კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ არის შეუძლებელი აფხაზისა და ქართველის გენეტიკური მასალის გარჩევა და რატომ გამორიცხავს ოსების ალანიურ წარმოშობას ოსებისა და სვანების გენეტიკური მსგავსება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  კავკასია ის ადგილია, სადაც მისი მცხოვრებლები გამუდმებით იმას არკვევენ, თუ ვინ სად ცხოვრობდა ისტორიულად და ვინ ვინ არის, შესაბამისად, მუდმივი პრობლემაა გვარების წარმოშობაც. მაგალითად, ოს სეპარატისტებს სწამთ, რომ პირადად მე წარმოშობით ოსი ვარ და სწორედ ამიტომ ვარ ქართველების მხარეს (ანეკდოტი), თუმცა არა მხოლოდ ჩემს, უამრავ ქართულ გვარზე აქვთ იგივე პრეტენზია და არა მხოლოდ ოს, აფხაზ სეპარატისტებსაც, ჩვენს მეზობელ სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც კი. გასაგებია, რომ ამ ვერსიის მოტივია, დაამტკიცონ, რომ ის მიწა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, არაქართულია. იმას, თუ რას ამბობს კავკასიის ხალხების წარმომავლობასა და გენეტიკაზე გენური კვლევები, ქართული გენეტიკური პროექტის ხელმძღვანელი კახი სახლთუხუცესი გაგვაცნობს.
– ვვარაუდობ, რომ ამერიკელები შემთხვევით არ დაინტერესებულან გენეტიკური კვლევებით, მათ, ფაქტობრივად, მოიცვეს მთელი დედამიწა და ამ კვლევებით შესაძლოა, ცდილობდნენ ამა თუ იმ ხალხის განსახლების არეალის დადგენას. მართალია, ისტორიული ფაქტებით არ წყდება სამართლებრივი საკითხები, მაგრამ მაინც საინტერესოა, ემთხვევა თუ არა ამა თუ იმ ხალხის განსახლების ვერსია მათ გენეტიკურ წარმომავლობას. თქვენ როგორ ფიქრობთ, მხოლოდ მეცნიერული ცნობისმოყვარეობაა?
– ეს კვლევები, უპირველესად, არის სუფთა წყლის მეცნიერული, იმიტომ რომ ნებისმიერ ძალასა და ორგანიზაციას შეუძლია ამის თავისებურად გამოყენება, მაგრამ თავისთავად, კვლევები აქტუალური გახდა იმის გამო, რომ ტექნოლოგიები დაიხვეწა, გავრცელდა და გაიაფდა. რაც ადრე ჯდებოდა 10 000 დოლარი, დღეს ღირს 100 დოლარი. ამან გამოიწვია კვლევების მასობრიობა. ამერიკელებს კი ყოველთვის ძალიან აინტერესებდათ თავიანთი წარმომავლობა და ეს გენეტიკური კვლევები გახდა ხელშემწყობი, რომ შეემოწმებინათ თავიანთი გენეტიკური ხეები და დაეზუსტებინათ ინფორმაცია ან, უბრალოდ, მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი წარმომავლობის შესახებ. რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება, ამერიკის სახელმწიფოსაც ჰქონდეს რამე ინტერესი, მაგრამ ვფიქრობ, ეს მეორადია, იმიტომ რომ დღევანდელ პოლიტიკაში ისტორიული სამართლიანობა ნაკლებად ჭრის.
– მე მესმის, რომ მენტალობას აქვს დიდი მნიშვნელობა, გენეტიკურად შესაძლოა, ადამიანი იყოს ერთი წარმომავლობის, მაგრამ მენტალურად – მეორის. უამრავი აფხაზია, რომელსაც ქართული გვარი აქვს, მაგრამ მენტალურად აფხაზები არიან.
– და პირიქითაც შეიძლება, აღმოჩნდეს, მამისეული ხაზით ნამდვილად არიან აბაზები, მაგრამ ანჩაბაძეები ისტორიულად და ახლაც ქართველები არიან პოლიტიკურად და კულტურულად. თვითშეგნება სხვა რამაა და გენეტიკური წარმომავლობა – სხვა და შესაძლოა, ერთმანეთს არ ემთხვეოდეს.
– რას ამბობს გენეტიკური კვლევები, ვინ ვართ ერთმანეთისთვის ქართველები, აფხაზები და ოსები, რატომ ჰგავს ჩვენი გვარები ერთმანეთს? კავკასიაში გვარების უმეტესობას რომ საერთო ძირები აქვს, ესეც ფაქტია.
– შეგვიძლია, დავიწყოთ ოსებით, იქ რამდენიმე საინტერესო მომენტია გვარებთან დაკავშირებით. გვარები შედარებით გვიან ჩამოყალიბდა და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ რომელიღაც დღევანდელი ქართული გვარი შუა საუკუნეებში ყოფილიყოს ოსური. ასეთი მაგალითებიც არის. ბევრი არა, მაგრამ არის. ოღონდ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თავად ოსების, როგორც ჩრდილოეთ ოსეთის, ისე ცხინვალის რეგიონის, უმრავლესობა არის კავკასიური ეთნოსის შთამომავალი, რომლებიც დიდი ალბათობით საუბრობდნენ რომელიღაც ქართველურ ენაზე. იმიტომ რომ ძალიან ახლოს არიან სვანებთან, ისინი, დაახლოებით, ათასი წლის წინათ გადავიდნენ სხვა ენაზე.
