კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ცოლებისგან მიტოვებულის აღსარება

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #43(982)

  ვერაფრით ვერ მივადექი მთავარ თემას, რადგან ახლა კიდევ ერთი იდეა მომივიდა თავში – წეღან ჩემი ჯეჯე ვახსენე და ამაზე გამახსენდა ერთი აზრი, რომელიც უკვე ძალიან ბევრი წელია, გონებაში მიტრიალებს, ოღონდ, არ ვიცი, ვის უნდა მივწერო – ენათმეცნიერების ინსტიტუტს, ლიტერატურის ინსტიტუტს, ორივეს ერთად თუ კიდევ ვინმე სხვას. ერთი სიტყვით, მინდა, აიკრძალოს სიტყვა „ძაღლის“ გამოყენება სალანძღავ, საგინებელ და დამამცირებელ კონტექსტებში (მაგალითად: „ძაღლუმადურად ვცხოვრობ“, „ნამდვილი ძაღლია“, „შე ძაღლო-მამაძაღლო“, „მშობელძაღლო“ და ასე შემდეგ). პირიქით, ძაღლთან დაკავშირებული ყველა შედარება საქებარი უნდა იყოს. თუ ვინმე არ მეთანხმება, დამიმტკიცოს, რომ არა ვარ მართალი და ბოდიშს მოვიხდი. რომელი ადამიანია ძაღლზე ერთგული, მზრუნველი და მოსიყვარულე?! ჩვენგან განსხვავებით, მას პატირონი უანგაროდ უყვარს და თვალის დაუხამხამებლად გაწირავს მისთვის სიცოცხლეს. ჩვენ ვართ ასეთები? – არა და არა! ჰოდა, არ დადგა დრო, ამ ერთგულების პასუხად ნუ ვიქნებით ასეთი უმადურები და ამით მაინც გამოვხატოთ ძაღლების მიმართ მადლიერება!
***
 ამდენი ვილაპარაკე და სულ დამავიწყდა, საკუთარი თავი წარმოგიდგინოთ. ასაკი უკვე გითხარით – მალე 50 წლის ვხდები. ვიღაცისთვის უკვე ბებერი ვარ, ვიღაცისთვის – ჯერ კიდევ ჯეელი, ვიღაცისთვის ახლა შევაბიჯე „ოქროს ასაკში“, მე კი, ალბათ, უფრო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უკვე შუა ხანს გადაცილებულ მამაკაცად მიმაჩნია თავი, რომელსაც ხან აბსოლუტური სიმშვიდე ენატრება, ხან კი – ახალგაზრდული ადრენალინის შეგრძნება.
  ჩემს თავადურ გვარს (დასავლეთ საქართველოდან) ჯერჯერობით არ გავამჟღავნებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავამხელ, თუკი ამის აუცილებლობას დავინახავ.
  სახელი საკმაოდ იშვიათი და ცოტა ძველმოდური მაქვს – ვამეხი მქვია. ზოგს უკვირს და ეუცხოება, მე კი ძალიან მადლობელი ვარ მამაჩემის, ეს სახელი რომ დამარქვა. მართალია, სიტყვა „მეხი“ კი ტეხავს, მაგრამ ჩემი სახელი მაინც მომწონს და მიყვარს. როგორც ვიცი, ძველად მეფეებს რქმევიათ საქართველოში. თბილისში, მგონი, სულ რამდენიმე ვამეხი ცხოვრობს; თბილისში კი არა, ალბათ, მთელ საქართველოში და ეს ფაქტიც ძალიან მომწონს. მშობლები კარგა ხანია, აღარ მყავს. ვარ დედისერთა, რაც ახალგაზრდობაში მისწორდებოდა, ახლა კი – აღარ. ძალიან ცუდია, როცა ადამიანს დედმამიშვილი არ ჰყავს და ამაზე ყველა მშობელმა აუცილებლად დროულად უნდა იფიქროს. მართალია, დედისერთას მეტი ქონება ხვდება მშობლისგან, მაგრამ, მერწმუნეთ, მეტ ქონებას მეტი და-ძმა ჯობია, რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ანუ, როცა და ან ძმა ქონებას ან სხვა რამეს (ან ვინმეს) განაცვალებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, სამწუხაროდ კი არა, საუბედუროდ, ასეთი იშვიათი გამონაკლისები საგრძნობლად გახშირდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალებმა თითოზე მეტი შვილი არ უნდა გააჩინონ... აი, ისევ კარგა მოზრდილი და არცთუ ლირიკული გადახვევა გამომივიდა, მაგრამ რა ვქნა, სული წამძლევს ხოლმე და თავს ვერ ვიკავებ, ვეღარ ვჩერდები.
