კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№42 ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ინტერნეტ-ტელევიზიაში – „ნეტფლიქსში“ მუშაობს და რა კონტრაქტს მოაწერა მან ხელი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ანა მაჭარაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-ტელევიზიის – „ნეტფლიქსის“ წევრი გახდა. ის კომპანიას მომხმარებელთან ურთიერთობაში, მათ შენარჩუნებასა და ახალი მომხმარებლის მოზიდვაში დაეხმარება. ასევე, ფიზიკურ პირებთან და ბიზნესპარტნიორებთან ექნება ურთიერთობა და მომსახურების გაუმჯობესებაზე იზრუნებს. ანას ნიდერლანდებში დავუკავშირდით და სიამოვნებით დაგვთანხმდა, უფრო დეტალურად მოეყოლა თავისი წარმატების ამბავი.
  ანა მაჭარაშვილი: ბევრმა ადამიანმა გამიცნო, როგორც „ნეტფლიქსის“ თანამშრომელი, თუმცა სანამ აქამდე მოვიდოდი, დიდი და რთული გზის გამოვლა მომიხდა. ილიაუნის სტუდენტი ვიყავი საქართველოში, ბაკალავრიატზე გამოყენებით ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ვსწავლობდი. იმავე განხრით ვისწავლე ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნებისას გამიჭირდა ჩემს სფეროში დასაქმება და თავად გამოვიჩინე ინიციატივა, რომ უცხოელებისთვის ქართული ენა მესწავლებინა, რამაც გაამართლა. ეს სამუშაო მეხმარებოდა, ხელი შემეწყო ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში, რაც ძალიან მომწონდა და ასევე, ბევრ საინტერესო ადამიანსაც შემახვედრა. შემდეგ ვმუშაობდი საგანმანათლებლო ცენტრში, სადაც ბიზნესის გაფართოებაზე ვზრუნავდი და მოსწავლეებს ვეხმარებოდი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში. ამავდროულად, დავაარსე ტურისტული სააგენტო, რითაც ჰოლანდიის უნივერსიტეტებიდან სასწავლო ტურებზე ჩამომყავდა ჯგუფები. ჰოლანდიაში გადასვლის შემდეგ კი მუშაობა შევწყვიტე  და მთელი ენერგია სწავლას მოვახმარე.
– უცხოეთში სასწავლებლად გაემგზავრე?
– ჰოლანდიაში წასვლის მიზეზი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა იყო. დიდხანს ვცდილობდი, ბიზნესადმინისტრირების პროგრამაზე ჩამებარებინა, მაგრამ ჩემი განათლება არ შეესაბამებოდა მათ პროგრამებს. საქართველოში სამაგისტრო გამოცდები რომ ჩამებარებინა, ბიზნესისა და ეკონომიკის წიგნების კითხვა დავიწყე. რამდენიმე უნივერსიტეტმა მიმიღო და ბოლოს ილიაუნის ინგლისურენოვანი პროგრამა ავირჩიე ბიზნესის ადმინისტრირებაში. ამ პროგრამაზე მოპოვებული კრედიტების, ინგლისური ენის ტესტის, სხვა მრავალი საბუთის და გასაუბრებების საფუძველზე, მიმიღეს ჰააგის უნივერსიტეტში იმავე პროგრამაზე. სულ მალე ისიც შევიტყვე, რომ ჰოლანდიის მთავრობა სწავლისა და ცხოვრებისთვის სრულ გრანტს მთავაზობდა და მეც დიდი სიხარულით დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ჰოლანდიური თავგადასავლები.
– როგორია შენი ჰოლანდიური თავგადასავლები?
– პოზიტიური ამბებით დატვირთული წელი მქონდა. გარდა იმისა, რომ ბევრი ახალი რამ ვისწავლე და კარგი მეგობრებიც შევიძინე, მომეცა შესაძლებლობა, მემოგზაურა და  ბევრი საინტერესო ადგილი მენახა. უკეთ გავიცანი ჰოლანდია და მისი კულტურა. აღმოვაჩინე, რომ ჰოლანდიელები ძალიან ხელგაშლილი და პატიოსანი ხალხია, არაჩვეულებრივი იუმორის მქონე, რომლებიც  დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან ნებისმიერ საქმეს. ვცდილობ, მათგან ავიღო მაგალითი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერი ისე დავგეგმო, როგორც თვითონ აკეთებენ. ჰო, კიდევ, არ უყვართ ზედმეტად თავმომწონე ხალხი. ფინანსურად რაც უნდა  შეძლებული იყოს, ფუფუნების ნივთებით ნაკლებად ინტერესდებიან. ხშირად იყენებენ ფრაზას – ბე ნორმალ, სიტყვასიტყვით – „იყავი ნორმალური“, რაც  თანასწორად ცხოვრებას გულისხმობს.
–  როგორ გახდი „ნეტფლიქსის“ გუნდის წევრი?
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურის ძებნა დავიწყე. რამდენიმე თვე გაგრძელდა ძიების პროცესი. ყოველთვის იყო რაღაც, რაც მუშაობის დასაწყებად ბოლომდე არ მაკმაყოფილებდა. „ნეტფლიქსის“ აპლიკაციის გახსნიდანვე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ის, რასაც ვეძებდი. ძალიან ორიგინალური და საინტერესო იყო მთლიანი პროცესი – უნარებისა და თვითშეფასების ტესტების გავლა, ვიდეორგოლის მომზადება, გასაუბრებები და ბოლოს, Background check. ამ ყველაფერს რამდენიმე კვირა დასჭირდა და მეც მოთმინებითა და თავდაჯერებით ვუდგებოდი ყოველ ნაბიჯს. ბოლო გასაუბრებაზე თავი დავირწმუნე, რომ ეს სამსახური უკვე ჩემი იყო და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად მივდიოდი. ამ მიდგომამ გაამართლა და ვფიქრობ, ეს საუკეთესო კონტრაქტია, რაზეც კი აქამდე ხელი მომიწერია.
