კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№45 არის თუ არა ირინა ტორონჯაძის ქმარი „გრუზინი“ და როგორ შეცვალა მან ცოლის წარმოდგენები ქორწინებაზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  უფლებადამცველი ირინა ტორონჯაძე მუსიკოს ლევან სამყურაშვილზე დაქორწინდა. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა იუმორნარევი ნარატივით – ფემინისტისა და „გრუზინის“ ქორწინება. ირინა თავისი საოცარი აქტივობებით მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
  ირინა ტორონჯაძე: რეალურად სამედიცინო განათლება მაქვს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დავამთავრე. მთელი ოჯახი ფსონს დებდა იმაზე, რომ ექიმი გავხდებოდი. სკოლიდან მოყოლებული, ხუთოსანზე ხუთოსანი ვიყავი. არ იყო საგანი, რომელიც არ გამომდიოდა. ამან გაართულა არჩევნის გაკეთება. კარგადაც ვცეკვავდი და ამ კუთხითაც მინდოდა წასვლა. ოჯახიდან სხვა წნეხი მოდიოდა: ბაბუიდან დაწყებული ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები არიან  და დარწმუნებული იყვნენ, რომ მე აუცილებლად მათემატიკოსი ვიქნებოდი. მეორე ნახევარი ფიქრობდა, რომ ექიმი გავხდებოდი, რადგან თავად ამ სფეროში იყვნენ. არააკადემიური ხაზი ვერც წარმოედგინათ. ჟურნალისტიკა ჩემი ოჯახისთვის ტაშფანდური იყო და არც განუხილავთ, ისევე, როგორც ცეკვა. მაგრამ ჩემში მოთხოვნილება, რომ ჩემი სათქმელი მეთქვა და რაღაცები შემეცვალა, ყოველთვის იყო. სტერეოტიპები მაღიზიანებდა. 14-15 წლიდან აქტიური კამათი დავიწყე ოჯახის წევრებთან იმ თემებზე, რომლებიც ჩემთვის მიუღებელი იყო. მაგალითად, დედა თვლიდა, რომ ქალისთვის ამოსავალი წერტილი ოჯახია. თვითონ მათემატიკოსია, მაგრამ დისერტაციის დაცვის შემდეგ პროფესიულ საქმიანობას თავი დაანება და თავი ოჯახს მიუძღვნა. ჩემში ეს სულ იწვევდა პროტესტს. მანამდე ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ ინტელექტუალურად ვვითარდებოდი ამ მიმართულებით და 33 წლის ასაკში, როცა პროტესტის გრძნობამ ჩემში კულმინაციას მიაღწია, გავაკეთე ბლოგი „ეგოცენტრული წითელქუდა“, რომელიც პირდაპირ, გასაგებად და უკომპრომისოდ ილაშქრებდა სტერეოტიპების წინააღმდეგ. ხომ არსებობს შეხედულება, რომ ქალი უნდა იყოს ან სექსუალური, ან ჭკვიანი და მე ვამბობდი, რომ შეიძლება, ორივე ერთად იყოს, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ჩემი პერფორმანსებიც ამას უსვამდა ხაზს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს. შემდეგ, სატელევიზიო დებატების საშუალება რომ მომეცა, ცხადი გახდა, რომ ეთერში ჩემი გამოჩენა ხმაურიანი იქნებოდა. სულ მეუბნებიან, რად გინდა ამდენი კამათი, ნერვები გეხარჯებაო. რეალურად, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა. უსამართლობის წინაშე არ ვჩუმდები, რითაც საკუთარ თავს ვუხდი ვალს. რომც ვიცოდე, მოუმზადებელი და „ყვითელი“ ოპონენტი მეყოლება, ძირითადად, ასეცაა, მე სუპერმომზადებული მივდივარ. ამით ჩემს სტანდარტს ვიცავ. როცა არ შეგეშინდება და პრობლემაზე ხმამაღლა საუბარს დაიწყებ, შენს წილ საქმეს გააკეთებ, რითაც მომავალ თაობას ტვირთს შეუმსუბუქებ. ჩემში ყოველთვის მძაფრად იყო ამ მისიის შეგრძნება. მეგობრებს უთქვამთ, ვერ ხარ კარგად, რა მისიები აგიტყდა: კარგი სამსახური და ოჯახი მქონდეს ნეტავო. მე ბავშვობიდან რომანტიკოსი და იდეალისტი ვიყავი. ცოტა განსხვავებული, ჩაკეტილი, ინტროვერტი. ოთახიდან ვერ გამომიტყუებდი. სულ ვკითხულობდი ან ვკამათობდი.
– ემოციურად რამდენად რთული იყო მხარდაჭერასთან ერთად ძალიან ბევრი არასასიამოვნო გამოხმაურების მიღება?
