კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 შეთქმულება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  სამასიოდე მეტრი რომ გაცურა, თემურ სალია უზარმაზარ ტივტივასთან შეჩერდა და დაისვენა. ხმელთაშუა ზღვა იმ სისხამ დილით ისეთი წყნარი და სუფთა იყო, რომ საკმაოდ კარგად დაინახავდით ღრმა წყალში მცურავ ნაირ-ნაირი თევზებს. თემურმა  ქვემოდან უჩვეულო ბიძგი იგრძნო, წყალს ჩახედა და შეკრთა.. იქიდან აკვალანგიანმა მამაკაცმა ამოყვინთა. ტივტივას ჩამოეკიდა. შუშის ნიღაბი აიწია და სალიას ქართულად უთხრა:
– გამარჯობა, ექიმო. თქვენთან კონფიდენციალური საქმე მაქვს და ცნობისმოყვარეებმა რომ არ შეგვაწუხონ, აქ ამიტომ გეწვიეთ.
– აშკარაა, რომ მითვალთვალებდით. თანაც, არა მარტო აქ, – თქვა ექიმმა.
– თქვენ მართლაც ძალიან გამჭრიახი გონება გქონიათ. თუმცა ყოველთვის არა, – თქვა ამოყვინთულმა.
– თქვენი სახელი?
– შეგიძლიათ, რეზო დამიძახოთ.
– რა გნებავთ, რეზო?
– ბატონო თემურ, მე წარმოვადგენ პატრიოტთა ჯგუფს, ვისაც ჩვენი სამშობლოს ბედი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად ადარდებს. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ანალოგიურად ფიქრობთ თქვენც, რომ არაფერი ვთქვათ თქვენს მშობლებზე.
– თუ შეიძლება, შესავლის გარეშე. რა გნებავთ?
– დღეს, საღამოს შვიდ საათზე იახტა „ზეროზე“ მობრძანდით. პატარა ყურეში რომ ნავსაყუდელია, იქ დგას და იოლად მოგვაგნებთ.
– ალბათ, მარტო მეპატიჟებით.
– ცხადია, მოწმეები არ გვჭირდება.
– მოვალ.
– შეხვედრამდე, – თქვა აკვალანგისტმა და წყალში გაუჩინარდა.
***
  30 წლის თემურ სალია ზურაბ პეტრიაშვილის პირადი ექიმი იყო. პეტრიაშვილი კი – უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ძალიან ავტორიტეტული პიროვნება და მდიდარი ქველმოქმედი. სწორედ პეტრიაშვილის წყალობით შეძლო სალიამ ფეხზე დადგომა, უმაღლესი კლასის ევროპული განათლების მიღება და ძლიერ, ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბება. თემურის მშობლები ზურაბ პეტრიაშვილის ბავშვობის მეგობრები იყვნენ და სკოლაც ერთად დაამთავრეს. ამის შემდეგ ზურაბი რუსეთში გაემგზავრა და გამდიდრდა. თემურის მშობლები თბილისში დარჩნენ, თუმცა მალევე ზურაბთან გაემგზავრნენ და თემურიც იქ დაიბადა. ზურაბი ახალშობილის ნათლია გახდა და მას შვილივით პატრონობდა. იმ პერიოდში რუსეთში ძალიან არეული დრო იყო და ბავშვი საფრანგეთში გაგზავნეს, სადაც სანიმუშოდ იზრდებოდა. თხუთმეტი წლის თემური სორბონის კოლეჯში სწავლობდა, როდესაც მას დედ-მამა ტრაგიკულად დაეღუპა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოსკოვის მახლობლად საავტომობილო კატასტროფაში მოჰყვა. ისინი ადგილზევე დაიღუპნენ. ზურაბ პეტრიაშვილმა თავისი უახლოესი ადამიანები თბილისში დაკრძალა. თემურზე ზრუნვა კი გააათკეცა და მას საკუთარი შვილებისგან არ ასხვავებდა. ხოლო, როდესაც თემური მაღალი კლასის ექიმი გახდა, ზურაბმა თავისი ნათლული პირად ექიმად აიყვანა და მას საკუთარი ოჯახის სიცოცხლეც ანდო.
ზურაბ პეტრიაშვილი, თავისი ბიოგრაფიიდან და სტატუსიდან გამომდინარე, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ენდობოდა ბოლომდე და მათ შორის იყო თემურ სალიაც.
***
  იახტა „ზეროზე“ მისულ თემურ სალიას სწორედ ის აკვალანგისტი დახვდა, ვინც მას დილით წყალში ელაპარაკებოდა და რეზოდ გაეცნო.
