კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ სჭარბობს ადამიანში უსიამოვნების ცენტრების რაოდენობა და რატომ დევს მის გენეტიკურ კოდში უსიამოვნებების ძიება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  როგორც კვლევები ადასტურებს, დღეისათვის საქართველოს მაყურებლის მეოთხედი ტელეკომპანია „იმედისაა“ და, დაახლოებით იგივე რაოდენობა უცქერდა „რუსთავი 2-საც“ , სანამ საინფორმაციო გამოშვებები შეწყდებოდა, თუმცა ბოლო ერთთვიანმა პერიოდმა აჩვენა, რომ „რუსთავი 2-ის“ ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შემდეგ საინფორმაციო ვაკუუმი მაყურებელს არ შეუვსია „იმედზე“ გადართვით, „რუსთავი-2-მა“ მაყურებლის მხოლოდ 10 პროცენტი დაკარგა, რომლებმაც „ტვ პირველზე“ გადაინაცვლეს, დანარჩენები კი კვლავ „რუსთავი 2-ით“ იკლავენ საინფორმაციო შიმშილს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაყურებელი ტელევიზიებსა თუ გადაცემებს უყურებს ჩვევის გამო. მეორე მხრივ, ეს ჭეშმარიტება ისედაც ცნობილი იყო, როგორც ის, რომ წამლების გამუდმებული რეკლამა იწვევს დაავადებების გახშირებას, ისევე, როგორც უბედური შემთხვევების მუდმივი გაშუქება – კრიმინალისა და სტიქიური კატასტროფების ობიექტურად გაზრდას. ამის მიუხედავადაც, ადამიანები მიჯაჭვულები არიან ტელე თუ კომპიუტერ-ტელეფონების ეკრანებს და ერთმანეთზე უარეს ამბებს იგებენ საკუთარი ნებით. რატომ ეჩვევა ადამიანი ტელევიზორს და რატომ თანხმდება ნებაყოფლობით ზომბობას – ამ თემას ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.
– ნარკოტიკის მიჩვევა მესმის, ყავის მიჩვევა მესმის, გაზიანი სასმელისაც. შესაბამის ნივთიერებებს ეჩვევა ორგანიზმი, მაგრამ ტელევიზორის ყურება და ინფორმაციის მიღება რატომ იწვევს მიჩვევას?
– თავად ადამიანი არის ინფორმაციულ-ენერგეტიკული არსება. ერთი მხრივ, მას აქვს თავისი ენერგეტიკა, მის ორგანიზმში მიმდინარეობს ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური ცვლილებები და, მეორე მხრივ, ის თავიდან ბოლომდე ინფორმაციაა, რადგან ერთი უჯრედი მეორეს გადასცემს ინფორმაციას. საერთოდაც, ნერვული სისტემა არის ინფორმაციული სისტემა, ტვინი შედგება ასოციაციური კავშირებისგან ცალკეულ ნერვულ ერთეულებს შორის და თითოეულ მათგანს რაღაც ინფორმაცია მიაქვს მეორე უჯრედამდე. ანუ თვითონ ორგანიზმია ინფორმაციული სისტემა და, მით უმეტეს, თვითონ ადამიანი, როგორც მთლიანი, ინფორმაციული სისტემაა. ის იღებს ინფორმაციას, გადაამუშავებს და გასცემს. ანუ, ერთი მხრივ, ის არის ინფორმაციის მიმღები, მეორე მხრივ – ინფორმაციის გადამმუშავებელი და, მესამე მხრივ – ინფორმაციის გამცემი.
– მგონი, ჩვენთან მესამე ფუნქცია ხარვეზებით მუშაობს, გადამუშავების ხარისხი არ მომწონს.
– ჯერ ნუ შევეხებით მაგ საკითხს... თუ ადამიანი ინფორმაციული სისტემაა, ბუნებრივია, მას მუდმივად სჭირდება ინფორმაციის შემოსვლა, გადამუშავება და გაცემა. ეს არის შინაგანი პროცესი, რაც სჭირდება ფსიქიკასაც და ორგანიზმსაც. ეს პროცესი გადარჩენისთვის აუცილებელია, ადამიანი ისეთი არსებაა, რომ ინფორმაციისადმი არა მხოლოდ ინტერესი აქვს, არამედ ინფორმაციაში ეძებს გადარჩენას. პირველყოფილი ტომებიც კი მუდმივად გადასცემდნენ ერთმანეთს ინფორმაციას. შემდეგ ენა ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის ფუნქცია. ამდენად, როდესაც ადამიანმა მიაღწია იმ დონეს, რომ გამოიგონა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, როგორიცაა ტელევიზია, ამან კაცობრიობა შეცვალა, რადგან მსოფლიო გახდა პატარა სოფელი და, მაგალითად,  ჩხოროწყუში შეგიძლია, არა მხოლოდ უსმინო, დაინახო, რა ხდება ამერიკაში. ეს ფანტასტიკური აღმოჩენა იყო და ამან გარდაქმნა ინფორმაციისადმი ადამიანის დამოკიდებულება. ინფორმაცია უკვე ადვილად მოიპოვება და ადვილადვე გაიცემა. მე ვერ ვიტყვი, რომ ადამიანი ამის გამო ინფორმაციის დანამატი გახდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ადამიანმა ეს მიიღო და თავისი ცხოვრების რიტმში ჩადო.
