კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№43 ბინძური თამაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #40-42(981)

  მეკავშირე მიხვდა, რომ გაება და ამოილუღლუღა:
– ჩემგან რას მოითხოვთ?
– თბილისში უნდა დაბრუნდეთ და გენერალ კორღალიძეს დაუდასტუროთ, რომ კონსპირაციული შეხვედრის დროს გურამ ბაქრაძე თავს დაგესხათ. თქვენ კი ის შემოგაკვდათ.
– მერე და ამას როგორ დავამტკიცებ?
– ეს უკვე ჩვენი საზრუნავია, მაგრამ მიმალვა და მოტყუება არც გაიფიქროთ. გარწმუნებთ, რომ დიდი ხნით ვერსად დაიმალებით და თავს წააგებთ.
– თანახმა ვარ, – თქვა მეკავშირემ, რომელსაც ხელბორკილები მაშინვე მოხსნეს. ორი დღის შემდეგ კი ის უკვე თბილისში ჩაფრინდა.
მეორე დღეს ერთ-ერთმა ფრანგულმა არხმა სიუჟეტი გაუშვა, რომელიც მაყურებელს ამცნობდა, რომ ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის ცხედარი, ახალგაზრდა მოკლული იყო.  კადრებში გურამ ბაქრაძე ჩანდა, რომელიც იატაკზე, სისხლის გუბეში  ეგდო. გამოაცხადეს, რომ დახმარებას ითხოვდნენ მის ამოსაცნობად. ამ ცნობამ შეძრა როგორც გენერალი კორღალიძე, ასევე „ეფესბე“. მეორე დღეს კი „ტურას“ პარიზელი მეკავშირე ეახლა და დაწვრილებით მოუყვა, თუ როგორ შემოაკვდა მოგერიების დროს გურამ ბაქრაძე. მეკავშირეს მეტი დამაჯერებლობისთვის სხეულზე ნაკვეთი ჭრილობები ჰქონდა, რომლებიც საფრანგეთის კონტრდაზვერვაში გაუკეთეს. შალვა კორღალიძე შოკირებული იყო ნანახით და მოსმენილით. ადგილს ვერ პოულობდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ნებისყოფა მოიკრიბა და მეკავშირეს უთხრა:
– კუდი ხომ არ დაგიტოვებია?
– არა. რას ბრძანებთ, ბატონო შალვა. შემთხვევის ადგილიდან სუფთად წამოვედი და თქვენ გარდა, არავინ იცის ეს ამბავი. უფრო სწორად, ის რომ ბაქრაძე მე შემომაკვდა, – თქვა მეკავშირემ.
– კიდევ კარგი. ახლა მეორე ობიექტზე წადი და ცხვირი არ გამოყო. ხვალ დილით მოვალ. თვითმფრინავის ბილეთსა და პლასტიკურ ბარათს მოგიტან, რომელზეც ორმოცდაათი ათასი დოლარია და ანტალიაში გაფრინდები. აქაურობასაც გაერიდები, თან სამი კვირა დაისვენებ. მანამდე ყველაფერი დალაგდება და უკან მშვიდობით დაბრუნდები. გასაგებია? – უთხრა მეკავშირეს „ტურამ“.
– დიახ. გასაგებია.
– კარგი. წადი ახლა და დამელოდე, – უთხრა კორღალიძემ მეკავშირეს და გაისტუმრა.
მეორე ობიექტი ის კონსპირაციული აგარაკი იყო, სადაც „ტურა“ მერაბ ბაქრაძეს მალავდა.
შეშფოთებულმა გენერალმა კვალის წაშლა განიზრახა და მეორე ობიექტზე მეკავშირე იმიტომ გაუშვა, რომ ის და მერაბ ბაქრაძე ფიზიკურად გაენადგურებინა, მათი გვამები კი გადაემალა. „ტურას“ დრო სჭირდებოდა, რომ პირადი ქილერი გამოეძახა და მისთვის ეს ბინძური საქმე დაევალებინა. მეკავშირე რომ წავიდა, კორღალიძემ ქილერს უხმო და უთხრა:
– ორი საათის შემდეგ მეორე ობიექტზე მიხვალ და იქ მყოფების ლიკვიდაციას მოახდენ. შემდეგ კი მათ ცხედრებს ღრმად ჩაფლავ მიწაში და დაისვენებ. აი, გამომართვი, აქ ოთხი ათასი დოლარია და აბა, შენ იცი! მე თვითონ დაგიკავშირდები. შენი იმედი მაქვს. როგორც ყოველთვის, საქმის შესრულება პაროლით შემატყობინე.
