კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როდის დატოვებს ინგა გრიგოლია „ტვ პირველს“ გენერალური დირექტორის გარეშე და ვინ მისცა მას „სახლი სახურავით“

ნინო კანდელაკი თამუნა სამადაშვილი

  ინგა გრიგოლია „ტელეკომპანია პირველის“ გენერალური დირექტორი გახდა.  მრავალწლიანი  ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში  პირველი შემთხვევაა, როდესაც მან დირექტორის ამპლუა მოირგო.  ცნობილი ტელეწამყვანი, რომლის ანგარიშზეც ათზე მეტი  პოპულარული  საავტორო  პროექტია, ცხოვრების ახალ ეტაპს ჩვეული შემართებით  ხვდება. 2019 წელი მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა – დიდი ტკივილით დაწყებული წელი  ტელეწამყვანისთვის კარგი სიახლეებით სრულდება. როგორი რეაქცია ჰქონდა ინგა გრიგოლიას ვატო წერეთლის შეთავაზებაზე  და ვინ მისცა მას „სახლი  – სახურავით“, ამის შესახებ თავად ინგა გრიგოლიასგან შეიტყობთ, რომელსაც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ამპლუაში პირველ სამუშაო დღეს შევხვდით.
 ინგა გრიგოლია: როდესაც „პირველ არხზე“ ვმუშაობდი, სამი თვე  ვიყავი დირექტორის მოადგილე. სამი თვის თავზე ჩემი სურვილით „გადავდექი“ (იცინის). 2010 წელი იყო, ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა  ირაკლი ოქრუაშვილის ჩართვა, მე გამიჩნდა განცდა, რომ  ეს პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული და  ჩართვა დამიბლოკეს. ვიფიქრე, მე თუ ჩემს გადაცემას ვერ ვიცავ, სხვები როგორ უნდა დავიცვა-მეთქი,  დავწერე განცხადება და გადავდექი. ახლა ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სერიოზული კომპანიის დირექტორობას შევუდექი.
– როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მფლობელმა, ვატო წერეთელმა და როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ტელევიზიის გენერალური დირექტორობა შემოგთავაზათ?  
– ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ამის შესახებ ერთი დღით ადრე გავიგე. ვატო წერეთელმა ღამით მომწერა ესემესი: შენთან მაქვს საქმე, რაღაც უნდა გითხრა და უარი არ მიიღებაო. ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა, რომ არხის გენერალური  დირექტორის პოზიციას შემომთავაზებდა. დიდი ხანი არ მიფიქრია – ვატომ თავისი არგუმენტები მითხრა და ძალიან მალე დავთანხმდი. რეალურად, ეს ტელევიზია ჩვენი გაკეთებულია, იმ ადამიანების, ვინც აქ ვმუშაობთ. „ტვ პირველის“  პირველი ეტაპი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ახლა გვაქვს ახალი ეტაპი და სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან საპასუხისმგებლო წელია – წინ გვაქვს მნიშვნელოვანი არჩევნები, შესაბამისად, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ  მეც და  მთელი არხიც. ეს გაცნობიერებული მაქვს, შესაბამისად, ვატოს მალე დავთანხმდი, მე ეს ტელევიზია მიყვარს, როგორც შვილი, რომელიც ჩვენ „გავაჩინეთ“ და გავზარდეთ. ახლა გენერალური დირექტორის პოზიციაზე, ბებიის როლში გადავდივარ (იცინის).
– რამდენიმე თვეა, „ტვ პირველი“ ჩართული აღმოჩნდა  ხმაურიან პროცესებში, რომელიც ტელევიზიის მფლობელის მამას უკავშირდება. იყო ეს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თქვენი გენერალური დირექტორობა გადაწყდა?
– როდესაც ვატოს ვკითხე, რატომ მე? მან მითხრა მთავარი არგუმენტი, რომ მას სჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც ამ ტელევიზიის განვითარებასა და გაზრდაში წვლილი ჰქონდა შეტანილი. სტრატეგიულად მან გადაწყვიტა, რომ გარედან კი არ მოეყვანა მენეჯერი, ის შეერჩია არსებული სტაფიდან. არ ვიცი, კონკრეტულად რა დაინახა, რის გამოც მენდო, მაგრამ მე მას პირობა მივეცი, ვნახოთ, რა გამომივა. გამომივა – ძალიან  კარგი, არ გამომივა და გადავდგები (იცინის). გულწრფელად გეტყვით,  მე არასდროს მიოცნებია დირექტორობაზე, ამბიციური კი ვარ, მაგრამ ზარმაციც ვარ. იმის მიუხედავად, რომ მთელი ცხოვრება ვშრომობ, ყოველთვის მეზარებოდა დამატებითი მუშაობა. იმედია, „ტვ პირველის“ სიყვარულმა ეს სიზარმაცე დამაძლევინა (იცინის). ჩემთვის  გაცილებით კომფორტულია, როდესაც მიმყავს გადაცემა და მერე, სახლში დივანზე წამოკოტრიალებული, სხვების გადაცემებს ვუყურებ. ახლა ამისი საშუალება, ალბათ, არ მექნება. პასუხისმგებლობა  მძიმე ტვირთია, მაგრამ როგორც ამერიკელები ამბობენ,  ყველა ახალი  პრობლემა, ახალი გამოწვევაა, რატომაც არა! აქ ყველა მეგობრები ვართ, შესაბამისად, ძველი კლასიკური  გაგებით, დირექტორობა და უფროსობა, ჩვენთან  არ არის. ტელევიზიას მართავს ბორდი, რომელშიც შედიან ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია, დიანა ტრაპაიძე, თამუნა ჩიხლაძე. პირველ რიგში, მე ამ ადამიანების აზრი ვიკითხე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, და მხოლოდ მათი მხარდაჭერის შემდეგ დავთანხმდი  ვატოს შეთავაზებაზე. იმდენად ამბიციურიც არ ვარ, ამდენი „ვარსკვლავის“ დირექტორად უცებ გამომეცხადებინა თავი (იცინის).  