– რას ნიშნავს ეს?
– იმას, რომ ადამიანი დახარბებულია სიახლეზე, ნიუსებს რომ უწოდებენ და სატელევიზიო ეკრანებზე გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება. ერთი მხრივ, ახალი ამბები, რომელსაც საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს, რადგან ადამიანი ესწრაფვის სიახლეს; მეორე მხრივ, გასართობი გადაცემები და, მესამე მხრივ – ფილმები. ძალიან ბევრი ადამიანი მიბმულია არა ახალ ამბებზე, არამედ სერიალებზე. ანუ ისეთ მასალაზე, სადაც თამაშდება ადამიანების ცხოვრება. და მაყურებელი არა მხოლოდ მაყურებელია, არამედ ერთვება იმ გმირების ცხოვრებაში, რომლებსაც უყურებს ეკრანზე. ადამიანები განიცდიან, ერთმანეთს უყვებიან და იზიარებენ იმ განცდებს, რომლებიც ეკრანზე თამაშდება.
– და შეიძლება, თავად ცხოვრებაში რეალურად არ განუცდია.
– შეიძლება, მის ცხოვრებაშიც მომხდარა მსგავსი, მაგრამ ეკრანზე ნათლად ჩანს და ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარი ცხოვრებით კი არ ცხოვრობს, არამედ გამოიცხოვრებს სხვების, მსახიობის მიერ გათამაშებულ ცხოვრებას. მსახიობებიც კარგად თამაშობენ როლებს და ყურების მომენტში მაყურებელიც მოთამაშეა, რადგან იქ არის და არა რეალურ სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ მის სახლში დგას ტელევიზორი, რომელშიც სხვების ცხოვრებას უყურებს, გონებით იმ სხვებთანაა, მოქმედ პერსონაჟებთან, რომლებიც ვირტუალურია, არანამდვილია. ხანდახან მთელი დღეები ელოდება გაგრძელებას, ძალიან აწუხებს გმირების ბედი. ანუ ადამიანი ხდება ეკრანის ნაწილი. იმ გადაცემების ნაწილი ხდება, რომლებიც, ერთი მხრივ, ეხება ნიუსებს, მეორე მხრივ – გასართობ პროგრამებს და მესამე მხრივ – ფილმებსა და სერიალებს, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ, რომელიღაც პერსონაჟების თანაზიარნი გახდნენ. სერიალს ადამიანი ეჩვევა, როგორც ფენომენს. ბევრი „რუსთავი 2-ს“, „იმედს“ უყურებს, როგორც თავისებურ სერიალს. მაგალითად, გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავებიც“ ერთგვარი სერიალია, გრძელდება რამდენიმე კვირას და ტელევიზორი ხდება არა მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ინფორმაციის მიღების საშუალება, არამედ ადამიანს აქცევს გრძელი სიუჟეტების მქონე ამბების თანამონაწილედ და გულშემატკივრად. ამრიგად, ტელევიზიებმა შთანთქა მოსახლეობის ტვინი.
– და როგორ ცხოვრობს ადამიანი? აქვს თავისი ცხოვრება, დარჩა?
– სწორედ ესაა პრობლემა: ადამიანებს არ უნდათ თავიანთი ცხოვრების გამოცხოვრება. ტერმინი „გამოცხოვრება“ მე შემოვიტანე, ადრე არავის გამოუყენებია, ეტყობა, ადამიანები, ვერ აცნობიერებენ მის მნიშვნელობას. შენ ცხოვრება კი არ გეძლევა, არამედ შენს ცხოვრებას გამოიცხოვრებ შენი ქმედებებითა და დამოკიდებულებებით და მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიცხოვრებ, რა პოზიცია გაქვს, რა ფასეულობები და რაღაც ამგვარი. მაგრამ ადამიანთა უმეტესობა თავის ცხოვრებას კი არ გამოიცხოვრებს, არამედ უყურებს შაბლონებს, სტანდარტებს, რომლებიც გარედან, უფრო სწორად, მასმედიიდან მოდის. მაგალითად, ეს ხორციელდება რეკლამებითაც, მათ შორის, ეკრანებიდან იფრქვევა შაბლონები და ადამიანს უჩნდება შაბლონური აზროვნება. აზროვნებს სტეროტიპებით, რომლებიც შექმნილია არა მისი ბიძაშვილებისა თუ მამიდაშვილების, სანათესაოს მიერ, არამედ ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებისა და სატელევიზიო პროგრამების მეოხებით. ანუ ადამიანი პროგრამირდება.
