კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როდის ნატრობდა ყველაზე მეტად ვეკო ბუჩუკური გარდაცვლლილი დედის გვერდით ყოფნას და როგორ დაიწყო მან ხელმეორედ ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსახიობი ვეკო ბუჩუკური უკვე რამდენიმე წელია, ლეიკემიას ებრძვის. პირველად ეს დიაგნოზი 2014 წელს დაუსვეს და მას შემდეგ ძალიან ბევრი ტკივილისა და ბრძოლის გადატანა მოუხდა.
  ვეკო ბუჩუკური: სანამ ჩემს ცხოვრებაში ეს პრობლემები დაიწყებოდა, სპორტული ტრენერი ვიყავი და ჯანსაღი წესით ვცხოვრობდი. ბავშვი ახალი გაჩენილი მყავდა, ერთი წლისაც არ იყო, როცა საშინელი სისუსტე და ძვლების აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. ვეღარ ვვარჯიშობდი, სუნთქვა მიჭირდა, მოთენთილი ვიყავი და სულ დაწოლა მინდოდა, მანამდე კი ძალიან დიდი ენერგია მქონდა. ძალიან ბევრ ექიმთან მივედი, მაგრამ ვერავინ ვერაფერი გაიგო. თავიდანვე ჰემატოლოგთან არ მივსულვარ, რევმატოლოგს მივმართე, რადგან ძვლები მაწუხებდა.
– ბოლოს რამ მიგიყვანა ჰემატოლოგთან?
– ცოტა ხნის წინ დედა დამეღუპა. ლეიკემია არა, მაგრამ მასაც სისხლის დაავადება ჰქონდა. ბოლოს მის ექიმთან, თამარ მაკალათიასთან მივედი. ჩემი ანალიზების პასუხები რომ ნახა, დამირეკა და მითხრა, უნდა დავილაპარაკოთო. ახლაც ცუდად ვხდები, ამ სიტყვებს რომ ვიხსენებ. რომ მითხრა, ძვლის ტვინი უნდა ავიღოთო, იქ დავამთავრე ცხოვრება. მითხარით, რაზე გაქვთ ეჭვი-მეთქი. პირდაპირ ლეიკემია არ უთქვამს, მაგრამ მითხრა, ლიმფოციტოზი გაქვს დაწყებულიო. საბოლოო ჯამში, დაისვა დიაგნოზი მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემია B2.
  მე ვერ ვიტყვი, რომ ლეიკემია განაჩენი არ არის. ვიღაცისთვის ასეა, ვიღაცისთვის – არა, ყველაფერი უფლის ნებაა. საქართველოში რომ ვკურნალობდი, ჩემთან ვინც იწვა, ყველა დაიღუპა. პირველად ჩემ გვერდით მწოლიარე გოგო გარდაიცვალა და ძალიან ცუდად გავხდი. ვეკითხებოდი: სადაა, განიკურნა და წავიდა-მეთქი? მერე მითხრეს, რომ დაიღუპა. ვერ შევეგუე. ეს გოგო მე მაძლევდა იმედს, კარგად იქნებიო, მაგრამ მას რომ ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა, კარგად ვყოფილიყავი, როცა ეს გოგო ათი კილოგრამი იყო დარჩენილი. რომ მეუბნებოდნენ, შენ ამას გაუძლებ, ისეთი ძლიერი ხარო, ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა, ისეთ სისუსტეებს ვერ ვუმკლავდებოდი. მაგრამ ახლა რომ გადავხედავ, რა გამოვიარე, ვხვდები, რომ მართლა ძლიერი ვარ. რომ არა ჩემი შვილი, სიცოცხლეს დავასრულებდი. მას დედა სჭირდებოდა და ამიტომ გამუდმებით ჩემს თავს ვუმეორებდი: „ვეკო, შენ უნდა იცოცხლო!“. იმ მომენტში ერთადერთი ოცნება მქონდა – უზომოდ მინდოდა, დედაჩემი ჩემ გვერდით ყოფილიყო, ცოცხალი. სრულიად მარტო ვიყავი და ასეა დღემდე, ნათესავები არ მყავს. მეგობრები დღემდე ჩემ გვერდით არიან, მაგრამ იყო გულისტკივილი და დღემდე გრძელდება.
ოჯახური თემები ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ერთს მივხვდი – ადამიანი ცხოვრებაში მარტოა და ყველაზე რთულ მომენტებში მხოლოდ უფალია მასთან. ამ დაავადებამ რწმენა გამიძლიერა. მამას სხვა ოჯახი აქვს, მაგრამ ისიც და მისი მეუღლეც, ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ.
– მკურნალობა საქართველოში დაიწყე, არა?
