კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ შეუთვალა გინება ლევან თედიაშვილმა გიორგი შენგელაიას „ხარება და გოგიას“ გადაღებებზე

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

   ეს ლევან თედიაშვილის დღიურებია, მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის (ოთხჯერ – თავისუფალ ჭიდაობაში, ერთხელ – სამბოში), მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორისა და მსოფლიო თასის მფლობელის, ევროპის სამგზის ჩემპიონის, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ორდენებისა და  ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერის. მან თავისი ძალები კინოშიც მოსინჯა. 1987 წელს გიორგი შენგელაია იღებს ფილმს – „ხარება და გოგია“, რომელშიც ქართველ ფალავანს, ლევან თედიაშვილს ერთ-ერთ მთავარ, ყაჩაღ გოგია კენკიშვილის როლს სთავაზობს.
ერთი ბრძოლაც რომ არ წაუგია
  ერთ უცხოელ ჟურნალისტს უკვე ჭიდაობამოლეული ლევან თედიაშვილისთვის უკითხავს, როდისმე თუ დამარცხებულხართო. როგორ არა, თანაც არაერთხელო, – უპასუხია ლევანს. იმ უცხოელს კითხვა შეუტრიალებია: ისეთ მოჭიდავეს თუ იცნობთ, ერთი ბრძოლაც რომ არ წაუგიაო. კი, ვიცნობ, ეგეთი მამაჩემი იყოო, – დაუფიქრებლად უთქვამს ლევანს. ჟურნალისტი შემცბარა: მამათქვენი როგორი მაგარი ყოფილა, მე კი მასზე არაფერი მსმენიაო. ლევანს ეშმაკურად ჩაუღიმია: მამაჩემს არასოდეს უჭიდავია და ამიტომაც არც არასოდეს წაუგიაო. რაკი საქმე წაგება-მოგებაზე მიდგა, აქვე ვიტყვით, რომ სპორტული კარიერის განმავლობაში თედიაშვილს შვიდასამდე ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრა გაუმართავს, ნახევარზე მეტი წმინდად მოუგია და მხოლოდ ორჯერ დამარცხებულა: პირველად – 1970 წელს, გერმანელ შტოტმაისტერთან, ევროპის ჩემპიონატის ფინალში; მეორედ – 1978 წელს, ასევე გერმანელ ბიუტნერთან, მსოფლიო პირველობის ფინალში. თედიაშვილის ანგარიშზე მოდის რამდენიმე დღემდე განუმეორებელი შედეგი: 1974 წელს სტამბოლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლევანმა სამ წამში მოუგო შვეიცარიელ რაფაელ მარტინეტის, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს. ერთი წლით ადრე თეირანში თედიაშვილი ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, სამიოდე დღის შემდეგ კი იქვე სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. ის მსოფლიოში ერთადერთი მოჭიდავეა, ვინც სამ სხვადასხვა წონაში მოიპოვა უმაღლესი სპორტული ტიტულები.
თედიაშვილის ბატკნები
  მწერალი ნუგზარ შატაიძე: „გადაღებებზე ჩვენ შებოჭილები ვიყავით, ლევანი კი მუდამ ოხუნჯობის ხასიათზე იყო, გადასაღებ მოედანზე თავს ისე გრძნობდა, გეგონება, მთელი ცხოვრება სცენაზე გაეტარებინოს. გადაღებების შემდეგ კი ქეიფისთვის ყოველთვის პოულობდა საბაბს. ერთ დღეს თეთრ „ნივაში“ ვსხედვართ, ქვემოთ მივჯაყჯაყებთ. ლევანი ცქმუტავს, თან იცინის. ჩავდივართ კაკაბეთში, იქ დაბარებულივით მივადექით ერთ სახლს, საიდანაც ჩამიჩუმი არ ისმის. ლასტებით შემოღობილ ბაკში ექვსი თუ შვიდი ბატკანი ერთმანეთს მიჰხუტებია. ლევანი მეუბნება – „აბა, რომელი წავიყვანოთ?“ ყველაზე მოზრდილი შევარჩიეთ. მერე სახლის პატრონს ბარათი დაუტოვა – „ლევანამ წაიყვანა“. ბატკანი მანქანაში ჩავსვით და... საგარეჯოს დაბურულ ტყეში შუაღამემდე ისმოდა მოქეიფეთა სიმღერა და მაუზერების ბათქაბუთქი“ – იხსენებს ნუგზარ შატაიძე.
