კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№42 რა ტრაგედია გამოიარა რამილია ალიევას ოჯახმა და როგორ ცხოვრობს ის ერთდროულად ქრისტიანული და მუსლიმანური რელიგიებით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  რამილია ალიევა დღეს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, გადაცემა „ნაშუადღევის“ თანაწამყვანია. მისი კარიერა ამავე არხზე 16 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე ძალიან საინტერესო გზა განვლო.
  რამილია ალიევა: ჟურნალისტიკასთან ჩემი პირველი შეხება სტუდენტობის პერიოდს უკავშირდება. თბილისში ახალი ჩამოსული ვიყავი და პირველ კურსზე ვსწავლობდი, როცა ლექტორმა მითხრა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აზერბაიჯანულენოვანი კადრი სჭირდებოდა.  ბუნებრივია, აზერბაიჯანული კარგად ვიცოდი, რადგან ძირითადად, აზერბაიჯანულ გარემოში ვიზრდებოდი, მაგრამ ქართული არ ვიცოდი. საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი აზერბაიჯანულენოვან „მოამბეში“. შემდეგ დავიწყე ქართული ენის ინტენსიურად სწავლა, ასევე, ვსწავლობდი სწორად მეტყველებას. მაშინ, დაახლოებით, 16 წლის ვიყავი.
– ახალი ქალაქი, უნივერსიტეტი, ტელევიზია, ენა – ეს ყველაფერი თექვსმეტი წლის გოგონასთვის რთული არ იყო?
– გარემოს შეცვლა ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. განსხვავებულ რეალობაში მოვხვდი, სადაც სხვა წესებით ცხოვრობდნენ. თუმცა, ის, რომ დღეს ასეთი ვარ, ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ ამ სიტუაციაში მომიწია ჩამოყალიბება. იმ პერიოდში რთული პირადი ცხოვრება მქონდა, ამას ემატებოდა უნივერსიტეტი, სადაც ქართულენოვან სექტორში ვსწავლობდი, მაგრამ ქართული ნორმალურად არ ვიცოდი. თუმცა ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი, რადგან ყოველთვის თვითგანვითარებაზე ვიყავი ორიენტირებული. იყო ფსიქოლოგიური სტრესი, გაორება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მე შერეულ ოჯახში გავიზარდე: დედა – ქართველი, ქრისტიანი და მამა – აზერბაიჯანელი, მუსლიმი. შესაბამისად, რელიგიური ფონიც იყო, იმის მიუხედავად, რომ ძალიან დემოკრატი ოჯახი მაქვს. ძირითადად, ჩემს ნათესავებს შორის მიდიოდა ბრძოლა მიზეზით - ვის მხარეს ვიქნებოდი მე (იცინის).
– საბოლოოდ, როგორ გააკეთეთ არჩევანი?
– 21-ე საუკუნეში, ვფიქრობ, რომ ეთნიკურობაზე და რელიგიურ კუთვნილებაზე საუბარი გოიმობა და ქაჯობაა. ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც თვითონ უნდა და სჯეროდეს იმის, რისიც თვითონ სწამს. არ დავმალავ და ვიტყვი, ბავშვობაში, როცა მამაჩემის სანათესაოს ბავშვებთან ვთამაშობდი, ისინი სულ სხვანაირად მიყურებდნენ, უცხო თვალით და ანალოგიურ დამოკიდებულებას ვგრძნობდი დედაჩემის ნათესავების შვილების მხრიდანაც. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ დღესაც, თბილისში ვარ „აზერი გოგო“ და ბაქოში „გურჯი გოგო“. ეთნიკურად რამდენადაც ვარ აზერბაიჯანელი, იმდენად ქართველი ვარ. ასე რომ, ეთნიკურ თემაში არ მქონია კითხვის ნიშნები. რაც შეეხება რელიგიას, აქ ბევრი კითხვა მქონდა და პასუხების მისაღებად ბევრის შესწავლა მომიწია. მამა არასდროს ყოფილა რადიკალი მორწმუნე. დემოკრატიული არჩევანი მქონდა, მთავარი იყო, საკუთარ თავთან გამერკვია, მე რისი მწამდა. დღეს, როცა ამაზე ვსაუბრობ, ბევრ ადამიანს არ ესმის და ჩემი დამოკიდებულება კრიტიკის მიზეზი ხდება. კითხულობენ – როგორ შეიძლება, ადამიანს ერთნაირად უყვარდეს ისლამიც და მართლმადიდებლობაც? როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ერთნაირად მართლმადიდებელი და მუსლიმიო? მე ვარ მუსლიმი, მაგრამ მართლმადიდებლობა ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასია. ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ჩემს გამზრდელ ბებიასთან, რომელიც საოცრად მიყვარს. ის იყო მართლმადიდებელი და შესაბამისად, მისი ხსოვნის პატივსაცემად მე ვაკეთებ ყველაფერს მართლმადიდებლური წესების თანახმად, რაც კი შეიძლება, გააკეთოს ახლობელმა ადამიანმა მიცვალებულისთვის. ამავდროულად, ძმა მყავს გარდაცვლილი, რომელიც მუსლიმანურ სასაფლაოზეა დაკრძალული და შესაბამისად, იქ ყველაფერი მუსლიმანური წესების მიხედვით უნდა გავაკეთო. ყველა რელიგია, რომელიც ერთ ღმერთს აღიარებს სიყვარულს და ურთიერთგაგებას გვასწავლის. ამდენი ხანი ვუსმენდი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს და ერთი ჭეშმარიტება ვიპოვე – რელიგია ნიშნავს გიყვარდეს ღმერთის ყველა ქმნილება.
