კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 მგლები 6

ნინო კანდელაკი გოჩა მანველიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-42(981)

  ეკა ორანჟერეის კუთხეში მცირე ზომის დივანზე იჯდა. მის წინ, ჟურნალის მაგიდაზე ჩაის ფინჯანი და ნამცხვრიანი თეფში იდო. ნატო ოდნავ მოშორებით, მოლბერტთან იდგა. ის გატაცებით ხატავდა. დროდადრო მოლბერტს შორდებოდა, ნახატს ყურადღებით აკვირდებოდა და შემდეგ ისევ აგრძელებდა ხატვას.
ჯაბას ორანჟერეაში შესვლისას ეკა ფეხზე ადგა და მაგიდასთან მიიწვია.
– მოდი. ახლავე მოგიმზადებ ჩაის.
– არ მინდა, – თავი გააქნია ჯაბამ.
– ყავა...
– არა.
– მაშინ ჩემი ახალი ნახატი შეაფასე, – გამოხედა ნატომ.
ჯაბა ტილოს მიუახლოვდა. მასზე მთვარით განათებული ძველი კრაკოვი იყო გამოსახული. ლამაზად მოჩანდა ბინდში ჩაძირული შენობების ზემოთ ასვეტილი კათოლიკური ტაძრების მაღალი და წვეტიანი გუმბათები.
– რას იტყვი? – ჰკითხა ნატომ.
– ხომ იცი, რომ ამაში ვერ ვერკვევი. ისე კი ლამაზია.
– ვერ ვერკვევი!.. – გამოაჯავრა ნატომ, – სილამაზესა და ხელოვნებას ერთმანეთისგან ვერ არჩევ?!
– ხელოვნებაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა სხვა საქმეზე ვარ მოსული, – თქვა ჯაბამ.
– ვიცი... ვიცი... – გაიცინა ნატომ, – აქედან ვხედავდი, როგორ გეწუწუნებოდა ჩვენი დაცვის უფროსი!
– ნატო, ის კაცი კარგად ერკვევა თავის საქმეში. ამისთვის დაიქირავა ლუკამ. თუ ის მოითხოვს, ესე იგი, ასეა საჭირო!
– თავიდან დაიწყო... არ გისმენ... ხომ ხედავ, არაფერი მესმის! – გოგონამ ყურებზე მიიჭირა ხელები და ზურგი შეაქცია ჯაბას.
მან ეკას გახედა. თითქოს დახმარებას სთხოვსო.
– ასე არ შეიძლება, ნატო, – ეკა გოგონას მიუახლოვდა და ხელები ჩამოაწევინა, – დაცვა თავის საქმეს აკეთებს და ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ ამაში.
– შენ მოგწონს ასე ცხოვრება?
– რა თქმა უნდა, არა. მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.
– თქვენ არ გესმით ჩემი. სახელოსნო უმიზეზოდ არ შემიცვლია. აქედან ყველაზე კარგად მოჩანს ის უბანი, რომლის დახატვასაც ვაპირებ. შეხედეთ... შეხედეთ რა სილამაზეა! არავითარი ცათამბჯენები და უფანტაზიო არქიტექტორის მიერ შექმნილი მართკუთხედი შენობები. თითქოს ეს ყველაფერი შუა საუკუნეებიდან გადმოუტანიათ. სხვაგან სად ნახავ ასეთ სილამაზეს. მე ვიცი, რომ მალე აქედანაც გავემგზავრებით და მინდა, მოვასწრო და ვიდრე სადღაც სხვაგან აღმოვჩნდები, დავამთავრო ეს სერია.
– ყველას გვაქვს გეგმები. ჩვენც და მათაც, ვისგანაც  ის ხალხი გიცავთ, – თქვა ჯაბამ, – შენ კი ისე მოჩანხარ ამ ორანჟერეაში, როგორც ოქროს თევზი აკვარიუმში!
– მაგარი შედარებაა, – გაეცინა ნატოს, – ყოველთვის მომწონდა შენი ორიგინალურობა.
– ნატო, გთხოვ.
