კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№43 როგორ აუხსნა მარიკა ბაკურაძემ პედრო ალმადოვარის სიყვარული ესპანურად და რის გამო დასცინა მას პენელოპე კრუსმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე „იმედის დღის“ ერთ-ერთი წამყვანი გახდა. მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილების შემდეგ ეს ამპლუა პირველად მოირგო და ახალი ეტაპის დასაწყისში განვლილ გზასა და მისი პროფესიის დაუვიწყარ მომენტებზე მოგვიყვა.
  მარიკა ბაკურაძე: ამდენი წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ გადაცემის წამყვანი არასდროს ვყოფილვარ და ეს სულ სხვა პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. 2020 წელს ოცი წელი გახდება, რაც ჟურნალისტიკაში ვარ. თავიდან ბეჭდური მედიით დავიწყე. მაშინ ინტერვიუებზე რომ დავდიოდი, არც ისე უსაფრთხო გარემო იყო. მე 16 წლის ვიყავი და პატარა გოგო კონცერტის დამთავრების შემდეგ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ხან სად უნდა დავრჩენილიყავი და ხან – სად. ამიტომ, ძირითად შემთხვევაში, დედა დამყვებოდა, მარტო არ მტოვებდა ხოლმე. 2002 წელს ამას რადიოც დაემატა. ძალიან დიდი ხმის ჩამწერი აპარატები მომცეს, ეს უნდა ატაროო, იმხელა იყო, მგონი, მეორე მსოფლიო ომში დაჰქონდათ ეგეთები. მე კიდევ ახლა რამხელა ვარ და მაშინ სულ 45 კილოგრამი ვიყავი (იცინის). ავიკიდებდი ჩემს აპარატს და მივდიოდი, დედა, რა თქმა უნდა, ისევ გვერდით მყავდა. ასეთი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, ყველამ ვიცოდით, რომ მე პიანისტი არ გამოვიდოდი. 11 წელი ვუკრავდი, მაგრამ ეს იყო მხოლოდ სიყვარულით გაკეთებული საქმე და ისე კი, ყველამ იცოდა, რომ მე ჟურნალისტიკა მინდოდა. პატარა რომ ვიყავი, რადიოში ვუსმენდი ახალ ამბებს, მერე ვიწერდი, მაგიდასთან დავჯდებოდი, ბებიას დავისვამდი წინ და ამ ყველაფერს ვუყვებოდი (იცინის). მუშაობა ტელევიზიაში 2002 წელსვე დავიწყე. ძველი „მეცხრე არხი“ იყო ჩემი პირველი ტელევიზია. მეგობრებმა მითხრეს, დილის გადაცემის ქასთინგზე მივდივართო და ვუთხარი, მეც წამიყვანეთ-მეთქი. რომ მივედი, ჰალსტუხებისგან ჩემი დიზაინით შეკერილი ქვედაბოლო მეცვა. ირაკლი ხუციშვილი იყო დილის გადაცემის რეჟისორი და ისე მოეწონა ჩემი კაბა, დიზაინის მიმართულება ხომ არ ჩაგაბაროთო?! (იცინის) დიზაინი არა, მაგრამ ზოგადად, კარგად აეწყო ჩვენი ურთიერთობა. სანამ ეს არხი დაიხურებოდა, იქ ვმუშაობდი, შემდეგ ერთმანეთს მიჰყვა: „მზე“, „სპორტული რადიო“, არაერთი გადაცემა „იმედზე“ და ასე შემდეგ.
– განსაკუთრებით რომელი გადაცემა ან რესპონდენტი გახსენდება?
