,6 მილიარდი იყო, მათ ბიუჯეტში მხოლოდ 302 მილიონი გადაიხადეს, შესაბამისად, ეჭვია, რომ 14 მილიარდამდე ბრუნვის გაზრდის შემთხვევაში, ჩვენი ბიუჯეტი ვერ გამდიდრდება სათამაშო ბიზნესის მფლობელთა გამდიდრების პირდაპირპროპორციულად.
  გამდიდრებაც რომ იქით იყოს, სათამაშო სფერო საქართველოს მოქალაქებისთვის ერთგვარ ხაფანგად იქცა – ის არა მხოლოდ გაღატაკების ერთ-ერთი წყარო, სუიციდის მიზეზიც ხდება. ცნობილი იყო, რომ ონლაინსესხების დიდი ნაწილი სწორედ აზარტული თამაშებისთვის საჭირო ფულის დასაფინანსებლად შეიქმნა, იმიტომ რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ამ გზით შოულობდა აზარტული თამაშებისთვის საჭირო თანხას. ასევე, ცნობილია, რომ საქართველოს სათამაშო ბიზნესი საინტერესოა ჩვენი მეზობლებისთვის, რომელთა ქვეყნებშიც აკრძალულია სათამაშო ბიზნესი, რაც ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, ისე აღმოჩნდა, რომ სათამაშო ბიზნესმა საქართველოს მოქალაქეებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ამის მიუხედავადაც, ვერ თუ არ ხერხდება რეგულაციების დაწესება, რომ საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები მაინც დავიცვათ აზატული თამაშების მავნე ზეგავლენისგან, მით უფრო, რომ მათი რეკლამაა ყველგან – ქუჩაში, ანუ რეალურსა თუ ვირტუალურ სივრცეში. ემზარ ჯგერენაიასთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე – თუ რა წვლილი შეაქვს სათამაშო ბიზნესს საქართველოს ეკონომიკაში, მის მთლიან შიგა პროდუქტში და ღირს თუ არა ეს თანხა საქარათველოს მოქალაქეების შემოსავლების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებად ან არის თუ არა გადასახადები მათი შემოსავლების ადეკვატური?
– გვიღირს ბიუჯეტში გადახდილ თანხებად სათამაშო სექტორის განვითარება?
– მინდა, გითხრათ, რომ ლაპარაკია, ზოგადად, სათამაშო ბიზნესზე, ტოტალიზატორები, სპორტული ღონისძიებები, მათი სრულად აკრძალვა შეუძლებელია და არათანაბარია ასეთი შედარება. ერთ მხარეს არის ადამიანთა ბედი, ოჯახი, ახალგაზრდები, მეორე მხარეს კი – ფინანსური შემოსავლები. ამის შედარება ძალიან ძნელია. ამდენად, რამდენად მაღალიც უნდა იყოს სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი, ის ვერ გადაწონის ადამიანთა ბედს. არადა, საკმაოდ შთამბეჭდავი შემოსავალია.
– მაშინ რამდენია შემოსავალი სათამაშო ბიზნესიდან და რა წილი უჭირავს ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში? ათი წარმატებული კომპანიიდან ხუთი სათამაშო ბიზნესს წარმოადგენს.
– ძნელი დასათვლელია, ამბობენ, რამდენიმემილიარდიანი შემოსავალია. მე ერთი რამ ვიცი, არანაირი უკიდურესი ზომების მიღება არ შეიძლება, უნდა დაწესდეს რეგულაციები, მაგრამ არ უნდა გადავაყოლოთ ნაბან წყალს ბავშვი. მეორე მხრივ, ამ სექტორზეა დამოკიდებული მთელი ქვეყანა: სასტუმროები, ტურისტული სექტორი... ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტილების მიღება ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებს ქვეყანას.
– ონლაინ თამაშების რეკლამა ძალიან აგრესიულია, გახსნი თუ არა რომელიმე საიტს, მაშინვე ამოგიგდებს. სამიზნე უცხოელებიც არიან თუ მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებზეა გათვლილი?
– ონლაინ თამაში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, მაგრამ ვერავინ აღრიცხავს, რომელი ქვეყნის მოქალაქე თამაშობს ძირითადად, ეს შეუძლებელია და იმის დათვლაც, რა თანხა მოძრაობს ამ სფეროში, მიუღწეველი ამოცანაა, ფაქტობრივად.
– ზოგიერთ ქვეყანაში ხომ არის რეგულაციები და მათი მოქალაქეების ბედი არ არის დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე? როდესაც რეგულაციები არ წესდება საქართველოს მოქალაქეებზე, ეჭვი მიჩნდება, რომ ძირითადი სამიზნე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა?
– ბოლომდე არსად არის დარეგულირებული, მაკაოშიც კი. თითქოს ადგილობრივებს უკრძალავენ თამაშს, მაგრამ მაინც თამაშობს ის, ვისაც თამაში უნდა, უბრალოდ, ცდილობენ, რომ იგივე სან-რემო იქნება თუ მონაკო, რეგულაციაში მოაქციონ. ყველგან ანალოგიური სიტუაციაა: საფრანგეთშიც, იტალიაშიც, მონაკოშიც.
– ასეთივე სავალალო შედეგებია იქაც? ღარიბი და მდიდარი ქვეყნები არ განსხვავდებიან სათამაშო ბიზნესის ზემოქმედების ხარისხით?
– ძირითადად, ერთ ქალაქშია და არ არის ადვილად ხელმისაწვდომი, იქ უნდა წახვიდე, რაც ართულებს ხელმისაწვდომობას, თუმცა, საბოლოოდ, ყველგან განსხვავებული რეგულაციებია, გააჩნია ერსა და ემოციას, რეგულაციები მორგებულია ერის ხასიათს. იტალიაში რამდენიმე ქალაქშია დასაშვები აზარტული თამაშები, მაგალითად, სან რემოში ან ლოზანაში და შეზღუდულია ადგილობრივების დაშვება. რუსეთშიც აკრძალულია სათამაშო ბიზნესი, ამა თუ იმ ქალაქშია, მაგრამ ძალიან ბევრი იატაკქვეშა კაზინოა.
– როგორც ვხვდები, ქვეყნის ხელისუფლებებს არ უნდათ სათამაშო ბიზნესის აკრძალვა. იმიტომ რომ ყველგან დიდი შემოსავლის წყაროა?
– მაღალი კლასის სასტუმროები შენდება, ძირითადად, კაზინოების მომსახურებისთვის, თუ დიდი ქალაქი არ არის, რადგან პარიზსა და ლონდონს არ სჭირდებათ კაზინოები სასტუმროების დასატვირთად, მაგრამ ტურისტული ქალაქებისთვის ეს აუცილებელია.
– კაზინოები და სათამაშო ბიზნესი თბილისში რატომაა კონცენტრირებული. გაიტანონ მაინც, მოქალაქეების დაცვის საშუალება ხომ იქნებოდა?
– მოსახლეობის დიდი ნაწილია კონცენტრირებული თბილისში და იმიტომ. მე ვფიქრობ, სოციალური ფაქტორების გამოც: უამრავი უმუშევარი გაჩნდება, ინვესტორს არ ექნება ინვესტირების სტიმული. თამაში დაავადებაა. მხოლოდ სიღარიბით ვერ ავხსნით საქართველოში თამაშისადმი მიდრეკილებას, ბევრი რამაა დამოკიდებული ერის ხასიათზე. მაგალითად, ძალიან აზარტულები არიან ებრაელები, თურქები... ჩვენც საკმაოდ აზარტულები ვართ.

скачать dle 11.3