კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№43 ცოლებისგან მიტოვებულის აღსარება

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

  50 წლის ვხდები. შეიძლება ითქვას, სერიოზულად ერთხელაც არ დავფიქრებულვარ ჩემი ცხოვრების წესზე, ჩემს საქციელზე როგორც ზოგადად, ისე  ქალებთან ურთიერთობისას, არადა, ახლა ვხვდები, რომ საჭირო იყო დაფიქრება და თანაც როგორ!
  ახლა, როცა ნახევარ საუკუნეს მიტანებული, ჩხუბში დაინვალიდებული (ჩემი ერთ-ერთი მორიგი საყვარლის ქმარმა ცემით ლამის სიკვდილამდე მიმიყვანა და ისე დამნაყა, ეტლის ან ყავარჯნების გარეშე ვეღარ გადავადგილდები) და მარტოდმარტო, ერთი ძაღლის ამარა ვარ დარჩენილი, გადავწყვიტე, კალამს (ან კომპიუტერს) მოვკიდო ხელი და, ჩემი ცხოვრება, რაც კი გამახსენდება (მე შენ გეტყვი, დრო არ მაქვს ფიქრისთვის ან გასახსენებელი შემომაკლდება), საკუთარ თავსაც გადავუშალო თვალწინ და მკითხველიც ღრმად ჩავახედო საკუთარ თავში (მკითხველს იმიტომ ვახსენებ, რომ გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი ეს აღსარება პრესაში, თუნდაც ყვითელში, მაგრამ ყველაზე რეიტინგულ ჟურნალში გამოვაქვეყნო).
სხვათა შორის, წერა ბავშვობიდან მიყვარდა და მეხერხებოდა კიდეც, მაგრამ, ჩემი სიზარმაცისა თუ თავმოუბმელობის გამო, ყველა ჩანაწერი შუა გზაზე მაქვს მიტოვებული ქალების, ქეიფებისა თუ სხვა მსგავსი „საპატიო“ მიზეზების გამო და, არც ნებისყოფა მყოფნიდა, ნებისმიერი დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა, მათ შორის – ქალებთან ურთიერთობაც, რადგან ყველაფერი ძალიან მალე მბეზრდებოდა (ხასიათი მქონდა ასეთი), ამიტომ საკმაოდ უხეშად და უცერემონიოდ ვშორდებოდი თუ ვიშორებდი თავიდან იმ ქალბატონებსაც კი, რომლებსაც სულ რამდენიმე დღის წინ თან ვყვებოდი და მარადიულ სიყვარულს ვეფიცებოდი. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო დამტოვა განგებამ ასე დაფეხვილი, უგულშემატკივრო, უახლობლო და, როგორც უკვე ვთქვი, ერთი ძაღლის ამარა. პრაქტიკულად, კარის მეზობლის მეტი არავინ მყავს მომკითხავი, თუ არ ჩავთვლი ბავშვობის დროინდელ რამდენიმე ძმაკაცს (ახლა ყოფილი ძმაკაცები შემიძლია ვუწოდო), რომლებიც ხან ცალ-ცალკე და ხან ერთად თუ შემომივლიან თვეში ერთხელ, ზრდილობის გამო, მომიტანენ ორი-სამი დღის სამყოფ საჭმელს, ერთ-ორ წამალს (იციან, რომ ინვალიდობის პენსიის ამარა ვარ და, რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ. თუმცა არა, პენსიის გარდა სახლიდან ნივთებსა და წიგნებს ვყიდი), დამიტოვებენ 50 ლარს, ცოტა ხნით ჩამოსხდებიან და დაახლოებით ასეთი დიალოგი იმართება ჩვენ შორის (რომელიც მათი ყოველი მოსვლისას ფირზე ჩაწერილივით ზუსტად მეორდება):
– ხომ ხარ უკეთ?
– ჰო, შედარებით.
– გტკივა რამე?
– არა.
– ფეხებს უკეთ არ ამოძრავებ?
– ოდნავ.
– რაო, ექიმებმა?
– ახალი არაფერი (სად მაქვს ექიმებთან სიარულის ან თავი, ან საშუალება!).
– შვილები არ გირეკავენ?
– ხანდახან.
