კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ასეთი არაფერი გინახავს

ჰენრი სლეზარი
  არამზადა კუმსმა შეხვედრისთვის საშინელი საღამო აირჩია. ჩეტ ბრანდერს სიცივისგან აკანკალებდა. კისერზე შარფი მჭიდროდ შემოიხვია, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, მაგრამ ამანაც ვერ უშველა. უნდოდა, სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ ფული, რომელიც ფრენკ კუმსმა მისგან ისესხა ძალიან სჭირდებოდა.
ახალ მრავალსართულიან სახლში, სადაც ფრენკ კუმსი ცხოვრობდა, ბინების ღირებულებაც და ქირის გადასახადიც ძალიან მაღალი იყო. თუმცა ამას კუმსისთვის ხელი არ შეუშლია მთელი პენტჰაუზი დაექირავებინა.  
  ბრანდერი ლიფტით სულ მაღლა ავიდა. ბოლო რვა სართულზე ჯერ არავინ ცხოვრობდა.
– ჩესტერ! – შეჰყვირა კუმსმა – ყოჩაღ, რომ ამინდმა ვერ შეგაშინა. შემოდი, მეგობარო!
ბრანდერი მასპინძელს დიდ სასტუმრო ოთახში შეჰყვა. ოთახში ძვირფასი, წითელი ხის ავეჯი იდგა, კედლები მუხის პანელებით იყო მოპირკეთებული, მასპინძელიც, რუხი ხავერდის ქურთუკითა და ძვირფასი მუნდშტუკით, ბინის შესაფერისად გამოიყურებოდა.
– აბა, რას იტყვი, ჩეტ? როგორც კი ამ შესანიშნავი სახლის შესახებ გავიგე, ეგრევე აქ გავჩნდი... – მარტო ზედა სართულებია ცარიელი... – კუმსმა სტუმარს პალტო, ქუდი და შარფი გამოართვა. – არ გინდა, პიჯაკიც გაიხადო? ჩემთან თბილა.
– სამეფო აპარტამენტებია, ფრენკ. დარწმუნებული ხარ, რომ შეგიძლია, თავს ასეთი ფუფუნების უფლება მისცე?
– მოდი, მეგობარო, ჯერ დავლიოთ, – მოულოდნელად კუმსს ხველა აუტყდა.
– არა, ფრენკ, მას შემდეგ დავლიოთ, რაც საქმეს მოვრჩებით. მე ფულისთვის მოვედი.
კუმსმა ვისკი დაასხა.
– მე სიტყვას შევასრულებ, ჩეტ. დღეს ფულს მიიღებ, ბოლო ცენტამდე, მანამდე მინდა, ჩემი მყუდრო სორო გაჩვენო...
– უკვე ვნახე.
– ჰო, მაგრამ შენ მთავარი არ გინახავს, – კუმსმა უცნაური ღიმილით თავი გაიქნია, – იქ ტერასაა. მთლიანად მე მეკუთვნის. აქედან შესანიშნავი ხედი იშლება... – კართან მივიდა და გამოაღო. სასტუმრო ოთახში ცივი ჰაერი შემოიჭრა.
– ეი!.. – აღშფოთდა ბრანდერი.
– ნუ გეშინია, არ გაიყინები. შეხედე როგორი პანორამაა! დაგენაძლავები, ასეთი არაფერი გინახავს...
ბრანდერი უხალისოდ ადგა. ხედი მართლაც ბრწყინვალე იყო.
– აბა, როგორია? სულს აფორიაქებს, არა?
– ცხაურები რა საჭიროა? დაინტერესდა სტუმარი.
– ცხაურები? – ახარხარდა მასპინძელი, – პენტჰაუზი ქურდების ბუდეა, არ მინდა, გავრისკო... დატკბი სანახაობით, მე მანამდე კოქტეილს ავურევ, – კუმსი სასტუმრო ოთახში მიიმალა.
ბრანდერი რამდენიმე წუთი ტკბებოდა ხედით, ვიდრე არ გაითოშა. ასეთი ყინვები ნიუ-იორკში შვიდი წელი არ ყოფილა. როდესაც შემობრუნდა, დაინახა, რომ მასპინძელი კარს ურდულით კეტავდა.
– ეი, გააღე ფრენკ! – შეეშინდა ბრანდერს, – გეყოფა მაიმუნობა!