ხაშლამის გამო გაფუჭებული დუბლი  
  ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ხარება და გოგია თავისი ბიჭებით ციხეს დაეცემიან და ხარებას ძმას ათავისუფლებენ. ნუგზარ შატაიძეს მხარში ტყვია ხვდება, ომარ ფხაკაძე ხელს დაავლებს და გალავნისკენ მიათრევს. „მე ვწევარ – მკვდარს ვთამაშობ. ამ დროს კადრში შემორბის მაუზერმომარჯვებული ლევან თედიაშვილი და ყვირის: „დროზე, ბიჭებო, დროზე, გაცივდა ხაშლამა!“ ის დუბლი გაგვიფუჭდა.
„შენ თუ ახლა აქ არ მოხვალ, შენი ასე და ისეო“
  აქვსენტი მიქელაძის როლს მურმან ჯინორია თამაშობდა. მურმანი კარგად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. საგარეჯოში გადაღებებზე გიტარა წამოიღო. ერთ საღამოს ლევანმა შემოგვიარა, აშკარად ეტყობოდა, რომ ვერ ისვენებდა, ამბობდა – „კაცო, არ ვიქეიფოთ?“ საღერღელი ჰქონდა აშლილი. გვიანი იყო, დასაძინებლად ვემზადებით, მეორე დღისთვის ადრიანად უნდა წავსულიყავით ვაჩნაძიანთკარის ტყეში გადაღებაზე. არ მოგვასვენა, გიტარიანად ჩაგვსვა მანქანაში და სადღაც წაგვიყვანა. მივადექით ერთ სახლს, როგორც მერე გავიგე, ღვინის ქარხნის დირექტორის ოჯახში აღმოვჩნდი. გაგიჟდნენ სიხარულისგან, გაიშალა სუფრა და დაიწყო მოლხენა. ქეიფი რომ გახურდა, მერე გაიგეს მასპინძლებმა, რომ სასტუმროში ნატო ვაჩნაძის შვილი, რეჟისორი გიორგი შენგელაია არისო. კახელებს ხომ განსაკუთრებით უყვართ ნატო ვაჩნაძე, გული დასწყდათ, ნეტავი გიორგი შენგელაია სტუმრად გვწვეოდაო. ლევანმა აიღო ქაღალდის ხელსახოცი და დაწერა – „შენ თუ ახლა აქ არ მოხვალ, შენი ასე და ისეო...“ ეს წერილი თავის მელოტ მძღოლს (იმ დროს ლევან თედიაშვილი კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო), რომელსაც ხუჭუჭას ეძახდა, გიორგი შენგელაიასთან გაატანა. შენგელაია გადაირია თურმე, ხვალ გადაღებაა, ერთ ეპიზოდში ოთარ მეღვინეთუხუცესი მონაწილეობს, რომელიც ერთი დღით იყო ჩამოსული, ყველაფერი ჩაიშლებაო. მერე გიორგის მიშა სალაძისთვის და ავთო მაისურაძისთვის უთხოვია, გამეგზავნეთ და ეს ხალხი აქ მომიყვანეთო. მიშა და ავთო მოვიდნენ, გვისაყვედურეს, რას ანერვიულებთ იმ კაცსო. „დასხედით და განსხვავებული დალიეთ!“ – დასჭექა ლევანმა. მიშა სალაძე და ავთო მაისურაძე დარჩნენ და დილის 4 საათამდე ვიქეიფეთ. მეორე დილას ყველას თავი გვტკიოდა, გიორგიმაც ბევრი ინერვიულა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაღებამ მშვიდობიანად ჩაიარა. მოკლედ, ოლიმპიური თამაშების ოთხგზის გამარჯვებულის, მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონის ოინებს ბევრი დუბლი შეეწირა, მაგრამ საბოლოოდ შესანიშნავი ფილმი გამოვიდა. ტაშკენტის მსოფლიო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ცნობილ ქართველ ფალავანს, ლევან თედიაშვილს „ოქროს პრიზი“ გადასცეს, რომელიც შემდეგ მის სპორტულ კოლექციას ამშვენებდა. ლევან თედიაშვილს უთქვამს – ჩემს ყველა სპორტულ პრიზს ეს ჯილდო მირჩევნიაო”.



скачать dle 11.3