– რას აკეთებ მთელი დღეები სახლში მარტო?
– ვფიქრობ.
– რაზე?
– ყველაფერზე (აღარ მეკითხებიან, რა შედის ამ ყველაფერში).
– ფული უფრო მეტი ხომ არ დაგიტოვოთ? (გადასარევი შეკითხვაა!)
– არა, მადლობა, ესეც ბევრია.
– დავაი, აბა, მაგრად იყავი, ჩვენ წავედით. კიდევ მოვალთ.
– მადლობა, ნუღარ შეწუხდებით.
– რა შეწუხებაა, – მეუბნებიან უნდილი ღიმილით, რომელშიც კიდევ ორი სიტყვაა („ყელში ამოგვიხვედი“) გაჩხერილი ძვალივით და მერე, ვალმოხდილები და დაღლილები, შეღონებული სახეებით, ზლაზვნით გადიან ჩემი უქალო, არეულ-დარეული და სევდიანი ბინიდან. კი „ვიაზვობ“, მაგრამ თან, ვერც ვამტყუნებ – ყველას თავისი პრობლემა აქვს, არავინ არის ვალდებული, შენი უზნეო ცხოვრების გამო სიკვდილამდე გიაროს, გარჩინოს და კოჭი გიგოროს. მე, ალბათ, ამდენსაც ვერ გავუკეთებდი ვერავის.
რაც შეეხება შვილებს, მათი ზარი მხოლოდ მაშინ გაისმის ჩემს ბინაში, როცა ფული სჭირდებათ, დიალოგები კი ჩვენ შორის არ იმართება, რადგან თითოეული მათგანი, ერთი-ორი წინადადებით შემოიფარგლება მონოლოგის რეჟიმში, ბრძანებითი კილოს გამოყენებით:
– ხუთასი დოლარი მინდა დღესვე! – და პასუხს არ უცდის, ისე თიშავს ტელეფონს.
– ათასი დოლარი მჭირდება, როგორც გინდა, ისე მიშოვე! – ტელეფონი ამანაც გათიშა.
– ორი ათასი ევრო მაკლდება მანქანაზე. არ მაინტერესებს, გაქვს თუ არა, საღამომდე გაძლევ ვადას! დანარჩენებს (და-ძმებს გულისხმობს) ხომ კარგად უტენი ჯიბეში, ჰოდა, მე რითი ვარ ნაკლები? – ეს უფრო სიტყვაუხვია.
– გავიგე, ოპერაციის გაკეთებას აპირებ. ფეხი არსად გაგექცევა, ეგ ფული მე უნდა მომცე, უარი არ გაგივა! ხვალ დაგირეკავ და დამახვედრე!
წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოიგონა ოპერაცია. ვინ მომაშავა ოპერაციის ფული, საჭმელსა და წამლებსაც კი ვერ ვყიდულობ სრულყოფილად.
ასეთი შვილები გაზარდეს მათმა დედებმა. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ოთხი შვილი მყავს (ორი გოგო და ორი ბიჭი) სხვადასხვა ქორწინებიდან.
რაც შეეხება ცოლებს, ისინიც დაახლოებით იმავე სიხშირითა და იმავე მოთხოვნებით მირეკავენ ხოლმე, ოღონდ, შედარებით გრძელი ტექსტებით „მართობენ“, რაც ძირითადად ჩემს ლანძღვასა და შერცხვენაში გამოიხატება. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ, ცოლების რაოდენობის გათვალისწინებით, შეიძლება, ჩემპიონიც კი აღმოვჩნდე (საქართველოს მასშტაბით მაინც): ხუთი ოფიციალური ცოლი მყავდა – სამოქალაქო რეგისტრაციით; ერთთან მხოლოდ ჯვარი მქონდა დაწერილი, ერთი კი, ეგრეთ წოდებული, „გრაჟდანსკაია ჟენა“ იყო (თითოეულ მათგანთან ორიდან სამ წლამდე ვიცხოვრე), ანუ, სულ შვიდი გამოდის, თუ არ ჩავთვლით მიმდინარე, რიგით, მაგრამ უფრო ჭკვიან ნაშებს, რომლებსაც ოფიციალური ცოლის სტატუსი არ ხიბლავდათ, რადგან მათთვის სიტყვები – „გათხოვება“ და „ყველანაირი თავისუფლების დაკარგვა“ – სინონიმები იყო.