  ჩემს სახელზე უკვე ვილაპარაკე. ახლა უფრო მოკლედ მოგახსენებთ დანარჩენ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ: ვარ 189 სანტიმეტრი, საშუალოდ შავგვრემანი, ჭაღარაშერეული, წაბლისფერი, ტალღოვანი თმითა და ნაცრისფერი თვალებით. დაინვალიდებამდე ვვარჯიშობდი და საკმაოდ დაკუნთული სხეული მქონდა, ფართო მხარბეჭი და კარგა მაგრად გაღუნული ფეხები. ისეთი აღწერა გამომივიდა, მე თვითონვე მომეწონა საკუთარი თავი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვარ ლამაზი მამაკაცი. რადგან არაფერი არ უნდა მოვიტყუო, ვიტყვი, რომ ბავშვობიდან „ლაპაუხი“ ვიყავი, ანუ ყურები განზე მქონდა გაშვერილი და ეს ბოლომდე შემომრჩა (სხვათა შორის, არასდროს მიცდია გრძელი თმით ამ ნაკლის დაფარვა), ამის გამო ხან ყურშას მეძახდნენ, ხან ლოკატორას. ცხვირი ცოტა მიჭყლეტილი მაქვს – სკოლას რომ ვამთავრებდი, იმ გოგოს გამო ვიჩხუბე, რომელიც სულ დამცინოდა. ქვით გამიტეხეს, მაგრამ ცუდად შემიხორცდა და დავრჩი ასე ბელმონდოსავით ცხვირგაჭყლეტილი, თუმცა, ამის წყალობით, ორიოდე წელიწადში, ნამდვილი მაჩო გავხდი –  გოგოები, რომლებიც სკოლაში სალმის ღირსადაც არ მაგდებდნენ, უკვე სტუდენტობის პერიოდში გუნდ-გუნდად დამდევდნენ და ჩემს გაცნობასა და ჩემთან დაახლოებას ცდილობდნენ ნებისმიერი მეთოდითა და საშუალებით.
  წიგნების კითხვა ყოველთვის მიყვარდა, ცოტას გიტარაზე ვუკრავდი, ცოტას ვმღეროდი, კარგად ვცურავდი, ჩხუბში უკან არასდროს ვიხევდი და ამ შტერ გოგოებს ხომ მეტი არ უნდოდათ – თუ ვინმეს მივესალმებოდი, ერთმანეთს ეტრაბახებოდნენ – ვამეხი მომესალმა, ვამეხმა გამიღიმა, ვამეხი დამელაპარაკაო და დანარჩენებსაც შურითა და ბოღმით გულები უსკდებოდათ.