დამუშავებული სქემის მიხედვით, ყოველი ბინძური საქმის დასრულების მერე ქილერი კორღალიძეს შეტყობინებას უგზავნიდა კონსპირაციულ ტელეფონზე და „ტურას“ რომ მიუვიდოდა კოდური წინადადება: „ფირმა გთავაზობთ გრანდიოზულ ფასდაკლებას“, გენერალმა იცოდა, რომ მისი შეკვეთა წარმატებით დასრულდა. ქილერის წასვლიდან ოთხი საათის შემდეგ „ტურამ“ კოდური შეტყობინება მიიღო და მთელი დაძაბულობა მოეხსნა. ღამის ორი საათი სრულდებოდა, მაშინღა იგრძნო, თუ როგორ დაიღალა და დაძინება გადაწყვიტა. მაღვიძარა დილის შვიდ საათზე დააყენა და ჩაილაპარაკა: ბოლო აკორდიღა დამრჩა. ამასაც შევასრულებ და მერე სამუდამოდ გავქრები...
სათადარიგო გეგმის მიხედვით, რომელიც უკვე მოქმედებდა, „ტურა“ ჯერ სამსახურში უნდა მისულიყო და სეიფიდან წინასწარ დამზადებული საბუთები აეღო, რომელშიც მხოლოდ სურათი იყო ჩასაკრავი. შემდეგ ქილერისთვის დაერეკა, შეხვედრაზე დაებარებინა და მოეკლა. ბოლოს კი პლასტიკურ ქირურგთან მისულიყო, რომელიც მას გარეგნობას შეუცვლიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა სახე ფორმაში ჩადგებოდა, სურათი გადაეღო და საბუთებში ჩაეკრა. ბოლოს კი მოეკლა ექიმი, მასთან შენახული ნაღდი ფული და პლასტიკური ბარათები აეღო და სამუდამოდ მიმალულიყო. კორღალიძე ჯერ წინასწარ ნაყიდ, თბილისის კონსპირაციულ ბინაში აპირებდა გაჩერებას, სულის მოთქმასა და დაკვირვებას, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები მისი გაუჩინარების მერე. შემდეგ კი საზღვარგარეთ წავიდოდა და იმ გეგმით იმოქმედებდა, რომელიც ამ შემთხვევისთვის ჰქონდა შემუშავებული.
***
  ჯერ კიდევ დილის ექვსი საათი იყო, რომ „ტურას“ მოულოდნელად გამოეღვიძა. გული აჩქარებით უცემდა და ოფლი ასხამდა. თავს ცუდად გრძნობდა და ასეთი მდგომარეობა დაძაბულობისგან მიღებულ გადაღლილობას დააბრალა. თავი რომ გაემხნევებინა, სავარძლიდან წამოდგა და წაივარჯიშა. შემდეგ ცივი შხაპი მიიღო. ყავა დალია და გააბოლა. ამ დროს მაღვიძარამ რეკვა დაიწყო და კორღალიძის გულმა საშინელი ბაგაბუგი ატეხა. „ტურამ“ მაღვიძარა კედელს მიანარცხა და დაადუმა. ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა. ბოლოს დამშვიდდა. ჩაიცვა და სამსახურში გაემგზავრა. ცხრა საათზე ტრადიციული ნახევარსაათიანი თათბირი ჩაატარა. შემდეგ სეიფიდან პასპორტი და სხვა გამზადებული საბუთები გამოიღო. მდივანს დაუბარა, სპეცდანიშნულების ბაზაზე მივდივარ და ორ საათში დავბრუნდებიო და წავიდა. ოციოდე წუთის შემდეგ მანქანა ერთ მყუდრო ქუჩაზე გააჩერა და ქილერს დაურეკა, რომ მოსაკლავად თბილისის ზღვაზე დაებარებინა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა – ტელეფონი გამორთული ჰქონდა. კორღალიძე ამან ისე შეაშფოთა, რომ გული ისევ აუჩქარდა. თავდაპირველად ქილერთან სახლში მისვლა და მისი იქ მოკვლა გადაწყვიტა. ბოლოს გადაიფიქრა. ქალაქში რამდენიმე შესამოწმებელი მანევრი ჩაატარა და რომ დარწმუნდა, არავინ აჯდა კუდზე, პლასტიკური ქირურგის სახლისკენ აიღო გეზი. მანქანა ხუთასიოდე მეტრის დაშორებით გააჩერა. მუქი სათვალე გაიკეთა და გზა ფეხით განაგრძო. ექიმი სახლში დახვდა და „ტურა“ რომ დაინახა, არ ესიამოვნა. ნაძალადევად გაუღიმა და ბინაში შეიყვანა.