– გზაში რომ მოვდიოდი, ბიჭებმა მომაძახეს, თქვენი ფანები ვართო. ძალიან ბევრი დადებითიც მოდის. 33 წლის ასაკში, როცა ბლოგინგი დავიწყე, ძალიან ბევრი ემოციური ინტელექტი მქონდა დაგროვილი და ყველაფრისთვის მზად ვიყავი. არცერთი კომენტარი არ მომხვედრია გულზე. ყველას ვპასუხობდი, დედის გინებასაც კი. იყო შემთხვევები, როცა დედის გინებიდან იქამდე ჩამომიყვანია, რომ სადავო საკითხი მისთვის მისაღები გამხდარა.
– რა არის შენი სუსტი წერტილი?
– ამას სუსტ წერტილს ვერ დავარქმევ, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე ვარ. ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანების ყველა სიტყვას და ყველა გამოხედვას ვიმახსოვრებ. მათ განცდებს განვიცდი. ბავშვობიდან მქონდა ეს პრობლემა – ჩემი საყვარელი ადამიანისა და ჩემს განცდებს ერთმანეთისგან ვერ ვასხვავებდი. შემეძლო, მისი განცდით მედარდა. ამის მენეჯმენტი რთულია, მაგრამ აუცილებელი. ძალიან ძლიერი ირინასგან სახლში ვისვენებ და იქ ძლიერთან ერთად, მგრძნობიარეც ვარ.
– რომ ჰგონიათ, ირინა ტორონჯაძე კაცთმოძულეაო, თურმე, სულაც არ ყოფილა ასე. პირველ რიგში, რეაქციები მაინტერესებს – ვინ როგორ შეხვდა შენი გათხოვების ამბავს?
– თურმე კაცთმოყვარე ყოფილა (იცინის). მეტადრე ერთი კაცი უყვარს ძალიან. მეგობრებიც კი იმას მეკითხებოდნენ – ანუ, ცოლად მიყვები? დედაჩემი და მამაჩემიც გაკვირვებულები იყვნენ. მამას საერთოდ არ ეგონა, რომ მე კაცს ჩემს სახლში, ჩემს ტერიტორიაზე შემოვუშვებდი. ექვსი წელია, მარტო ვცხოვრობ. ოჯახთან ერთად რომ ვცხოვრობდი, მაშინაც სულ ჩემთვის ვიყავი. თვითონაც მეგონა, რომ ჩემს ტერიტორიაზე, მეორე ადამიანის, მით უმეტეს, კაცის ადგილი არ იყო. ბედიცაა, გამართლებაც და შეიძლება, მეც მოვინდომე. ისე კარგად შევეწყვე ამ ადამიანს და ისეთი ბუნებრივი გახდა ჩვენი ერთად ცხოვრება, რომ ეს საზღვრები წაიშალა. „სავიზო რეჟიმი“ მოვშალე (იცინის). არადა, სულ იმას ვამბობდი, რა საჭიროა ერთად ცხოვრება, ქორწინება და ეს ფორმალობები-მეთქი?! ძალიან საინტერესო ადამიანი გახდა ჩემი ქმარი, ვისაც მთელი ცხოვრება „ვებრძოდი“ – ჩოხაახალუხიანი „მოგრუზინო“ კაცი (იცინის). თუმცა, ეს მხოლოდ ჩაცმულობაა და შინაარსობრივად ბევრი თანაკვეთის წერტილი ვიპოვეთ.
გარეგნობაზე მქონდა განსაკუთრებული აქცენტი. ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ მამაკაცი ჩემზე 10-15 სანტიმეტრით მაღალი უნდა ყოფილიყო. რა ვქნა, მომწონს სიმპათიური ბიჭები და „თვალი გამექცა“ (იცინის). ეს უკომპრომისო გადაწყვეტილებაა, რაც არის, ეს იყოს-მეთქი, არაფერზე მითქვამს. პირიქით, სულ არ ვგეგმავდი ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ იმდენად ბუნებრივად მივიღე ჩემს სივრცეში ამ ტიპის კაცი, რომელიც ერთი შეხედვით, „გრუზინია“ და მერე აღმოვაჩინე, თურმე ძალიან კარგად ესმის, რისთვისაც ვიბრძვი მე და როგორიც ვარ რეალურად. ჩემი ნამდვილი ბუნებაც კარგად გაიგო და „შეფუთვაც“. ძლიერი და სენსიტიური ირინა – ორივე მიიღო და მისთვის იმდენად საყვარელი გახდა, რომ უცებ გადავათამაშე ყველა ჩემი წარმოდგენა და ყველაფერი ერთად მომინდა: დაქორწინებაც, ერთად ცხოვრებაც, შვილიც და ჯვრისწერაც. მე კი ავყევი ამ ნარატივს „ფემინისტი და „გრუზინი“, მაგრამ ქალების უფლებებისთვის ბრძოლა ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენს ქალურ საწყისებზე ვამბობთ უარს. სინამდვილეში გვინდა, რომ ჩვენი ქალურობით ვიყოთ პატივსაცემები და ქალსაც და კაცსაც განვითარების თანაბარი საშუალება გვქონდეს. ასე რომ, არაფერი საკუთარი თავის წინააღმდეგ არ გამიკეთებია. სიყვარულს ყველა ვეძებთ. ლევანს მოსწონს კიდეც ჩემში მებრძოლი ქალი. ზოგადად, მგონია, რომ ძლიერ და თავდაჯერებულ მამაკაცებს, ძლიერი ქალები მოსწონთ. ყველა მეუბნებოდა, გვეგონა, უცხოელს გაჰყვებოდიო. მე მიყვარს ქართული ტიპაჟები, იგივე ჩოხიანი და ვაჟკაცურები. ჩემი შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითი მგონია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აბულინგებენ, თუ ოცდახუთ წლამდე ვერ „მოასწრეს“ გათხოვება. ძალიან მომწონს, რომ ეს 37 წლის ასაკში მოხდა.
