კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№44 ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველია ქალია, რომელმაც ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ცოტა ხნის წინ ის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. ახლა მისი მიზანი 2020 წლის ოლიმპიადაა, რომლისთვისაც დიდი მონდომებით ემზადება.
  ეთერ ლიპარტელიანი:  პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ქალი გავხდი და ორმაგი მოტივაცია გამიჩნდა. ის ემოცია, რაც მსოფლიოს ჩემპიონობამ განმაცდევინა,  ახლაც მაქვს. სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას ველოდი – რეიტინგით პირველ ნომრად ვიყავი წარდგენილი. გასულ თვეში ევროპის ჩემპიონი გავხდი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონობა მომეპოვებინა – თავდაუზოგავად ვშრომობდი მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან ერთად. ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი. მიყვარდა კალათბურთი, ფეხბურთი, მაგრამ საბოლოოდ, არჩევანი ძიუდოზე გავაკეთე. სულ მინდოდა წარმატებული ვყოფილიყავი და დიდ ასპარეზზე გავსულიყავი. თბილისშიც იმისთვის გადმოვედი საცხოვრებლად, რომ ჩემპიონი გავმხდარიყავი. ვიდრე დავიძინებდი, სულ ჩემპიონობაზე ვფიქრობდი. პატარა ასაკში დავიწყე ძიუდოზე სიარული – 8 წლის ვიყავი, მაშინ სვანეთში ვცხოვრობდი. იმ პერიოდში გოგონების ძიუდო უკვირდათ, თან, მხოლოდ ერთი გოგო ვვარჯიშობდი ბიჭებთან ერთად. ეს არ იყო მარტივი. ყველა მეუბნებოდა: რა გინდა ძიუდოზე, ეს არ არის ქალის სპორტი, რამე სხვა საქმით დაკავდიო. მათ საუბრებს ყურადღებას არ ვაქცევდი და დაჟინებით ვაგრძელებდი ვარჯიშს. საბედნიეროდ, ოჯახის წევრები ყველნაირად გვერდში მედგნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. ათი წლის ასაკში ბიძაჩემმა რუსთავში წამომიყვანა, რომ მევარჯიშა.
– ბიჭებთან ერთად ვარჯიში რა სირთულეებთან ასოცირდებოდა?
– როგორც უკვე გითხარით, ერთადერთი გოგო ვიყავი დარბაზში და მოწყენილობა იყო ხოლმე  –  მეგობარი არ მყავდა. იქიდან მოყოლებული, რამდენიმე ბიჭი ჩემი საუკეთესო მეგობარიც გახდა. ჩვენ ერთად ვვარჯიშობდით. ახლაც ბიჭებთან ერთად მიწევს ვარჯიში, რადგან ბევრი პარტნიორი გოგო არ გვყავს. ამ ყველაფერმა უფრო ძლიერი გამხადა. სვანეთში შეჯიბრება რომ ტარდებოდა, ბიჭებთან ერთად მაჭიდავებდნენ ხოლმე და ხშირად გამარჯვბულიც ვყოფილვარ.
– ძმაც ყოფილი ძიუდოისტია და ალბათ, ამიტომაც არ გაუპროტესტებია ოჯახს შენი ძალისმიერ სპორტში ვარჯიში?
– კი, ჩემი ძმა  ძიუდოისტი იყო. შეჯიბრებაზე შევხვდით ერთმანეთს, მოვუგე და იმის მერე აღარ უჭიდავია (იცინის). სულ უკვირთ ხოლმე, შენ ძიუდოისტი ხარ და შენი ძმა რატომ არ ჭიდაობსო. ამ ამბავს, რომ ვუყვები, მერე ეცინებათ. ოჯახმა, პირიქით, მხარი დამიჭირა. მამა და ბიძა ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. დედას თავიდანვე არ მოსწონდა ეს სპორტი. მეუბნებოდა, თავი დამენებებინა ძიუდოსთვის და სხვა სპორტს გავყოლოდი, რატომღაც ფიქრობდა, ბოლოს მაინც შევეშვებოდი და ტყუილუბრალოდ დავკარგავდი დროს. მაგრამ, რომ მიხვდა, წარმატებული ვიყავი, შეეცვალა შეხედულებები, თვითონაც მოუბრუნდა გული და ახლა, მგონი, ყველზე მეტად მას უხარია ჩემი გამარჯვება.