– ამიტომ ხომ არ ცხოვრობენ ვლადიკავკაზში სვანები ძალიან ჰარმონიულად ჩრდილო ოსებთან ერთად?
– არ ვიცი, არის თუ არა ეს გენეტიკური მეხსიერების ბრალი, მაგრამ ფაქტია, რომ ოსები სვანებთან ძალიან ახლოს არიან გენეტიკურად და ოსების გენეტიკურ ხეს რომ შევხედოთ, ისინი არიან ახალგაზრდა შტოებზე, ხოლო დანარჩენები – სვანები, ყაბარდოელები, ძველ შტოებზე. დღევანდელი ოსების 50 პროცენტზე მეტის წინაპარი იყო კავკასიელი ხალხი, რომლებიც, ჩვენი ვარაუდით, ლაპარაკობდნენ რომელიღაც დღეს გამქრალ ქართულ ენაზე.
– ოსები ამბობენ, რომ ალანების შთამომავლები არიან და თავიანთ წარმონაქმნს დაარქვეს კიდეც „ალანია“. რას ამბობს გენეტიკური კვლევები?
– ალანების საბედნიეროდ, რუსმა, ამერიკელმა, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფებმა გამოიკვლიეს მრავალი ალანის ნაშთი და არც ერთი მათგანი არ ემთხვევა დღევანდელი ოსების გენეტიკას. როდესაც ალანები კავკასიაში დამკვიდრდნენ, ამის შემდეგ დაიძრნენ ევროპისკენ, აი, მათში – აქედან წასულებში, არის ოსებისა და სვანების ნიმუშები, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გაალანებული კავკასიელები გაჰყვნენ მიგრაციას ევროპისკენ, ოღონდ ძველი ალანების სამარხებში, მეშვიდე და უფრო ადრინდელი საუკუნეების, აღებულ ნიმუშებთან არაფერი აქვთ საერთო კავკასიელ ხალხებს. ალანები სულ სხვა ხალხია.
– ალანების ამბავი გავარკვიეთ და ქართველებისა და ოსების გენომი (გენომი ეს არის ორგანიზმის უჯრედში შენახული მემკვიდრული მასალის ერთობლიობა) განსხვავდება ერთმანეთისგან?
– მე ახლა ვილაპარაკე მამისეულ ხაზებზე, რაც შეეხება გენომს, რა თქმა უნდა, არის განსხვავება, ჩრდილო კავკასიელებს, მაგალითდ, ვაინახებს, ბევრი შენარევი აქვთ ჩრდილოეთის სტეპების ხალხებიდან და ეს გენომში კარგად ჩანს, თუმცა მათი მამისეული ხაზები ადგილობრივია.
– ჩვენს გენომში ვისი შენარევი ჩანს?
– ჩვენს გენომში ჩრდილოეთის სტეპებიდან შენარევი არ ჩანს, მაგრამ ჩანს სხვა ხალხების შენარევი – სამხრეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან.
– მამისეულ ხაზებში?
– მამისეულ ხაზებში დარჩენილია სკვითების ნაშთი, ძველი ბერძნების, შესაძლოა, ყივჩაღების.
– მონღოლების, არაბების, სპარსელების, ოსმალოების?
– არაბების შენარევი გვხვდება რამდენიმე წარჩინებულ ხაზში, რომლებიც, ვვარაუდობთ, რომ თბილისში არაბების ბატონობის 400-წლიანი პერიოდის შემდეგ გადადიოდნენ ჩვენი მეფეების სამსახურში და ასე მკვიდრდებოდნენ, თორემ ხალხში არ ჩანს, მხოლოდ თავადების ხაზებში.
– აფხაზებთან რა ხდება, მთებიდან ჩამოვიდნენ მართლაც თუ სულ ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ ზღვის ნაპირას?
– აფხაზების მამისეულ ხაზებში საკმაოდ დიდი გავლენაა ყაბარდოული და ჩერქეზული, არის სკვითური გავლენაც, მაგრამ ეს მოხდებოდა 2 000 წლის წინათ, როდესაც მათი ეთნოსი ჩრდილოეთში ყალიბდებოდა. თუ გავიხსენებთ, რომ მათ აქვთ ცხენის კულტი, ესეც მეტყველებს, რომ ჩრდილოეთის გავლენა მათზე ძლიერი იყო. რაც შეეხება გენომს: ეთნიკურად ქართველსა და აფხაზს, ფაქტობრივად, ვერ განასხვავებ ერთმანეთისგან. ადრეც გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ახალი მონაცემებიც ადასტურებს ამ შედეგს. აფხაზი და ქართველი გენეტიკურად არაფრით განსხვავდება, მხოლოდ მამისეულ ხაზებში ჩანს ნათლად, რომ აფსუების ნაწილი შემოსულია ჩრდილო კავკასიიდან, მათ აქვთ კავშირი მამისეული ხაზებით ყაბარდოელებთან, აბაზინებთან და სხვებთან.