– ჩემი კარიერა დიდი შეცდომით დაიწყო (იცინის). პირველ ინტერვიუზე ამ ჩემი რადიოჩამწერით სახელმწიფო კანცელარიაში გელა ჩარკვიანთან მივედი. მაშინ ბატონი გელა შევარდნაძის მრჩეველი იყო, თან იმ შენობაში პირველად მოვხვდი და მუხლები მიკანკალებდა. მთელმა ინტერვიუმ კარგად ჩაიარა და
რაღაც მომენტში მომეშვა ნერვიულობა. ისე მოხდა, რომ ბოლოს ძალიან ლაღად ვკითხე, ბატონო გელა, თქვენ ხომ ირაკლის დედა ბრძანდებით? იმ წამს მივხვდი, რაც ჩავიდინე და არ იცით, რა დამემართა. გელა ისეთი ადამიანია, მაშინვე გამომიყვანა მდგომარეობიდან: დედაც ვარ და მამაცო, მიპასუხა (იცინის). იმის მერე არ ვივიწყებ, რომ როგორც კი მომეშვება, მაშინვე რაღაც დამემართება. ამიტომ ვცდილობ, სანამ არ დავამთავრებ, არ მომეშვას. რამდენიმე დაუვიწყარი რეპორტაჟი მახსენდება. იაპონიაში ჩავედი გადაღებაზე ფუკუშიმას რეგიონში. ფუკუშიმას რადიოაქტიური სადგურის კატასტროფა ერთი წლის მომხდარი იყო და რეპორტაჟი გადავიღე იქაურ სიტუაციაზე. ის ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და მე მგონი, ცოტა დასხივებაც მივიღე. დედაჩემი დღემდე ამბობს, რომ ჩემი სისუსტე და დაბალი ჰემოგლობინი იაპონიის დამსახურებაა. ეს არავინ იცის, თუმცა, მეამაყება, რომ ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი ვარ, ვინც ფუკუშიმაზე იმუშავა.
– სახიფათო ისტორიებიც გაქვს?
– უფრო ექსტრემალური. ჩემი ნება რომ იყოს, გამოუფხიზლებლად ვიძინებდი, მაგრამ კამერა რომ ირთვება, „მკვდარი ვიყო, ავდგები“ მემართება (იცინის). წყალს ვერ ვიტან, მაგრამ ჩავყვინთე მარტვილის კანიონში და გადავიღე, როგორი იყო ქვემოთ. წყლის შიშის მიუხედავად, მე და ჩემი შვილი ერთად დავეშვით ოცდაათმეტრიან ჩანჩქერზე, იმიტომ, რომ გადაღებას ასე სჭირდებოდა. სომხეთში სამხედრო აჯანყების პერიოდში ერევანში გამიშვეს მასალის მოსამზადებლად. მე და ჩემი ოპერატორი მანქანით შევედით მთავარ მოედანზე, სადაც აჯანყება იყო. გადაკეტეს გზები ჯავშანტრასპორტიორებით და დავრჩი სამი დღე ჩემი წითელი კაბით. მეგონა, მხოლოდ ერთი ჩართვა მექნებოდა, სადაც წელსზემოთ გამოვჩნდებოდი, რას ვიფიქრებდი, თუ სამი დღე მანქანაში ვიცხოვრებდით.
  ხუთი წელი ვაკეთებდით „იმედის გმირებს“ გოდერძი შარაშია, ნინია ახვლედიანი და მე. ჩავდიოდით სოფელში ჩვენს გმირთან, რამდენიმე დღე მასთან ვცხოვრობდით და ვიღებდით მინიდოკუმენტურ სიუჟეტს. მძინარასთან ერთად მცივანაც ვარ და სულ დიდი ქურთუკით დავდივარ. ყველას ჰგონია, რომ გადამღები ჯგუფის რომელიმე წევრის შვილი ვარ და ამათ გადაღებაზე წამოვყევი. მერე ოპერატორს რომ ეკითხებოდნენ, აბა, რა და როგორ გავაკეთოთო, უცებ ისმოდა მისი ფრაზა: რასაც უფროსი გვიბრძანებსო და მიყურებდა მე: არასრულწლოვნის გარეგნობით, დიდი ქურთუკით... მძინარა ბავშვი აღმოჩნდებოდა ხოლმე უფროსი (იცინის). თუმცა, როცა საჭიროა მკაცრიც ვარ ხოლმე.
– თავის დროზე, ოჯახის შექმნაც ამ პროფესიას დაუკავშირდა.
