კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 მგლები 6

ნინო კანდელაკი გოჩა მანველიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-43(982)
– დიდი ხმაური, მინიმალური ზიანი! – ჩაილაპარაკა ჯაბამ.
– ჰო... ამის თქმა მინდა, – დაუდასტურა დაცვის უფროსმა.
– არც თუ ისე მცირე ზიანით! – ჯაბას გონდაკარგული და გაფითრებული ეკა დაუდგა თვალწინ.
– დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეკა ვერ შენიშნეს. მათი სამიზნე ნატო იყო. იმ ადგილიდან, საიდანაც მათ ისროლეს, ორანჟერიის ის კუთხე საერთოდ არ მოჩანს. ეკა შემთხვევით დაშავდა. ის უბრალოდ აფეთქების ტალღის ქვეშ მოჰყვა!
– შენი ხალხი უკვე მუშაობს ამ საკითხზე?
– ჰო... და სხვებიც მუშაობენ.
– სხვები?! ვის გულისხმობ?
– ადგილობრივ პოლიციას, აქ არიან. ვცადე, მაგრამ ვერაფრით მოვიშორე თავიდან. შენთან საუბარი სურთ, – დაცვის უფროსმა უღონოდ გაშალა ხელები.
პოლიციელების გამოჩენაში არაფერი იყო უცნაური. ისინი უყურადღებოდ ვერ დატოვებდნენ მომხდარს. მაგრამ როგორც წესი, მათთან ურთიერთობას ყოველთვის დაცვის უფროსი აგვარებდა. თავად პოლიციელები არასოდეს შედიოდნენ აგარაკის ტერიტორიაზე და არც მისი მობინადრეებით ინტერესდებოდნენ. ახლა კი, როგორც ჩანს, მათ არ აკმაყოფილებდათ დაცვის უფროსის განმარტებები.
– უთხარი, რომ მათი ენა არ მესმის!
– არაფერი გამოვა. თარჯიმანს მოიწვევენ.
– რამე მოიფიქრე. მათთვის არ მცალია!
– არ მოგვეშვებიან. მათი შეფასებით, ტერორისტული აქტი მოხდა. რამდენიმე სიტყვა მაინც უთხარი.
– კარგი, – მცირე ფიქრის შემდეგ დაეთანხმა ჯაბა, – შემოიყვანე.
პოლიციელებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები უჩვენეს, მისი ვინაობითაც დაინტერესდნენ და გამოკითხვას შეუდგნენ. რამდენიმე კითხვის შემდეგ, პოლიციელები აგარაკის მფლობელის ვინაობით დაინტერესდნენ.
– ამის გარკვევა უჩემოდაც შეგიძლიათ. ჰკითხეთ ჩემს მეგობარს. ის ყველაფერს აგიხსნით, – დაცვის უფროსზე მიანიშნა ჯაბამ.
– ის აგარაკზე სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულების პროცესში იმყოფებოდა. ხშირად დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა არაფერი იციან დამქირავებლის შესახებ. ასე რომ, ჩვენ თქვენგან გვსურს ამის მოსმენა.
– აგარაკის მფლობელს მეც არ ვიცნობ. რამდენადაც ვიცი, ის ვარშავაში ცხოვრობს. აგარაკი კი რამდენიმე წლის წინ ჩემმა კომპანიამ დაიქირავა, – უპასუხა ჯაბამ.
– რომელმა კომპანიამ? – დაინტერესდა პოლიციელი.
– უკრაინულმა კომპანია „ვერშინამ“. აგარაკს სტუმრების მისაღებად და თანამშრომლების დასასვენებლად ვიყენებთ.
– ამჟამად ვინ ცხოვრობდნენ აგარაკზე?
– ხომ გითხარით. კომპანიის თანამშრომლები! – გაღიზიანდა ჯაბა.
– კონკრეტულად ვინ? ვინაობა, საქმიანობის სფერო, თანამდებობები... საერთო მონაცემები.
ჯაბამ უკმაყოფილო მზერა ესროლა პოლიციელს, შემდეგ დაცვის უფროსისკენ გადაიხარა და ხმადაბლა უბრძანა:
– შენი ხალხი ნატოს პალატას არ მოშორდეს. ჩემი ნებართვის გარეშე მასთან არავინ უნდა შევიდეს!
