კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ არის ქრისტიანების სიყვარული ამპარტავნება და რატომ მოიგონეს ადამიანებმა ძალიან ბევრი ლოცვა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ბოროტებას არსი არ გააჩნია, ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა, სიცივე – სითბოს ნაკლებობა, სიძულვილი – სიყვარულის ნაკლებობა, ურწმუნოება – რწმენის ნაკლებობა. ამიტომ ღმერთს უნდა ვევედროთ, რომ მან შეავსოს ჩვენში არსებული სიკეთე, სიყვარული, სითბო, რწმენა, აღმსარებლობა. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– სახარება არაერთხელ გვამხელს ჩვენს ცოდვებში, რომ არ ვართ ქრისტიანები. ჩვენ ისე არ ვექცევით სხვას, როგორც ჩვენ გვინდა, რომ მოგვექცეს სხვა. თქვენს აღსარებას შეხედეთ: ყოველ წამს, ყოველ წუთს განიკითხავთ სხვა ადამიანებს. თქვენ ხომ არ გინდათ, რომ ვინმემ განგიკითხოთ, მაშინ რატომ განიკითხავთ? თუ გიყვარს შენი მოყვარულები, ეს რა ვაჟკაცობაა, ასე ხომ წარმართები იქცევიან. სახარება გვეუბნება: იყავი ისეთი მოწყალე, როგორც შენი ზეციური მამააო. აბა, იმ ხალხმა, რომელიც გიყვართ, პირში რომ გითხრათ სიმართლე, ხომ მაშინვე მოიძულებთ. რადგან ჩვენი სიყვარული ხომ პატივმოყვარეობაა, ვინც გვაქებს, გვადიდებს, ის გიყვარს. საკმარისია გვითხრან: არ მომწონხარ, ფარისეველი ხარ, მაშინვე გვწყინს და ვიძულებთ ადამიანებს. ბერი პაისი ათონელი ძალიან დიდი წმიდა მამაა, ჩემთვის ის ახალი ოქროპირია. მან დაწერა ძალიან საინტერესო წიგნი „გულისტკივილითა და სიყვარულით თანამედროვე ადამიანის შესახებ“. მე ამ წიგნიდან 4 დარიგება-შეგონება მინდა, გაგაცნოთ.
– რომელია ისინი?
– პირველ შეგონებაში მამა პაისი თანამედროვე მღვდლებსა და ქრისტიანებს ასეთ რამეს გვეუბნება: თქვენ ძალიან ბევრს ლოცულობთ, ბევრი ლოცვა იცით, კითხულობთ, მაგრამ ძალიან ცოტას ლოცულობთო. იცით, ადრე რამხელა ბედნიერება იყო, ლოცვანი რომ გქონოდა.  სად იყო ამის ბედნიერება. დღეს იმდენი ლოცვა არსებობს, რომ ადამიანები ცოტა დაიბნენ. კბილი რომ გტკივა იმის ლოცვაც არსებობს, ყური რომ გექავება – იმისიც. იმდენად დავწვრილმანდით და იმდენად გაფართოვდა ჩვენი ლოცვითი არეალი, რომ ყველაფერი მოიგონეს. როდესაც იესო ქრისტეს მოციქულები ეკითხებიან: როგორ ვილოცოთო, ის მათ ასწავლის „მამაო ჩვენოს“. „მამაო ჩვენო“ არ არის დიდი, სულ 7 მუხლია, მაგრამ საკუთარ თავში ბევრ რამეს მოიცავს. მაცხოვარმა ისიც გვითხრა: ბევრს  ნუ ისაუბრებ, შედი შენს ოთახში, ანუ შენი გულის კარში ჩაიკეტე და მრავლისმეტყველებაში ნუ ჩავარდებიო. როდესაც ადამიანი მრავლისმეტყველებაში გადადის, შემდეგ ავიწყდება, ვის ესაუბრება, რაზე ესაუბრება და რა უნდოდა. მერე თავმომწონებაში გადადის და განიკითხავს  იმათ, ვინც არ ლოცულობს. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ბევრი ლოცვა იცით, მაგრამ არ ლოცულობთ. ყველაზე მეტი, რაც დღეს ადამიანს აკლია, ეს არის ლოცვები. ჩვენ არ ვიცით ლოცვები. მე ვატარებ წირვას, მაგრამ შეიძლება არ ვლოცულობდე. ხელი კი არ უნდა ჩაიქნიოთ, უნდა ილოცოთ სხვისთვის და არ უნდა თქვათ: წავიდეს რა, ის ცუდია, მე კარგი ვარ. საკუთარ თავს დააბრალეთ და ამით მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს. უნდა გვინდოდეს, რომ გვაპატიონ, ჩაგვეხუტონ და მოგვეფერონ. მაგრამ ჩვენც უნდა მოვიქცეთ ასევე. როცა ხედავს დედა, რომ შვილი გალაღდა, გათავხედდა, გარბის მამის სახლიდან, დედამ კი არ უნდა მიაწყევლოს, მუხლი უნდა მოიდრიკოს და თქვას: მაპატიე ღვთისმშობელო, ვერ გავზარდე კარგად, გთხოვ: მოაბრუნე ჩემთან. ეს ყველაფერი ლოცვით ხდება და ლოცვაზე დიდი ძალა არაფერს აქვს. კი არ იკითხოთ, ილოცეთ და ილოცეთ. რადგან ლოცვა სხვა არის და კითხვა – სხვა.