ვინაიდან თავიდანვე გადავწყვიტე, ბოლომდე გულწრფელი ვიყო, ვაღიარებ, რომ გახლდით ცუდი შვილი, ცუდი ქმარი და ცუდი მამა, მაგრამ ვიყავი კარგი მეგობარი და კიდევ უფრო უკეთესი საყვარელი – ამგვარად რომ არ ყოფილიყო, ქალები ასე არ გაგიჟდებოდნენ და ასე არ დახოცავდნენ ერთმანეთს ჩემ გამო. მათთვის არაფერი მენანებოდა: სულ დღესასწაულებს ვუწყობდი, ძვირფას საჩუქრებს ვაყრიდი თავზე, მაშინ, როცა არც კი ვიცოდი, ჰქონდათ თუ არა საჭმელი ჩემს შვილებს. ნებისმიერი ქალი ჩემთან ურთიერთობის პერიოდში დედოფლად გრძნობდა თავს (ეს ეხება ჩემს შვიდივე ცოლს, ოფიციალურსაც და არაოფიციალურსაც, ოღონდ, მანამ, სანამ ცოლის სტატუსს მომთხოვდნენ), მაგრამ ეს არცერთს არ აკმაყოფილებდა – ორიოდე თვის შემდეგ თითოეულ მათგანს ქორწინების სასახლე (მინიმუმ – მმაჩის ბიურო) და საკურთხეველი (არა იმიტომ, რომ თავგადაკლული მორწმუნეები იყვნენ, არამედ, მათი გაგებით რომანტიკულობის გამო) ელანდებოდა, რა თქმა უნდა, გრანდიოზული ქორწილის ფინალით. ბოლოს კი ნანობდნენ (უკლებლივ ყველანი), რომ არ დამიჯერეს – მე ხომ ვაფრთხილებდი, სიტყვა „ცოლი“ ჯოჯოხეთის კარის გასახსნელი კოდური სიტყვაა, საქორწინო ბეჭედი კი – ამ კარის სათადარიგო გასაღები-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეს.
  ახლა, როცა ჩემი ყველანაირი კატეგორიის ცოლთა რაოდენობა ვახსენე, ჯერ შემეცოდა საკუთარი თავი, მერე კი გული დამწყდა, რომ ჩემნაირ მრავალტანჯულ მამაკაცებს არც საზოგადოება და არც რომელიმე მთავრობა (ოთხ თუ მეტ მთავრობას მოვესწარი) არ აფასებს სათანადოდ: შვიდი ცოლიდან გამომდინარე, მინიმუმ შვიდი კაცის მაგივრად ხომ გამოვიარე ჯოჯოხეთი?! ქვეყანას ხომ ვაჩუქე ოთხი ქართველი (ეს, რაც მე ვიცი)?! ამ წამს ერთი საინტერესო იდეა მომივიდა თავში: სადმე, თუნდაც ქალაქგარეთ, უნდა გაიხსნას ტანჯული ქმრების (ან გმირი ქმრების) ვარსკვლავების ხეივანი და პირველი ვარსკვლავი ჩემი უნდა იყოს (როგორც იდეის ავტორის), ოღონდ, ვარსკვლავები ისე უპრაგონოდ კი არ უნდა დარიგდეს, როგორც ღირსების ორდენები და ხელოვნების მუშაკთა ვარსკვლავები რიგდებოდა და რიგდება დღესაც (ცხადია, ყველა ხელოვანს არ ვგულისხმობ). აქ ქართულ-ხალხურმა „ბიძაშვილ-მამიდაშვილობამ“ არ უნდა წაიყვანოს სტოსი, ეს ვარსკვლავები მხოლოდ ღირსეულებს უნდა გაუხსნან (მრავალცოლ და მრავალჭირგამოვლილ ქმრებს ვგულისხმობ)!