– მობრძანდით, დაბრძანდით, ბატონო თემურ. რას დალევთ, ხომ არ ივახშმებთ? – „მიაყარა“ მასპინძელმა სტუმარს.
ექიმი სავარძელში ჩაჯდა და რეზოს უთხრა:
– აქ მე საჭმელ-სასმელად არ მოვსულვარ და გისმენთ, ბრძანეთ, რა უნდა მითხრათ.
– ბატონო თემურ, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს თქვენთვის მოსასმენად და დარწმუნებული ვარ, თავიდან ამას არც კი დამიჯერებთ, გეტყვით, რომ თქვენი მშობლები უბედური შემთხვევის გამო არ დაღუპულან.
– რა სისულელეა! – წამოიძახა სალიამ და დაამატა, – ზუსტად ვიცი, რომ ის ცხონებულები საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპნენ მოსკოვის მახლობლად, როდესაც მე სორბონის კოლეჯში ვსწავლობდი.
– საქმე ისაა, ბატონო ექიმო, რომ ეს საავტომობილო კატასტროფა მოწყობილი იყო და არა უბედური შემთხვევა, როგორც ეს რუსმა მოსყიდულმა ძალოვნებმა „გააპრავეს“.
 – რა სისულელეა?! ვის სჭირდებოდა ეს? არა, არ მჯერა!
– არ გჯერათ, მაგრამ მართლა ასეა, – თქვა რეზომ.
– ვისი მოწყობილია? – ჩაეცინა ექიმს.
– ტყუილად გეცინებათ, ექიმო. ყოველივე ეს ზურაბ პეტრიაშვილის ნახელავია, – თქვა რეზომ.
– რაო? რას როშავ, შე კრეტინო?! – იღრიალა თემურმა.
– მშვიდად, ექიმო. გასაგებია თქვენი რეაქცია, მაგრამ ფაქტებს ვერსად გაექცევით. დამშვიდდით და დარწმუნდებით, რომ არ ვცრუობ.
ექიმმა ვისკი დაისხა და მოსვა შემდეგ სავარძელში ჩაჯდა და რეზოს უთხრა:
– შეგიძლიათ, რომ თქვენი სიტყვების სისწორეში დამარწმუნოთ?
– ასე არ ჯობია, ბატონო თემურ? თავიდანვე ხომ გითხარით, ვისკი მიირთვით-მეთქი.
– საქმეზე გადადით. გისმენთ.
– ბატონო თემურ, აკაკი ზედგენიძეს, ალბათ, კარგად იცნობდით.
– ვიცნობდი ცხონებულს. რა მერე?
– ალბათ, ისიც გეცოდინებათ, რომ ზედგენიძე და თქვენი ნათლია ერთ დროს ბიზნესპარტნიორები იყვნენ, მაგრამ მათ შორის შავმა კატამ გაიარა და ერთმანეთს დაშორდნენ?
– შემდეგ ისევ შერიგდნენ და ჩემმა ნათლიამ ის დიდი პატივით დაკრძალა. მის ოჯახს კი მნიშვნელოვანი ქონება მისცა.
– იცით, რის გამო დაშორდნენ ერთმანეთს? – იკითხა რეზომ და ვისკი მოსვა.
– ვიცი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? – თქვა ექიმმა.
– სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. თქვით, რა იცით.
– ცხონებული კაკო ზედგენიძე ბინძურ ბიზნესში ჩაება. ნარკოვაჭრობაში ჩადო ფული. ეს რომ ნათლიაჩემმა გაიგო, მასთან პარტნიორობაზე უარი თქვა და მოიშორა. აი, სულ ესაა.
რეზოს გაეცინა და ექიმს უთხრა:
– ალბათ, ეს ზღაპარი ნათლიათქვენმა მოგიყვათ, ხომ?
– ზღაპარი? – გაიმეორა თემურმა.
– ნათლიათქვენმა მოგიყვათ? – გაიმეორა რეზომ.
– დიახ.
– იცით, როდის წაიჩხუბნენ ზედგენიძე და ნათლიათქვენი.
– ჩემები რომ დაიღუპნენ, იმის მერე.
– მანამდე, ექიმო, მანამდე და ძაღლის თავიც სწორედ იქაა დამარხული, – თქვა რეზომ.
– ვერაფერს ვხვდები, – მხრები აიჩეჩა თემურმა.