– თუ არ დაგიჯერე, რას იზამ?.. ხელბორკილს დამადებ და ოთახში გამომკეტავ?!
– არა, – თავი გაიქნია ჯაბამ.
– მართლა?! – გაუკვირდა ნატოს, – რატომ?!
– იმიტომ, რომ უარს არ მეტყვი.
– უარს როგორ გეტყვი, შენს ხელში გავიზარდე! – გაეღიმა ნატოს.
– მოვილაპარაკეთ?
ნატომ ეკას გახედა. მან სწრაფად დაუქნია თავი.
– კარგი, – ჯაბას მიუბრუნდა ნატო, – მოვილაპარაკეთ. მხოლოდ ერთი პირობით. დღეს აქ დავრჩები. სამუშაო განწყობაზე ვარ. ხვალ ყველაფერს პირველ სართულზე გადავიტან. მხოლოდ ჩვენ დაბღვერილ მცველებს ახლოს არ გავიკარებ. გადაბარგებაში შენ მომეხმარები. მოსულა?
– მოსულა. ხვალ დილიდან გაგასახლებ აქედან, – ჯაბა ლოყაზე მოეფერა გოგონას, როგორც მისი ბავშვობისას სჩვეოდა და კარისკენ წავიდა.
ის იყო ნატო ტილოს მიუბრუნდა, რომ ორანჟერეა გამაყრუებელმა გრიალმა შეაზანზარა. აფეთქების ტალღამ ჯაბა კარს შეახეთქა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კარი ანჯამებს მოსწყდა და დერეფანში გავარდა. აფეთქებისგან გაბრუებული ჯაბა წამოდგომას შეეცადა. ამ დროს ორანჟერეაში მეორე აფეთქების ხმა გაისმა. ჰაერის ცხელი ტალღა დერეფანში შეიჭრა და ისევ წააქცია. ჯაბამ ძალა მოიკრიბა, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და ორანჟერეისკენ წავიდა.
ორანჟერეა ბინდში იყო ჩაძირული. ირგვლივ სრული ქაოსი სუფევდა. შუშის სახურავი და კედლები ნამსხვრევებად ქცეულიყო. ლითონის მზიდი კონსტრუქციები დაგრეხილიყო. ნაწილი ისევ კედლებზე ეკიდა. ნაწილი – შუშის ნამსხვრევებში და მცენარეების ნარჩენებში არეული ეყარა იატაკზე. თუმცა ჯაბას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. იმწამს მისი გონება მხოლოდ ნატოთი და ეკათი იყო დაკავებული.
ეკას იქვე, შესასვლელის სიახლოვეს მიაგნო. ის კუთხეში იწვა. ზემოდან მაგიდა წაფარებოდა. სწორედ მას დაეცვა ქალი შუშისა და ლითონის ნამსხვრევებისგან. მოშორებით ნატო მოჩანდა. ის ორანჟერიის ფართო თაროს ქვემოთ იწვა და ზემოდან დაყრილი ყვავილებისგან და ქოთნების ნამსხვრევებისგან გათავისუფლებას ცდილობდა.
– როგორ ხარ? – შეეხმიანა ჯაბა.
– ფეხი... ფეხი მტკივა, – უპასუხა გოგონამ.
ამ დრო ორანჟერეაში მცველები შემოცვივნენ.
– ეკა გაიყვანეთ. ნატოს მე მივხედავ! – უბრძანა მათ ჯაბამ და გოგონასკენ გავარდა.
მცველებმა ეკა ფრთხილად აიყვანეს ხელში და ორანჟერიიდან გაიყვანეს.
ნატო იატაკზე მოკუნტულიყო და ხელით ცდილობდა ჭრილობიდან გადმოდენილი სისხლის შეჩერებას.
ჯაბამ მის გვერდით ჩაიმუხლა და სწრაფად მოუსინჯა ჭრილობა. ჭრილობა ღრმა არ იყო. მაგრამ ამის მიუხედავად გოგონას მაინც ძლიერი სისხლდენა ჰქონდა.