– იმავე სერიალშიც სხვების ცხოვრების გამოცხოვრებისას, მაყურებელი ხომ მათ ცხოვრების წესს, ღირებულებებს, ქცევის ნორმებს იღებს? ეს ხომ არის ადამიანებისთვის იმ სერიალისა თუ საინფორმაციოს მიერ დანერგილი შაბლონების თავს მოხვევა და გავითვალისწინოთ, რომ სერიალები, ძირითადად, უცხოურია, თურქული უმეტესად. მენტალიტეტიც იცვლება. ეს კი ადამიანების ზომბირების საშუალებაა.
– ბუნებრივია, მართვის საშუალებაა. ახლა მოდაში შემოვიდა დაგლეჯილი ჯინსებით სიარული. ეს რის გამოვლენაა? რომელიღაც ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ მსხვერპლობის განცდა, ამის გარე გამოხატულება კი ისაა, თუ შემოხეული ტანსაცმელი გეცმევა. და ადამიანი იცვამს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც გამოხატავს იმას, რომ ან სცემეს, ან გააუპატიურეს და დააგლიჯეს ტანზე ყველაფერი. ყველა ერთმანეთის მიბაძვით იცვამს ასეთ ტანისამოსს და ავრცელებს იმ იდეოლოგიას, რის თანახმადაც, ადამიანი მსხვერპლია გარემოებების, მათ შორის, ძალადობის და აგუებს ამ მდგომარეობას.
– რატომ ეჯაჭვება ადამიანი უარყოფით ინფორმაციას განსაკუთრებულად? შემიმჩნევია, რომ უმეტესობას დადებითზე საუბარს უარყოფითზე საუბარი ურჩევნია, ამიტომაც მუდმივად გვესმის რეკლამებიდან, რომ არიქა, დაიწყო გრიპის სეზონი, გაცემინებს, გახველებს, სიცხე გაქვს, კვდები, ამიტომ უნდა დალიო რაღაც წამალი ან აიცრა. ასევე, ისეთი დაბინძურებულია ჰაერი, რომ საცაა, დაიხოცებით ან დაიხრჩობით. ანუ ერთი, რომ ადამიანია მიდრეკილი უარყოფითის საყურებლად და მოსასმენად და,  მეორე, რატომ აპროგრამებენ უარყოფითზე?
– ეს ძალიან საინტერესო თემაა. ნერვული ცენტრები, რომლებიც განაგებენ სიამოვნებასა და უსიამოვნებას, თავის ტვინში მრავალ ადგილასაა განლაგებული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უსიამოვნების ცენტრები გაცილებით მეტია, ვიდრე სიამოვნების, იმიტომ რომ ევოლუციის პროცესში ადამიანი ელტვოდა უსაფრთხოებას. უსაფრთხოების გარანტია არა, მაგრამ მისი მიღწევის საშუალებაა, დროზე შეამჩნიო ის, რაც მოგანიჭებს უსიამოვნებას და შეიძლება, დაიღუპოს კიდეც, ანუ უსიამოვნოს შემჩნევა გადარჩენის ინსტინქტს უკავშირდებოდა. ამიტომაც ადამიანი, უპირველესად, ეძებდა საშიშროებას და ამის შემდეგ მოქმედებდა. საშიშროება კი ყოველთვის ჩასაფრებულია, გურიაშია გამონათქვამი, მარცხი ელანძეაო და, მართლაც, ელანძეა. მართალია, საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანი შიშველი ხელებით ებრძოდა ბუნებას და მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა, ხოლო დღეს  შეიძლება, კომფორტულ სასახლეში ცხოვრობდეს და არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს, მაგრამ მისი გენეტიკური პროგრამა მუშაობს და ამიტომ, უპირველესად, ყურადღებას აქცევს უსიამოვნოს, ამდენად, ეს არის იმ გენეტიკური პროგრამის გადმონაშთი.
– ესე იგი, დროა, გადავპროგრამირდეთ.
– ასე იოლად არ გამოვა, იმ გაგებით კი არ უნდა გადააპროგრამირო, რომ უსიამოვნოს არ მიაქციოს ყურადღება, არამედ იმ მიმართულებით, რომ უსიამოვნებაში დაინახოს დადებითი რესურსი, რაც წინ წასწევს.

скачать dle 11.3