– როგორია ეს ადამიანი, ვინც ეს მოახერხა?
– ლევანი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. გამორჩეული მუსიკალური მონაცემები აქვს. თქვეს, რომ „იუმორინას“ მსახიობია, რაც არასწორია, მისი ძმა იღებდა „იუმორინაში“ მონაწილეობას. სინამდვილეში, საოპერო ხმა აქვს, გამორჩეული ბანია და ამ კუთხით აპირებს, რომ კარიერა აიწყოს. გარეგნობიდან დაწყებული, ვაჟკაცურობით გაგრძელებული, მენტალობითა და ნიჭით დამთავრებული ყველაფერი აქვს და მოახერხა, რომ ჩემს გამოცდებში, ჩემი შენიღბვები ჩამოეშორებინა და ნამდვილ კავშირზე გამოვიდა, რაც ჩემს გულამდე მოვიდა. ბოლომდე არ დანებდა, მე უფრო შეშინებული ვიყავი. მით უმეტეს, ასეთ „მოგრუზინო“ ტიპთან აპრიორი მეგონა, რომ არაფერი გამოვიდოდა. თუმცა მან დამარწმუნა, რომ ეს შესაძლებელია და ბედნიერი ვარ, რომ ამაში ავყევი.
– თვითონ რას ამბობს ირინას საზოგადოდ ცნობილ და რეალურ სახეზე?
– ის, რისთვისაც მე ვიბრძვი, იცის, რომ ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია. ამ ქვეყნის მიღმა გაუხედავს და იცის, რა ხდება ცივილიზებულ სამყაროში. უბრალოდ, მეუბნება, ვიღაცას ნუ მომაკვლევინებო (იცინის). რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს, დებატების დროს ზედმეტად თუ შევალ კონფლიქტში. ჩემი დაცვის ინსტინქტი აქვს, მაგრამ ემოციურად ვგრძნობ, რომ მეთანხმება. ვუთხარი, მე შენამდეც ვჩხუბობდი და მარტოც ვიცავ თავს-მეთქი. არ მინდა, ზედმეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს, ეს არაა სამართლიანი, რატომ უნდა გახვიო უსიამოვნო ამბავში საყვარელი ადამიანი?! რეალურად იქ ყველა ცივილურობის ფარგლებში ვიცავთ ჩვენ-ჩვენს პოზიციას. მოკლედ, ერთადერთი ამ კუთხით ფრთხილობს. დანარჩენზე, რაშიც არ მეთანხმება, ვკამათობთ. ნუ იყენებ ეპატაჟურ გამონათქვამებსო, მეუბნება და მე ვუმტკიცებ, რომ ეს საჭიროა. მომწონს ადამიანი, ვისთანაც რაღაცების განხილვა შეიძლება. რაღაცაში დაეთანხმებით ერთმანეთს, რაღაცაში – არა. თითქმის ორი წელია, ვიცნობ. თავიდან სულ მეუბნებოდა, შენი ჟანა დარკობის მიღმა, მგონია, რომ სულ სხვანაირი, ძალიან თბილი ადამიანი იმალება და ჩემთან ნუ თამაშობო. არ მეგონა, თუ მეორე ადამიანთან ყოფნას შევძლებდი 24 საათი ისე, რომ არ დავიღლებოდი. ინტროვერტი ვარ, რომელსაც უყვარს თავის თავთან დიდი ხნით ყოფნა. ახლა გასტროლებზეა ჰოლანდიაში და მიჯაჭვული ვარ „მესენჯერზე“, რომ ვიძინებ და ვიღვიძებ, მინდა, მასთან ერთად ვიყო. ნოემბერში ვაწერთ ხელს, ჯვრისწერა და ქორწილი იანვარში გვექნება. ხუთი თვეა, ერთად ვცხოვრობთ. აქამდე არ ვამხელდი საჯაროდ. ახლა, როცა ერთმანეთის ოჯახები გავიცანით და ყველაფერი დაიგეგმა, გამოვააშკარავე. მანამდე გვინდოდა ჩვენ თვითონ გაგვერკვია, როგორი იქნებოდა ჩვენი თანაცხოვრება.

скачать dle 11.3