კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ჩერჩეტი მკვლელი

ჰენრი სლეზარი

  საყვარელი გოგო იყო, ოღონდ ცოტათი ჩერჩეტი. 21 წლისა მისტერ დენმენს გაჰყვა ცოლად. მისტერ დენმენი ფეთქებადი კაცი იყო. ისეთ გოგონებს კი, როგორიც ბელია, კეთილი ქმარი სჭირდებათ, ისეთი, რომელიც მათ ნაკლოვანებებზე თვალს დახუჭავს. ქორწინების შემდეგ ათი წელი იცხოვრეს ერთად, ვიდრე მისტერ დენმენი მოულოდნელად არ გარდაიცვალა. შვილები არ ჰყოლიათ, ამიტომ მთელი ქონება ბელს დარჩა. ამ ამბიდან სამი თვეც არ იყო გასული, რომ ქალს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
  ბელი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა – დეპრესიის ზღვარზე იყო. მასთან ერთად სახლში მზარეული ქალი და მოსამსახურე, ასევე, მოხუცი მისტერ დენმენის – ბელის მამამთილის მომვლელი ქალი ცხოვრობდნენ. მოხუც მისტერ დენმენს თავში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა – მათ გვარში სულით ავადმყოფები ჰყოლიათ, რაც უკვალოდ არ ჩაივლის  ხოლმე.  
  რაში იყო ახალგაზრდა ქვრივის პრობლემა? – შემოგარენში არცერთ სულიერს მასთან ურთიერთობა აღარ უნდოდა. ქალს ისე გაურბოდნენ, როგორც კეთროვანს. მიზეზი  გავრცელებული  ჭორები იყო. რადგან ბელის ქმარი, გოდფრი სრულიად მოულოდნელად, უცაბედად დაიღუპა, ადამიანებმა ლაპარაკი დაიწყეს, რომ ის ბელმა მოწამლა. როდესაც ხალხი შენს ზურგს უკან ლაპარაკობს, შენ ვერც უარყოფას ახერხებ, ვერც აღშფოთებას, ჭორი კი ვრცელდება და ვრცელდება, თანაც, ახალ-ახალი დეტალებით ივსება, ძალას იკრებს. კვამლი ხომ უცეცხლოდ არ არსებობს. შესაძლოა, ბელს არავის მოკვლა არ უფიქრია, ჭორების ერთადერთი მიზეზი, სავარაუდოდ, გოდფრის უცაბედი სიკვდილი იყო. ვახშამზე კაცი  მშვენივრად გამოიყურებოდა, ხოლო ღამით მოულოდნელად ცუდად გახდა. ექიმის მოსაყვანად მსახური გაგზავნეს, მაგრამ საცოდავი, ექიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში მოკვდა. ექიმმა გადაწყვიტა, ალბათ, სიკვდილი სოკოთი მოწამვლამ გამოიწვიაო. მსახურებმა თქვეს, რომ ვახშმის დროს ბელმა ქმართან იჩხუბა. მათ ამ  ჩხუბის ამბავი გარეთაც გაიტანეს. საერთოდ, ისინი ხშირად ჩხუბობდენენ. იმ ღამით კი განსაკუთრებით ხმამაღლა ყვიროდნენ. გარდა ამისა, ბელი  თავიდან უარყოფდა, მაგრამ შემდეგ გამოტყდა, რომ იმ დილით აფთიაქში დარიშხანი იყიდა. ბუნებრივია, აფთიაქარმა ყველაფერი დაფქვა.
  მათი ოჯახის ექიმი მისტერ როულინსონი იყო. საკმაოდ ასაკიანი, ლამის მოხუცი. ექიმმა თქვა, რომ მზარეული ქალი გამოჰკითხა, რომელმაც უთხრა, რომ რამდენიმე სოკო თავიდანვე საეჭვოდ მოეჩვენა. თუმცა, რადგან მაღაზიაში იყო ნაყიდი, ყურადღება აღარ მიაქცია. როცა ბელს გამომძიებელმა ჰკითხა,  რისთვის დასჭირდა დარიშხანი,  მან ამოიოხრა:
– სიკვდილი მინდოდა. ისეთი უბედური ვიყავი, რომ თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი.    
– დარიშხანი ისევ გაქვთ?
– არა, გადავაგდე.