  ნელ-ნელა ვუახლოვდები ჩემი აღსარების მთავარ თემას – ჩემს ურთიერთობას თითოეულ ცოლთან, მაგრამ მანამდე ერთიც უნდა ვთქვა ქალების შესახებ: ალბათ, ყველას ახსოვს ჭაღარაწვერებიანი ანეკდოტი – „აქანა დავდგამ სტენკას“... ჰოდა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხმამაღლა ვაცხადებ: ქართველი ქალების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას (ძირითადად, 18 წლის ზემოთ), უკვე წინა დღეს აქვს „სტენკა“ დადგმული იმ მამაკაცის ბინაში, რომელთანაც ღამის გასატარებლად მიდის – ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასე იყო და თითოეულ ჯერზე, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამ „სტენკების“ ჩემი ბინიდან გაზიდვა-გადაყრას ვუნდებოდი.
  უკაცრავად, მაგრამ, ძირითად თხრობაზე გადასვლამდე ჩემი კიდევ ერთი მოსაზრება უნდა გაგიზიაროთ: ზოგადად, ხომ არსებობს ნიჭი (მაგალითად, ხატვის, წერის, მუსიკის და ასე შემდეგ), უფლებები და მოვალეობები? ასევე არსებობს, ალბათ, ცოლობისა და ქმრობის ნიჭი, უფლება და მოვალეობა. ჩემი ღრმა რწმენით, ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენის უფლება ოფიციალურად უნდა ენიჭებოდეს მხოლოდ იმ ქალს ან მამაკაცს, ვისაც აქვს ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭი (ოღონდ ჯერ არ მომიფიქრებია, როგორი უნდა იყოს ამ ნიჭის გამოსავლენი ტესტები), რადგან მხოლოდ ასეთი ადამიანი შეასრულებს თავის მოვალეობებს (ცოლის, ქმრისა თუ მშობლის). თუ სიყვარულის ნიჭი არ გაქვს, ოჯახის შექმნა უნდა აგეკრძალოს. მე, მაგალითად, არ მაქვს სმენა და, შესაბამისად, ვერ ვმღერი, უფრო სწორად, ვირივით ვყროყინებ. შეიძლება, ასეთ ადამიანს გრანდიოზული, საერთაშორისო დონის სოლო-კონცერტის ჩატარების უფლება მომეცეს, უფრო სწორად, დამევალოს?! ცხადია, არ შეიძლება. კონცერტმაისტერიც (ან ის კომპოზიტორი, რომლის ნაწარმოებიც უნდა შევასრულო) თუ ჩემსავით უნიჭო აღმოჩნდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? – სრული კაკაფონია, ჯოჯოხეთი (აი, უკვე მერამდენედ და მერამდენე ასპექტში ვახსენე ეს საშინელი სიტყვა). მერე, რა დააშავა შეკრებილმა საზოგადოებამ? რატომ უნდა დაზარალდეს ყველანაირად, იმიტომ, რომ გენდო და მოვიდა შენს მოსასმენად? ასე ხომ იმედს უცრუებ ამდენ ხალხს, ფსიქიკას უფუჭებ და აგრესიულს ხდი?! შეიძლება, მთლად ზუსტი შედარება არ გამოვიდა, მაგრამ დაახლოებით ასე ხდება, როცა სიყვარულში უნიჭო ადამიანები ქმნიან ოჯახს და აჩენენ შვილებს, რომელთა აღზრდასაც შემდეგ ვეღარ ახერხებენ, ან კიდევ უარესი – თავს აღარ იწუხებენ. სადაც ჭეშმარიტი სიყვარული არ არის, იქ მხოლოდ პატივმოყვარეობა, ამბიცია და უპასუხისმგებლობა იბუდებს, რითაც ისევ და ისევ მთელი საზოგადოება ზარალდება, შენი და შენი შვილების ჩათვლით – ამ ყველაფერს საკუთარ თავზე ვამბობ... ხომ ხედავთ, როგორი დიდი მორალისტი ხდება ადამიანი (საკუთარ თავს ვგულისხმობ), რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, რომელიც იმავე ათეული წლების განმავლობაში თავისი ტ...