– ჩემი ყოფილი მეუღლე, ვახო სანაიაც ჟურნალისტია და მეც – ერთად ვსწავლობდით. ჯგუფელები ვიყავით, ვმეგობრობდით, ერთნაირი რეჟიმი გვქონდა. ბებიაჩემი ჯერ კიდევ ბავშვობაში მეუბნებოდა, შენ მარტო ჟურნალისტი თუ გაგიგებს და გაგიძლებსო და ენამ უყივლა (იცინის). სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ჩემს გათხოვებას და ბავშვებს, მაგრამ მისი სიტყვები გამართლდა. დღეს მე და ვახო კარგი მეგობრები ვართ, ბავშვები გაიზარდნენ და ყველა პრობლემა გადალახული გვაქვს.
– ჟურნალისტიკას უკავშირდება არა მარტო პროფესიული, არამედ ადამიანური ოცნებების ახდენაც – როცა საქმე კინოფესტივალებს ეხება და უამრავ ვარსკვლავთან შეხვედრის საშუალება გეძლევა.
– ფესტივალების ამბავი ოთხი წლის წინ დაიწყო. კანის კინოფესტივალზე ჩემი კოლეგა ნინია ახვლედიანი უნდა წასულიყო, მაგრამ რაღაც შეიცვალა და მის
ნაცვლად მე წავედი. მაშინვე „მოვიწამლე“ ამ გარემოთი. კანს დაემატა ბერლინის კინოფესტივალი, ვენეციის კინოფესტივალი და ახლა ჩემს სამსახურში ეს მიმართულება მე მიკავშირდება. ეს ჩემი ახდენილი ოცნებებია. ვოცნებობდი, ჩემი უსაყვარლესი მსახიობისთვის, გაელ გარსია ბერნარისთვის თვალებში ჩამეხედა. ბევრი სირთულე იყო, მაგრამ ყველაფერი გადავლახე და ზუსტად ის აღმოჩნდა, რასაც ველოდი (იცინის). ძალიან საინტერესო იყო ხავიერ ბარდემთან შეხვედრა. ხუთიათას ჟურნალისტთან ერთად რომ ზიხარ და პირველი ხარ, ვისაც ის შთაბეჭდილებებს უზიარებს, მართლა ხვდები, რომ ამ ძალიან დიდი პროცესის მონაწილე ხარ. ერთი წლის წინ ხუაკინ ფენიქსს შევხვდი ბერლინში. საშინლად უცნაური, უმძიმესი ადამიანია. პრესკონფერენციაზე ნახევრად მძინარე მოვიდა და გვერდულად იჯდა, რომ ფოტოები არ გადაგვეღო. მაქსიმალურად ცდილობდა, სიტყვა ბანზე აეგდო და პასუხი არაფერზე გაეცა. მაგრამ უყურებ და ხვდები, რომ შინაგანად ძალიან დიდი განცდები თუ სიმძიმეები აქვს და საერთოდ არ აინტერესებს მილიონი ჟურნალისტი, რომელიც თავზე ადგას. პრესკონფერენცია რომ დამთავრდა, ყველა მივიჭერით ავტოგრაფისთვის და სანამ ფოტოს ვიღებდი, სიჩქარეში ფლომასტერი დამივარდა. ვიფიქრე, დავიღუპე, ფენიქსს ჩემი კალამი ადარდებს?! მაგრამ უცებ დაიხარა და ძებნა დაუწყო. იპოვა და მომაწოდა. ასეთ უშუალო, ადამიანურ ურთიერთობაში სულ სხვანაირი ტიპი გამოჩნდა. რასაც ვერ ვიტყვი ლეონარდო დიკაპრიოზე, რომელიც ცივია, საკუთარი გარეგნობისა და ქოჩრის გარდა არაფერი აინტერესებს (იცინის). ხალიჩაზეც და პრესკონფერენციაზეც ბიუსტივით იყო და ქოჩორს ისწორებდა (იცინის). შეიძლება, მათ ძალიან მობეზრებული აქვთ ეს ყველაფერი, მაგრამ ვიღაცებს ადამიანობით გამოარჩევ. ანტონიო ბანდერასი არის ოქრო და ბრილიანტი. იქით დამიწყო შეკითხვები: სადაური ხარ, დაღლილი ხომ არ ხარო? ბრედ პიტი უსაყვარლესია. ის, ლეონარდო და ტარანტინო ერთად მოვიდნენ მათი ფილმის პრემიერაზე, მათთან ერთად იყო მარგო რობი. ტარანტინო რომ რთული და აუტანელი კაცია, ყველამ იცის. იჯდა, ერთი ხელი, სავარაუდოდ, ჯიბეში ჰქონდა ჩადებული, მეორეთი ავტოგრაფებს