– გეტყობა, რომ ჩემი დანახვა არ გესიამოვნა, – უთხრა მასპინძელს სავარძელში მოკალათებულმა გენერალმა.
„ტურას“ ექიმი ორი უკანონო ოპერაციის ჩატარებაში ჰყადა მხილებული – მან საერთაშორისო ძებნილებს გარეგნობა შეუცვალა და ყურებით ჰყავდა დაჭერილი. ეს კომბინაცია თავად კორღალიძის მიერ იყო მოწყობილი და ცალკე იმ სახეშეცვლილ ძებნილებსაც აკონტროლებდა. ექიმმა ეს არ იცოდა, მაგრამ რა ძნელი მისახვედრი იყო, რომ უვერაგეს ადამიანთან ჰქონდა საქმე. მისი ეშინოდა, თან სძულდა. პროფესორმა კვლავ ნაძალადევად გაუღიმა გენერალს და მიუგო:
– საიდან მოიტანე შალვა ეს. პირიქით, ძალიან გამიხარდა.
გენერალმა ხელი ჩაიქნია და თქვა:
– ამას არ აქვს მნიშვნელობა. ოპერაციის დრო დადგა და როდის შეგეძლება მისი ჩატარება?
– ამაღამვე, – მოკლედ მიუგო პროფესორმა.
– და ხალხში როდის შევძლებ გამოჩენას?
– მაქსიმუმ ერთ თვეში.
– ძალიან კარგი. ამაღამვე უნდა გამიკეთო, მაგრამ გაფრთხილებ, რომ ხიმანდრობა არ გაბედო. ჩემს ჩაშვებას ან, სულაც, მოკვლას თუ მოინდომებ, ჩემი სანდო ადამიანი მთელ შენს „გრეხებს“ ფლობს, მაგრამ ჩაშვებამდეც არ მიიყვანს საქმეს და წამებით ამოგხდის სულს, – დაემუქრა „ტურა“ პროფესორს.
– რას ამბობ, შალვა, რა ჩაშვება, რის მკვლელობა? ყველაფერს ფრიადზე შევასრულებ. ისე შეგიცვლი სახეს, რომ მშობელი დედაც ვერ გიცნობს. მე თვითონ მოგაწესრიგებ და ყველაფერი კარგად იქნება.
– არ იქნება და შენს თავს დააბრალე, – თქვა „ტურამ“ და დაამატა, – ახლა კი ცოტას წავიხემსებ, თორემ არაფერი მიჭამია.
პროფესორმა სუფრა გააწყო და კორღალიძე მაგიდას მიუჯდა. ის-ის იყო „ტურამ“ შემწვარი ხორცი დაჭრა და ჩანგალზე წამოაცვა, რომ მეხუთე სართულის უზარმაზარი სამზარეულოს ფანჯარაში ერთმანეთის მიყოლებით ოთხი სპეცრაზმელი შეფრინდა, რომლებიც ტროსებზე იყვნენ დაკიდებული. მეორე ნიღბიანი ჯერ კიდევ ჰაერში იყო, როდესაც პირველი კორღალიძეს დაეტაკა, ხელები ზურსუკან გადაუგრიხა და ჯერ  ხელბორკილი დაადო, შემდეგ კი ფეხებიც გაუკოჭა. მეორე სპეცრაზმელი შესასვლელისკენ გაქანდა და ბინის კარი გააღო. მესამემ პროფესორი საძინებელში გაიყვანა, გაკოჭა და რადიატორზე მიბმული დატოვა. მეოთხე კი ბინის დათვალიერებას შეუდგა. ეს მოქმედებები სულ რაღაც რვა წამში განხორციელდა და სპეცრაზმელებმა ისე ელვისებურად იმოქმედეს, რომ პროფესორმა და კორღალიძემ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრეს. სულ რაღაც ნახევარი წუთის შემდე, იქაურობა სრულიად კონტროლდებოდა. ოთახში კი, სპეცრაზმელების გარდა, უკვე საქართველოს უშიშროების სამსახურის ოთხი მაღალჩინოსანიც იყო, რომლებსაც „ტურა“ კარგად იცნობდა და კიდევ ოთხი უცხოელი, რომლებსაც გენერალი პირველად ხედავდა. ისინი მაღალჩინოსნები იყვნენ და ქართველ კოლეგებთან ერთად მოქმედებდნენ.
