კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ცოლებისგან მიტოვებულის აღსარება

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #43-44(983)

  მეოთხე კურსს რომ ვხურავდი, უნივერსიტეტში ნინოლა შემხვდა. ძალიან გალამაზებული იყო და გული ამიჩქროლდა, მაგრამ შევეცადე, არ შემემჩნია.
– როგორ ხარ? – ვკითხე ზრდილობის გულისთვის.
– კარგად. იცოდი, რომ გავთხოვდი? – მკითხა და მარჯვენა ხელი ცხვირწინ ამითამაშა, საქორწინო ბეჭედი რომ დამენახა.
– არა, – სპეციალურად არ ვკითხე, ვის გაჰყევი ცოლად-მეთქი, მაგრამ თვითონ მახარა:
– რამდენიმე თვის წინ ბექას გავყევი ცოლად. ხომ გახსოვს ბექა? – შემომცინა უტიფრად.
– ჰო, მახსოვს. გილოცავ!
– არაფერი მაქვს მოსალოცი, – ჩაილაპარაკა და განაგრძო: – იცი, რა მაინტერესებს?
არ ვკითხე, რა-მეთქი და ისევ თვითონ დააზუსტა:
– დავიჯერო, ბექაზე არანაირი ბოღმა აღარ გაქვს?
– რა ბოღმა უნდა მქონდეს?
– მაშინ რომ დაგასახიჩრა, – მითხრა ნიშნის მოგებით და თვალებში ბოროტი ნაპერწკალი გაუკრთა.
– ეგ შენი საქმე არ არის. იმის მერე ჩვენ შევრიგდით და კარგი ურთიერთობაც გვქონდა. მაშინ ბავშვები ვიყავით.
– მაინც ვერ დავიჯერებ, რომ სამაგიეროს გადახდის სურვილი ხანდახან მაინც არ მოგივლის ხოლმე. მართალი ვარ?
– არასდროს  მსგავსი არაფერი მომხდარა.
ნამდვილად არასდროს გამჩენია ასეთი სურვილი.
– მართლა არ მატყუებ?
– რა გინდა, რის მიღწევას ცდილობ? ქმარზე ხარ გაბრაზებული და ჩემი მეშვეობით გინდა, შური იძიო?
– ჰო, დაახლოებით ასეა, – გამოტყდა ნინოლა, – მაგრამ შენზეც ვზრუნავ. მებრალები, დაუმსახურებლად რომ დაგჩაგრა.
– არაფერი გამოგივა, გოგონი, იმ კარზე არ აკაკუნებ! – გესლი გავურიე ხმაში და უცებ ვიგრძენი, როგორ მძულდა ეს გოგო, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ პირველი, ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ძლიერი ბიჭური სიყვარულით მიყვარდა. ამ სიძულვილმა მომენტალურად მოიცვა მთელი ჩემი სხეული და უცებ ძალიან შემეშინდა, შემეშინდა ბექას გამო, რადგან მივხვდი, რომ ეს ქალი ქმარს რაღაც საშინელებას უმზადებდა.
– შენ როგორი თამამი ბიჭი გამხდარხარ! – აშკარად დამცინა, – ყურებიც თითქოს ნაკლებად გიფარფატებს და ფეხებიც ცოტათი გაგსწორებია... – მერე ამათვალიერ-ჩამათვალიერა და განაგრძო: – თუმცა, ცხვირს ვერ მოსვლია კარგი ამბავი... ღამით პირით სუნთქავ თუ ხროტინით აღვიძებ შენს მკლავზე მიძინებულ გოგოებს?
– ჰო, თამამი ბიჭი გავხდი, ასე სცოდნია პოპულარობას. სწორედ ამ ცხვირის დამსახურებაა ჩემი წარმატება გოგოებში, ასე რომ, ბექასთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და, ნაწილობრივ, შენთვისაც – შენ რომ წესიერი გოგო ყოფილიყავი, ჩხუბიც აღარ მომიწევდა და ცხვირიც აღარ გამიტყდებოდა.