– რა პოზიციაზე მოგიწევს მუშაობა?
– „ნეტფლიქსში“ მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი დამევალა. ასევე, როგორც ინდივიდუალურ, ისე ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაციასა და მომსახურების გაუმჯობესებაზე ვიზრუნებ, რაც ბევრ სამუშაო აქტივობას აერთიანებს.
– როგორია „ნეტფლიქსის“ „შიდა სამზარეულო“?
– პირველი-ორი კვირა არის სწავლის კვირეული, სადაც ვეცნობი კომპანიას, მის მიზნებს, ბიზნესსტრატეგიებს, მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტის სისტემას და ასე შემდეგ. მერე კი შევუდგები მუშაობას. ვფიქრობ, ეს ორი კვირა გამოწვევებით სავსე იქნება, განსაკუთრებით – დასაწყისი, რადგან ძალიან ბევრი ინფორმაციის სწრაფად ათვისება მომიწევს. მიხარია, რომ საკუთარი თავის განვითარებისა და კარიერული წინსვლის საშუალება ასეთ კომპანიაში მომეცემა.
– უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება მარტივი არაა, რა სირთულეების გადალახვა მოგიწია და რამ შეგიწყო ხელი წარმატების მიღწევაში?
– დაგეთანხმებით, მარტივი არ ყოფილა.  ჰოლანდიაში ყველა სფეროში დიდი კონკურენციაა, თუმცა კარგი ის არის, რომ სწორად აფასებენ ცოდნასა და შესაძლებლობებს. ჩემი პროფილი კი ზუსტად მოერგო „ნეტფლიქსის“ ვაკანსიას, სადაც მთავარი კრიტერიუმები მომხმარებლებზე ორიენტირებულობა, დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები და პრობლემების ანალიზი იყო. მიზანდასახული ვარ და ამან ხელი შემიწყო, ერთი წლის განმავლობაში გავმკლავებოდი საკმაოდ რთულ სამაგისტრო პროგრამას, რაც თავისი ინტენსივობისა და აურაცხელი სამუშაოს გამო,  ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესო იყო და მაქსიმალურად ვცდილობდი, პროგრამაზე დასწრების ეს არაჩვეულებრივი შანსი გამომეყენებინა და ბოლომდე მიმეღო ინფორმაცია, რასაც სწავლის პროცესში გავდიოდი. ამავდროულად, ვარ დამოუკიდებელი და კომუნიკაბელური. მაქვს მოთმინების არაჩვეულებრივი უნარი, ადვილად ვეჩვევი ახალ გარემოს და მიყვარს ახალ ადამიანებთან შეხვედარა. მომწონს გამოწვევები და ვცდილობ, ყოველდღიურად რაღაც ახალი ვისწავლო. ჰოლანდიური ენის სწავლაც დავიწყე, რაც ენობრივი ბარიერის გადალახვაში მეხმარება. ჩემი წარმატება ჩემი ოჯახისა და მეგობრების დამსახურებაცაა, რომლებიც მამხნევებდნენ და მუდმივად გვერდში მედგნენ. განსაკუთრებით კი, ჩემი დის, ნინიას მხარდაჭერას ვგრძნობდი და ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას. მიხარია, რომ „ნეტფლიქსში“ ვიქნები ახალი ქართველი თანამშრომელი და ჩემს წვლილს შევიტან კომპანიის განვითარებაში.  
– რამდენად რთულია ქართველისთვის ჰოლანდიაში ცხოვრება?
– ჰოლანდიაში ცხოვრება რომ შეძლო, აუცილებელია, გქონდეს კარგი მოთმინების უნარი. აქ ყველაფერს დრო სჭირდება, თუნდაც რაიმე ძალიან პატარა პრობლემის გადაწყვეტას. ექიმთან ჩაწერაზეც კი წინასწარ უნდა იფიქრო, სანამ რამე დაგემართება. უნდა იყო აქტიური, გახსნილი და კომუნიკაბელური – ჰოლანდიელებს ძალიან უყვართ ლაპარაკი, უცხო ადამიანებთან ისე იხსნებიან, როგორც ძველ მეგობრებთან. თუ ადამიანებთან ადვილად ამყარებ კონტაქტს, ჩათვალე, რომ ჰოლანდიაში შენს ადგილს ადვილად იპოვი. იქ ქართველ ადამიანს შეიძლება, ამინდთან შეგუებაც გაუჭირდეს. ჰოლანდიაში ძირითადად, დაბალი ტემპერატურაა, ზაფხულშიც კი. დღეში ათჯერ შეიძლება შეიცვალოს ამინდი, ვერასდროს იქნები მასზე დამოკიდებული. ზამთარში მზე რამდენიმე საათით ამოდის და ძალიან მალე ღამდება. ამიტომ, თბილი ქვეყნებიდან ჩამოსულ მოსწავლეებს D ვიტამინის მიღებას ურჩევენ.

скачать dle 11.3