– ახლავე გაგიშიფრავთ ყველაფერს, – თქვა რეზომ. ვისკის ჭიქა ბოლომდე გამოცალა და დაამატა, – ნარკობიზნესში ჩართვა ზედგენიძეს, სწორედ რომ, ნათლიათქვენმა შესთავაზა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო. ნათლიათქვენმა მაინც ჩადო ფული ამ ბინძურ საქმეში და ფარულად მოქმედებდა. თუმცა, ზედგენიძემ ეს გაიგო. მეტიც ამის დამადასტურებელი საბუთები მოიპოვა. ნათლიათქვენს ასლები უჩვენა და დაემუქრა, რომ თუკი ამ საქმიანობას თავს არ დაანებებდა, მაშინ ყველაფერს გაასაჯაროებდა. თან, უთხრა, რომ ამ საბუთების დედნები საიმედოდ ჰქონდა შენახული. ნათლიათქვენი მიხვდა, რომ საბუთები თქვენს მშობლებთან იქნებოდა და სწორედ მაშინ მოუწყო მათ საავტომობილო კატასტროფა, როდესაც მათ ისინი თბილისში მოჰქონდათ შესანახად. საბუთები, რა თქმა უნდა, ნათლიათქვენს მიუტანეს. ნათლიათქვენს გული მოეცა და ზედგენიძეს დაემუქრა: ფეხებსაც ვერ მომჭამ, შენ და შენს ცოლ-შვილს უფრო საშინლად გაგანადგურებთო და ამით გააჩერა. ზედგენიძე კი იმიტომ აღარ მოკლა, რომ ზედმეტი ეჭვები არ აღძრულიყო. მას ბიზნესიდან წამოსვლა აიძულა და სრულიად ხმები გაავრცელა, თითქოს ნარკოტიკების საქმეში თვითონ კი არა, ზედგენიძე იყო ჩართული. ამ ორიოდე თვის წინ კი საცოდავი აკაკი ზედგენიძე მაინც მოაკვლევინა. ის ცხონებული სინდისმა შეაწუხა და ყველაფრის გასაჯაროებას აპირებდა.
– კაკო ზედგენიძე ხომ ბოტულიზმით დაიღუპა? – თქვა ექიმმა.
რეზოს ჩაეცინა და მიუგო:
– დიახ, ბოტულიზმით, მაგრამ სინამდვილეში ის ნათლიათქვენის ბრძანებით მოწამლეს და გაკვეთამ ბოტულიზმი აჩვენა. როგორც ცნობილია, არსებობს პრეპარატები, რომლებიც ასეთ შედეგს იძლევა და მკვლელმაც სწორედ ის გამოიყენა.
– და თქვენ შეგიძლიათ, ეს დაამტკიცოთ?
იახტის მასპინძელმა მხრები აიჩეჩა და თემურს მიუგო:
– ზედგენიძე რომ მოწამლეს, იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ დამტკიცება შემიძლია.
– დამიმტკიცეთ! – თქვა ექიმმა.
რეზომ ნოუთბუქს „ფლეშკა“ შეუერთა და ჩანაწერი ჩართო. ეკრანზე აკაკი ზედგენიძე გამოჩნდა, რომელმაც ყველაფერი ზუსტად ისე მოყვა, როგორც რეზომ ილაპარაკა და ბოლოს თქვა, თუკი ამ ჩანაწერის შესახებ შეიტყობს, ზურაბ პეტრიაშვილი ყველაფერზე წავა, რომ მომკლას, მაგრამ მე გაჩუმება არ შემიძლია და გაასაჯაროვეთო.
ჩანაწერი რომ ნახა, თემურმა ვისკის ჭიქა ბოლომდე შეავსო და ნახევარი დალია. შემდეგ სავარძლიდან წამოდგა და უხმოდ გაიარ-გამოიარა. ბოლოს გაჩერდა და რეზოს უთხრა:
– საიდან გაქვთ ეს ჩანაწერი და ვინ ბრძანდებით, ვის წარმოადგენთ?
– ჩანაწერი თავად აკაკი ზედგენიძემ მოიტანა და სანაცვლოდ თავისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა. ანუ – თავისი ოჯახის დაცვა ნათლიათქვენის შურისძიებისგან, მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილია.
– რატომ? ამის გარანტია თავად ეს ჩანაწერია და მისი გასაჯაროება ხომ ნათლიაჩემის არა მხოლოდ პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს, არამედ მას დააპატიმრებენ, გაასამართლებენ და სიცოცხლის ბოლომდე ციხეში ჩასვამენ.
