კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა აკავშირებს გიორგი ნაკაშიძეს ნინო ქადაგიძე-ჟვანიასთან და რატომ აქვს მას შინაგანი „ბლოკინგი“ დაყენებული

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მიუხედავად დიდი წარმატებისა და არაერთი როლისა კინოსა თუ თეატრში, როგორც თავად ამბობს, მსახიობისთვის საკმარისი არასდროსაა და დიდ მიღწევებს კი იმხელა ენერგია სჭირდება, მერე შეიძლება, აპათიამდეც მიხვიდე.
  გიორგი ნაკაშიძე: დღეს „ფოკუზნიკი“ უნდა იყო, რომ მსახიობის პროფესიით თავი ირჩინო, თუმცა ეს მარტო ჩვენ პროფესიას არ ეხება, ნებისმიერ სფეროში ასეა. ზოგადად, მსახიობი რაც უნდა დაკავებული იყოს, ყოველთვის უჩივის როლების უკმარისობას, ყოველთვის მეტი უნდა. თუმცა სურვილები და რეალობა ხშირად სცდება ერთმანეთს, ეს მსოფლიო პრობლემაა. შესაძლოა, „ჰოლივუდში“ ძალიან მაგარი მსახიობი გადაიღონ მაღალბიუჯეტიან ფილმში, მაგრამ ის კონკრეტულ როლს მხოლოდ იმიტომ დათანხმდეს, რომ მეტი ფული სჭირდება და რეალურად როლი არც აინტერესებს. რაც შენ გინდა, მხოლოდ იმის არჩევა დიდი ფუფუნებაა.  
– მამა ამ სფეროს წარმომადგენელია და რომ იცოდა, იქ რა ხდებოდა, იმიტომაც არ იყო მოხარული, როცა ეს პროფესია აირჩიეთ. მაყურებლის დიდი სიყვარული გაქვთ, მაგრამ თქვენც ხომ არ გიფიქრიათ, ნეტავ, სხვა რამე გამეკეთებინაო?
– მაყურებლის სიყვარულზე კარგი არაფერია, მაგრამ არის ხოლმე ისეთი გამოუვალი მდგომარეობა, როცა მაყურებლის სიყვარულს ან მედალს ვერ დადებ პურზე კარაქისა და ყველის ნაცვლად. ასე რომ, ძალიან ხშირად მიფიქრია, ისეთი ხელობა მაინც მესწავლა, ყოველთვის რომ საჭიროა-მეთქი. ხელოვნება მაინც ფუფუნების საგანია. ქვეყანაში, სხვა მხრივ, მეტ-ნაკლებად მოგვარებული უნდა იყოს მდგომარეობა, რომ კინოსა და თეატრზე ფიქრი დაიწყონ.
– ბევრი ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით იყო დღეს ცოცხალი აღარააო, თქვენი სიტყვებია. როგორ მოქმედებს ფსიქიკაზე ის ფაქტორი, რომ „დაკარგულ თაობას“ მიგაკუთვნებენ?
– ძალიან მასევდიანებს ის, რომ ჩვენს თაობაზე ამდენმა რამემ გადაიარა. ჩემ თვალწინ გაიარა სამოქალაქო და აფხაზეთის ომმა. ომმა თუ ნარკოტიკებმა ბევრი ახალგაზრდა შეიწირა. ეს ყველაფერი გენოფონდს ძალიან შეეხო. ამას დაუმატეთ ემიგრაციის პრობლემაც. „გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“ – ამაში ალოგიკური არაფერია.
– სურვილი არ გქონიათ, სხვა ქვეყანაში გაგეგრძელებინათ კარიერა? შემოთავაზება, ალბათ, არაერთხელ იყო.
