კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რისი კურთხევა მიიღო ლიზა ჩიჩუამ პატრიარქისგან და რა ტკივილი განიცადა მან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ლიზა ჩიჩუას ყველა კარგად ვიცნობთ შობის დღესასწაულებზე სამებაში შესრულებული „ალილოთი“, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. მას საკუთარი გულშემატკივრებისთვის ორი ახალი კლიპი აქვს. თუმცა, ლიზასთვის სიმღერა მხოლოდ გატაცებაა.
  ლიზა ჩიჩუა: კლიპი „მაფშალია“ დათო არჩვაძის სიმღერაზე შეიქმნა და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მელოდიური და რაც ყველაზე მთავარია, საოცრად ემოციურია. თემა, რომელსაც ეს სიმღერა ეძღვნება, განსაკუთრებით აქტუალურია. ჩემი თაობა არ მოსწრებია აფხაზეთის ტრაგედიას, შესაბამისად, არ გვინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიის მძიმე მოვლენები. პირადად მე ამ სიმღერით განვიცადე ის ტკივილი, რომელიც დევნილმა ქართველებმა გადაიტანეს.
– ამ სიმღერის უკან ძალიან მტკივნეული ისტორიაა. რთული არ იყო ამ კლიპზე მუშაობა?
– რა თქმა უნდა, ეს ემოციურად ძალიან რთული იყო. ტექსტი კარგად უნდა გაიაზრო, რომ შესაბამისად იმღერო. მაგრამ, რადგან დათომ ეს სიმღერა მანდო, მეც განსაკუთრებული პასუხიმგებლობით მოვეკიდე. ზაფხულში, ერთდროულად, ორი კლიპი გადავიღეთ:  „მაფშალია“ – 27 სექტემბრის, „კურთხეული საქართველო“ კი – 8 აგვისტოს მოვლენების შესახებ. თუ სოციალური ქსელის მონაცემების მიხედვით ვიმსჯელებთ, მგონი, ორივე კლიპმა დადებითი შეფასება დაიმსახურა. რაც ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნოა.
  ნანა ასათიანი (ლიზას ბებია): ვფიქრობ, ამ სიმღერას რაც უფრო მეტი ახალგაზრდა შეასრულებს, მით უკეთესია. დღეს ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად გადატვირთულია პოლიტიკური მოვლენებით, რომ ზოგჯერ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ჩრდილში ექცევა. დათო არჩვაძის არაჩვეულებრივი კომპოზიციისა და მამა პეტრეს შესანიშნავი ლექსის საფუძველზე შეიქმნა სიმღერა, რომელიც მსმენელს სიღრმისეულად განაცდევინებს ქართული ტერიტორიების დაკარგვით გამოწვეულ უმწვავეს ტკივილს. ვფიქრობ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ მომავალი თაობებისთვის ამ ტრაგედიის გასაცნობიერებლად უკეთესი ფორმა არ არსებობს. ყოველი სიტყვა იშვიათი სიზუსტით აღწერს იმხანად შექმნილ უმძიმეს ვითარებას.
– რაც შეეხება მეორე კლიპს?
ლიზა: მეორე კლიპიც, „კურთხეული საქართველო“, დათო არჩვაძის სიმღერაზე შეიქმნა. კლიპის რეჟისორები არიან: კახა ოთარაშვილი და გიორგი პავლიაშვილი (მასტერი), ოპერატორი – კახა ბუხრაშვილი. ეს სიმღერა „თეატრალურის კვარტეტთან“ ერთად შევასრულე. ეს  ჩემთვის პირველი ფართომასშტაბიანი კლიპი იყო. მასში ჩემი და-ძმაც მონაწილეობს. გადაღების პროცესში საქართველოს ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი მოვიარეთ. კლიპის შინაარსის მიხედვით, მე ვარ ფოტოგრაფი გოგონა, რომელიც მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ულამაზეს ადგილებს იღებს.
– სამომავლოდ, მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
– სიმღერა ჩემთვის მხოლოდ გატაცებაა. სერიოზული გეგმები ამ მიმართულებით არ მაქვს, მაგრამ თუ საინტერესო შემოთავაზება მექნება, როგორიც ამ შემთხვევაში, სიამოვნებით დავთანხმდები, რადგან სიმღერა ჩემთვის ემოციის გამოხატვის განსაკუთრებული საშუალებაა.