– ოჯახი სვანეთში ცხოვრობს თუ შენთან ერთად წამოვიდნენ?
– ჩემი ოჯახი სვანეთში ცხოვრობს. ძალიან მინდა, იქ დავბრუნდე, მაგრამ ჯერ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. რომ მოვდიოდი, ძალიან განვიცდიდი. დედმამიშვილები იქ დავტოვე და ეს არ იყო ჩემთვის მარტივი. მინდოდა, მათთან და დედასთან ერთად ვყოფილიყავი, მამა მაშინ უცხოეთში იყო. ასეთ პატარა ასაკში რთულია მოსწყდე ოჯახს, სოფელს და საყვარელ ხალხს. ეს გადაწყვეტილება ბიძაჩემმა მიიღო. გაიგო, რომ თბილისში გოგოების ძიუდო არსებობდა და წამომიყვანა. აქ კიდევ  მწვრთნელებს მოვეწონე და დამტოვეს.
– რა რეაქცია აქვთ უცნობებს, როდესაც იგებენ, რომ ძიუდოისტი ხარ?
– ძირითადად, უკვირთ. მეუბნებიან: ასეთი გამხდარი გოგო როგორ ჭიდაობ და როგორ იგებო. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვჭიდაობ და ჩემპიონი ვარ. რატომღაც, საზოგადოება ქალთა ძიუდოს ცუდად უყურებდა. რომ წავაგებდით, ცუდ კომენატრებს გვიწერდნენ: არ ვარგა ქალთა ძიუდო, ჩამოიყვანეთ უცხოელი გოგონები, რომ კარგად იასპარეზონო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას გვაძლევდა. ხალხის დამსახურებაც არის, რომ წარმატებას მივაღწიე. გული მწყდებოდა ხოლმე, ჩვენი თანატოლი ბიჭები რომ წააგებდნენ  და მათზე წერდნენ: არა უშავს, ესენი ჯერ  პატარები არიანო. ჩვენ კი, გვლანძღავდნენ. მიხარია, რომ ყველას დავუმტკიცე, ქალებს არა მხოლოდ ძიუდო, არამედ ყველაფერი შეუძლიათ.
– რამდენად გაგიჭირდა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება?
– სულ ხუთი შეხვედრის ჩატარება მომიწია. თავიდან არ გამჭირვებია. ვცდილობდი, ყველა მეტოქე სათანადოდ შემეფასებინა და უბრალოდ არ წამეგო. ფინალში გადასასვლელად შევხვდი კორეელს, რომელთანაც ვაზარით ვაგებდი, მაგრამ შემდეგ იპონით დავაგდე და ფინალში გადავედი. ბოლო ბრძოლაში იაპონელთან ვიასპარეზე. ისეთი მოტივაცია მქონდა, ვიცოდი, რომ ნამდვილად მოვიგებდი. ჩემთვის ვფიქრობდი: ამ გოგონას აუცილებლად მოვუგებ და მსოფლიოს ჩემპიონი გავხდები-მეთქი. საკუთარ თავს ვამხნევებდი, რომ მასზე მეტი შემეძლო და ვერ დამამარცხებდა. ასეც მოხდა – ოქროს მედალი  საქართველოში წამოვიღე. ახლა ახალი მიზანი მაქვს – 2020 წლის ოლიმპიადისთვის ვემზადები.
– როგორც ვიცი, შენი შეყვარებულიც ძიუდოისტია...
– კი, ძიუდოისტია, თან, საკმაოდ პერსპექტიული. მე და თემო პატარაობიდან ერთად ვვარჯიშობდით. დარბაზიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ჯერ – მეგობრობით და შემდეგ კი სხვა გრძნობაში გადაიზარდა. ყველანაირად გვერდში მიდგას და დიდ მოტივაციას მაძლევს. მაქსიმალურად მიჭერს მხარს, ფსიქოლოგიურად მეხმარება. სპარინგზეც დავმდგარვართ ერთად, მაგრამ ვერ ვუგებ (იცინის). სამომავლოდ გვაქვს გეგმები – ვფიქრობთ ოჯახის შექმნაზე, თუმცა ჯერ ადრეა. წინასწარ არ მინდა საუბარი.

скачать dle 11.3