– არ გაინტერესებს, რას გთავაზობდი შურის საძიებლად? – ნინოლამ აიცილა ჩემ მიერ შეგდებული თემა მისი წესიერების შესახებ და სიბრაზით სახე წამოუწითლდა.
 – არა. ისე კი, სიამოვნებით ვნახავდი შენს ქმარს და გავაფრთხილებდი, ფხიზლად იყოს.
– გგონია, ვინმეს მოვაკვლევინებ ან ცემით დავასახიჩრებინებ?
– არ ვიცი, შენგან ყველაფერია მოსალოდნელი.
– ან, იქნებ, ქონებას წავართმევ და ქუჩაში დავტოვებ?
– არ ვიცი-მეთქი, კარგად იყავი!
– მოიცა, მაინც უნდა გითხრა, იქნებ ვერ გაუძლო ცდუნებას და დათანხმდე ჩემს პირობას.
– არანაირი პირობა არ მაინტერესებს. წავედი...
– მოიცა-მეთქი. უნდა მოგიყვე. იცი, მაშინ, როცა ჩხუბი მოგივიდათ, რატომ ამომსვარა ლაფში ბექამ? თვითონ ვუყვარდი, მაგრამ მე სხვა მიყვარდა და იმას ვხვდებოდი. ეს ვერ აიტანა, უარი ვერ მოინელა და ორღობის ქალივით დაიწყო ჩემზე ჭორაობა.
– შენ ვინ გითხრა?
– იმ ბიჭებიდან ერთ-ერთმა, შენ რომ გირტყამდნენ.
– ის უარესი ნაგავი ყოფილა.
– შეიძლება. მაგრამ ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს: სკოლა რომ დავამთავრეთ, ბექამ ჩემი შეყვარებული ვიღაც მუტრუკებს აცემინა და დააშინა, რომ მე აღარ შემხვედროდა. იმანაც თავი დამანება. მერე ბექა მთელი წელი დამდევდა და მუხლებზე დაჩოქილი მეხვეწებოდა, ცოლად გავყოლოდი. თავიდან ახლოს არ ვიკარებდი, ბოლოს კი დავთანხმდი ერთადერთი მიზნით – შური მეძია.
– რას უპირებ, მოწამვლას? – გავიხუმრე უკბილოდ და ცივმა ჟრუანტელმა დამიარა.
– არა, უარესს, – ბოროტად გაიცინა ნინოლამ, – ძალიან უნდა დავტანჯო.
– უნდა გაეყარო?
ნინოლას სიცილი აუტყდა:
– ღმერთო ჩემო, რა გულუბრყვილო ხარ! ეგ რა ტანჯვა იქნება!
– აბა? – ჩავეკითხე, მიუხედავად იმისა, რომ ვუთხარი, შენი არაფერი მაინტერესებს-მეთქი.
– შენი საყვარელი უნდა გავხდე და რქებით უნდა ვატარო, ოღონდ ისე, რომ ყველამ იცოდეს, მის გარდა.
– თუ არ ეცოდინება, როგორ დაიტანჯება?
– როცა გაიგებს, მერე დაეწყება ელდა და ტანჯვა, თავმოყვარეობის შელახვა და მაგარი ბიჭის სახელის გატეხა, ანუ ყველაფერი ერთად.
– რატომ მაინცდამაინც მე? – ახლაღა გამახსენდა მთავარი შეკითხვა.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, დამთანხმდე.
– შენ ქალი კი არა, ხორცშესხმული სატანა ხარ! – ვიყვირე უცებ. არ გამიკვირდებოდა არც ქმრის თვალთვალი, არც დასახიჩრება, არც ქონების წართმევა, მოკვლაც კი, მაგრამ ასეთი ბინძური გზით შურისძიება?! – კი მაგრამ, რა დაგიშავა ასეთი, რით გაგამწარა?
– გაყრა მინდა და უარს მეუბნება.
– სულ ეს არის? – გადავირიე.
– ეს რა, ცოტაა? ვეუბნები, არ მიყვარხარ-მეთქი, ის კი მუხლებზე დავარდნილი მეხვეწება, არ გავეყარო და მიმტკიცებს, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფაო. რა თავში ვიხლი მაგის სიყვარულს, როცა ჩემი სიყვარული დამაკარგვინა?! ისე უნდა გავამწარო, სიგიჟის ზღვრამდე მივიდეს, მხოლოდ მაშინ მოვისვენებ.