– როგორია მეორე შეგონება?
– ჩვენ ვსწავლობთ წმიდა მამების გამოცდილებას, მათ ღვთისმეტყველებას, მაგრამ პირადი გამოცდილება არ გაგვაჩნია. ეს ჩვენზეა, ყველაზე. წაიკითხავ წმიდა მამების დარიგებას, გამოდიხარ  გარეთ და ისევ ისეთი შურიანი, ბოროტი ხარ, იგინები და ჩხუბობ. წმიდა მამების დარიგებებს იმისთვის ვკითხულობთ, რომ ყოველდღე უკეთესები გავხდეთ. მაგრამ ამას რომ არ ვაკეთებთ, მერე ძალიან მძიმე ტვირთი გვედება კისერზე, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეკითხება.
  მესამე დარიგება კი ასეთია: ძალიან  ბევრ სამარხვო საჭმელებს მიირთმევთ, მაგრამ ცოტას მარხულობთო. დღეს ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მარხვა შეინახოთ, ბევრი საკვებია მარკეტებში, რომ მიირთვათ, მაგრამ არ მარხულობთო, ასე გვეუბნება ბერი პაისი. მარხვა სულაც არ არის საკვების მოკლება. მარხვა არის თვალების, ყურების, ხელების, ფეხების – ანუ რას ვუყურებთ, რას ვუსმენთ, სად მივდივართ, რას ვაკეთებთ. ენაშია ძალიან ბევრი შხამი და ენა უნდა დავიოკოთ, ამაზე უნდა ვიფიქროთ, ცოტა უნდა გავანელოთ და მორიელივით არ უნდა ვიყოთ.
მეოთხე შეგონება ყველაზე საინტერესოა: ხშირად გადიხართ აღსარებაზე, სიღრმისეულ აღსარებას ამბობთ, მაგრამ არ ინანიებთ. მოდიხათ, სიღრმისეულად ამბობთ აღსარებას, რომ ასეთი გარეწარი ხარ, ძუნწი, მეძავი, მაჩხუბარა, მაგრამ გადიხარ გარეთ და არაფერი იცვლება, ისევ ისეთი ხარ, ისევ ისე იქცევი, არაფერი იცვლება.
– რატომ ხდება ასე?
– ასე იქცეოდა იუდაც. მან 30 ვერცხლი მიიტანა, აღიარა: მოგეცით სისხლი მართლისა, მაგრამ არ შეინანა, აღარ დაბრუნდა ქრისტესთან, არ უთხრა: მოძღვარო, უფალო, მაპატიე. ასე ვართ ჩვენც: ისეთ აღსარებას მეუბნება ადამიანი, რომ თან თავს იწონებს –  ნახეთ, როგორი აღსარება ვთქვი, როგორი განათლებული ვარ და როგორ ჩავიხედე ჩემს სულში, რამდენი სიბინძურე დაგანახეო. არ გვჭირდება ჩვენ, სულიერ მოძღვრებს, თქვენი სულიერი სიბინძურის დანახვა, ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ, ერთად უნდა შევინანოთო, ეს არის მთავარი. სახარება უნდა ვიკითხოთ, წმიდა მამათა დარიგებები, რომ შემდეგ კარგად მოვინანიოთ, კარგად ვილოცოთ, შევინანოთ, რომ კარგი, სიღრმისეული აღსარების შემდეგ შევწყვიტოთ ცოდვების კეთება. ეს, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ შევამციროთ მაინც. რამდენი აღსარებაც უნდა ვთქვათ, თუ არ შევინანებთ, ჩვენში მაინც იქნება ცოდვა და მისი მოჭრაა მთავარი. ამპარტავნება უნდა მოიჭრას, რომელიც ალბათ, ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია. მთელი ცხოვრება რომ ხერხო, ხერხო, ბოლოს წაიქცევა. მაგრამ შენ ხომ იძახი: მე ასეთი ვარ და რა ვქნა. მივეჩვიეთ ამას და ბევრი აღსარებას ასე იწყებს: რა ვქნა, მამაო, ასეთი ვარ და უნდა მაპატიოო. მე კი გაპატიებ, მაგრამ ღმერთი გაპატიებს? არ გაპატიებს, რადგან ღმერთმა  ცოდვილ ქალს უთხრა: წადი და აღარ შესცოდოო. ღმერთი ვერ შეგინდობს, რადგან ისევ და ისევ ერთი და იგივე ცოდვაში ხარ, მერე თავმოტყუებული წახვალ, გეგონება, მეპატიაო. პატიება მაშინ ხდება, როცა ესა თუ ის ადამიანი აღარ იწყებს იგივეს გამეორებას. მაშინ გაპატიებ, როცა გამოსწორდები, როცა ისეთივე აღარ იქნები, როგორიც იყავი. პატიება, მონანიება, შენდობა ხდება მაშინ, როცა იცვლები.

скачать dle 11.3