– ექიმები?
– არავინ!..
დაცვის უფროსმა უხმოდ დაუქნია თავი და საორდინატოროდან გავიდა. ჯაბა კი ისევ პოლიციელებს მიუბრუნდა.
– ამ შემთხვევაში, მე და თქვენ საერთო მიზანი გვამოძრავებს. ყველას გვაინტერესებს, ვინ მოაწყო თავდასხმა. მაგრამ ეს თავად უნდა გაარკვიოთ. მე ვერაფერში დაგეხმარებით. რაც შეეხება აგარაკის მობინადრეებთან დაკავშირებულ მონაცემებს. ბუნებრივია, რომ მე ყოველ მათგანს ვიცნობ. მაგრამ რად გვინდა ზედმეტი კითხვა-პასუხი. მე საამისოდ არც დრო მაქვს და არც განწყობა. ხვალ ჩვენი მდივანი დაგიკავშირდებათ და აგარაკის ყველა მობინადრის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს მოგაწვდით. სხვა საკითხებზე შეგიძლიათ, აგარაკის დაცვის უფროსს მიმართოთ. ის ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს.
– მოიცადეთ!.. – აჩქარდა ერთ-ერთი პოლიციელი, – ჩვენ კიდევ რამდენიმე საკითხი გვაქვს გასარკვევი!
– გაარკვიეთ. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, – თქვა ჯაბამ და კარს მიაშურა.
– ვიდრე დაკითხვას არ დავამთავრებთ, აქ დარჩებით! – მკაცრად თქვა პოლიციელმა და წინ გადაუდგა.
ჯაბას არაფერი უთქვამს. პოლიციელი გვერდზე გასწია და გზა განაგრძო.
მისი საქციელით გაღიზიანებული პოლიციელი სწრაფად სწვდა მხარში და თავისკენ მოზიდა. ჯაბამ ხელი აუკრა და ამასთან ერთად ძლიერად უბიძგა მკერდში. პოლიციელი უკან გადაქანდა, სკამს წამოედო და წონასწორობადაკარგული იატაკს დაასკდა. მეორე პოლიციელმა უმალ მოიმარჯვა პისტოლეტი, ჯაბა მიზანში ამოიღო და იყვირა:
– განძრევა არ გაბედო!..
ჯაბამ მოულოდნელად იფეთქა. ერთი ნახტომით ეცა პოლიციელს და ვიდრე ის რამეს მოიმოქმედებდა, პოსტოლეტი ხელიდან გამოჰგლიჯა. მომხდარით დაზაფრული პოლიციელი უკან გადაქანდა და კედელს აეკრა.
– სხვა დროს დამცველი გახსენი და ისე დაემუქრე ვინმეს! – დამცინავად ჩაილაპარაკა ჯაბამ.
– დაწყნარდი... საქმეს ნუ გაართულებ, ყველაფერი მშვიდად მოვაგვაროთ! – ალაპარაკდა მეორე პოლიციელი, რომელიც ჯერ ისევ იატაკზე იწვა.
– მოსაგვარებელი არაფერია. მე მხოლოდ ერთი რამ მსურს. თავი გამანებეთ და ვიდრე ექიმები საბოლოო დიაგნოზს არ დასვამენ, ახლოს არ გამეკაროთ!.. ეს გასაგებია?!
– გასაგებია! – ერთხმად უპასუხეს პოლიციელებმა.
– ახლა გოიმებივით არ ავარდეთ და რაიმე სისულელე არ მოიმოქმედოთ. მეორედ ასეთ შანსი აღარ გექნებათ! – ამ სიტყვებთან ერთად ჯაბამ პისტოლეტი პოლიციელს გაუწოდა.
პოლიციელმა დაბნეული სახით ჩამოართვა იარაღი და კოლეგას გახედა. მან ოდნავშესამჩნევად გაიქნია თავი და ფეხზე წამოდგა.
– ესე იგი შევთანხმდით? – იკითხა ჯაბამ.
– შევთანხმდით, – უპასუხა პოლიციელმა და პისტოლეტი ბუდეში შეინახა.