– ბევრი მძიმე ისტორია მოგვისმენია რელიგიურ თემაზე და როგორი რეაქცია აქვთ ამ ყველაფერზე თქვენს ახლობლებს?
– საცხოვრებლად თბილისი რომ ავირჩიე, ჩემს ცხოვრებაში არსებული სირთულეების მიზეზი ისიც იყო, რომ იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც მე ვიზრდებოდი, ბევრი რამ არ იყო მისაღები. მათ შორის: ჟურნალისტი ქალი, საჯარო ცხოვრება, ქალი საჭესთან და ასე შემდეგ. დიდი რევოლუცია იყო საჭირო. ვფიქრობ, ყველა რევოლუცია ოჯახიდან იწყება, მასშტაბები ნელ-ნელა უნდა გაზარდო. მე სკოლის პერიოდიდან ვიცოდი, რა მინდოდა და ეს იყო ჩემი მოტივაცია. თუმცა, ძალიან რთული იყო. უნდა გამოვსულიყავი იმ ჩარჩოდან, რომელიც სხვებს ჩემთვის ჰქონდათ შექმნილი. იმ საზოგადოებაში, სადაც მე ვიყავი, ქალისთვის კარგი პროფესია პედიატრობა და მასწავლებელობა იყო. ბევრი მორწმუნე მუსლიმისთვის, მე შეიძლება, არ ვიყო მუსლიმი ქალი, რომელიც თავიდან ბოლოდე იცავს წესებს, თუნდაც გარეგნობითა და ჩაცმულობით, მაგრამ ისლამიც ზუსტად იმას გვასწავლის, რომ ადამიანმა დროსთან ადაპტირება და ბალანსის დამყარება უნდა შეძლოს. ადამიანობა არაა იმაზე დამოკიდებული, რამდენჯერ ლოცულობ დღის განმავლობაში. მუსლიმი ვარ, მაგრამ არ ვატარებ ჰიჯაბს, ჩემი რელიგია არც მაიძულებს ამის გაკეთებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე არ უნდა დავიცვა იმ ქალის უფლება, ვინც ჰიჯაბს ატარებს. მე ვფიქრობ, მთავარი სიყვარულია. მამამ და დედამ ეს შეძლეს. მათ ურთიერთობას ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, არცერთ მხარეს არ უნდოდა მათი ერთად ყოფნა. მე და ჩემი ძმა უკვე დაბადებულები ვიყავით, ისინი ისევ რომ იბრძოდნენ ერთად ყოფნისა და სიყვარულის შესანარჩუნებლად. თავისუფლად ვამბობ, კიდევ ერთხელ რომ დავიბადო, აუცილებლად დავიბადებოდი დედით ქართველი და მამით აზერბაიჯანელი. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, თბილისში მეცხოვრა და ეს გააზრებულად გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ როცა ჩამოვედი, აქაურობა ჩემთვის უცხო იყო და იმ ენაზე ლაპარაკობდნენ, რომელიც ნორმალურად არ მესმოდა, ახლა აქ თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ. ენის დახვეწასთან ერთად, ვცდილობ, ქართული სამზარეულოც ვისწავლო. აზერბაიჯანული სამზარეულოს დედოფალი ვარ და ახლა მინდა, მეგრული და სვანური კერძებიც შევისწავლო, რადგან განსაკუთრებულად მომწონს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმემ თქვას: ვაიმე, რა კარგი გოგოაო. ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი სიამოვნებისთვის ვიცხოვრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები არ მახსოვს.
– რაც შეეხება პირად ცხოვრებას?
– ამ ეტაპზე არანაირი პირადი ცხოვრება აღარ მაქვს, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობ. ზოგჯერ გოგონები ვხუმრობთ, სად უნდა გვქონდეს პირადი ცხოვრება, დილის 9-იდან საღამოს 10-ამდე აქ ვართო (იცინის). ჯერჯერობით ისეთი ადამიანი არ შემხვედრია, ვინც ძალიან მომწონებია და სერიოზულად დავფიქრებულვარ.