–  ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ჩანდით სასამართლო პროცესებზე ვატო წერეთლის გვერდით, მისთვის „ფრონტის მეგობარივით“ გახდით.
– ჩვენ ერთმანეთის საიმედო მოკავშირეები ვართ. დირექტორობა არ იყო ბონუსი იმის გამო, რომ მე მის გვერდით ვიყო ან ვიყავი. ამ ადამიანმა ჩვენ მაშინ მოგვცა „სახლი – სახურავით“,: როდესაც სამსახურიდან გამოგვყარეს. როდესაც მოვედი, აქ დამხვდნენ ვახო სანაია და ჟიჟი,  მერე შემოგვიერთდა დიანა, რომელიც ასევე, თავისი პროტესტის გამო წამოვიდა „იმედიდან“, მერე მოვიდა ლევან ჩხაიძე, თამუნა ჩიხლაძე. ვატო წერეთელმა ჩვენ მოგვცა შანსი,  გვეკეთებინა ჩვენი საქმე და რატომ არ უნდა ვიყო მე მისი მოკავშირე?! მე არასდროს მიბრძოლია სხვისი ბიზნესისთვის, და არც ვაპირებ. თითქმის ყველა დამფუძნებელი, ვისთანაც მიმუშავია, ჩემი მეგობარია, გარდა „იმედის“   მფლობელებისა. მართლა მიმაჩნია, რომ ეს არის ომი ამ ტელევიზიიის წინააღმდეგ, მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. რა ვქნა, მე მჯერა, იმ ცნობილი სკანდალური წერილის, რომ „ტვ პირველი“ „იმედის“ ტრენდზე უნდა გადასულიყო, იმიტომ რომ „იმედიდან“ გამომაგდეს სწორედ იმის გამო, რასაც იქ ვაკეთებდი და ახლა აქ ვაკეთებ. მე მჯერა, რომ ასეთი მოთხოვნა შეიძლებოდა ყოფილიყო
ხელისუფლებიდან. ისიც მჯერა, რომ არ იყოს პოლიტიკური მოტივი, 11 წლის წინანდელ საქმეზე, რომელსაც არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი,  ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, ბიზნესმენს ტყუილად არავინ ატარებს სასამართლოებში. რომ არ ვხედავდე პოლიტიკურ შტურმს ჩვენს ტელევიზიაზე, იქ არ ვიდგებოდი, სადაც ვდგავარ.   
–  მძიმე და მტკივნეულ თემაზე მინდა გადავიყვანო ჩვენი საუბარი, ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, ალბათ,  ყველაზე მეტად გაკლიათ  ლევან ჩხაიძე.
– პირველი, რაზედაც ვიფიქრე იმ თათბირიდან გამოსულმა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, იყო – რას იტყოდა ჯაკო. ვიცი, რომ ეს ამბავი ძალიან გაუხარდებოდა. ყველაზე მეტად მინდოდა, იქ იმ წუთებში ის ყოფილიყო. ჯაკო ყოველთვის იყო ჩემთვის საიმედო დასაყრდენი, მეც ძალიან დამაკლდა და ტელევიზიასაც, როგორც ძალიან მაგარი მეგობარი და ჟურნალისტი. მისი გვერდით დგომა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის. პირველი, რასაც გავაკეთებ,  როდესაც შევალ ჩემს  სამუშაო ოთახში, იქ შევიტან ჯაკოს სურათს. აქ მისი ადგილი ყოველთვის იქნება.
– როგორი დირექტორი იქნება ინგა გრიგოლია? ადმინისტრაციულ  ბიუროკრატიაში გარკვევა იოლი აღმოჩნდა?  