აღარაფერი მითქვამს, მოვტრიალდი და უნივერსიტეტიდან გამოვედი. გამომეკიდა, დამეწია, თვალებში ჩამხედა და ეშმაკის ღიმილით მითხრა (დავიფიცებ, რომ იმ მომენტში სატანა მიყურებდა და მელაპარაკებოდა):
– იცი, შენ რატომ აგირჩიე? ორი მიზეზის გამო: პირველი – ჩემი ახალი საყვარელი მისი ძმაკაცი ან ძალიან კარგი ნაცნობი უნდა ყოფილიყო და, მეორე – უნდა მეღალატა უშნო, საცოდავ არარაობასთან, რომელსაც გოგოები მასხრად იგდებენ, რომ მერე პირში მიმეხალა მისთვის – აი, ესეც კი მირჩევნია შენს თავს-მეთქი! ახლა გაიგე, რატომ?
კიდევ ერთხელ გამსრისა და გამასწორა მიწასთან, გული ჩამწყვიტა, მაგრამ თავი გავიმაგრე და ვუთხარი:
– ძალიან მეცოდები, უბედური და მართლაც საცოდავი ადამიანი ხარ, – და სირბილით გამოვედი უნივერსიტეტის ეზოდან. მას შემდეგ ნინოლა აღარ მინახავს. მხოლოდ ის გავიგე შემთხვევით, რომ ბექას სახლიდან გაიპარა და ვიღაც უცხოელ მეზღვაურს გაჰყვა გემით ბათუმიდან.
ნინოლას საქციელმა ქალების მიმართ ეჭვიანი და უნდობი გამხადა. შესაძლოა, ამიტომაც „გამოვედი“ მრავალცოლიანი კი არა, უამრავცოლიანი.
***
  ასე სევდიანად დამთავრდა ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია. პირველი ცოლის შერთვამდე მქონდა რამდენიმე გატაცება, მაგრამ „სტენკის“ დადგმის საშუალება არცერთს არ მივეცი, თუმცა ბოლოს მაინც გავები  მახეში, ეს მახე კი დედაჩემმა, დეიდაჩემმა და მისმა დაქალმა დამიგეს.
ქალებთან ჩემი მრავალფეროვანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ცოლის შერთვას არ ვფიქრობდი, ყოველ შემთხვევაში, კარგა ხნის განმავლობაში მაინც. აღარ მჯეროდა ქალების გულწრფელობის, შინაგანი წესიერების, ერთგულების, სიწმინდის, ამიტომ ისე ვიქცეოდი მათთან (უფრო სწორად, ისე ვექცეოდი მათ), როგორც ისინი იმსახურებდნენ ცალ-ცალკე და ყველა ერთად (ცხადია, ჩემი შეხედულებით), რაც ყოველთვის მშვიდობიანად არ მთავრდებოდა, თუმცა ამას სულაც არ განვიცდიდი. ერთს რომ დავშორდებოდი, მეორე დღეს ახალი ჩნდებოდა – თვითონ მპოულობდნენ, მე თავს არ ვიწუხებდი მათი ძებნით. და რადგან თითქმის ყველა ერთნაირი იყო (გარეგნობას არ ვგულისხმობ), გულში გადავწყვიტე, თუ ოდესმე ცოლის შერთვაზე ვიფიქრებდი, შევირთავდი წყნარ, მშვიდ, თუნდაც გარეგნობით არაფრით გამორჩეულ (არა, სიმპათიური აუცილებლად უნდა ყოფილიყო), ქართულ ტრადიციებზე აღზრდილ ოჯახის გოგოს, სათნო ხასიათითა და სუფთა წარსულით. ერთხელ ეს აზრი გავახმოვანე ოჯახის წევრებთან და სწორედ იმ დღიდან დაიწყო მუშაობა „იატაკქვეშა და იატაკზედა მაჭანკალთა ორგანიზაციამ“, რომელმაც ორიოდე თვეში „სრულიად შემთხვევით“ გამაცნო მაკო – შემდგომში ჩემი პირველი ცოლი. ერთი თვე მოვანდომე მისი პიროვნების უფრო ახლოს გაცნობას, ერთი თვე – ხასიათის შესწავლას, ერთი