– კი, დიაგნოზის დასმის შემდეგ მკურნალობა საქართველოში დავიწყე, ეს იყო 2014 წელს. პირველი ქიმია ძალიან რთულად გადავიტანე, ერთი თვე ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. ჩემი შვილიც ძალიან ცუდად გახდა – უცებ დედა რომ ამ მდგომარეობაში დაინახა, ღამე იღვიძებდა და უმიზეზოდ ტიროდა. როგორც ტელეფონს სჭირდება დამტენი არსებობისთვის, ისე მე მჭირდება სანდრო იმისთვის, რომ ვიცოცხლო, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. წელიწად-ნახევარი ვიმკურნალე საქართველოში. ზოგჯერ ისე ცუდად ვიყავი, მეგონა, ვკვდებოდი, ვეღარ გადავრჩებოდი. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან ცუდად ვიყავი, არაფრის და არავის დანახვა არ მინდოდა, ხანდახან ბავშვისაც. მეუღლესთან განქორწინებული ვარ. სანდროს ბებია მეხმარებოდა შვილის მოვლაში. მერე რემისიამდე მივედი და უკვე ვამბობდი, რომ კარგად ვიყავი. არავინ იცოდა, ამ დროს ჩემს გულში რა ხდებოდა – ღამეები გამითენებია ტირილსა და ფიქრში. საკუთარი თავის გლოვა მეზიზღება, მაგრამ უზომოდ მენატრებოდა დედა...
თმა გამცვივდა, წონაში ძალიან მოვიმატე, სულ სხვა ადამიანი გავხდი. ჩემს თავს ვუმეორებდი, ფეხზე უნდა დადგე-მეთქი. ექიმმაც მითხრა, თუ ფსიქოლოგიურად არ შემიწყობ ხელს, ეს ქიმია წყლად წავაო. მაგრამ წარმოუდგენლად რთული იყო. თავს კი არ ვიქებ, ლამაზი ვიყავი-მეთქი, მაგრამ თაყვანისმცემლების რაოდენობას არასდროს ვუჩიოდი. ვვარჯიშობდი, სულ ფორმაში ვიყავი, სწორი ცხოვრების რეჟიმი მქონდა და უცებ გადაპარსული თავი, დასიებული სახე... სახლიდან თითქმის აღარ გავდიოდი.
  თუმცა ენერგია მქონდა და არ ვიცოდი, სად დამეხარჯა. ძალიან მიყვარს კლუბური მუსიკა და იმ მდგომარეობაში, ქიმიების შემდეგ კლუბში მივდიოდი. არ შემეძლო, ძალიან ვიღლებოდი, სულ სველი ვიყავი, მაგრამ მაინც მივდიოდი.
  წესით, ორწელიწადნახევარი უნდა მეკეთებინა ქიმიოთერაპია, მაგრამ აღარ შემეძლო და შევწყვიტე. თან, სრული რემისია იყო და გავთამამდი, სიმსივნური უჯრედი ორგანიზმში აღარ იყო, მაგრამ ეს არ მაძლევდა მოდუნების უფლებას, მკურნალობა აუცილებლად უნდა მიმეყვანა ბოლომდე. ყველას მოვუწოდებ, ექიმს დაუჯერონ. მე ძალიან ურჩი პაციენტი ვიყავი, ალბათ, მაშინ ვერ ვაზროვნებდი. იმ მომენტში კარგად ვიყავი. თითქოს ჩემი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. ვფიქრობდი, ფორმაში ჩავდგები და რომელიმე თეატრში მივალ, იქნებ მსახიობი სჭირდებათ-მეთქი. კარაოკეში წამყვანად ვმუშაობდი, საღამოებიც მიმყავდა. მაგრამ ერთ დილით გავიღვიძე და სხეულზე სისხლჩაქცევები აღმოვაჩინე. მკურნალობიდან ორი წლის შემდეგ. რომ დავინახე, ზუსტად ვიცოდი, რასაც ნიშნავდა, მაგრამ არ მინდოდა დამეჯერებინა. მანამდე გადაცემა „ექიმებშიც“ ვიყავი, როგორც მსახიობი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა – ალბათ, არ უნდა მექნა. მაგრამ მაშინ მეგონა, დავამარცხე, არ ვიცნობდი ამ დაავადებას. მარტში დამიდგინეს დიაგნოზი – ისევ იგივე. ეს დაავადება რომ მეორედ ბრუნდება, უფრო აგრესიულია და აუცილებელია ძვლის ტვინის გადანერგვა. ნათლიაჩემმა, მსახიობმა ეთო გუგავამ დადო „ფეისბუქზე“ პოსტი ჩემი მდგომარეობის შესახებ. ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. გამოჩნდა მისი მეგობარი, რომელმაც ამიხსნა, როგორ უნდა ჩამოვსულიყავი საფრანგეთში და მემკურნალა. თავიდან დაიწყო ფულის შეგროვება, ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ, თუმცა, ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი. ძალიან გამიმართლა, რომ საფრანგეთისგან სრული დაზღვევა მივიღე.