– ეს არ არის მარტივი,  ყველაფრის საქმის კურსში უნდა ვიყო. დანიშვნიდან მესამე დღეს, პირველი, რაც გავაკეთე, დავბლოკე ერთ-ერთი პროექტი, იმიტომ რომ ვერ დავინახე მისი არსებობა ამ არხზე.   ყველამ იცის, რომ სამსახურში მე არ ვარ ძალიან ტკბილი, რაც არ უნდა მიყვარდეს ვისთანაც ვმუშაობ, ძალიან  მომთხოვნი ვარ, ალბათ, ამიტომაცაა, რომ გუნდში ყოველთვის მყავს ადამიანები, მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით.  მე არ ვიქნები ისტერიული დირექტორი, მაგრამ  ვერც ფორმალური დირექტორი გავხდები. შესაბამისად, ვიქნები დირექტორი მთელი თავისი სიტკბოთი, სიმწარითა და სხვა დანარჩენით. მე მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება. როდესაც ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, რიგითი კორესპონდენტი ვიყავი. მთელი შავი სამუშაო გავლილი მაქვს და ზეპირად ვიცი, რა როლი აქვს მემონტაჟეს, ოპერატორს, ხმის რეჟისორს, პროდიუსერს, ჟურნალისტს. არსებობს წესები, რაც მარტივი დასაცავია. ის, რასაც სხვას სთხოვ, შენ უნდა გქონდეს. მე არანორმალურად მიყვარს ჩემი საქმე, არ მომწონს გუნდში ისეთები, ვინც მუშაობენ და არ არიან საქმის პარტნიორები. მგონია, რომ ყველაფერი კარგად გამოგვივა. ახალი პროექტების დამატებასაც ვფიქრობთ.  ჩვეულებრივად გავა ეთერში „რეაქცია“, რომელსაც ისეთი გუნდი აკეთებს, ჩემი დირექტორობა ხელს არაფერში შეუშლის, სამშაბათსა და ხუთშაბათს ტელევიზია დირექტორის გარეშე იქნება, დღის მეორე ნახევარში მაინც (იცინის).
–  22 წელია, ჟურნალისტიკაში ხარ,  ეს, ალბათ, მაინც  განსაკუთრებული ეტაპია?
– წელს იუბილე მაქვს. საავტორო გადაცემის დაწყებიდან 20 წლისთავზე ტელევიზიის დირექტორი გავხდი. საბჭოთა კავშირის პროპაგანდასავით კი გამომივიდა, მაგრამ ჩემი ისტორია მათ ისტორიას ჰგავს, ვინც გადიოდა გზას ქარხნის მუშობიდან დირექტორობამდე.  ვხუმრობ ხოლმე, რომ ძალიან ვუყვარვარ ინფორმაციის ღმერთს. სამჯერ დავაკაკუნებ, რომ არაფერი შეიცვალოს (იცინის).  როდესაც ეთერში გავდივარ, არ არსებობს იმ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი არ დაემთხვეს, ყველაფერი იმ დღეებში ხდება. ბედი მაქვს, ეს აღიარებულიც არის ჩვენს წრეში.
– აშკარად, პოლიტიკოსებთან საქმე გაქვს „ჩაწყობილი“.
– არა. ჩაწყობილი არ მაქვს, უფრო  ბედის ამბავია. მეგობრები ხუმრობენ ხოლმე ამ თემაზე.  პროფესიული იღბალი მაქვს,  თუმცა, მყავს რესპონდენტები, ვინც არასდროს ყოფილან ჩემს ეთერში, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი, ბადრი პატარკაციშვილი, ასლან  აბაშიძე,
–  როგორც ჩანს, მილიარდერები არ გწყალობენ?
–  ზოგადად ტოპ-ტიპებთან თანამშრომლობა კარგად გამომდის, ეს სამი ადამიანი, რომლებიც არასდროს მოსულან ჩემს გადაცემაში,  ნამდვილად კარგად მახსოვს.
– ახალი პოზიცია როგორ შეცვლის თქვენს ცხოვრებას?
– ეს,  პირველ რიგში, თავისუფალ დროზე აისახება.  ვიცი, მუშაობა მომიწევს ორშაბათიდან კვირის ჩათვლით – განუსაზღვრელი დროით. რამდენიმე თვეში ბებია უნდა გავხდე,  ამ  ამბით ძალიან ბედნიერი ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიცლი  ბებიობისთვის, ალბათ, ვერ ვიქნები კლასიკური გაგებით ბებია.  ასე გამოვიდა, რომ  ბევრი კარგი სიახლეა – ვხდები ბებია, სამსახურშიც ახალი ეტაპი მაქვს. ეს წელი ძალიან უცნაური აღმოჩნდა. დაიწყო ჯაკოს გარდაცვალებით – ძალიან დიდი ტკივილით, რომელიც არასდროს გაივლის და ნახევარი წლის შემდეგ გაგრძელდა ასეთი სიახლეებით – მარიამის ორსულობა, ჩემი ახალი პოზიცია.  ეს ცხოვრება ხომ მუდმივი მონაცვლეობაა, წარმატება, წარუმატებლობა, ისევ წარმატება და სიხარული, ასეთია  ცხოვრების წესი!   


скачать dle 11.3