ამდენი მისი მავნე ჩვევების დასადგენად დამჭირდა, ინტელექტისა და ინტერესების დადგენა ორიოდე კვირაში მოვახერხე. ერთი-ორი თვეც ცოტა ვიგულავეთ (პაემნები, სეირნობები, რესტორნები და ასე შემდეგ) და, საბოლოო ჯამში, დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, მისი ცოლად შერთვა გადავწყვიტე, რადგან, პრინციპში, ჩემს მთავარ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. მხოლოდ ის მქონდა გულში ხინჯად, რომ განსაკუთრებულ აფეთქებულ სიყვარულს ვერ ვგრძნობდი მის მიმართ (თუმცა სიმპათია და მიზიდულობა ნამდვილად იყო), ანუ ნამდვილად არ ვიყავი რომეო და, რაც ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, არც მაკო იჩენდა განსაკუთრებულად ჯულიეტობას, თუმცა სიმპათია თუ ინტერესი ჩემ მიმართ მასაც აშკარად ჰქონდა. ერთი სიტყვით, ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება, არც გრძნობების ფოიერვერკი მოჰყოლია ჩვენს შეხვედრებს, მაგრამ ერთად კარგად ვგრძნობდით თავს. მაკოში ისიც მომწონდა, რომ არ ითხოვდა განსაკუთრებულ ყურადღებას, ძვირფას საჩუქრებს; მას არ მოსწონდა ხელოვნური ურთიერთობები და, რაც მთავარია, ძალიან უნდოდა, ჰქონოდა წყნარი და მშვიდი ოჯახი – ისეთივე, როგორიც თვითონ იყო.
  ერთ დღესაც, გადავწყვიტე, სიურპრიზი მომეწყო და, როცა ჩემი მშობლები ორი დღით ბებიაჩემთან გაემგზავრნენ სოფელში, ბინა ყვავილებით ავავსე, სუფრა ლამაზად გავშალე, ერთი სიტყვით, რომანტიკული ვახშამი მოვაწყვე და მაკო ჩემთან წავიყვანე, ვითომდა, რაღაცის საჩვენებლად. ვიფიქრე, ხელს ვთხოვ, ბეჭედს გავუკეთებ და ბარემ ჩემთან დავტოვებ-მეთქი. ყველაფერი მოეწონა, თანხმობაც მითხრა, ბეჭედიც გაიკეთა და მომაფერებინა კიდეც (მანამდე მხოლოდ რამდენჯერმე მქონდა ნაკოცნი), ის კი არა, საქმე საწოლამდეც კი მივიდა (ეს იყო ჩვენი პირველი ყველაზე თამამი ურთიერთობა), მაგრამ „შუა საქმიანობაში“ რომ ვიყავი, უცებ წამოხტა და სასწრაფოდ ჩაიცვა, მერე ბეჭედი მოიხსნა, მაგიდაზე დადო და მკაცრად მითხრა:
– შენ რომ ხვალ გადაიფიქრო და მიმატოვო, შენი ყვავილები და სანთლები მიშველის? პირველი ღამე მხოლოდ ხელის მოწერის შემდეგ გვექნება. ახლა კი სახლში წავალ, თუ არ გეწყინება. გაცილება არ მინდა!
  ამ წყნარი და მშვიდი გოგონასგან იმდენად მოულოდნელი იყო ასეთი საქციელი, კარგა ხანს ყბაჩამოვარდნილი მივშტერებოდი – მაკოა თუ სხვა ქალი ჩაენაცვლა-მეთქი. გონს კარის საკეტის ხმამ მომიყვანა. მერე დიდხანს ვიჯექი სავარძელში და რაღაც წამლებს ვსვამდი (ცხოვრებაში პირველად), ისე ცუდად გავხდი. მაკოს ასეთმა ერთჯერადმა ექსცენტრიკულობამ, ძველმოდურობამ თუ, არც კი ვიცი, რამ, კინაღამ ჩემი მამაკაცობა შეიწირა, ისეთი ძლიერი იყო მოულოდნელობის ეფექტი და უცებ შეწყვეტილი ვნებათაღელვა.