  სქელი მინის იქით მან  ფრენკ კუმსის გაღიმებული სახე  დაინახა.  ის მშვიდად შებრუნდა  და სასტუმრო ოთახის სიღრმისკენ გაემართა.
– ეი!... – ხმამაღლა იყვირა შეშფოთებულმა ბრანდერმა და კარის სახელურს მთელი ძალით მოქაჩა, – შემომიშვი, ფრენკ! აქ საშინლად ცივა! – იგი კუმსს ვერ ხედავდა. მუშტი პატარა მინას დასცხო და მასში ბადე შეამჩნია, რომელიც მინას მტკიცეს ხდიდა. კარს ფეხი რამდენჯერმე რომ მისცხო, გაახსენდა, რომ ისიც რკინის იყო და ხელი ჩაიქნია, – ფრენკ, ღვთის გულისათვის, სისულელეებს მოეშვი! იხუმრე და გეყოფა. შემომიშვი!
როდესაც ბინაში შუქი ჩაქრა, ჩესტერ ბრანდერი მიხვდა, რომ ეს ხუმრობა არ იყო. კუმსი კარის გაღებას არ აპირებდა.
განწირული ყვიროდა ბრანდერი. ქარი სიტყვებს იტაცებდა და სადღაც შორს მიაქანებდა. ყვირილს აზრი არ ჰქონდა, საკუთარი ხმა თავად ძლივს ესმოდა.
კუმსმა შეხვედრისთვის ცივი საღამო შემთხვევით არ შეარჩია. აი, როგორ აპირებდა ის ფულის დაბრუნებას. მაგრამ მის სიკვდილს როგორ ახსნიდა. რას იტყოდა, როდესაც პოლიცია ქალაქის ცენტრში ჩესტერ ბრანდერის გაყინულ სხეულს იპოვიდა?
– მიშველეთ! – იყვირა მან, – მიშველეთ!  
  ჩეტი საკუთარი ძალისხმევის სრულ უაზრობას ხვდებოდა. პენტჰაუზსა და დასახლებულ ბინებს შორის ცარიელი რვა სართული იყო.
ხელებსა და ფეხებში ყინვისგან უკვე მგრძნობელობას კარგავდა. გათბობის მიზნით, სირბილი დაიწყო, მაგრამ უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ, ქვის ცივ იატაკზე დავარდა. ჯიბეების ქექვა დაიწყო.    პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში გასაღები იპოვა. რამდენიმე  წამი გაოცებული დაჰყურებდა. ეს მისი გასაღები არ იყო. ბრანდერი უკვე  გადაგდებას აპირებდა, როდესაც მიხვდა, რომ ეს კუმსის ბინის გასაღები იყო. როგორც ჩანს ფრენკმა ის ჯიბეში შეუმჩნევლად ჩაუდო. რომ მერე  ჩესტერ ბრანდერის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი აეხსნა. პოლიციელები მის ჯიბეში გასაღებს იპოვიდნენ და იფიქრებდნენ, რომ მოსაწევად გავიდა და თავისი სისულელით იქ ჩაკეტილი აღმოჩნდა. უბედური შემთხვევა...
ჩეტმა გასაღები ჯიბეში ჩაიდო, კართან დაბრუნდა და იმდენი ხანი ურტყა, სანამ  ხელიდან სისხლი არ წამოუვიდა. ამან იგი გონზე მოიყვანა და ბრძოლის ჟინი დაუბრუნა. უცებ სახურავი გაახსენდა... პენტჰაუზს სახურავი უნდა ჰქონოდა, სახურავზე კი კარი უნდა ყოფილიყო.
სისხლიანი ხელი ცხვირსახოცით შეიხვია და კედლის გასწვრივ დაიძრა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, მავთულს წააწყდა. ხელები დასტაცა  და მთელი ძალით მოქაჩა. მავთული არ დანებდა.
  ჩეტი ახტა და ფეხებით კედელს მიებჯინა. თვალწინ კუმსის საზიზღარი ღიმილი დაუდგა. სიძულვილმა ბრანდერს ძალა შემატა და ნელ-ნელა კედელზე აცოცება დაიწყო. მავთული ხელის გულებს ჭრიდა, მაგრამ ჩეტი ითმენდა.
ძალა სწარაფად ეცლებოდა, მაგრამ წინსვლას აგრძელებდა.
  რამდენიმე წუთის შემდეგ სახურავის კიდე გამოჩნდა. აიწია და გახევებული სხეული პარაპეტზე გადაიტანა. გადარჩა!