– არ მეგულება ადამიანი, ვისაც შენ მიერ შესრულებულო „ალილო“ არ აქვს მოსმენილი, ძალიან ემოციური საგალობელი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა მაყურებელს, ალბათ, უფრო პატარა გოგო ახსოვხარ, დღეს უკვე აბიტურიენტი ხარ.
– ხუთი წლის ვიყავი, როცა თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიაში მიმიყვანეს. შემდეგ ვმონაწილეობდი პროექტში „ანა-ბანა“. რვა წლის ასაკიდან ვგალობ სამების საკათედრო ტაძარში, თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად. იქ სწორედ მან მიმიყვანა. ამის შემდეგ გავხდი „ოქროს მუზის“ გრანპრის მფლობელი, საქართველოს კულტურის აკადემიამ „ქართული კულტურის დესპანის“ საპატიო წოდება მომანიჭა.
  ნანა ასათიანი: „ალილო“ ულამაზესი კომპოზიციაა. შობა ხომ ყველასათვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ირგვლივ საოცრად ამაღლებული, ჯადოსნური გარემოა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ უბრწყინვალესი სამების გუნდის შესანიშნავი შესრულება სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.
– ლიზა, რვა წლის ასაკში აცნობიერებდი, რა ხდებოდა შენს თავს? როგორ გახსენდება პატრიარქთან შეხვედრა?
  ლიზა: რა თქმა უნდა, 8 წლის ასაკში ყოველივე ამას ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ტაძარში არსებულ განსაკუთრებულ განწყობას უდავოდ ვგრძნობდი. შემდგომში, ასაკის მატებასთან ერთად, პასუხისმგებლობა მემატებოდა. რაც შეეხება პატრიარქთან შეხვედრას, ამის გადმოცემა ძალიან რთულია. ალბათ, მასთან ურთიერთობისას ყველას ერთნაირი ემოცია იპყრობს. წელს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად არაჩვეულებრივი კონცერტი გაიმართა. მე შევასრულე სიმღერა „მაფშალია“ „ქართულ კვარტეტთან“ ერთად. პატრიარქმა სიმღერის დასრულების შემდეგ ისე გამოხატა თავისი დამოკიდებულება, რომ არასდროს დამავიწყდება. კლიპი „კურთხეული საქართველო“ სწორედ პატრიარქის კურთხევით გადავიღეთ.
– მოგისმენია ოდესმე პატრიარქის შეფასება შენი ნამღერისადმი?
– როგორც  სტიქაროსნებმა მითხრეს, პატრიარქმა იკითხა: ვინ არის ეს  გოგონა, რა კარგად გალობსო.
თუმცა მითხარი, სიმღერა ჩემთვის გატაცებააო. შენი ოჯახის წევრები ცნობილი ექიმები არიან. აპირებ ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას?
– ახლა აბიტურიენტი ვარ და მინდა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარო. შესაბამისად, ახლა ჩემთვის პრიორიტეტი არის მედიცინა და სიმღერას იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ. თუ შევძლებ, ვეცდები, შევათავსო. რაც შეეხება პროფესიას, ვფიქრობ, არავისთვის იყო მოულოდნელი, რომ სამედიცინო დარგი ავირჩიე, არა იმიტომ, რომ მშობლები და ოჯახის წევრები ამ სფეროს წარმომადგენლები არიან. მართალია, ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ პირადად მე ამის იმხელა სურვილი მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში ამ პროფესიას ავირჩევდი. ძალიან მახარებს ის, რომ შემიძლია ადამიანს დავეხმარო. სავარაუდოდ, მამის გზას გავყვები და ოფთალმოლოგიას ავირჩევ. მას ეს ძალიან მოსწონს, სურს გვერდით დამიყენოს და ყველაფერი მასწავლოს. მე ხშირად  ვეუბნები, რომ მისნაირი ვერ ვიქნები, მაგრამ მაიმედებს, ჩემზე უკეთესი იქნებიო (იცინის). ვეცდები, მისი იმედები გავამართლო. რამდენად შევძლებ, ამას მომავალი გვიჩვენებს.

скачать dle 11.3