იძლეოდა. მანამდე ფლომასტერი ავტოგრაფისთვის დიკაპრიოს მივაწოდე, მომიწერა, თავსახური დაახურა და ისე დამიბრუნა. პირდაპირ თავდახურული გადავაწოდე ტარანტინოს, ხელი კი არ ამოიღო, რომ თავი მოეხსნა, უკან დამიბრუნა, მოხსენი და ისე მომაწოდეო (იცინის). ერთი წამის ამბავია, მაგრამ გრძნობ ადამიანს. ბრედ პიტი ოქროა, ბუმია მასზე, სულ სხვა კუთხით დავინახეთ, ძალიან თბილია. ასეთივე აღმოჩნდა ჯონი დეპი. ვენეციაში თავსხმა წვიმა იყო. რადგან იქ წყლის არხებია, პრესკონფერენციაზე მსახიობები ნავით შეჰყავთ და გამოჰყავთ. ჯონი რომ შეიყვანეს, ერთი საათი გარეთ, თავსხმა წვიმაში ველოდით მის გამოსვლას და ძალიან მაინტერესებდა, რომ გამოვიდოდა, უცებ ჩაჯდებოდა თავის დაცვასთან ერთად ნავში თუ გაჩერდებოდა. გამოვიდა და მინიმუმ, ოცი წუთი იმ თავსხმა წვიმაში გაატარა, ისე, რომ არცერთი ფანი არ დაუტოვებია ფოტოსა და ავტოგრაფის გარეშე. ბოლოს დაცვამ მხრებით ასწია და ნავში ძალით „ჩადო“. ჩემი მთავარი ახდენილი ოცნება პედრო ალმადოვარისთან შეხვედრაა. ეს კაცი ჩემი სიყვარულია, რომელსაც ჩემთვის არასდროს გაუცრუებია იმედი. წელს მეორედ შევხვდი. ანტონიო ბანდერასთან და პენელოპე კრუსთან ერთად შემოვიდა და ესპანურად დავუძახე: მიყვარხარ, პედრო! საუკეთესო ხარ-მეთქი. ეს მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო და პენელოპემ დამცინა, სიცილი აუტყდა (იცინის).
– იმედი ვინ გაგიცრუა?
– „თვაილაითის“ რობერტ პატინსონმა. მუდმივად გამოუფხიზლებელ მდგომარეობაშია. ჯულიეტ ბინოშმა, მონიკა ბელუჩიმ, რომელიც საერთოდ არ იცინის. მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში, დიკაპრიოს მსგავსად საკუთარი გარეგნობით იყო დაკავებული. ცდილობდა, პირი ზედმეტად არ გაეღო, ძალიან არ გაეღიმა. მომეჩვენა, რომ ძალიან შებოჭილი ტიპია. საოცრებაა ჯულია რობერტსი. მარტო სილამაზე კი არაა, რომ შემოდის, გგონია, რომ მზემ შემოანათა. ბავშვივით საყვარელი და ოქრო არის უილ სმიტი.
– შეგვიძლია ქართველებითაც ვიამაყოთ ამ დონის ფესტივალებზე.
– პირველ რიგში მერაბ ნინიძეა ასეთი ადამიანი. ბავშვობიდან ვეთაყვანებოდი ამ ადამიანს, ვკანკალებდი, პირველად ინტერვიუსთვის ნამდვილი მერაბ ნინიძე რომ უნდა მენახა, შემდეგ დავახლოვდით, ერთობლივად გავაკეთეთ მისი ავტობიოგრაფიული წიგნი და დღეს უახლოესი მეგობრები ვართ. ახლაც „ჰოუმლენდის“ ფინალურ სცენებში გადაიღეს და ლოს-ანჯელესში ძალიან საინტერესო გადაღებები ჰქონდა. მისი სერიალი „ემიზეა“ წარდგენილი. ორი წლის წინ კანის კინოფესტივალზე იყო ჩამოსული და ძალიან საამაყო იყო ქართველი მსახიობის ხილვა წითელ ხალიჩაზე.

скачать dle 11.3