  საერთოდ, თინეიჯერობის ასაკში (და ხშირად მერეც) გოგოებს ცოტა უშნო, „ძერსკი“, „კრუტოი“ ბიჭები მოსწონთ. გარეგნობა საამისოდ ხელს მიწყობდა დანარჩენის მორგება კი არ გამჭირვებია – ვცდილობდი, ისეთი ბიჭი გავმხდარიყავი, როგორიც გოგოებს (მოგვიანებით კი ქალებს) უნდოდათ, რომ ვყოფილიყავი  და თანდათან ისე შევისისხლხორცე ეს როლი, რომ მართლა ასეთი გავხდი, ოღონდ, ღმერთი, რჯული, ბოროტება არასდროს ჩამიდენია, უსამართლოდ არავინ დამიჩაგრავს, „წამალზე“ არასდროს „შევმჯდარვარ“ და არც არაფერი მომიპარავს. უბრალოდ, ვიყავი ერთი პოპულარული თბილისელი ბიჭი, რომელსაც უყვარდა წიგნები, გიტარა, გოგოები და ძმაკაცებთან ერთად მთაში „პახოდებში“ სიარული. დალევაზეც კი არ ვგიჟდებოდი. დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი დადებითად მეტყველებს ახალგაზრდა კაცზე, ანუ იმის თქმა მინდა, რომ არც ისე ცუდი ადამიანი ვიყავი, თუმცა, საბოლოოდ, არც ისე დადებითად წარიმართა ჩემი ცხოვრება – როგორც ჩანს, ამდენმა დადებითმა თვისებამ უკურეაქცია გამოიწვია და უარყოფითად იმოქმედა ჩემს ბედზე (ვხუმრობ), ან, სულაც ამ ყველაფრის პარალელურად, ხასიათი მქონდა აუტანელი, რაც ყველა დადებით თვისებას ფარავდა; მაგალითად, რომ ვთქვი, შტერ გოგოებს მეტიც არ უნდოდათ-მეთქი, ეს საკუთარ თავზე უფრო შეიძლებოდა მეთქვა, რადგან, ისე ამივარდა თავში მშვენიერ თუ არამშვენიერ ბანოვანთა ყურადღება, რომ ინდაურივით გაფხორილი დავდიოდი, თავი მართლა ბელმონდო მეგონა (მიჭყლეტილი ცხვირის, კუნთებისა და ნაცრისფერი თვალების გამო). ჩემს მომხიბლავ, გამაგიჟებელ გარეგნობას (ქალებისთვის, რა თქმა უნდა), გიტარა, ცურვა და მუშტი-კრივში თავის გამოჩენაც ემატებოდა და... ან ბელმონდო ვინ იყო ჩემთან შედარებით, ან გრეგორი პეკი და ან ალენ დელონი! ერთი სიტყვით, ჭკუაზე აღარ ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით, სტუდენტობის პირველი წლებიდან დაიწყო და დროთა განმავლობაში ვითარდებოდა, მანამდე კი, სკოლის ასაკში, იყო ერთი უშნო, გოგოებისგან უარყოფილი ბიჭის განცდები. სწორედ ამ პერიოდში შემიყვარდა პირველად – სწორედ ის გოგო, ვინც სულ დამცინოდა და ვის გამოც ვიჩხუბე და ცხვირი გამიტეხეს. ნინოლა ერქვა, პარალელურ კლასში სწავლობდა. სკოლაში ძალიან პოპულარული გოგო იყო და ამიტომ ყველას დამცირების უფლება ჰქონდა, გოგოებისაც და ბიჭებისაც და ამ ყველაში შევდიოდი მეც.
– რა მაგარია, არა, პარტყუნა ყურები? რომ დაგცხება, დაინიავებ და ვენტილატორი აღარ დაგჭირდება! – ჩემ გასაგონად გადაულაპარაკებდა ხოლმე ნინოლა გოგოებს, გვერდით რომ ჩავუვლიდი.