პროფესორი და გენერალი უშიშროების შენობაში სხვადასხვა მანქანით წაიყვანეს. ექიმი რიგითმა გამომძიებელმა დაჰკითხა. გენერალ შალვა კორღალიძის დაკითხვა კი მინისტრის კაბინეტში მიმდინარეობდა და თავად მინისტრთან ერთად ამ პროცესს მისი ორი მოადგილე და ფრანგები ესწრებოდნენ. დაკითხვას კი ის ფრანგი კონტრმზვერავი ახორციელებდა, რომელიც ფრანგების მიერ ჩატარებულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
– მუსიე კორღალიძე, თქვენ ბრალი გედებათ საფრანგეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ქმედებებში. ესენია: ჯაშუშობის ორგანიზება და ჯაშუშობაში ხელშეწყობა. მკვლელობის ორგანიზების მცდელობა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ქონების დაუფლების მცდელობა უკანონო გზით, – უთხრა მან ხელბორკილიან გენერალს.
– სისულელეა! – გააწყვეტინა კორღალიძემ ფრანგს. მან კი მიუგო:
– თვრამეტი დღეა, გითვალთვალებთ და ყველა თქვენი ქმედება აუდიო და ვიდეოფირზეა დაფიქსირებული. გარდა ამისა, გვაქვს მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებები, რომლებიც თქვენს ბრალეულობას სრულად ადასტურებენ:
კორღალიძეს სახე წამოეჭარხლა და ფრანგ კონტრმზვერავს სიტყვა გააწყვეტინა:
– ესე იგი, „რიჟა ვახოს“ ავიაკატასტროფა და გურამ ბაქრაძის მკვლელობა ფიქცია იყო?
ფრანგმა მიუგო:
– დიახ. ოპერაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ მათი სიმულაცია მოვახდინეთ.
– გამოდის, რომ მეკავშირე გაშიფრეთ და თქვენზე ამუშავეთ?
– დიახ. ამის მეშვეობით თქვენს პირად ქილერზე გავედით და შევძელით მეკავშირის გადარჩენა, ასევე მერაბ ბაქრაძის, რომელიც თქვენს აგარაკზე  გყავდათ გამომწყვდეული, მის ძმას კი აშანტაჟებდით.
– რას იზამ, – ცინიკურად გაიცინა კორღალიძემ და დაამატა, – ასეთია ჩვენი პროფესიის ბინძური სპეციფიკა. გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ!
ფრანგს გაეღიმა და კორღალიძეს უთხრა:
– გმადლობთ, მაგრამ თქვენ ჯერ მთავარი არ იცით.
– კიდევაა რამე?
– დიახ. თქვენი მეშვეობით ჩვენ გავშიფრეთ რუსული კვალი და საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია „როქი“ აღვკვეთეთ...
ამ სიტყვებზე „ტურას“ ისტერიკა დაემართა, რუსეთის უშიშროების მხრიდან შურისძიების შიშმა საშინელ დღეში ჩააგდო. კორღალიძე ძლივს დაამშვიდეს და ფრანგმა მას უთხრა:
– დამშვიდდით. თქვენს მთავრობასთან შეთანხმებას მივაღწიეთ და ჩვენ წაგიყვანთ. იქ კი შურისძიებას ვერავინ მოახერხებს. ბინძური თამაში დასრულდა!
დასასრული

скачать dle 11.3