ის ქეიფზე ცხოვრობს (ამას ჩემი შვილები და ყოფილი ცოლები ამბობენ და ნაწილობრივ მეც ვეთანხმები) და მხოლოდ მას შემდეგ ახსენდება ადამიანური და მორალური ღირებულებები, როცა აბსოლუტურად მარტო და უგულშემატკივრო რჩება; როცა აღარც ფიზიკურად და აღარც მატერიალურად აღარ აქვს, უკაცრავი პასუხია და, ცხოვრებაში გატრაკების თავი. მხოლოდ ამ დროს ხედავ სხვის შეცდომებს გამადიდებელი შუშით და სხვასაც და საკუთარ თავსაც უმტკიცებ, რომ მათი საქციელი არასწორი, მიუღებელი და დასაგმობია; რომ შენ ასე არასოდეს მოიქცევი... ერთი სიტყვით, ხდები წესიერების, პატიოსნების და, ზოგადად, მორალის ფუძემდებელი. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ქალი მთელ ახალგაზრდობას ბოზობაში რომ გაატარებს, ასჯერ რომ გათხოვდება, ასივე ქმარი ღალატის გამო რომ გაეყრება, არცერთ შვილს დედობას რომ არ გაუწევს და, მერე, როცა ასაკში შევა და ბოზობის თავი აღარ ექნება, ახალგაზრდების ლანძღვას იწყებს – გაფუჭებული თაობა მოდის, ნახეთ, რა მოკლე კაბებით დადიანო (მე თვითონ ვიცნობ ასეთ „პატივცემულ“ და „მორალისტ“ ხნიერ ქალებს).
საიდან სად წავედი! ჰო, შვილებზე ვლაპარაკობდი – მხოლოდ ფულისთვის მირეკავენ-მეთქი.
  კარგა გრძელი მონოლოგი გამომივიდა, მაგრამ, ეტყობა, იმიტომ ვეღარ მოვზომე, რომ წერა მომნატრებია. რა კარგი შეგრძნება ყოფილა, როცა ზიხარ შენთვის მყუდროდ „ხრუშჩოვკის“ ნესტიან და სარემონტო ოროთახიან ბინაში, არავინ გაწუხებს, არაფერი გიშლის ხელს – არც ბავშვის ტირილი, არც სიდედრის ხავილი, არც ცოლის ისტერიკები; ბეჭებზე ძველი პლედი გაქვს მოხურული, უზიხარ ცოტათი მორყეულ მაგიდას, წინ გიწყვია პასტა და თაბახის ფურცლები (ან, უკეთეს შემთხვევაში – ძველი კომპიუტერი); მარცხენა ხელის შუა და საჩვენებელ თითებს შორის გარჭობილი ახრჩოლებული იაფფასიანი სიგარეტიდან პირდაპირ მაგიდაზე ცვივა ფერფლი, რადგან ნაფაზის გაკეთება აღარც კი გახსოვს – შენი ფიქრები უკვე გასულია „მომსახურების ზონიდან“, რის შედეგადაც შენი ოცკაპიკიანი პასტა სწრაფად ტოვებს თაბახის ფურცლებზე (ამ შემთხვევაში აშკარად პასტა და ფურცელი სჯობია კომპიუტერს) სიტყვებად და აზრებად ქცეულ ფარნავაზის ანბანს (ზუსტად ვიცი, მესროპ-მაშტოცს ისევე არ შეუქმნია ქართული ანბანი, როგორც მის ვიღაც თანამოძმეს არ დაუწერია – „ვეფხისტყაოსანი“); თავისუფლად და ბედნიერი სახით მოგზაურობ შენს ცოდვილ თუ უცოდველ წარსულში ოდნავ მშიერი, ოდნავ შემცივნული და მაინც რაღაც უცნაურად ბედნიერი, რადგან, როგორც იქნა, სრულიად მარტო დარჩი საკუთარ ფიქრებთან, ფეხებთან კი გიწევს ამქვეყნად უერთგულესი არსება – გერმანული ნაგაზი ჯეჯე, რომელიც სუნთქვით გითბობს გაყინულ ტერფებს და სიყვარულით შემოგციცინებს თვალებში, რადგან დარწმუნებულია, რომ შენც ძალიან გიყვარს, თუმცა მისთვის ესეც სულერთია – მას მაინც ერთგულად და  ბოლომდე ეყვარები, თუნდაც შენ, როგორც საერთოდ ადამიანებს სჩვევიათ, სულ მთლად უმიზეზოდ უღალატო და უარი თქვა მასზე...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3