– ნეტავი ბურთს როგორ უმიზნებს ფეხს? – ამბობდა ხმამაღლა და სიბრალულით მაკვირდებოდა გაღუნულ ფეხებზე, გოგონები კი მის საამებლად კისკისებდნენ და კისკისებდნენ. მაგრამ, ისე მოხდა, რომ როგორც უკვე გითხარით, სწორედ ნინოლას გამო ვიჩხუბე: ბიჭებთან ერთად ვიდექი სკოლის ეზოში, ნინოლამ და მისმა „სასტავმა“ პრანჭვა-გრეხითა და ხმამაღალი სიცილით რომ ჩაგვიარა. გოგოები ერთი ყველაზე მაღალი ბიჭისკენ – ბექასკენ იყურებოდნენ და თავიანთ „ბელადს“, ნინოლას, თვალით რაღაცას ანიშნებდნენ. ნინოლამაც გამოხედა ბექას, თვალები აუჟუჟუნა, ტანის რხევით მიუახლოვდა, საჩვენებელი თითი საკინძეზე მიადო და კეკლუცად უთხრა:
– შენნაირი ბიჭები არ მომწონს. ის რა ბიჭია, ვინც ყურებით ქარიშხალს არ ამოაგდებს და ფეხებით ბალახს არ მოთიბავს?! – და ამაყად ჩაგვიარა. თავისი ამქარიც, რა თქმა უნდა, თან გაჰყვა. ბიჭებმა მე შემომხედეს. აშკარად ყველას შევეცოდე, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. მე კი ვიდექი გაქვავებული, ვგრძნობდი, როგორ გადამიარა სახეზე ცისარტყელას შვიდივე ფერმა, მაგრამ არც მე ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. პირველი ბექა გამოერკვა და, ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ სიჩუმე დაერღვია ან ჩემ მიმართ თანადგომა გამოეხატა, რაღაცნაირად ჩაისისინა:
– ვერ ვიტან ამ წუნკალა გოგოს!
მე ავიჯაგრე. ყველაფრის მიუხედავად, ვერავის მივცემდი უფლებას, ჩემი თანდასწრებით მასზე ცუდი ეთქვა. მაგრამ, სანამ რამეს ვიტყოდი, მეორე ბიჭმა ჩაიქირქილა:
– რატომ, ტო, ნახე, მალე რა მაგარი ნაშა დადგება!
ამ სიტყვებმა მთლად გამამწარა, მაგრამ თურმე უარესი წინ მელოდა.
– რაღა მალე, ბიჭო, ყოველ მეორე ბაცანას ხელებს ასმევინებს, – დარწმუნებით თქვა ბექამ.
– მართლა, ტო?! შენ ვინ გითხრა?
– ჩემი თვალით დავინახე სკოლის უკანა გასასვლელთან... – მაგრამ ბექამ მეტის თქმა ვეღარ მოასწრო, რადგან მთელი ძალით მოქნეული მუშტი ისე მოვარტყი ყბაში, რომ ძვლების ღრჭიალი ყველამ გაიგონა. სანამ მოულოდნელობით გაოგნებული ბიჭები გონს მოვიდოდნენ, იმ მეორე ბიჭსაც იგივე დავმართე. მაშინ კი გამოფხიზლდნენ, ყველა ერთად მეცა და იმდენი მირტყეს, მეგონა, ერთი ძვალიც აღარ შემრჩა მთელი. მერე, როცა საავადმყოფოში მიმიყვანეს, აღმოჩნდა, რომ ცხვირი მთლიანად ჩამსხვრეული მქონდა, წვივის წვალი გატეხილი და ლავიწი გაბზარული.
ჩემი ცემით გული რომ იჯერეს, წამოდგნენ, ტანსაცმელი ჩამოიბერტყეს და დამცინავად მომაძახეს:
– ახია შენზე, რასაც ის გოგო გიბედავს! ჩვენ შენი გამხნევება გვინდოდა, შენ კი აქეთ დაგვერიე. წადი შენი!.. – და ნაცემ-ნაგვემი მარტო დამტოვეს სკოლის ეზოში. ახლაც არ ვიცი, რატომ ვერავინ დაგვინახა ჩხუბის პროცესში და, არც ის მახსოვს, ვინ მიმათრია სისხლში ამოსვრილი სახლამდე. მართალია, მთელი ორი თვე ვიშუშებდი ცხვირ-პირსა და ხელ-ფეხს, მაგრამ თავი გმირად წარმომედგინა, რადგან გოგოს გამოქომაგების გამო დამასახიჩრეს და ტკივილებს გმირულად ვიტანდი.