– 90-იან წლებში უცნაური კითხვა დამისვა ერთმა ინგლისელმა: ასეთი ნიჭიერი მსახიობი ხარ, ასეთი პოტენციალი გაქვს და იქნებ, დარჩე რომელიმე ქვეყანაში და შენი კარიერა იქ განაგრძოო. მაშინ განსაკუთრებით დაძაბული სიტუაცია იყო ჩვენს ქვეყანაში, დიდი კრიზისი... მაგრამ ვუთხარი, მე იქ შვილი მყავს და სანამ აქ ავეწყობი, მას მამა სჭირდება. დედა მყავს იქ და რამე რომ დასჭირდეს, მისი პატრონი მე უნდა ვიყო. მე არ შემიძლია სხვა ქვეყანაში ვიცხოვრო. მიყვარს ჩემი ქვეყანა და ჩემს ახლობლებს რომ გაუჭირდეთ, მე მათ გვერდით უნდა ვიდგე, როგორც მამაკაცი-მეთქი. პაუზის შემდეგ მითხრა, რა უცნაურია, აქ სისუსტედ ითვლება ის, რომ საკუთარ კარიერას სენტიმენტები ანაცვალოო. მასთან დავა არ დამიწყია, ეს მათი კულტურაა. შემოთავაზება როგორ არ ყოფილა, მაგრამ ეს ნაბიჯი არ გადამიდგამს. თუმცა, მიფიქრია, თავის დროზე მართლა რომ წავსულიყავი, უფრო კარგად დავეხმარებოდი იქიდან აქ ჩემს ახლობლებს, ვიდრე დღეს, აქ დარჩენილს, შემიძლია ამის გაკეთება-მეთქი. ეს ძალიან მრავალწახნაგიანი პრობლემაა. შემოთავაზება რუსეთიდანაც მქონია, მაგრამ რამდენადაც პლაკატურად არ უნდა ჟღერდეს, არ გამიწია გულმა რუსეთისკენ, არცერთხელ. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ჩვენ ტერიტორიების ოცი პროცენტი წაგვართვა. იმდენი ტკივილი მოგვაყენა და დღემდე არ ამთავრებენ ამ ყველაფერს, ამიტომ არ მინდა ამ ქვეყანასთან შეხება. თუ ისეთი რეჟისორი დამიძახებს, ვინც ინტელექტუალია და დღევანდელ რუსეთს რაღაც ფორმით ამხელს იმპერიალიზმსა და ძალის არაადეკვატურად გამოყენებაში, რა თქმა უნდა, მტრის უბანშიც ჩავალ და დავეხმარები ამაში. თუმცა, თუ სხვა ქართველი სხვანაირად აკეთებს, არ ნიშნავს, რომ მე მას მოვიძულებ.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი ვართ და გვიჭირს, როცა როლს ვთამაშობ, ყოველთვის ვცდილობ, ისეთი პროდუქტი დავდო, რომელაც საქართველოშიც და ყველგან ფასი ექნება. ეს სტიმულიცაა, მაგრამ ენერგიასაც მართმევს. მსახიობის ინსტრუმენტი მისივე სხეულია. საინტერესოს შექმნა ძალიან შრომატევადია. ზოგჯერ კრიზისი ლოგიკურია, ჩიხში შედიხარ. რაღაც მომენტში შეიძლება, პაუზა გააკეთო და ფოტოგრაფია, რომელმაც ბოლო დროს გამიტაცა შემოქმედებითი პაუზის ნიშანია, სწორედ ამ დროსაა გაკეთებული. გადაღლილობისა თუ გადამწვრობისგან მომინდა, სამსახიობი პროფესია სხვა რამით ჩამენაცვლებინა.
– როდის იწვება ადამიანი, როცა კარგი ამბები მიეწყობა თუ პირიქით?
– სხვათა შორის, ორივე შემთხვევაში. „მანდარინების“ ამხელა წარმატებამ დიდი ენერგია წამართვა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. არავინ თქვას, რომ წარმატებას მხოლოდ სტიმული მოაქვს. ეს დიდი ძალისხმევის შედეგად მიღებული, თუ წუთისოფელი არსებობს, წამიერი მდგომარეობაა. შეიძლება, ამ დროს ისე დაიცალო, რამდენიმე წელი გამოფიტული იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროფესიას თავი დაანებე, მაგრამ რაღაც პერიოდი სხვა ფორმით აგრძელებ შემოქმედებითობას. არტისტი მარტო მსახიობი არაა. მთელ მსოფლიოში არტისტს უწოდებენ ადამიანს, რომელიც ხელოვნების ნებისმიერი დარგით გამოხატავს საკუთარ ხედვებს. თუმცა, აპათიის მომენტიც მქონია. საერთოდ აღარ მდომებია მსახიობობა და არც სხვა არაფერი. ცხრაზე ვიძინებდი, თორმეტზე ვიღვიძებდი, ტელევიზორს ვუყურებდი და ერთი წამითაც არ მენატრებოდა არც სცენა და არც გადასაღები მოედანი. ამ გადამწვარ მდგომარეობას მიჰყავხარ აპათიამდე. ახლა 48 წლის ვარ. ფაქტობრივად, 16 წლიდან ამ პროფესიაში ვარ, არ გავჩერებულვარ. არ მახსენდება მომენტი, ჩემი უმუშევრობა სამ-ოთხ თვეზე მეტხანს გაწელილიყოს. თუ რამე პროექტზე არ ვმუშაობ, სარეპერტუარო სპექტაკლებს მაინც ხომ ვთამაშობ?! თუმცა, რაღაც მომენტში ყველა ჩერდება და ეს არალოგიკურად არ უნდა მოგვეჩვენოს.
– მსგავს მომენტებს ყოფითი პრობლემებიც ხომ ახლავს თან?!