– არ შეშინდე, ყველაფერი კარგად იქნება! ჭრილობას რაც შეიძლება მაგრად დააჭირე ხელი, – ამ სიტყვებთან ერთად ჯაბამ გოგონა ხელში აიტაცა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა გასასვლელისკენ.
* * *
  საბედნიეროდ, ნატოს მსუბუქი ჭრილობა აღმოაჩნდა. მას მხოლოდ რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა. ექიმის შეფასებით, მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. მაგრამ ამის მიუხედავად, მას გარკვეული გამოკვლევების ჩატარება სჭირდებოდა. ექიმს სურდა დარწმუნებულიყო, რომ აფეთქების ტალღამ ჭრილობასთან ერთად რაიმე ფარული დაზიანებები არ მიაყენა. ეკა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. აფეთქების ტალღამ ის კეფით კედელს მიახეთქა. ზემოდან კი მასიური მაგიდა დაეცა. მაგიდამ შუშისა და რკინის ნატეხებისგან დაიცვა, მაგრამ ეკამ მაშინვე დაკარგა გონება და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში უგონოდ იყო. ექიმები დარწმუნებული იყვნენ, რომ ამგვარი ტრავმა უკვალოდ არ ჩაივლიდა. მაგრამ ყველაფრის პასუხს მხოლოდ საფუძვლიანი გამოკვლევების შემდეგ  მიიღებდნენ. ამას კი დრო სჭირდებოდა.
– კარგს არაფერს მეტყვი?! – მოიღრუბლა ჯაბა ექიმის განმარტებების მოსმენის შემდეგ.
– სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფერს, – თავი გაიქნია მან.
ჯაბა წამით ჩაფიქრდა. მერე ექიმს მზერა გაუსწორა  და თქვა:
– ყურადღებით მომისმენე. არაფერს აქვს მნიშვნელობა. ვითარებას, დროს, მედიკამენტებს, ფულს... ახლა იმ ქალის სიცოცხლე შენ გაბარია და ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადარჩეს!
– მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.
– არა... არა-მეთქი! – ბრაზი მოერია ჯაბას, – უნდა გააკეთო ის, რაც შეგიძლია და ისიც, რაც არ შეგიძლია!.. თუ ვინმეს დახმარება გჭირდება, თქვი! პროფესორის, აკადემიკოსის მოწვევა. ნებისმიერი პიროვნება, ნებისმიერი ქვეყნიდან!.. გასაგებია?!
– მესმის თქვენი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია საჭირო. დაველოდოთ გამოკვლევის შედეგებს. შემდეგ კი...
– მე უკვე გითხარი სათქმელი. ახლა კი საქმეს მიხედე, – არ დაასრულებინა ჯაბამ.
– ჰო... რა თქმა უნდა... – ექიმმა შეხედა  და შემდეგ დაამატა, – მე აქ თქვენი ჭრილობების დასამუშავებლად მოვედი.
– ჭრილობები მოითმენს, – ჯაბამ ფრთხილად მოისინჯა მხარი, რომელიც კედელზე შეხეთქებისას დაიჟეჟა.
– სახე...
ჯაბა პირსაბანის ზემოთ ჩამოკიდებულ სარკეს მიუბრუნდა. მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ შუბლსა და ყვირიმალზე რამდენიმე სისხლშემხმარი ჭრილობა ჰქონდა.
– ესეც მოითმენს, – ჩაილაპარაკა თავისთვის. შემდეგ ონკანი მოუშვა და შემხმარი სისხლი წყლით ჩამოიბანა.
როგორც კი სახე შეიმშრალა, ექიმმა ჭრილობები სადეზინფექციო ხსნარით დაუმუშავა. შემდეგ ყურადღებით ჩააცქერდა თვალებში და ხელებით რამდენიმე მარტივი მოძრაობის შესრულებაც სთხოვა.
– კეთილი, – დაასკვნა პროცედურის დასასრულს, – ტვინის შერყევის ნიშნები არ გაქვთ. თავი ხომ არ გტკივათ ან თავბრუს ხომ არ გრძნობთ?