– რასაც ამბობდნენ ქართველი მეცნიერები, რომ დღევანდელი აფხაზების ნაწილი არ არის აბორიგენი აფხაზი და ჩამოსულია მთებიდან, დასტურდება გენეტიკური კვლევებითაც?
– ჩემს ხელთ არსებული კვლევის შედეგებით დასტურდება. თუ ოდესმე მოხერხდება ძველი საფლავების გახსნა აფხაზეთის ტერიტორიაზე, შევძლებთ, შევადაროთ, მაგრამ აფხაზეთის დღეს არსებული მოსახლეობა მამისეული ხაზებით არის ჩრდილოეთიდან, ოღონდ ხალხი, ზოგადად, არის ადგილობრივი.
– ეს რას ნიშნავს?
– ის ხალხი, რომლებიც ჩამოდიოდნენ ჩრდილოეთიდან, იყო მცირერიცხოვანი, უბრალოდ, შემდეგ გამრავლდნენ, ამიტომ ეს მამისეული ხაზი აშკარად ჩანს, მაგრამ ადგილობრივებიც შეერივნენ და ამიტომ გენომით ქართველსა და აფხაზს ვერ განასხვავებ, მხოლოდ – მამისეული ხაზით, რომლებიც მათ დასავლეთის ჩრდილო კავკასიელების მსგავსი აქვთ.
– გვარის მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ეთნიკური კუთვნილების დადგენა? საერთო ძირები აქვთ ამ კავკასიურ გვარებს.
– ფაქტობრივად, შეუძლებელია. სახელები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა გვარები, ისე იყო გავრცელებული კავკასიაში, რომ ნებისმიერ ენობრივ ფორმაციაში შეიძლებოდა, ნებისმიერი გვარი ჩამოყალიბებულიყო. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, თუ არსებობს დამადასტურებელი ისტორიული წყარო, ზოგადად კი გამორიცხულია.
– ცნობილია, რომ რუსეთის იმპერია საუკუნეებია, მუშაობს არა მხოლოდ მეგრელებისა და სვანების არაქართველობის ვერსიაზე, არამედ საერთოდაც იმაზე, რომ საქართველო არის სხვადასხვა ეთნოსების, რასაც ჩვენ კუთხეებს ვუწოდებთ, ხელოვნური ერთობლიობა. მაგალითად, მათი აზრით, მე ვარ შერეული ქორწინების შედეგი, რაკი დედა გურული მყავს და მამა - ქართლელი. მე კი მესმის, რომ ეს აბსურდია, მაგრამ როგორ ადასტურებს ამ ვერსიის აბსურდულობას გენეტიკური კვლევები. როგორ ჩანს გენეტიკაში, რომ, მაგალითად, ვარ თუში, მაგრამ ვარ ქართველი?
– სასაცილოა, განსაკუთრებით, რუსების მხრიდან ამის თქმა, რადგან, ევროპიდან იაპონიამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე ვინც ცხოვრობს, თურმე, სულ რუსია და ამ ერთი ციდა ქვეყანაში სხვადასხვა ეროვნებისანი ვართ, ამიტომ აჯობებს, ჯერ თავიანთი გენეტიკური წარმომავლობა გამოიკვლიონ. გენეტიკურად კი ძალიან ნათლად ჩანს ეს ყველაფერი. გენომის მიხედვით, ყველა ქართველი, ნებისმიერი კუთხიდან, ჯგუფდება ერთად – ამას მხოლოდ ჩვენ არ ვაკეთებთ, რუსებიც იმავე შედეგს იღებენ, ჩვენ არ გვეშინია კვლევის შედეგების და თამამად ვუგზავნით ჩვენს გენეტიკურ მასალას. ლაზებიც კი, რომლებიც 500 წელია, ცხოვრობენ ტერიტორიაზე, რომელიც აღარ ეკუთვნის საქართველოს, იმავე სქემაში ჯდებიან. ალგორითმი აკეთებს ცხრილს და საქართველოს ყველა კუთხის ქართველი ჯგუფდება ერთად. გენომური მონაცემი გვაქვს ერთი და იგივე. მამისეული ხაზებით, ცხადია, არის გრადაციები, ჩრდილოეთში, დასავლეთში, სამხრეთსა და აღმოსავლეთში ოდნავ სხვადასხვანაირია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ ქვეყანასა და ეთნიკურ ჯგუფში, ჩუქჩებშიც კი. ალგორითმი არის მათემატიკური და მასზე პოლიტიკური ზემოქმედება გამორიცხულია, იმ ალგორითმით კი, ყველა ქართველი და აფხაზი ჯგუფდება ერთად, ერთ მცირე მათემატიკურ სივრცეში. ეს არის მეცნიერული ფაქტი, რომელსაც ვერავინ შეედავება.

скачать dle 11.3