– ლოგიკურად მასეა, მაგრამ მხოლოდ არა ჩვენთან. ნათლიათქვენს ყველა და ყველაფერი ემორჩილება. თანაც, ყველაზე მნიშვნელოოვანი ისაა, რომ მას ჩვენი მტერი სახელმწიფო მფარველობს და შესაძლოა ყველაფერი ასე  არ გამოვიდეს.
– გასაგებია, მაგრამ ხომ არსებობენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიც, მათ მიმართეთ დახმარებისთვის.
რეზოს გაეცინა და თქვა:
– ეს არც თუ ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენი მეგობარი ქვეყნები ერიდებიან ჩვენს მტერთან უკიდურეს კონფრონტაციას და შეიძლება, ამ ნაბიჯმა შედეგი ვერ გამოიღოს. მეტიც, გამორიცხული არაა, უკუეფექტიც გამოიწვიოს.
– აბა, რას აპირებთ მაშინ?
– ერთი მოსაზრება გვაქვს და სწორედ ამიტომ დაგიკავშირდით, რომ გაგაცნოთ.
– გისმენთ, – თქვა თემურ სალიამ და რეზოს მიაპყრო მზერა.
იახტა „ზეროს“ მასპინძელმა პაუზა გააკეთა და ვისკი ბოლომდე დალია. შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ექიმს უთხრა:
– ჩვენი ღრმა რწმენით, ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ ნათლიათქვენმა ეს ქვეყანა დატოვოს.
– და, როგორ აიძულებთ მას ამის გაკეთებას?
– თქვენ ვერ გამიგეთ. მე არ ვგულისხმობ ქვეყნიდან გამგზავრებას.
– აბა, რას?
– მის სიკვდილს.
– მის მოკვლას გეგმავთ?
– დიახ. ეს ყველასთვის ხელსაყრელია და ამაში თქვენ უნდა დაგვეხმაროთ.
– თქვენ რა, შეიშალეთ?! – თვალები გაუფართოვდა თემურ სალიას და რეზოს მიაპყრო მზერა.
– არა, ექიმო, მერწმუნეთ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია ყველასთვის.
– ვინ ყველასთვის.
– თუნდაც თქვენთვის. თქვენი ოჯახისთვის, თქვენი ცოლ-შვილისთვის.
– რას გულისხმობთ?
– იმას, ბატონო თემურ, რომ ეს ჩანაწერი თუ გამოქვეყნდება და ნათლიათქვენი შეიტყობს, სიმართლე იცით, თქვენც და თქვენს ოჯახსაც მოიშორებს. ეს შეიძლება, მალევე არ მოხდეს, მაგრამ გადაგეკიდებათ და მაინც გაგანადგურებთ. ჩვენ გვესმის, რომ ზედგენიძეებსა და თქვენს ოჯახს ამით დარტყმის ქვეშ დაგაყენებთ, მაგრამ ეს ამად ღირს. სამაგიეროდ, ნათლიათქვენს ქვეყანასაც ჩამოვაშორებთ, ამით ხალხიც იხეირებს, რა თქმა უნდა, თქვენც გადარჩებით. ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თქვენ უარს არ იტყვით იმ მონსტრის ლიკვიდაციაზე.
– ყველაფერი რომ ჩემს ნათლიას მოვუყვე?
რეზო შეცბა. შემდეგ ცინიკურად ჩაიცინა და თქვა:
– ამით მხოლოდ ზედგენიძეებსა და საკუთარ ოჯახს დაღუპავთ. ჩანაწერი კი გამოქვეყნდება და ნათლიათქვენი არჩევნებს უეჭველად წააგებს. ის ქვეყნიდან გაიქცევა, მაგრამ თქვენ და ზედგენიძეებს, ადრე თუ გვიან, ბოლოს მაინც მოგიღებთ. მისი ლიკვიდაციით კი ქვეყანასაც იხსნით და უდანაშაულო ოჯახებსაც. ამიტომ არჩევანი თქვენზეა.
– პასუხისთვის დრო მჭირდება – ყველაფერი კარგად უნდა მოვიფიქრო.
– მოიფიქრეთ, მაგრამ თუკი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ეს საქმე არ გაკეთდება, მაშინ ამ ჩანაწერს გამოვაქვეყნებთ.
– არჩევნებამდე ორი თვე დარჩა და ესე იგი, შემიძლია, ერთი თვე ვიფიქრო.
– მაქსიმუმ – ორი კვირა. ამ საქმის მომზადებას დრო სჭირდება და პასუხი უნდა ვიცოდეთ.
– კარგი. იყოს ორი კვირა, როგორ დაგიკავშირდეთ?
– ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3