– კმარა. იმაზე მეტ დროს კარგავ, ვიდრე საჭიროა. ერთი თხოვნა მაქვს შენთან. დერეფანში აგარაკის დაცვის უფროსი იცდის. აქ მოიწვიე და მარტო დაგვტოვე, – სთხოვა ჯაბამ.
– ახლავე, – უპასუხა ექიმმა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა საორდინატოროდან.
აქამდე ჯაბა მთლიანად ეკათი და ნატოთი იყო დაკავებული და დაცვის უფროსთან გასაუბრების საშუალება არ ჰქონია. მან დაზუსტებით ისიც კი არ იცოდა, თუ რა ვითარებაში მოხდა აფეთქება და სწორედ ამის გარკვევა სურდა დაცვის უფროსთან.
– ბევრი დრო არ მაქვს. რისი თქმა შეგიძლია ამ დამპალი საქმის შესახებ? – წამოიწყო ჯაბამ.
– მე გაფრთხილებდი, რომ ორანჟერეა პრაქტიკულად ტირს წარმოადგენდა. შედეგი სახეზეა!
– ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. ახალი მითხარი რამე.
– ყუმბარმტყორცნებით გვესროლეს. როგორც ჩანს, გვითვალთვალებდნენ და დაცვის მუშაობის განრიგსაც კარგად იცნობდნენ. როგორც კი ხალხი ეზოს შემოსავლელად გავგზავნე, ჭიშკრიდან ოციოდ მეტრში მიკროავტობუსი შეჩერდა. მოკროავტობუსს სახურავში ლუკი ჰქონდა დამონტაჟებული. ბიჭებმა რეაგირება ვერ მოასწრეს და ეს შეუძლებელიც იყო. ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. ლუკში ორი ტიპი გამოჩნდა. ბიჭების თქმით, ორივე ნიღბით იყო. ორივეს ყუმბარტყორცნი ჰქონდა. პირველი გასროლა... რამდენიმე წამში – მეორე... კიდევ რამდენიმე წამი და მიკროავტობუსი მოსახვევში მიიმალა. სულ ეს იყო. რა უნდა გაგვეკეთებინა ასეთ ვითარებაში? ბიჭებმა იარაღის მომარჯვებაც კი ვერ მოასწრეს!
– თქვენ არავინ გადანაშაულებთ, – დაამშვიდა ჯაბამ, – სხვას რას იტყვი? უცნაურად არ გეჩვენება ეს ყველაფერი?
– ძალიან უცნაურად, – თავი დაუქნია დაცვის უფროსმა, – ქუჩის „შპანას“ ამ საქმესთან არაფერი აკავშირებს. ის ტიპები ნაღდი პროფესიონალები იყვნენ. გვაკვირდებოდნენ. თანაც ისე, რომ ჩვენ ერთხელაც ვერ შევამჩნიეთ. მიკროავტობუსი მოამზადეს. ლუკის შეთვალიერება მოვასწარი. ეს საქარხნო ლუკი არ იყო. შეგნებულად გაადიდეს, რომ ერთბაშად ორ ყუმბარმტყორცნელს შეძლებოდა სროლა... და ყოველივე ამის შემდეგ მათ მხოლოდ ორანჟერეის მინები დაამსხვრიეს. ასეთი შედეგის მიღწევა რიყის ქვების სროლითაც შეეძლოთ!..
– რა გამოდის? – ჰკითხა ჯაბამ.
– განათებული ორანჟერეის ფონზე სამი სამიზნე, ყუმბარმტყორცნის ორი გასროლა და ყველა იქ მყოფი ცოცხალი გადარჩა!.. ასეთი რამ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ვინმეს მოკვლა არ გინდა. მე ეზოდან დავინახე ორივე აფეთქება. ასეთ მანძილზე ორანჟერეისთვის აცილება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. ორივე ჭურვი ორანჟერიის ზემოთ, მესამე სართულის კედლისკენ იყო მიმართული და სწორედ მას მოხვდა, მაგრამ აფეთქების ტალღა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ორანჟერეის გასანადგურებლად.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

tbiliselebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაბეჭდვა რედაქციასთან შეთანხმების გარეშე, ისჯება კანონით.
скачать dle 11.3