– ალბათ, რთული იყო მკურნალობის მთელი ის ეტაპები, რომელიც საფრანგეთში გამოიარე.
– პარიზი ჩემი ოცნება იყო, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, რადგან ოცნების ასახდენად კი არა, ლეიკემიასთან საბრძოლველად მოვდიოდი და ან გადავრჩებოდი ან ვერა.  ძალიან ცუდი ანალიზები მქონდა, ბლასტი (სიმსივნური უჯრედი) 90 პროცენტი იყო სისხლში. საავადმყოფომ აღარ გამომიშვა და დაიწყო ჩემი ცხოვრების საერთოდ განსხვავებული ეტაპი. თუმცა, არ მეგონა, რომ აქ ცხოვრება მომიწევდა, ვამბობდი, გადავინერგავ და წავალ-მეთქი. 10-დღიანი ანალიზებისა და გამოკვლევის შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ გადარჩენის 20 პროცენტი არსებობდა, თუმცა მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ გადანერგვა ჩემთვის აუცილებელი იყო. სამ დღეში გადამიყვანეს სტერილურ ოთახში. ავდივარ მესამე სართულზე, ჰემატოლოგიის განყოფილებაში, ყველა შეფუთული მხვდება, კართან დუში იყო, გავიხადე და დავიბანე. სტერილური პიჟამოები მომცეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საკონცენტრაციო ბანაკში შევდიოდი. ისტერიკული ტირილი დამეწყო. მივხვდი, რომ თავის გადარჩენა სოციალურ ქსელთან ურთიერთობა და წიგნების კითხვა იყო. შეჭმული მყავდა მეგობრები, ხან ვის ვურეკავდი, ხან ვის. არ შეიძლებოდა დაბანა, მწმენდნენ, ყოველდღე პიჟამოს ვიცვლიდი. იყო ძალიან დიეტური კვება. პირველი ქიმიის კურსი რომ ჩავამთავრე, ექიმმა მითხრა – გილოცავ, რემისიაში ხარო. აღარ იყო სიმსივნური უჯრედი ორგანიზმში, მაგრამ გადასანერგად დონორს ვერ შოულობდნენ. 2018 წლის ივლისის ბოლომდე ქიმიები მიკეთეს და შემდეგ ოთხი დონორი მიპოვეს. ხალხი წლები ელოდება დონორს... ჩემი დონორი 30 წლის ამერიკელი ბიჭია. ოპერაციისთვის სხვა ქალაქში გადამიყვანეს. გადანერგვის პროცედურა 2018 წლის 6 სექტემბერს ჩატარდა და მხოლოდ 15-20 წუთი მიმდინარეობდა და რომ დამთავრდა, გავითიშე – ერთი კვირა მეძინა. იმ დღეებში მხოლოდ გარდაცვლილ დედაზე და შვილზე ვფიქრობდი, ვისთვისაც უნდა მეცოცხლა. 15 ოქტომბრამდე სტერილურ ოთახში ვიყავი, ბავშვი უნდა ჩამომეყვანა, მაგრამ რომ მეგონა, ამის მერე კარგად ვიქნებოდი, პირიქით, ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უმოქმედო ვიყავი. გარეგნულად საშინლად შევიცვალე. 13 ნოემბერს ჩემი შვილი ჩამოვიდა და ვერ მიცნო. წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა ტკივილი იყო? ყველაფერი მიჭირდა: სიარული, დაჯდომა, ადგომა, ვერ ვბანაობდი. სახლში რომ გამომწერეს, 50 მეტრსაც ვერ გავდიოდი. სულ წოლა მინდოდა. ახლა ჩემი მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა ჯერ გამოჯანმრთელებული არ ვარ და კიდევ ხუთი წელი მჭირდება კონტროლი. საქართველოში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმდენად ეკლიანი გზა გავიარე, რომ არ მინდა... ვსწავლობ ფრანგულს, გეგმები მაქვს ჩემი პროფესიით და ვნახოთ, თუ გამომივა. ჩემი მიზანია, რომ ჯანმრთელი ვიყო, ჩემს შვილს ჰყავდეს დედა და ქართველებს – კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი. მთავარია, პრობლემა ტრაგედიად არ აქციოთ და სანამ ცოცხლები ხართ, არ გაბედოთ სიკვდილი!

скачать dle 11.3