კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ გააერთიანა ბერიამ კომუნისტები და ანტიკომუნისტები კავკასიის დასაცავად

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ კავკასიის დაცვა ლავრენტი ბერიას მიერ იყო ორგანიზებული. კავკასიაში ჩაფლავებულმა სამხედრო კამპანიამ კი ფაშისტებს ხელი ააღებინა ბაქოსა და გროზნოს ნავთობის სტრატეგიულ მარაგებზე, რაც ჰიტლერის გეგმებში არც იყო გათვალისწინებული და მრავალი რამის შეცვლა მოუწია... ისტორიკოს-პუბლიცისტი კონსტანტინ ლივანოვი წერს: „მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა – კავკასიისთვის ბრძოლა 1942 წლის 25 ივლისიდან 1943 წლის 9 ოქტომბრამდე გრძელდებოდა. იმჟამინდელი საბჭოთა კავშირისთვის ნავთობის ძირითადი წყარო ჩრდილოეთ კავკასია და ბაქო იყო. გარდა ამისა, ფაშისტების მიერ უკრაინის დაპყრობის შემდეგ ძალიან გაიზარდა ყუბანის ოლქის როლი უზარმაზარი ქვეყნის ხორბლით მომარაგებაში. კავკასიის დაკარგვას შეეძლო, გადამწყვეტი როლი ეთამაშა საბჭოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ჰიტლერმა კავკასია ძირითად მიმართულებად აირჩია. ფაშისტთა სარდლობამ გაითვალისწინა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ნაწილი, განსაკუთრებით ჩეჩნები, მტრულად იყვნენ განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. ჯერ კიდევ 1940 წელს ჩეჩნეთში ჰასან ისრაილოვის ხელმძღვანელობით დაწყებული გამოსვლები 1941-1942 წლებში მაშინ გააქტიურდა, როცა საბჭოთა არმია უკან იხევდა. ჩამოყალიბდა, აგრეთვე, კაზაკებისა და მთიელების რამდენიმე ქვედანაყოფი, რომლებიც ვერმახტს დაექვემდებარა. დონის როსტოვის დაცემის შემდეგ კავკასიასა და რუსეთის სამხრეთ რაიონებთან კავშირი მხოლოდ კასპიის ზღვიდან მდინარე ვოლგით და შემდეგ სალსკ-სტალინგრადის სარკინიგზო მაგისტრალით იყო შესაძლებელი. ამ კომუნიკაციის გადაჭრით გერმანელები მთელ კავკასიას ხელში ჩაიგდებდნენ და საბჭოთა კავშირს მნიშვნელოვან რესურსს წაართმევდნენ. ამიტომ შეიქმნა სტალინგრადზე შემტევი არმიების ჯგუფი. ამგვარად, 1942 წლის ნოემბრამდე სტალინგრადის მიმართულება დამხმარე გზად ითვლებოდა კავკასიის დაპყრობის გეგმაში. 1942 წლის 18 აგვისტოს სტალინმა თავის კაბინეტში გამოიძახა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ლავრენტი ბერია და მას კავკასიის დაცვა დაავალა. გენერალი სერგო გოგლიძე ყვებოდა: „23 აგვისტოს, ბერიასთან ერთად, მე და სხვა ხელმძღვანელი ამხანაგები მოსკოვიდან შუა აზიის გავლით თბილისში ჩავფრინდით. ასეთი შემოვლითი მანევრის გაკეთება კი იმიტომ მოგვიხდა, რომ ჩრდილო კავკასიაში უკვე ფაშისტები იდგნენ. საქართველოს დედაქალაქში ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკის პირველი პირები – კანდიდ ჩარკვიანი, გრიგორი არუთინოვი და ჯაფარ ბაგიროვი, აგრეთვე, ამიერკავკასიის ფრონტის სარდალი, ივან ტიულენევი დაგვხვდნენ. ისინი ისეთი დათრგუნულები ჩანდნენ, რომ ბერიამ თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე გალანძღა: რატომ ხართ გაუპარსავები? პანიკურად რატომ ხართ განწყობილები? რატომ დადის ქალაქში ხმები, რომ წყალი არ არის და რატომ არ მუშაობს ტრამვაი? რა, ტრამვაიც ფრონტზე წავიდა? ბერიას შეხურებამ დადებითად იმუშავა და თბილისში წყალმომარაგებაც აღდგა და ტრამვაის მუშაობაც განახლდა. სამიოდე საათის შემდეგ კი პოლკოვნიკი პიაშევი შინაგან ჯართან ერთად სოხუმისკენ გაემგზავრა. მათ იმავე დღეს დაიკავეს ქლუხორის უღელტეხილი, ხოლო მეორე დღეს კი გერმანელების გასანადგურებელი ოპერაცია დაიწყეს. ამგვარად, ლავრენტი პავლოვიჩის ჩამოსვლამ კავკასიაში უდიდესი დადებითი შედეგი მოიტანა და ხალხს, რომ იტყვიან, მეორე სუნთქვა გაეხსნა...“
  მოგვიანებით გოგლიძე (ბერიასთან ერთად დახვრიტეს), როდესაც კავკასიურ პერიპეტიებს იხსენებდა (1950 წელს), მას სიტყვაც კი არ დაუძრავს მთავარზე. მთავარი კი ის იყო (რასაც გოგლიძემ „მეორე სუნთქვის“ გახსნა უწოდა), რომ ბერიამ იმ პერიოდისთვის არნახული საქციელი ჩაიდინა. 1942 წლის 29 მარტს ლავრენტი ბერიას დავალებით, რუსთაველის სახელობის თეატრში ქართული ინტელიგენცია შეკრიბეს. დარბაზში სახელმწიფოს მიერ აღიარებულებთან ერთად იყვნენ, ეგრეთ წოდებული, შერისხულებიც და ისეთებიც, ვისაც ანტისაბჭოელობისთვის ციხე ჰქონდათ მისჯილი. ბერიამ ისინი სპეციალურად გაათავისუფლებინა, რომ მისი სიტყვა მოესმინათ. დარბაზში ისეთი სიჩუმე იდგა, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. ბერიამ შეკრებილებს მიმართა: „ჩვენ, კომუნისტები, კავკასიაში ფაშისტი ნაძირლების შემოშვებას არ ვაპირებთ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. თუმცა, ისიც ვიცი, რომ საკმაოდ არიან ისეთებიც და არაერთი მათგანი ახლა დარბაზშიც ზის, ვისაც ფაშისტების შემოშვება ოცნებად აქვთ გადაქცეული. ჩვენ არ ვუშვებთ. თქვენ, თუ გნებავთ, შემოუშვით, მაგრამ, კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ფაშისტებს მაინც კისტრისტეხით გაყრიან ჩვენი მიწა-წყლიდან. შემდგომ კი მათ შემომშვებებსაც მიაყოლებენ. ნაწილს დახვრეტენ, ნაწილს კი სამუდამოდ გადაასახლებენო. ეს ტექსტი იმას ნიშნავდა, რომ ქართველები დავიღუპებით, თუკი კავკასიაში გერმანელებს შემოვუშვებთ და რუსები ჩვენზე შურს იძიებენო... ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ციხიდან დროებით გამოშვებულები უკან აღარ შეუბრუნებიათ და სხვებიც გამოუშვეს. მათ, ეგრეთ წოდებულმა, ანტისაბჭოელებმა კი ფართო მუშაობა გაშალეს თავიანთ უამრავ მომხრეს შორის და მათ სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდებდნენ. შეიქმნა ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლ მოხალისეთა არაერთი ჯგუფი. კავკასიის დასაცავად გაერთიანდნენ როგორც ქართველი კომუნისტები, ასევე, ანტიკომუნისტებიც და მათმა ბრძოლებმა კავკასია ოკუპაციისგან იხსნა. ამ საქმეში ლომის წილი ლავრენტი ბერიამ შეიტანა და როდესაც მას საბჭოთა კავშირის მარშლობა მიენიჭა, წარდგინების ერთ-ერთ საფუძვლად კავკასიის გმირული დაცვა იყო დასახელებული.“

скачать dle 11.3