  ხომ ასე ცუდად გავხდი, მაგრამ რაღაცით მაინც მომეწონა მაკოს საქციელი (ევროპა არა, ჩემი ფეხები! გაგანია აზიელები, უფრო სწორად აზიატები ვართ ქართველი კაცები). ამიტომ ორი დღის შემდეგ, ბეჭდით, ყვავილებით, ბამბანერკითა და დიდი ტორტით (როგორც მაშინ იყო მიღებული), მშობლებთან ერთად, სახლში მივადექი მაკოს და ოფიციალურად ვითხოვე მისი ხელი, რაზეც თანხმობა მივიღე და ქორწილის დღეც დავთქვით.
მაკოსთან ერთად სამი ბედნიერი წელი გავატარე, მაგრამ მერე მაინც გავეყარე, – ძალიან მომბეზრდა მისი ზედმეტად მოწესრიგებულობა, ყოველთვის დალაგებული სახლი, მშვიდი ლაპარაკი, ყველაფერში პედანტურობა. მხოლოდ მაშინ აუწევდა ხმას, თუ რამე ისე არ კეთდებოდა, როგორც მას სურდა. მე კი ძალიან ბოჰემა ტიპი ვიყავი და ასეთ სიმშვიდეს ვერ ვეგუებოდი. მენატრებოდა ხალხმრავლობა, ხმაური, სიცილი, ცოტათი არეული სახლი და, ამ წესრიგისთვის თავი რომ დამეღწია, ხან ვისთან ვიგრილებდი გულს და ხან – ვისთან. თან, მაკოს არ ეჩქარებოდა შვილის გაჩენა – შვილს ყოველთვის მოვასწრებთ, ჯერ კარიერაზე უნდა ვიზრუნოო. ამაზე უკვე ძალიან გავბრაზდი და მე თვითონ შევიტანე განცხადება გაყრაზე. მშვიდობიანად კი გამეყარა და არც ქონების გაყოფაზე მოგვსვლია უსიამოვნება, მაგრამ მთავარი დამიმალა, ეს ვერ ვაპატიე და ამიტომ აღარ შევურიგდი: გაყრის პერიოდში ორსულად ყოფილა და არ მითხრა, რადგან თურმე აბორტის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ვეღარ თუ აღარ გაიკეთა და მე ჩემი შვილის არსებობის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა ბავშვი 3 წლის ხდებოდა (ამ დროს უკვე მეორე ცოლი მყავდა). ჩემს პირველ შვილთან, რომელსაც დედამისმა ჩემი სახელი დაარქვა, ძლივს დავამყარე ურთიერთობა, მაგრამ სიყვარული ვერ გავაღვივე მის პატარა გულში, რადგან საკმაოდ იშვიათად ვხვდებოდი – დაახლოებით კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ და მაშინაც არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, რა მეთქვა, რითი დამეინტერესებინა. ვერაფერი რომ ვერ მოვახერხე, ფარ-ხმალი დავყარე და ჩვენი შეხვედრები თანდათან უფრო გაიშვიათდა და, ბოლოს, რაღაც პერიოდის განმავლობაში სულაც შეწყდა, ერთ დღეს კი საკუთარ თავს შეშინებული გამოვუტყდი, რომ ჩემი სიყრმის შვილი აღარ მენატრებოდა. უნდა ვაღიარო, რომ ყოველივე ეს ცუდად აისახა ჩვენს შემდგომ ურთიერთობაზე, მაგრამ უკვე ვეღარაფერს ვუშველიდი, ძალიანაც რომ მომენდომებინა, თუმცა დედამისი დღემდე საწინააღმდეგოს მიმტკიცებს. რა ვიცი, შეიძლება,  მართალიც არის, მაგრამ, უნდა გამოვტყდე, რომ დიდად არ მომიკლავს თავი შვილთან ურთიერთობის გასამყარებლად.
გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3