კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 მარინა ჯანაშია: მთლიანად ტყუილია ჩემი ცხოვრება

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: მარინა.
გვარი: ჯანაშია.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ბავშვობაში პირველი, რაც ჩემს მეხსიერებაში დაილექა, ბებიას უკავშირდება – გამაღვიძა, ჩემს პატარა კალათში ჩააწყო ნუგბარეული და მითხრა, რომ აღათი ბებიას სანახავად უნდა წავსულიყავით ახალი წლის მისალოცად.  არ ვიცი, ვინ იყო ეს აღათი ბებია – როგორც ჩანს, ბებიას მეგობარი.
– რამ განაპირობა თქვენი პროფესია?
– ძალიან მინდოდა ბალერინობა, მაგრამ მშობლები იყვნენ წინააღმდეგები – თვლიდნენ, რომ სუსტი ვიყავი. ამიტომ ეს ჩემი ოცნება წარსულს ჩაბარდა.  უნივერსიტეტში ვაპირებდი ჩაბარებას. ერთ დღეს პლეხანოვზე არსებულ ქართული ფილმის სტუდიაში შემიყვანეს რეზო ჩხეიძესთან, რომელიც ღიმილის ბიჭებს იღებდა. ფაქტობრივად, ბატონმა რეზომ მიბიძგა მსახიობობისკენ. მან მირჩია, რომ საბუთები თეატრალურში შემეტანა და მეც დავუჯერე. როგორც ჩანს, შინაგანად მზად ვიყავი, მაშინვე გავედი გამოცდაზე და ჩავაბარე.
– მეშინია...
– ჩემმა შვილიშვილმა მთხოვა, რომ ლოცვა მესწავლებინა. მივეცი ლოცვანი დამწყებთათვის, სადაც წერია ილია მეორის სიტყვები: ჯერ სამშობლოზე ილოცეთ, შემდეგ საკუთარ თავზე და ბოლოს თქვენ მშობლებზე და ახლობლებზეო. ახლა სამშობლოს შეგრძნება ჩემთვის ძალიან გამძაფრებულია. შინაგანად  გადავსხვაფერდით, ადვილად ვწირავთ ერთმანეთს, არადა, პატარა ერი ვართ და ასე მარტივად არ უნდა ვთმობდეთ თანამემამულეებს. ადგილების გამო დავჭამეთ ერთმანეთი. აღარ მინდა ამდენი ჯიბრის ყურება, ამასობაში სამშობლოს ვკარგავთ. აი, ამ მდგომარეობის ძალიან მეშინია.
– ბოლო პერიოდის მოგონება...
– მაშინ, როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, ჩემს პროფესორს ვეკითხებოდი, სცენაზე დადგომას როდის შევძლებდი. მოხდა ასეთი რამ: ბატონი კახი კავსაძე გერმანიაში თავისი მიზეზით იმყოფებოდა. ძალიან ცუდად ვიყავი და ქართულმა, უცნაურმა კონფიგურაციამ მაიძულა თვალები გამეხილა – დავინახე კახი, რომელიც პროფესორს თითით ეძახდა, მოდი აქო. მერე უთხრა: ეს ბოვში, როდის დადგება სცენაზე. მნიშვნელოვანი სპექტაკლია გაჩერებული და მას ველოდებითო (იცინის). პროფესორი დაბნეული უყურებდა – სიკვდილ-სიცოცხლეზე იყო საუბარი, ეს კაცი კი, რას ეკითხებოდა.
– ბედისწერის გჯერათ?
– დიახ, მჯერა. ბედისწერას მეორე სახელსაც დავარქმევ – განგებას. ადამიანის ბედს, ალბათ, უფალი განაგებს და მჯერა იმის, რომ ეს ბედი დაწერილია. მაგრამ რატომ ხდება ცუდი, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ღმერთისთვისაც მიკითხავს, რატომ ხდება ასე? განა გამოცდაა? რამდენი გამოცდა შეიძლება, არსებობდეს, რამდენი უნდა ჩააბარო? ერთმა მეგობარმა მიპასუხა, ალბათ, რაღაც უარესს გვარიდებს უფალიო.
– სიყვარული – ეს არის?