– გაიხსენეთ, რა მოხდა, როდესაც თქვენი  ქმარი ცუდად გახდა,  დაგიძახათ?
– არა. ზარი დარეკა და მოსამსახურე  გოგომ გაიგონა. იმან მზარეული გააღვიძა. როდესაც დოროთიმ გოდფრი დაინახა, ძალიან შეეშინდა და მე გამაღვიძა. როგორც კი შევხედე, მაშინვე მივხვდი, რომ უიმედო იყო. სამწუხაროდ, ბრიუსტერი, ვინც მოხუც მისტერ დენმენს უვლიდა, წასული იყო და სახლში არავინ აღმოჩნდა, ვისაც ეცოდინებოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა. დოროთი ექიმის მოსაყვანად გავგზავნე, თავად კი ისე ცუდად გავხდი, რომ ჩემს ოთახში ჩავიკეტე.
– გულგრილობა მომაკვდავი ქმრის მიმართ – ასეთმა საქციელმა ძალიან გავნოთ. ალბათ, მზარეულმა ამის შესახებ ყველას მოუყვა, – გამომძიებელმა თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
მოსამსახურეების ჩვენებები ერთნაირი იყო. ისინი ამბობდნენ, რომ მათი პატრონი უკვე აგონიაში იყო. რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ეს ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვები  უფრო ლუღლუღი იყო. რომელიღაც თევზზე საუბრობდა – თევზის ბრიკეტიო, თუ რაღაც ამის მსგავსს გაიძახოდა. გამომძიებელი ბელის მამამთილის მომვლელთან მივიდა.  
– რა სამწუხაროა, რომ იმ ღამეს იქ არ იყავით, – სინანულით წარმოთქვა მან,  – ვიდრე ექიმი არ მოვიდა, ეტყობა, არც არავის უცდია რაიმეს გაკეთება. თქვენი ავადმყოფი თავს როგორ გრძნობს? – ჰკითხა გამომძიებელმა. ფიზიკურად კარგად არის. აი, მხედველობა კი ცოტა ღალატობს. თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის, ჩვენზე დიდხანს იცოცხლოს, თუმცა  მძიმე სულიერი მდგომარეობა აქვს. თავის დროზე მე ვუთხარი მისტერ და მისის დენმენებს, რომ იგი საავადმყოფოში უნდა დაეწვინათ, მაგრამ მისის დენმენს ამის გაგონებაც არ უნდოდა. ქალბატონს კეთილი გული აქვს და ეცოდებოდა მოხუცი.
ასეთი იყო საქმის ვითარება. პათოლოგანატომმა, ვინც გვამი გაკვეთა, მხოლოდ ის თქვა, რომ სოკოთი მოწამვლას გამორიცხავდა. გამოძიება  ჩიხში შევიდა.
გამომძიებელი რაც მეტს ფიქრობდა ამ დახლართულ საქმეზე, მით მეტად ნერვიულობდა და უცებ, გაახსენდა,  რომ მზარეული ქალი და მოსამსახურე თევზს ახსენებდნენ, რომლის შესახებაც მომაკვდავი საუბრობდა. მიხვდა, რომ გასაღები სწორედ ამ სიტყვებში უნდა ეძებნა. როგორც წესი, ადამიანები ყველა საუბრიდან საერთო აზრს იჭერენ და თავად სიტყვებს, რომლითაც ეს აზრი გამოხატეს, სულაც არ აქცევენ ყურადღებას. ბუნებრივია, რომ მოსამსახურის სხვათა შორის ნათქვამი სიტყვები სულ გადაავიწყდა.