– მაშინ ამით მოვრჩეთ.
– მდივანი?! – სწრაფად შეახსენა პოლიციელმა.
– დილით თავად დაგიკავშირდებათ, – უპასუხა ჯაბამ და კარს მიაშურა.
***
ექიმი აშკარად ღელავდა. თავჩახრილი იდგა და ხელში ნერვიულად ატრიალებდა სანთებელას. ბოლოს სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და ყრუ ხმით ალაპარაკდა:
– რაიმეს დამალვას აზრი არა აქვს. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება დაუყონებლივ უნდა მივიღოთ.
– რა გადაწყვეტილება? – სწრაფად ჰკითხა ჯაბამ.
– პირველ რიგში, ერთი საკითხი უნდა გავარკვიო... ვინ არის თქვენთვის ქალბატონი ეკა?
– უკვე გითხარით, რომ ერთ კომპანიაში ვმუშაობთ.
– იცით, რომ ის ფეხმძიმედაა?
– რა თქმა უნდა.
– სწორედ ეს ართულებს მისი მკურნალობის საკითხს... – ექიმმა შუბლი მოისრისა და ლაპარაკი განაგრძო, – მოკლედ აგიხსნით მდგომარეობას. ვითარება საკმაოდ რთულია.  პაციენტს სახესა და სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აქვს. ეს უმნიშვნელო ტრავმებია. ნაკერების დადებაც კი არ არის საჭირო. ყველაზე რთული თავის ქალის ტრავმაა. ჩანს აფეთქების ტალღამ ის კედელს მიახეთქა. შედეგად კეფის მიდამოებში გაწყდა რამდენიმე კაპილარი. თავის მხრივ კი, ამას თავის ქალის შიდა ზედაპირზე სისხლჩაქცევა მოჰყვა.
– როგორ აპირებთ მის მკურნალობას?! – ჰკითხა ჯაბამ.
– ასეთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა არასასურველია. სისხლჩაქცევის მკურნალობა მედიკამენტებითაც შეიძლება. მაგრამ არის ერთი სირთულე.
– რა? – ჰკითხა ჯაბამ.
– მისი ფეხმძიმობა... ხსენებული მედიკამენტები მკურნალობის ეფექტურ საშუალებად ითვლება, მაგრამ მათი გამოყენება ერთობ უარყოფითად აისახება ნაყოფზე.
– შეგიძლიათ, უფრო მარტივად ამიხსნათ.
– შემიძლია... უბრალოდ რომ ვთქვა, ჩვილი შეიძლება თანდაყოლილი დეფექტით დაიბადოს.
– არა!.. – დაძაბული მზერა ესროლა ჯაბამ, – ეს არ მოხდება. სხვა რამ მოიფიქრეთ!
– მესმის, – თავი დაუქნია ექიმმა, – მაშინ ერთი საკითხი უნდა გავარკვიოთ... სადაა ბავშვის მამა. ჩემთვის აუცილებელია მასთან გასაუბრება.
– ის აქ არ იმყოფება.
– უნდა დაუკავშირდეთ. მის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ.
– რა გადაწყვეტილებას? – ჰკითხა ჯაბამ.
– ვინაიდან მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს ვამბობთ, მოგვიწევს საკეისრო კვეთის გაკეთება. მშობიარობა რთული პროცესია. ასევე რთულია საკეისრო კვეთაც. ჩვენს შემთხვევაში კი ნაყოფი ოცდარვა კვირისაა. დედა ტრავმირებულია. ასეთ ვითარებაში ოპერაციის წარმატებით დასრულების გარანტიას ვერცერთი ქირურგი ვერ მოგცემთ. ეს იძულებითი ნაბიჯია. არჩევნის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის გვიწევს. ასე რომ, ბავშვის მამის ან პაციენტის ახლო ნათესავების თანხმობის გარეშე ოპერაციას ვერ ჩავატარებთ.
– საკეისრო კვეთაც ხომ ქირურგიული ოპერაციაა! – შენიშნა ჯაბამ.