– „ბოთლიდან გამოშვებული ჯინი“... მართლაც ასეა, სასწაულებს სჩადის ეს გრძნობა, არა მარტო პირად ცხოვრებაში, არამედ ყველაფერში. ყველას შეუძლია მისი ტარება, უბრალოდ სხვადასხვანაირია ადამიანების აღქმა. დოგმა სიყვარულში არ არსებობს, ის თავისუფალია. რამდენი ადამიანიც არსებობს, ამ გრძნობის გამოვლინებაც იმდენნაირია.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– ძალიან ვცდილობ ყველაფრის პატიებას, მაგრამ არ გამომდის. ჩემთვის ყველაზე უპატიებელი რამ უხამსობაა. როცა ვინმე ისეთ რაღაცას მეტყვის, რაც გულს ჩამწყვეტს. იმ მომენტში ვერ ვპასუხობ და მერე ვიწყებ საკუთარ თავთან საუბარს: რატომ ეს არ ვუთხარი, რატომ ასე არ მოვიქეცი... რადგან მერე საკუთარ თავთან მას ველაპარაკები, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ვაპატიე. რომ მეპატიებინა, აღარ გავიხსენებდი კონკრეტულ ამბავს. ეს ჩემი სისუსტეა. მეგობრისთვის ბევრი რამ მიპატიებია ისე, რომ მან არც კი იცის, ასევე არც ის იცის, რომ ჩემთვის რაღაც დაუშავებია. წყენიდან რაღაც დრო მჭირდება ხოლმე. ამ დროის განმავლობაში მისი ცხოვრებიდან ვიკარგები, ვქრები. ყველაფერს რომ გადავლახავ, მერე ისევ ვუბრუნდები, ანუ ვპატიობ.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– არასოდეს. არ არის ეს კარგი, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს.
– ეჭვიანი ხართ?
– ალბათ... ეჭვიანობის გამო, ზოგჯერ უარიც მითქვამს რაღაცებზე, რადგან თავიდანვე ვხვდებოდი, რომ კონკრეტულ რამეს ვერ გადავიტანდი. ახალგაზრდობაში რაღაც გრძნობის დონეზე ყოფილა ეჭვიანობის მომენტი, მაგრამ ადამიანები რომ ერთმანეთზე ეჭვიანობენ, ეს ძალიან შორს არის ჩემგან.
– როდის ტირით?
– ძალიან იშვიათად და როცა ვტირი, არავინ უნდა დამინახოს. გერმანიაში გავიგე, რომ ეს დაავადება მჭირს. სასოწარკვეთაში კი არ ჩავვარდი – გავბრაზდი. როდესაც პროფესორმა დაასახელა დიაგნოზი, ბურთი გამეჩხირა ყელში. ჩემს შვილს, თემიკოს ვუთხარი: როგორ, ეს მჭირდა, ვინც მოდიოდა ჩემს სანახავად ყველამ იცოდა, ვეცოდებოდი და მე ეს არ ვიცოდი-მეთქი? ვერ გადავიტანე ის, რომ ვიღაცებს ვეცოდებოდი. მაშინ ვიტირე ძალიან.
– რა გაკვირვებთ?
– ადამიანები მაკვირვებენ. „ფეისბუქი“ დაავადება გახდა საზოგადოებისთვის.  ამიტომ მე არ მაქვს ეს ქსელი და არც მექნება. არ მეგონა, ჩვენს ქვეყანაში ამდენი  ღვარძლი თუ იყო. ყველა ლექი, რომელიც ქართველი ადამიანის ბუნებაში არსებობდა, „ფეისბუქმა“ ზედაპირზე ამოატივტივა.  
– რას ემტერებით?
– წონას (იცინის). ავადმყოფობის შემდეგ 37 კილოგრამი ვიყავი. ჩემმა ექიმმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ მომემატებინა წონაში და მართლაც დავიწყე მომატება, მაგრამ ახლა 2-3 კილოგრამით მეტი ვარ, ვიდრე ზოგადად ვიყავი და არ მომწონს. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, სასწორს ვემტერები-მეთქი (იცინის).
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– მიჭირს იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც დავაშავე და ჩავიდინე. საკუთარ თავთან მაქვს ამის განცდა, რატომ გავაკეთე ეს.
– როდის იტყუებით?
– მთლიანად ტყუილია ჩემი ცხოვრება – როცა მსახიობი ხარ, ტყუილის მეტს რას აკეთებ?! (იცინის)
– უფალს რომ პირისპირ შეხვდეთ, რას ეტყოდით?
– „ერეკლეში“ ერთი სცენა მაქვს და  ამის შემდეგ, ყოველდღე ვთხოვ უფალს, რომ მაპატიოს – ერეკლე შვილის დაღუპვის შემდეგ ღმერთს ეჩხუბება. ასე ვერ შევბედავ ვერაფერს. მარტო იმას ვეტყვი, რომ ცოტა დაამშვიდოს და დააწყნაროს ეს ქვეყანა. დანარჩენ ყველაფრისთვის მადლობას გადავუხდი, ჩემი განსაცდელისთვის – მით უმეტეს.
– რისთვის იბადება ადამიანი?
– თავისი კვალი რომ დატოვოს. ტყუილად არ არის ნათქვამი: ადამიანმა უნდა დაწეროს წიგნი ან დატოვოს შთამომავლობა.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– მამაჩემმა მითხრა: სავსე ხორბალი თავდახრილია, ცარიელი – ყელყელაობსო.

скачать dle 11.3