ყველაზე დიდი საოცრება კი, უფრო სწორად, რამდენიმე საოცრება, მერე მოხდა: ჯერ ერთი, ეს ამბავი მაშინვე გაბაზრდა ჯერ სკოლაში, მერე კი მთელ უბანში და ყველას მოუნდა ჩემი ნახვა და გაცნობა. ლამის მთელი სკოლა მოდიოდა ჩემს სანახავად. გოგოები აღფრთოვანებული თვალებით შემომცქეროდნენ, ყველაზე სახელიანი ბიჭები ხელს მართმევდნენ და დინჯად მეუბნებოდნენ:
– საღოლ, ძმაო, კაცი ხარ. ძმები ვართ! მაგრამ იმ იაზვას გამო არ ღირდა.
ერთ დღეს კი თვითონ ნინოლაც მოვიდა თავისი ამქრით და მადლობა გადამიხადა.
– რისთვის მიხდი მადლობას? – ვკითხე ცივად.
– შენ ხომ ჩემ გამო იჩხუბე ამდენ ბიჭთან? – მკითხა უცნაური კმაყოფილებით.
– შენ რა შუაში ხარ, შენ გამო რატომ უნდა მეჩხუბა? – ნაძალადევად გავიკვირვე მე, – ვინ გითხრა ასეთი სისულელე?
– მითხრეს. თუ გინდა, ვიმეგობროთ. ხომ ვიცი, რომ გიყვარვარ. საღამოობით შევხვდეთ ხოლმე სადმე.
– შენ ხომ გყავს შეყვარებული, ლამაზი ყურებით და სწორი ფეხებით? – ვკითხე ირონიულად.
– ის უკვე მომბეზრდა, ახლა შენ მომწონხარ, – ისეთი ტონით მითხრა, როგორც ბატონი გამოუცხადებს ყმას თავის უპირობო სურვილს.
– მაგრამ, მე რომ არ მომწონხარ? – შევცინე სახეში.
– ბატონო?! – მართლა ვერ მიხვდა, რა ხდებოდა.
– არ მევასება შენნაირი გოგოები. რა გაგიკვირდა?
– რატომ? – ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს მოულოდნელობისგან.
– იმიტომ. პროსტო არ მევასები, არ მაქვს უფლება? ახლა კი, დავაი, დაგაზეთ აქედან ყველამ. თქვენი სიფათები ჩემს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, რაც ექიმმა სასტიკად ამიკრძალა!
ეს იყო ჩემი პირველი უხეშობა და უზრდელობა გოგოსთან, რაც მერე და მერე წარმატებით განვითარდა.
მეორე დღეს მარტო მოვიდა, მაგრამ საერთოდ არ შემოვუშვი ოთახში. მოგვიანებით ხან ვისი ხელით მიგზავნიდა წერილებს, ხან – ვისი (მაშინ მობილურები ხომ არ იყო!), მე კი გაუხსნელად ვატანდი უკან. ბოლოს თავი დამანება, მოგვიანებით კი საერთოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ფეხზე რომ დავდექი, მშობლებს სხვა სკოლაში გადავაყვანინე თავი. იმ ბიჭებს, რომლებთანაც ვიჩხუბე, შევურიგდი, მათ შორის ბექასაც – ის თვითონ მოვიდა ბოდიშის მოსახდელად და მერე კარგი ურთიერთობა გვქონდა. სკოლის დამთავრების მერე კი, რატომღაც, ერთმანეთს დავშორდით.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3