– ქართველი თუ აზერბაიჯანელი ბიჭები?
– აზერბაიჯანელი გოგონას სხვა ეროვნების ბიჭზე გათხოვება, ოჯახისთვის ტრაგედიაა, რომელი რელიგიის მიმდევარიც უნდა იყოს ის. თუმცა, მე ძალიან მომწონს ქართველი ბიჭები. ვფიქრობ, რომ ქართული და აზერბაიჯანული სისხლის ნაზავი ძალიან კარგი გამოდის და მე ვარ ამის ძალიან კარგი მაგალითი (იცინის). ამიტომ, რატომაც არა?! ვფიქრობ ასეც იქნება და ოჯახს ქართველთან შევქმნი. სხვა თაყვანისმცემლებს ყურადღებას არ ვაქცევ (იცინის). ამას არც ვმალავ და ეს ჩემს აზერბაიჯანულ გარემოში, ყოველთვის განხილვის საგანია. სანათესაო რომ ვიკრიბებით, ჯერ შიშით მეკითხებიან – გათხოვებას როდის აპირებო და შემდეგ, ცდილობენ, ძალიან დიპლომატიურად, ისე, რომ არ მაწყენინონ, მკითხონ – ქართველზე ხომ არ აპირებო?! მე ვპასუხობ: კი, აბა, თქვენ რას ფიქრობთ-მეთქი?! (იცინის). ღიად არა, მაგრამ ვგრძნობ, რომ შინაგანი პროტესტი აქვთ.
– ახლა ცოტა რთულ თემას მინდა, შევეხოთ. ტრაგედიას, რომელიც თქვენმა ოჯახმა გადაიტანა – ძმის გარდაცვალებას ვგულისხმობ.
– ჩემი ძმა ლეიკემიით გარდაიცვალა, შვიდი წლის იყო. ძალიან რთულად გადავიტანე მისი დაღუპვა. მაშინ მე ხუთი წლის ვიყავი და მისმა ტკივილებმა და მკურნალობის ეტაპებმა ჩემ თვალწინ გაიარა. დღეს ბევრი ადამიანი წერს, ადრე ასეთი ხშირი არ იყო ეს დაავადებაო. ასე არაა, მაშინაც იყო. უბრალოდ, ინფორმაცია არ ვრცელდებოდა ასეთი მასშტაბით. მაშინ მე და ჩემი ძმა ერთად ვცხოვრობდით საავადმყოფოში, რადგან პატარა ვიყავი და დედა ვერსად დამტოვებდა. იმ ბავშვებთან ერთად დიდი ხანი ვცხოვრობდი და ერთადერთი ბავშვი ვიყავი საავადმყოფოში, ვისაც გრძელი თმა ჰქონდა. ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ემოციაა – ბავშვები მეკითხებოდნენ, შენ რატომ გაქვს გრძელი თმა და ჩვენ არაო?! ძალიან ადრეულ ასაკში მომიწია გაზრდა და პასუხისმგებლობების აღება. ორი წელი ებრძოდა ჩემი ოჯახი ამ დაავადებას. ფინანსურად უკვე ძალიან გვიჭირდა. ყოველდღიურად საავადმყოფოში დარჩენის ფული აღარ გვქონდა და რაღაც დროით სახლში ვუვლიდით, მეც ვიღებდი ამ ყველაფერში მონაწილეობას. მერე რაღაც პერიოდი მე და მამა ვცხოვრობდით მარტოები სახლში და ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამამ საჭმელების მომზადება და კერვა მასწავლა... უნდა შემძლებოდა საკუთარი თავის მოვლა, რადგან დედას ჩემი ძმა ჰყავდა საავადმყოფოში მოსავლელი. დღეს როცა ვიგებ, როგორ გადაარჩინეს რომელიმე ბავშვი, როგორ დაეხმარნენ მას, თუნდაც, თითოეული ლარით, ძალიან მიხარია და ვფიქრობ ხოლმე, ჩემს ძმასაც რომ ამ დროში დამართნოდა ეს ყველაფერი, შესაძლოა, გადარჩენილიყო. ხშირად მგონია, რომ მის მაგივრადაც ვცხოვრობ, რომ ორმაგი პასუხისმგებლობა მაქვს. ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ ძალიან რთული პერიოდი იყო ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. მამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა ფეხზე დასადგომად, დედაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ – ერთ დღეში მთლიანად გაჭაღარავდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, ვგრძნობ, როგორ განიცდის დღემდე. მერე ჩემი პატარა ძმა გაჩნდა და მან ცოტა ხალისი დააბრუნა ჩვენს ოჯახში, მაგრამ ის ტკივილი არასდროს შეიცვლება.

скачать dle 11.3