– პროფესიასთან რომ ხარ ჯვარდაწერილი, ოჯახს აკლდები და მერე განიცდი, რომ შვილს ვერ აქცევ მეტ ყურადღებას. ყველაფერზე პასუხს აგებ. რაღაც მომენტში შეიძლება, მოეშვა, მაგრამ მერე ისევ ხელში უნდა აიყვანო თავი. მარტო ამ პროფესიას კი არა, ცხოვრებასაც თუ ფილოსოფიურად შეხედავ, ლოგიკურ ტალღას „ჩაავლებ“  – ზოგჯერ აღმასვლაა, ზოჯგერ კი – დაღმა.
– ამიტომაცაა, რომ დღეს სტანდარტული ოჯახი არ გაქვთ?
– შეიძლება, ჩემი ცოტა ეგოისტური პროფესიაც იყოს ამის მიზეზი. გადაღლილობები აისახება ნერვულ სისტემაზე. ადამიანები არ ვართ ადვილად ასატანი არსებები, მსახიობები კიდევ განსაკუთრებულ კასტას წარმოვადგენთ. ძალიან გულსატკენია, ასე რომ ხდება, რადგან ადამიანს ყოველთვის გინდა, საყვარელ ადამიანებთან ერთ ოჯახად გადაიტანო ცუდიც და კარგიც. მაგრამ ასე მოხდა, ალბათ, ჩემი ბედიც ეგაა, თუ ვინმეა დამნაშავე, პირველ რიგში – მე. ორდინარული ფსიქიკის ადამიანი ნამდვილად არ ვარ. პროფესიაც ყალიბში გაქცევს და კიდევ უფრო ამძაფრებს შენს კონკრეტულ მდგომარეობას. თუმცა, ყოფილ მეუღლეებთან ვმეგობრობ და როგორც შემიძლია, გვერდით ვუდგავარ.
– 90-ანი წლები გამოიარეთ – წამალი, სასმელი, ქუჩა. ბიჭების მამა ხართ და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორია თქვენი შვილებისადმი დამოკიდებულება?
– მე რომ გავიზარდე, მაშინ ჩემი მშობლები აკრძალვის მეთოდებით მუშაობდნენ. სკოლა და სწავლა დიდად არ მიყვარდა და ამის გამო კონფლიქტი გვქონდა. რაც 90-იანებში ხდებოდა, ცუდიც და კარგიც, აბსოლუტურად ყველაფერი გამოვლილი მაქვს. ის პრობლემები, რაც ჩამოთვალეთ, საკუთარ თავზე მაქვს განცდილი, ჩემთვის ახალი ხილი არაფერია. მივხედი, რომ შვილებთან მეგობრული ურთიერთობა უნდა ჩამოვაყალიბო, რომ რაღაცის დამალვა არ დასჭირდეს და შენი იმედი ჰქონდეს. ვეცდები, ყველა მდგომარეობიდან გამოსვლაში დავეხმარო, ამის დიდი გამოცდილება მაქვს. უფროსს ლევანი ჰქვია, ძმაკაცებივით ვართ. სასიამოვნოა, როცა შვილზე გეუბნებიან: რა კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალიაო. ოპერატორია და მრავალწახნაგოვანი ნიჭები აქვს. შინაგანად კარგი ადამიანია და ეს ჩანს.  მეორე თხუთმეტი წლისაა, გარდატეხის ასაკშია. ახლა მუსიკითაა დაინტერესებული და როკ-ჯგუფის ჩამოყალიბება უნდა.
– მთავარი კითხვა, თქვენი პირადი ცხოვრებიდან ნინო ქადაგიძე-ჟვანიას ეხება – ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ისმის, ერთად არიანო.
– ნინო ჩემი უახლოესი ადამიანია, ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და როგორც ვიცი, მასაც ძალიან ვუყვარვარ. დრამატული ადამიანია, ისეთი რამეები გადაიტანა, თუმცა ერთი წამით არ გადაგდებს დრამატიზმს. უბრალოდ, იმ ინფორმაციით, რომელიც გაქვს, დასკვნა გამოგაქვს. ძალიან ახლო მეგობრობა გვაქვს. რა კარგია, რომ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და გვერდით უდგანან ერთმანეთს, რამდენადაც შესაძლებელია.
– ამ ურთიერთობაზე არა, ზოგადად გეკითხებით, ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნაზე რას ფიქრობთ?
– შეიძლება,  თვითონ ეს სიტყვა – ქორწინება მაშინებს. ცუდი გამოცდილება მივიღე და ეტყობა, შინაგანი „ბლოკინგი“ მაქვს დაყენებული. როცა ქორწინდები და ჯვარს იწერ ადამიანზე, მართლა ერთი ფუთი მარილი უნდა გქონდეს ნაჭამი მასთან ერთად. იმ ასაკში არ ვარ, რომ რამე იმპულსურად გავაკეთო. ასე რომ, ასჯერ გავზომავ და ერთხელ გავჭრი.

скачать dle 11.3