სახურავზე ბევრად ციოდა. ჩეტი ადგა და ირგვლივ მიმოიხედა. ყველგან სატელევიზიო ანტენები იდგა.
 სახურავის კარი დაკეტილი იყო.    რამდენიმე წუთი ბრანდერი სიბრაზისგან ბღაოდა. „შენ გაიმარჯვე, ფრენკ“, – უხმოდ ჩაილაპარაკა მან. ერთ-ერთ ანტენას მიეყრდნო და მხოლოდ ახლა გაახსენდა ამ ანტენის დანიშნულება და იმედი ჩაესახა.
 ჩეტმა კაბელს მოქაჩა, შემდეგ უფრო მაგრად. ყევლა კაბელს სათითაოდ ჩამოუარა. მერე გაჩერდა და ლოდინი დაიწყო. მოულოდნელად სახურავზე ასასვლელი კარი გაიღო. გაისმა უკმაყოფილო ხმები:
– ეი, შეხედეთ, აქ რა ხდება!
– ჩემს ტელევიზორს რაღაც დაემართა, თუმცა ვიფიქრე, რომ ქარის ბრალი იყო.
– მე კი გამოსახულება ყველაზე საინტერესო ადგილზე გამიწყდა.
ჩეტმა იგრძნო, როგორ ეხებოდა თბილი ხელები.
– საცოდავი, რა დღეშია... – თანაუგრძნო ვიღაცამ.
– რამდენიმე საათში ყინულის ნაჭრად იქცეოდა...
– სახლში წავიყვანოთ...
ბრანდერმა თვალები გაახილა
– კარგად ხარ, შვილო? რა ჯანდაბას აკეთებდი სახურავზე ასეთ ღამეში? ჩეტ ბრანდერმა ტუჩები უხმოდ შეარხია.
– მე... ზედა სართულებზე ბინებს ვათვალიერებდი. ქირაობა მინდოდა... შემდეგ გამახსენდა, რომ სახურავზე სოლარიუმიაო და ნახვა მოვინდომე.
– კარგი ღამე აგირჩევია ექსკურსიისთვის! – თავი გადააქნია სიმპათიურმა ჯენტლმენმა.
– მე ხომ ერთი წუთით ავედი. ვიფიქრე, ვნახავ და ეგრევე ჩამოვალ-მეთქი. როგორც კი სახურავზე გავედი, კარი ჩაიკეტა..
– ხო, სახურავზე საშინელი ქარი უბერავს. თავიდან ყველამ იფიქრა, რომ ანტენები ქარმა წააქცია, ზევით ამოვედით და შენ გიპოვეთ, – გაიცინა მოხუცმა, – მთელი სახლი შენ გამო ტელევიზორის გარეშე დარჩა.
მაგრამ ყოჩაღ, გამოსავალი იპოვე... აუცილებლად უნდა მიხვიდე ექიმთან....
– მივალ, მივალ! – დაჰპირდა ჩეტი და დერეფანში გავიდა. ჯიბეში კუმსის ბინის გასაღები მოსინჯა და ლიფტი გამოიძახა.
ბინაში შესულ ბრანდერს შუქი არ აუნთია. მან კარადიდან პალტო, ქუდი და შარფი გამოიღო, შემდეგ ტერასაზე გასასვლელ კართან მივიდა და  ცოტათი შეაღო. კარადის უკან დადგა და ლოდინი დაიწყო.
ორის ნახევარზე ბრანდერმა კარის გაღების ხმა გაიგონა, ფრენკ კუმსს, ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. სიბნელეში რაღაცას ფეხი წამოჰკრა და პალტო პირდაპირ იატაკზე დააგდო. შემდეგ შუქი აანთო, ტერასისკენ გაიხედა და ხმამაღლა გადაიხარხარა, თუმცა თითქმის მაშინვე შეამჩნია, რომ კარი ღია იყო და ჩაიბურტყუნა:
– რა ჯანდაბაა!...
 კართან მივიდა, გამოაღო და ტერასაზე გავიდა.
– ბრანდერ სად ხარ?
ჩეტი სამალავიდან გამოვარდა და კარი ჩაკეტა.
– ბრანდერ! – კუმსი პანიკაში ჩავარდა, – ღმერთო, ბრანდერ, გააღე!
ჩეტმა გაიღიმა:  „უკვე გვიანია. ამაღამ ტელევიზორს აღარავინ უყურებს“.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3