მზარეულსაც და მოსამსახურესაც თავიდან გაესაუბრა, ოღონდ ამჯერად თითოეულს – ცალ-ცალკე.  მზარეულს ჰკითხა დარწმუნებული იყო, თუ არა, რომ მისმა პატრონმა ზუსტად თევზის ბრიკეტი ახსენა? მან დაადასტურა, რომ სავსებით დარწმუნებულია. დოროთიმ ასევე გაიხსენა, რომ მათი პატრონი კონკრეტული თევზის სახეობაზე საუბრობდა, თუმცა სახელწოდება არ ახსოვდა. რაღაც კ-ზე იწყებოდა. გამომძიებელმა სპეციალური წიგნები მოიძია და  ყველა შხამის დასახელება ნახა, ასო კ-ზე. შემდეგ ასო „ბ“-ზე გადავიდა და წააწყდა სიტყვას – ბრიკოკარპინი. განა შესაძლებელია, გაარჩიო ეს სიტყვა, როდესაც ადამიანი ძლივს ლაპარაკობს? რისთვის შეიძლებოდა ეს სიტყვა მზარეულ ქალს და მოსამსახურეს მიემსგავსებინათ, რომლებსაც ასეთი შხამის სახელწოდება საერთოდ არ გაეგონათ? ყველაფერი წაიკითხა ამ ბრიკოკარპინზე, თვალებზე მისი სასარგებლო ზემოქმედების შესახებ და ასე შემდეგ. ბოლოს ძალიან მნიშვნელოვან ფრაზამდეც მივიდა: „წარმატებით გამოიყენება როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალება ატროპინით მოწამვლის დროს“. გამომძიებელი ყველაფერს მივხვდა... არასდროს სჯეროდა, რომ გოდფრის თავის მოკვლა შეეძლო, ამიტომ  თავსატეხის ეს ახალი ახსნა  ერთადერთი სწორი ვარიანტი უნდა ყოფილიყო.  
  გამომძიებელი მედიცინაში ვერ ერკვეოდა  მაგრამ, როდესაც მხედველობის პრობლემები გაუჩნდა, ექიმმა თვალში ატროპინ-სულფატის ჩაწვეთება ურჩია. ბევრი არ უფიქრია, ისე გაემართა  მოხუცი მისტერ დენმენისკენ. მიკიბ-მოკიბვა არ დაუწყია. პირდაპირ ჰკითხა:  
– მისტერ დენმენ, ყველაფერი ვიცი. რატომ მოკალით საკუთარი შვილი?
მოხუცი ჯერ გაჩუმდა და გამომძიებელს  დააკვირდა, შემდეგ კი  სიცილი დაიწყო. ეს ყველაზე საშინელი სიცილი იყო, რომელიც ოდესმე გამომძიებელს გაეგონა. ზუსტად ისე იცინოდა, როგორც  ჭკუიდან შეშლილები იცინიან, ხოლმე.
– დიახ, – თქვა მან ბოლოს, – მე გოდფრის გავუსწორდი. მე მასზე ჭკვიანი ვარ. ის ჩემს მოშორებას აპირებდა, ასე არ არის? ჩემი საგიჟეთში გამომწყვდევა სურდა. მე გავიგონე ისინი ამის შესახებ როგორ საუბრობდნენ. ბელი კარგი გოგოა, მე იგი დიდხანს მიცავდა, მაგრამ ვიცი, გოდფრის ვერ გაუმკლავდებოდა. საბოლოოდ იგი თავისას გაიტანდა, როგორც ყოველთვის გაჰქონდა... მაგრამ  მე მას გავუსწორდი. მოვკალი ჩემი კეთილი, მოსიყვარულე შვილი. ჰა-ჰა! ღამით დაბლა ჩავიპარე. ჩემს შვილს ეძინა. მის ლოგინთან, როგორც ყოველთვის, წყლით სავსე ჭიქა იდგა. ჩვეულებრივ ღამე იღვიძებდა და წყალს სვამდა, ხოლმე.  ჭიქიდან ცოტა წყალი გადავასხი და ჰა-ჰა! შიგნით თვალის წამლის მთელი ფლაკონი ჩავცალე. მან გაიღვიძა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა. მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი საკმარისი აღმოჩნდა, საკმარისზე მეტიც კი. ბელი ჩემთან დილით მოვიდა და ძალიან ფრთხილად მაცნობა მომხდარის შესახებ. ეშინოდა, არ მენერვიულა, ჰა-ჰა! გულუბრყვილო გოგონა...
საცოდავი მოხუცი საგიჟეთში მოათავსეს. სიმართლე ყველამ გაიგო. ბელი ყველას შეეცოდა, ჭორებით გამოწვეული დისკომორტს რაღას უშველი.  გოდფრი რომ ვერ მიმხვდარიყო, რა დალია და შხამსაწინააღმდეგო საშუალება არ მოეთხოვა, სიმართლეს ვერც ვერავინ გაიგებდა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3