– რა თქმა უნდა. მაგრამ თავის ქალის ოპერაცია ბევრად რთული და მეტი რისკის შემცველია. საკეისრო კვეთა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. თავის ქალის ოპერაცია კი – მხოლოდ ზოგადი ანესთეზიით. ვინაიდან პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ზოგადი ანესთეზიის გამოყენების შემთხვევაში შედეგის პროგნოზირება შეუძლებელია. შეიძლება, დედაც დავკარგოთ და შვილიც. მე ასეთ პასუხისმგებლობას თავზე ვერ ავიღებ. ასე რომ, სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ბავშვის მამას.
– თავად დედას არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება? – ჰკითხა ჯაბამ.
– ასეთ შემთხვევებში დედის აზრს ვერ გავითვალისწინებ! – თავი გაიქნია ექიმმა.
– რატომ?
– ყველა დედა თავგამოდებით იცავს თავის შვილს და როგორც წესი, უყოყმანოდ ითხოვს ნაყოფის გადარჩენას. მე ექიმი ვარ. ემოციებს ვერ ავყვები და საკუთარ კარიერასაც არ შევუქმნი საფრთხეს... გასაგებად აგიხსენით ყველაფერი?
ჯაბამ უხმოდ დაიქნია თავი. შემდეგ გვერდზე გადგა, მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და სწრაფად აკრიფა „ვერშინის“ ადვოკატის, ვასილიჩის ნომერი.
ჯაბა დაძაბული მზერით შეეგება მიმღებში შემოსულ ლუკას. მასთან ერთად კრაკოვში ცნობილი უკრაინელი ქირურგი რაზუმოვსკი და „ვერშინის“ ადვოკატი ვასილიჩიც ჩამოვიდნენ.
– დამშვიდდი… შენ არავინ გადანაშაულებს მომხდარში, –  წამოიწყო ლუკამ, როდესაც ჯაბას მღელვარება შეატყო.
– იოლი სათქმელია, – ყრუდ ჩაილაპარაკა მან, – მე იქ ვიყავი, როდესაც...
– მეც იქ ვიყავი, როდესაც ნაინა მომიკლეს!.. – არ დაასრულებინა ლუკამ.
– იმ ნაბიჭვრებს მე თვითონ მოვძებნი და საკუთარი ხელით გავუთხრი საფლავებს! – ბრაზით ჩაილაპარაკა ჯაბამ.
– ვიდრე ვითარება არ გაირკვევა არაფერს მოვიმოქმედებთ. „ვასილიჩი“ ყველაფერს აგიხსნის, – უპასუხა ლუკამ, შემდეგ კი რაზუმოვსკის ანიშნა გამომყევიო და საორდინატოროს მიაშურა.
რაზუმოვსკი სწრფად ეცნობოდა გამოკვლევების შედეგებს. საქმიანი იერით სწავლობდა მონაცემებს და დროდადრო ეკას მკურნალ ექიმს კითხვებს უსვამდა. მისი შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე თავიდან ელოდა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გატარებული რამდენიმე საათისა და გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ ეკა გონს მოეგო. მართალია, ის ჯერ ისევ სუსტად გრძნობდა თავს, მაგრამ მკურნალი ექიმის თქმით, ის კონტაქტური იყო და მასთან გასაუბრებაც შესაძლებელი გახდა.
– შეიძლება, ახლავე ვნახო? – ჰკითხა ლუკამ, როდესაც ექიმმა ამის შესახებ აცნობა.
– უფრო მეტიც. ეს აუცილებელიცაა, – უპასუხა მან, – დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სიახლოვე სასიკეთოდ იმოქმედებს მის მდგომარეობაზე.
– გეთანხმებით, – თავი დაუქნია რაზუმოვსკიმ და ლუკას მიუბრუნდა, – შეეცადეთ, დაამშვიდოთ. შვილის დაკარგვის საფრთხეზე ნურაფერს ეტყვით. ოპერაციის წინ დაძაბულობა და მღელვარება სრულიად მიუღებელია.


გაგრძელება იხილეთ ჟურნალ "თბილსიელები"-ს 45-ე ნომერში

tbiliselebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაბეჭდვა რედაქციასთან შეთანხმების გარეშე, ისჯება კანონით.

скачать dle 11.3